* წმინდა ანტონი დიდს ძმებმა ჰკითხეს: "როგორ ვიცხოვროთ, მამაო?" ღირსმა მამამ მიუგო: "როგორც გესმათ სახარებიდან, ისე იქმოდეთ და სცხონდეთ. უკეთუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგარტყათ, მარცხენაც მიუშვირეთ". ძმებმა უპასუხეს: "არ შეგვიძლია, მამაო". მაშინ უთხრა ბერმა: "თუ მეორე ლოყის მიპყრობა არ შეგიძლიათ, პირველი მაინც მოითმინეთ".
არც ამის დათმენა ძალგვიძსო. "ესეც თუ არ შეგიძლიათ, სანაცვლოდ მაინც ნუ მიაგებთ პასუხს", - დაარიგა ბერმა. ისინი ისევ გაიძახოდნენ, - ესეც არ შეგვიძლიაო. მამა ანტონმა მოწაფეს უბრძანა: - მოუმზადე ამ ძმებს რაიმე წვნიანი, რადგან უძლურნი არიანო. მათ კი უთხრა: - თუ ეს ყოველივე არ შეგიძლიათ, რისთვის დაუტევეთ სოფელიო.
* ბალაამელ ბერს, მამა ნიკოლოზს, ჰკითხეს მტრისთვის მიტევებაზე, სიყვარულსა და ლოცვაზე. მიუგო: - ლოცვა ადვილია, სიყვარული კი ძალზე ძნელი. მათთვის არ უნდა ილოცო, როგორც მტრებისთვის, ამით მათ თავს ნაღვერდალს დაატეხ. არამედ მიუტევე და ილოცე, როგორც მეგობრებისთვისო.
* მამა სერაფიმე ტიაპოჩკინთან თუ სხვებს განიკითხავდნენ, ბერი მოკრძალებით შეაჩერებდა მოსაუბრეს და ეტყოდა: მოდი, შენი შემწუხებლისთვის ვილოცოთო. წამოაყენებდა და ერთად იწყებდნენ ლოცვას.
* ეს ამბავი გლინის უდაბნოში მოხდა: ერთი ბერი სულიერმა ძმამ ძალზე შეურაცხყო. ბერმა იფიქრა: ჩემი ძმა არ არის დამნაშავე. ეს ეშმაკმა აღძრა, ასე მოქცეულიყოო და მისთვის ლოცვა დაიწყო. ევედრებოდა უფალს, მიეცა ძალა, არ განრისხებულიყო და ეპატიებინა მისთვის. დიდხანს ლოცულობდა. განსაკუთრებული გულმხურვალებით ილოცა თავისი ანგელოზის ხსენების წინაღამეს, რადგან შემაწუხებელი ძმის მფარველიც იგივე წმინდანი იყო. როცა მეორე დღეს წირვიდან სენაკში მიბრუნდა, მივიდა მასთან ის ძმა, თბილი, ახალგამომცხვარი ფუნთუშა მიუტანა, მოუდრიკა მუხლი და უთხრა: - ვხედავდი, მამაო, რომ მახსენებდი და ლოცულობდი ჩემთვის, ღვთის გულისათვის, შემინდეო. და ბერს გონზე მოსვლაც არ აცალა, ისე გავიდა სენაკიდან. ბერი ჩაის დალევას აპირებდა. ფუნთუშა ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა, იმ ძმასთან ერთად შექცეოდა. მივიდა, დაუკაკუნა კარზე. გამოვიდა ძმა და ალმაცერად შეხედა. ბერმა მადლობა გადაუხადა ფუნთუშისთვის. ძმამ მიუგო: დღეს მე საერთოდ არ მინახიხარ, რა ფუნთუშა, რის ფუნთუშა, მისი მოტანა არც მიფიქრიაო. მაგრამ პური ხომ ნამდვილად არსებობდა და ბერს ხელში ეჭირა! ამან დაარწმუნა ორივე, რომ ღმერთმა მოუწოდა მათ მიეტევებინათ ერთმანეთისთვის. ასეც მოიქცნენ და მერე საუკეთესო მეგობრები შეიქნენ.
* ერთხელ გლინის უდაბნოში რომელიღაც სოფლიდან კომუნისტების მიერ დანით დაჭრილი ღვთისმშობლის ხატი მოიტანეს. მამა ანდრონიკემ (ლუკაშმა) დაინახა თუ არა ხატი, მუხლებზე დაეცა და ილოცა: - ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეუნდე მათ, ვინც ასე გაკადნიერდა და დაჭრა შენი წმინდა ხატიო. მის ხმაში არავითარი მრისხანება, არც განკითხვა, მხოლოდ სინანული და სიყვარული იგრძნობოდა.
* გლინელი მამა სერაფიმე რომანცევი ბრძანებდა: "თუკი გსურს, ეშმაკს სძლიო, ადამიანებს უნდა დაუთმო. გაწყენინა ვინმემ - დაუთმე. შენს სულს განეშორება შფოთი და დიდი სიმშვიდე დაისადგურებს მასში".
* მამა იოსებ ათონელის საძმოში ერთხანს ისეთი ბერებიც იყვნენ, რომლებიც ღირსი მამის სულს აღაშფოთებდნენ. მამა იოსები ლოცულობდა, შეწყალებას სთხოვდა უფალს. ამ ლოცვისას ჯვარცმული უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა. მაცხოვარმა მშვიდად უთხრა მამა იოსებს: - ხედავ, რა დავითმინე შენი გულისთვის? თქვენ კი ასე მალე იღლებითო. ატირებული მამა იოსები დაემხო მაცხოვრის წინ და შეჰღაღადა: - უფალო, შეგვეწიე ჩვენ, ცოდვილებს, და ნუ დაგვიტევებო.
* მამა იოსებ კულტუმუშელი ამბობდა: თუ ორი ძმა ერთად კარგად ცხოვრობს, იცოდე, ეს ერთი მათგანის დამსახურებაა, რადგან იგი უთმენს და უთმობს მეორეს, მათი ძმობა რომ არ შეირყვნასო.
* წმინდა იოანე კრონშტადტელს, მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარ ცილს სწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ, არასოდეს დაუწუწუნია. პირიქით, ყოველთვის მიუტევებდა და კეთილს უყოფდა ცილისმწამებლებს. ერთმა კრონშტადტელმა პოლიციის უფროსმა მას მრავალი განსაცდელი მოაწია. ბოლოს იგი მექრთამეობისა და გამომძალველობისთვის დაიჭირეს. სასამართლოზე მოწმედ წმინდა იოანე გამოიძახეს. იგი სასამართლოზე მხოლოდ განსასჯელის მიერ გაკეთებულ სიკეთეებს ჰყვებოდა. მოსამართლემ მოუწოდა - მოვალე ხარ, სასამართლოს მხოლოდ სიმართლე განუცხადოთო. უცბად წმინდა იოანეს სახე შეეცვალა, თვალებიდან მრისხანების ნაპერწკლები წამოსცვივდა და ბრძანა: "მე ამას ვამბობ, როგორც მღვდელი!" მოსამართლემ დაკითხვაზე უარი განაცხადა. მაშინ წმინდა იოანემ დატოვა სასამართლოს დარბაზი და უკან განსასჯელის დაცვაც მიჰყვა.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: ერთ პეტერბურგელ მღვდელთან რომელიღაც მინისტრი მივიდა და შესჩივლა: რა ვქნა, მამაო, ცილს მწამებენ მეფესთან, სამსახურიდან წასვლას მაიძულებენო. მოძღვარმა ურჩია: ილოცე მათთვის, არა მარტო შინ, ეკლესიაში წირვისასაც მოიხსენიე, დაე, კვეთისას მათ სახელზე ნაწილი ამოიღონ სეფისკვერიდანო.
- მერე ეს რას უშველის, მამაო? - გაუკვირდა მინისტრს.
- აი, ნახავ... სეფისკვერიდან ამოკვეთილი თითოეული ნაწილი ხომ ადამიანის სულს განასახიერებს. მათ ვუშვებთ ბარძიმში და უფლის სისხლით იფარება, ამიტომაც ყველა შენი მტერი მოიხსენიე წირვისას.
გავიდა ერთი თვე, გახარებულმა მინისტრმა მოინახულა მოძღვარი, ჩაუვარდა მუხლებში, მადლობა გადაუხადა და უთხრა: მამაო, სასწაული მოხდა, მათი წირვაში მოხსენიების შემდეგ ჩემი ძველი მტრები არა თუ აღარ მმტრობენ, არამედ პატივისცემით და სიყვარულით მეპყრობიან და ცილისწამების ნაცვლად განმადიდებენ კიდეცო.
წმინდა ბარსანოფი გვასწავლის: მიუტევე შეურაცხმყოფელს და ეს სულიერი მოწყალების გაცემაში ჩაგეთვლება. თუ არ შეგიძლია, ძალა არ გყოფნის, სთხოვე ღმერთს ამგვარად: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი და დამეხმარე შევძლო პატიება. არ მოგწყინდეს ლოცვა და შეძლებ მიტევებას.
* მამა პორფირიოსი ამბობდა: არიან ბერები, რომლებიც ითხოვენ: "შემინდე". აღიარებენ ცოდვას, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რჩებათ წყენა სხვის მიმართ. ასე კი ღვთის მადლი არ მოდის. ჩვენი მეზობელი ოსტატი მონასტერში ათასგვარ საქმეს ასრულებდა, რისთვისაც გასამრჯელოს ვაძლევდით. არ ვიცი, რატომ, მან კაცთა წინაშე ჩემი განქიქება დაიწყო. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი და ერთხელ შინ ვეწვიე. დამინახა თუ არა, დაიბნა, ეგონა, საჩხუბრად მივედი. მე კიდევ ბაღზე დავუწყე ლაპარაკი. ვაქებდი - რა კარგად მოგივლია-მეთქი. ვისაუბრეთ სტუმართმოყვარეობაზე... გაუთბა კაცს გული და იმის შემდეგ მონასტრიდან აღარ მოგვშორებია.
* მამა ზაქარია მინაევი თავის სულიერ შვილებს ასწავლიდა, - თუნდაც მართალნი იყოთ, მაინც მიუტევეთ ცილისმწამებლებსო. ერთხელ მის თვალწინ ერთმა სულიერმა შვილმა ცილი დასწამა მეორეს. ამ უკანასკნელმა უთხრა: - ნუთუ ვერ ხვდები, რომ სიცრუეს ამბობო. როცა პირველი გაშორდათ, მოძღვარმა უთხრა შეურაცხყოფილს: რანაირი ჩემი სულიერი შვილი ხარ, როცა ეს მცირე წყენაც ვერ დაითმინე და თავის მართლება დაიწყე. დაბრუნდება თუ არა შენი სულიერი და, მოუდრიკე მას მუხლნი და შენდობა სთხოვეო.
* "მამაო, როგორ მოვიქცეთ, როცა შენდობას სთხოვ და ძმა არ მოგიტევებს?" - ჰკითხეს მამა არსენ მღვიმელს (ათონელს). ღირსმა მამამ უპასუხა: - რადგან შენდობა სთხოვე, შენ თავისუფალი ხარ. დაუკვირდი შენს თავს, რომ ძმის მიმართ სიყვარული გქონდეს და სანამ მოგიტევებს, მისთვის სკვნილზე ილოცეო.
* ოპტელი მამა ბრძანებდა: თუ ვინმეზე გამწყრალი ხარ, ეცადე, სძლიო ამ ცოდვიან გრძნობას, აიძულე თავი და ამგვარად ილოცე: "შეიწყალე, უფალო, მონა შენი (ანუ ვისზეც გამწყრალი ხარ) და მისი წმინდა ლოცვებით დაამშვიდე გული ჩემი". აიძულე თავი და იმ ადამიანის მიმართ ყველანაირი ყურადღება გამოიჩინე, მოემსახურე. უფალი დაინახავს შენს კეთილ განზრახვას და გულს სიძულვილის ნაცვლად წმინდა სიყვარულით აგივსებსო.
* წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს მამა ბენედიქტეზე: ღირსი მამა იძულებული შეიქმნა, დაეტოვებინა თავისი მონასტერი. უბედური მისი მდევნელი მღვდელი ხარობდა თავისი "წარმატებით", რომ ამ დროს მოიწია მასზე ღვთის რისხვა და უეცრად მოკვდა. მამა ბენედიქტეს მისმა სულიერმა შვილმა შეატყობინა ეს ამბავი: მამაო, დაბრუნდი, ვინაიდან მღვდელი, რომელიც გდევნიდა, დაიღუპაო. მოისმინა რა ეს, ღირსი მამა ატირდა მწარედ - იმაზეც, რომ მტერი მისი მოკვდა, იმაზეც, რომ მისი სულიერი შვილი ხარობდა ამ უბედური კაცის სიკვდილით - და ამ სიხარულისთვის მას ეპიტიმიაც კი დაადო.
* მამა ეფრემ კატუნაკელი ამბობდა: წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი იმიტომ არის ასე დიდი წმინდანი, რომ მას გარდაცვალების შედეგაც კი შეურაცხყოფენო. მართლაც, სიცოცხლე წმინდა მღვდელმთავარმა განსაცდელების დათმენაში გაატარა, მაგრამ არასოდეს უმართლებია თავი, განსაცდელებს ღვთის გამოგზავნილ გვირგვინებს ეძახდა და ყველას მიუტევებდა.
* სანამ მოძულე ძმები არ შერიგდებოდნენ წმინდა პაისი ველიჩკოვსკი მათ ეკლესიაში შესვლას და "მამაო ჩვენოს" წარმოთქმას უკრძალავდა.
* მამა ვიტალი (სიდორენკო) მაშინ აფხაზეთის მთებში მოსაგრეობდა. ერთხელ ძმებმა სოფელში გააგზავნეს პროდუქტის მოსატანად. გზა საშიში იყო, რადგან მაშინ ბერები არ უყვარდათ და შეეძლოთ უმიზეზოდ მოეკლათ. მიდის ბერი, მიუყვება ბილიკს. უცებ ბუჩქებიდან თოფის ჩხაკუნი მოესმა, ვიღაცას თოფმა უმტყუნა, თანაც რამდენჯერმე. მამა ვიტალი შედგა. უცებ ბუჩქებიდან მეტყევე გამოვიდა, უყურებდა ხან ბერს, ხან თავის თოფს. ზევით ისროლა და ტყვია გავარდა. გადააქნია თავი და ისევ ტყეში შევიდა. მიხვდა ბერი, რომ ღმერთმა სიკვდილს გადაარჩინა. მამა ვიტალი ამ მეტყევეს სოფლის მაღაზიაში შეხვდა და მას კანფეტი უყიდა. "ამის შემდეგ იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდაო", - ჰყვებოდა ღირსი მამა.
* მარჯვენა ლოყაში რომ გაგარტყან, ცოტა მოუხერხებელია, - ბრძანებს წმინდა აბროსი ოპტელი, - მაგრამ უფალი ამით გვაჩვენებს იმ დამცირებას, ლანძღვას, რომელსაც შენ უსამართლოდ მოგაყენებენ მართალი საქმისთვის. ამ დროს მიუშვირო მარცხენა ლოყა - ეს ნიშნავს: გაიხსენო ღვთის წინაშე ჩადენილი შენი ცოდვები. თუმცა ახლა არ ხარ დამნაშავე, მაგრამ გაიხსენე, ადრე რამდენგზის შეგიცოდავს და მიხვდები, რომ ღირსი ხარ ამ სასჯელისო.
* იაკობის სიკვდილის შემდეგ მის შვილებს შეეშინდათ, იოსებს არ ეძია შური იმ ბოროტებისთვის, რაც მას მოაწიეს - იგი ხომ ერთ დროს ძმებმა მონად გაყიდეს. ეს რომ შეიტყო, იოსები ატირდა, დაამშვიდა ისინი და მომავალ თაობებს მაგალითი მოგვცა ჭეშმარიტი მიტევებისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი