განკრძალულს ზიანს ვერაფერი მიაყენებს
* მღვდელმონაზონი დანიელ ოპტელი (ბოლოტოვი) ბრძანებდა: - წმინდა მამები დასტიროდნენ თავიანთ კეთილ საქმეებს, შეიგრძნობდნენ რა მათ არასრულყოფილებას , ჩვენ კი გვაქვს ცრემლნი, რომ უბედური ცოდვები გამოვიგლოვოთ!
შესაძლოა გამოგლოვილი და შენანებული ცოდვები გვეპატიოს, ხოლო კეთილი საქმე, რომელიც ცრემლით არ არის მორწყული ანდა არაა ქმნილი ღრმა სიმდაბლით, შეიძლება არ შეიწიროს და არც ღირსეულად ჩაითვალოს.* დავითი მეფობისას განდიდდა, - ბრძანებს იოანე ოქროპირი, - პორფირმა და გვირგვინმა ვერ გაიტაცა, სხვა კი მთლიანად ერს მართავდა, ვგულისხმობ მოსეს... განდიდნენ სხვები სიმდიდრისას, სიღარიბეში, ცოლქმრობისას, ქალწულებისას... გსურს იხილო, როგორ ცხონდება სამხედრო წოდება? შეხედე კორნილიოსს. ცხონდება სახლის მმართველი? შეხედე ეთიოპიელ საჭურისს. განკრძალულს ზიანს ვერაფერი მიაყენებს. იოსებმა მონობაში ყოფნისას დაიმარხა სათნოებები, დანიელი და სამი ყრმა ტყვედ იყვნენ და, სხვათა შორის, უფრო მეტად განდიდდნენ, რამეთუ სათნოებები ყოველ მდგომარეობაში განსადიდებელია და უძლეველი და წინაც ვერაფერი დაუდგება...
* სწორედ ამგვარად გაამართლეს ერთხელ საკუთარი სულების ცხონებისთვის ნაკლებმზრუნველმა ერისკაცებმა იოანე კიბისაღმწერელთან თავიანთი წამხდრობა და უდარდელობა: - როგორ შეიძლება ვიღვაწოთ ჩვენ, ცხოვრების პატრონმა ხალხმა, ცოლებისა და საზოგადოებრივი საქმეების გადამკიდემ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ მახეებივით არიან დაგებულიო. წმინდა იოანე სინელმა მათ უთხრა: - აკეთეთ ის კეთილი საქმე, რომელსაც შეძლებთ. ბოროტს ნურავის ეტყვით, ნუ იქურდებთ, ცილი არავის დასწამოთ, თავს ნუ აიმაღლებთ სხვათა წინაშე, სიძულვილი არავისი გქონდეთ, საეკლესიო შეკრებებს თავს ნუ მოარიდებთ, იყავით თანამგრძნობი ღატაკებისა, ნურავის აცდუნებთ, ნუ მიუახლოვდებით სხვის ცოლს და ცოლქმრული ერთგულება დაიმარხეთ. თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ შორს იქნებით ზეციური სასუფევლისგან.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ეუბნებოდა სულიერ შვილს: - ეშმაკი ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მოგცემს, თითოეული ნაბიჯისთვის უნდა იბრძოლო. ხომ გახსოვთ, როგორ ააშენეს ებრაელებმა ტაძარი? ცალ ხელში ბარი ეჭირათ, მეორეში კი მახვილი. საერთოდ, ეს ნათქვამია სრულყოფილ სათნოებაზე. ერთი მხრივ, უნდა აღასრულოთ სახარებისეული მცნებები, მეორე მხრივ, ყოველი ნაბიჯისთვის უნდა იბრძოლოთ, მტერი მახვილით მოიგერიოთ.
- მამაო, როგორ შეიძლება მოვიგერიო, რომელია ეს მახვილი?
- ჩვენ ერთი მახვილი გვაქვს - იესოს ლოცვა...
* ძმამ ჰკითხა მამა პაისი ათონელს: - მამაო, რას ფიქრობთ, ახალგაზრდა კაცი დღეს რითი შეიძლება წარემატოს? ბერმა უპასუხა: გულმოდგინე კაცი ყველგან წარემატება, ზარმაცი კი ვერსადო! გულმოდგინე ოჯახის მამა ალბათ ბერობაშიც წარემატებოდა, ისევე როგორც მუყაითი ბერი წარმატებოდა, რომ დაქორწინებულიყო.
* ქრისტიანს, კეთილ საქმეებთან ერთად, სწორი რწმენაც სჭირდება. ღირსი იოანიკე დიდი სიყმაწვილიდანვე იყო მდაბალი, მომთმენი და ისეთი გულმოდგინება ჰქონდა ლოცვისა, რომ ხშირად მიატოვებდა ხოლმე სამწყსო ფარას და განმარტოებული მხურვალე ლოცვას მიეცემოდა. წასვლის წინ თავის ფარას ჯვარს გადასახავდა, ამის მერე არც ცხვრები იფანტებოდნენ, არც მხეცები ეტანებოდნენ და ვერც კაცნი მოიპარავდნენ. ასე ცხოვრობდა იოანიკე დიდი სრულ ასაკამდე. მერე კი ხატმებრძოლობის ერესით ცდუნდა და წმინდა ხატების თაყვანისცემის გაგონებაც არ უნდოდა. მაგრამ ღმერთმა საკვირველი სახით გონს მოიყვანა გზააბნეული. იოანიკეს რაღაც დაავალეს. გზად გაიარა ერთი ბერის სენაკის წინ, რომელიც ოლიმპოს მთაზე მღვიმეში ცხოვრობდა. ბერი გამოვიდა მღვიმიდან და იოანიკეს უთხრა: "შვილო იოანიკე, თუ თავს ქრისტიანს ეძახი, რატომ მოგიძულებია ქრისტეს ხატი? ამაოა ყველა შენი სათნოება და ღვაწლი, თუ სწორი ღვთისმოშიშება და რწმენა არა გაქვს" . გაუკვირდა იოანიკეს, შეძრა ბერის ნათქვამმა: "ის მე არ მიცნობს, მაგრამ სახელით მომმართა, - ფიქრობდა იოანიკე, - როგორ მამხილებს იმ საქმეში, რაზეც მასთან არასოდეს მისაუბრია?" გულისხმაყო იოანიკემ, რომ მისი თანამოსაუბრე ღვთის სულით იყო ავსებული და თავისი ყოვლისმჭვრეტელი თვალებით დაინახა მისი დაკარგული ფიქრები. დაეცა ბერის წინაშე და შენდობა ითხოვა.
* "რა სიკეთეა, სხვას სახლი აუშენო, მაშინ როცა საკუთარს ანგრევ?" - კითხულობს ამბა პიმენი. "ნეტარია ის, ვინც საქმეებით ქადაგებს სათნოებებს. ხოლო თუ სათნოებების სიკეთეზე საუბრობ და მის საწინააღმდეგოს აკეთებ, ეს არ გაცხოვნებს", - გვასწავლის ღირსი ეფრემ ასური.
* "ნუ იქნები ბოძი, რომელიც ქალაქის გზას გვიჩვენებს, თვითონ კი ადგილიდან არ იძვრის, ნუ იქნები ის ბელადი, რომელიც სხვებს გზას მიუთითებს და წინ არ წარუძღვება", - გვასწავლის წმინდა ტიხონ ზადონელი.
* წმინდა ისიდორე პელუსიოტი გვასწავლის: "ყოველი სიტყვა, რომელიც საქმით არ არის გამყარებული, ყურის იქით არ მიდის, მაგრამ როცა ის საქმეს შეუერთდება, გაცოცხლდება და გულამდე აღწევს".
* წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "უჩუმარი საქმე სჯობს აუსრულებელ სიტყვას. არავინ განდიდებულა კეთილი საქმეების გარეშე, მრავალი კი მაღალი სიტყვის წარმოთქმის გარეშეც განდიდებულა. მადლი მიეცემა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც კარგად ცხოვრობს".
* ბელგიელი მისიონერი მღვდელი დამიანე ვეისტერი სახარებას ათი წელი სანდვიჩის კუნძულებზე ქადაგებდა. სულის სიღრმემდე შეძრა კეთროვანთა მდგომარეობამ და 1873 წელს 33 წლისამ გადაწყვიტა, მოლოკაის კუნძულზე დასახლებულიყო. სასოწარკვეთა, დამთრგუნველი კაეშანი და გარყვნილება - აი, რა დახვდა კუნძულზე, სადაც ათასამდე კეთროვანი ცხოვრობდა. კვირაში 10-12 კაცი კვდებოდა და მათ ადგილს სხვა იკავებდა. კეთროვნები ველური ხის ნაყოფისგან სასმელ "კის" ამზადებდნენ, რომელიც სასოწარკვეთას უქარვებდათ. სვამდნენ უზომოდ, რომ მთვრალებს ყველაფერი დავიწყებოდათ. ამას კი საშინელი გარყვნილება მოსდევდა, რომელიც უფრო იმით იყო შემაძრწუნებელი, რომ ამას ეს სახედაკარგული, ხრწნას მიცემული ცოცხალი მკვდრები სჩადიოდნენ.
მაგრამ მამა დამიანე არ შეაძრწუნა ცოდვის უფსკრულმა. ის მდაბლად, სიყვარულის სიტყვით მიუდგა ამ გამხეცებულ ადამიანებს და მცირე ხანში ფერი უცვალა. "კი" გაქრა და მისი ადგილი ლოცვამ და შრომამ დაიკავა. მამა დამიანე თავის სამწყსოს არ შორდებოდა და ყველას მაგალითს აძლევდა. ხელში ხან ცული ეჭირა, ხან წერაქვი, ხანაც ბარი, აგებდა მათთვის მოსახერხებელ სახლებს, თხრიდა ჭებს, აგებდა სამლოცველოებს. საშინელ სნეულებას, ბუნებრივია, ვერ განკურნავდა, მაგრამ მისი გამანადგურებელი ძალა შეჩერდა, თვითონ ტანჯვაც კი შესამჩნევად შემცირდა. მამა დამიანეს შეეძლო მათი ნუგეში, რწმენის აღძვრა, მათი სულების ავსება სხვა, უკეთესი ცხოვრების იმედით, სადაც არც ავადმყოფობაა და არც მწუხარება.
კუნძულზე ყოფნისას მამა დამიანემ ქრისტიანულ რწმენაზე მოაქცია და იმქვეყნიური ცხოვრებისკენ "გზა დაულოცა" ორი ათასზე მეტ კეთროვანს. მისმა დიდმა სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო. არაერთი კეთროვანი ამბობდა, რომ თუ კურნება კუნძულიდან წასვლისა და მამა დამიანესთან განშორების მერე ეწერათ, მაშინ არ სურდათ განკურნება. მამა დამიანე ვერანაირმა ამქვეყნიურმა საზრუნავმა ვერ განაშორა კეთროვნებს. "მე მიცოდებენ, - ამბობდა იგი, - მაგრამ უბედნიერესი ვარ მისიონერთა შორის".
მსუბუქი ხელით ეხებოდა სხვათა სულიერ და ხორციელ წყლულებს, იყო მათი მწყემსი, მსაჯული, სკოლის მასწავლებელი, ხარაზი, მებაღე, მესაფლავე. ცამეტი წელი კეთრი მას არ შეხებია. ესეც ერთი სასწაული იყო. მერე კი, ერთი წლის საშინელი ტანჯვის შემდეგ, წერდა: "მადლობა ღმერთს. ხელები ჯერ კიდევ მთელი მაქვს, ყოველდღიურად ვწირავ და ეს ჩემთვის უდიდესი ნუგეშია. რადგან ბევრი საქმე მაქვს, დროც სწრაფად გადის და სიხარული, რომლითაც ღმერთი სულს მივსებს, მაბედნიერებს. უეჭველია, უფალმა თავისი კეთილი მიზნებისთვის და სასარგებლოდ ჩემი სულისა ეს სნეულება მომივლინა". თავის მეგობარს კი მისწერა, ამ წარმოუდგენელი ტანჯვისას "მშვიდად მივუყვები ვნების გზას და მალე მივაღწევ ჩემს "გოლგოთას". როცა აზიარეს, გახარებულმა წარმოთქვა: "როგორი სახიერია უფალი! მე იქამდე ვიცოცხლე, რომ ჩემს მერე ორ მღვდელსა და სამ დას ვტოვებ საავადმყოფოში. ესღა დამრჩენია ვთქვა: "აწ განუტევე, მეუფეო, მონა შენი, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით". მამა დამიანე 1889 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
* მამა იოანეს (კრესტიანკინი) ცხოვრების ბოლო წლები ტკბილ მოგონებად დარჩა მონასტრის ძმობისთვის. ადრე უამრავი მნახველი "არ უშვებდა" ამ დიდ მამასთან მათ, უკვე დასნეულებულს, მოხუცს იმდენად აღარ აწუხებდნენ და ძმებს თავისუფლად შეეძლოთ მასთან მისვლა, დილა-საღამოს ლოცვებზე ჩამომსხდარიყვნენ მის გვერდით, მომსახურებოდნენ. მამა იოანეც ალერსიანი იყო მათ მიმართ, თითქოს უვსებდა ადრე დაკლებულ სიყვარულს. ამ მცირეოდენი დატვირთვითაც მოუძლურებული, საკუთარ თავს ეუბნებოდა: - აი, ნახე, სიკვდილისთვის ემზადები, თესლი კი თესე, თესე, გამოგადგებაო. მართლაც თესავდა ბოლო დღემდე.
* ჩვენდა სანუგეშოდ და უფრო სამხილებლად იოანე რუსის ცხოვრება გავიხსენოთ: წმინდა იოანე სამხედრო იყო. რუსეთ-თურქეთის რუსთათვის წარუმატებელი ომის მერე, 1711 წელს, 21 წლისა თურქებს ტყვედ ჩაუვარდათ. ერთ აღას მიჰყიდეს სოფელ პროკოპიონში (ახლა ურკიუბს ეძახიან). იოანე მოთმინებით იტანდა თურქთაგან დაცინვას, დამცირებას. ისინი მას საშინლად სცემდნენ, თმაზე ცეცხლი წაუკიდეს, თმა და კანი დაუწვეს, არაწმიდებაში აგდებდნენ, მაგრამ ვერ დაითანხმეს ქრისტეს უარყოფაზე. თამამად ეუბნებოდა აღას, - სიკვდილი მირჩევნია ქრისტეს ღალატსო. ღმერთმა დაინახა იოანეს სიმტკიცე, გული მოულბო აღას, განსაკუთრებით ამაში ხელი შეუწყო იოანეს შრომისმოყვარეობამ და სიმდაბლემ. მან აღას უთხრა: "თუ შენ რწმენის თავისუფლებას დამიტოვებ, შენს ბრძანებას გულმოდგინედ შევასრულებო".
ტყვე საჯინიბოში მსახურობდა და აქვე ასვენებდა დაღლილ სხეულს. მადლობდა ღმერთს, რომ ღირსყო, საწოლად ბაგა ჰქონოდა. გულმოდგინედ ასრულებდა მოვალეობას, ალერსიანად უვლიდა ბატონის ცხენებს. ისინი მას ელოდნენ და სიხარულით ჭიხვინებდნენ, როცა მათ ესაუბრებოდა, ეფერებოდა. აღამ და მისმა ცოლმა შეიყვარეს მონა, საცხოვრებლად უკეთესი პირობები შესთავაზეს. მაგრამ იოანემ საჯინიბოში არჩია დარჩენა. აქ ის თავის სხეულს მოასუსტებდა თავშეკავებითა და მოღვაწეობით. ღამე საჯინიბო ლოცვებით ივსებოდა და ნეხვის სიმყრალე ქრებოდა. იოანე მუხლმოყრილი საათობით ლოცულობდა. თივაზე გაშლილი ძველისძველი ქურქი იყო მისი საბანი. ცოტას ჭამდა, ხშირად პურსა და წყალს იღებდა, იმასაც მცირეს, დღის უმეტეს ნაწილს მარხულობდა. ღამით ის უჩუმრად მიდიოდა წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც მოპირდაპირე მხარეს კლდეზე იდგა და ღამისთევის ლოცვებს კითხულობდა. ყოველ შაბათს ეზიარებოდა (იმ მხარეში მაშინ ჯერ კიდევ ბევრი ბერძენი ცხოვრობდა). სხვა მონებმაც თავი ანებეს მის დაცინვას. აღა კი გამდიდრდა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა მთელ სოფელში. ის გრძნობდა, საიდანაც მოდიოდა მის ოჯახზე კურთხევა და უყვებოდა თანასოფლელებს. სიცოცხლეშივე სასწაულმოქმედს პატივს სცემდნენ. სიკვდილის წინ ვაშლში ჩადებული უფლის ხორცით აზიარეს და აღესრულა. წმინდა იოანეს აღსრულებული სასწაულები კი მის მიერ დაფარულ საქმეებზე მეტყველებენ.
* ეს კი თანამედროვე საბერძნეთში მოხდა. წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში ხშირად მოდიოდა ძია ნიკო, მოხუცებული, ჭაღარა. ის წმინდანს თავის მეგობარს ეძახდა, რადგან რასაც სთხოვდა, ყველაფერს უსრულებდა. ერთხელ შეწუხებული მოვიდა ტაძარში, ეამბორა წმინდანის სხეულს და ასეთი რამ მოჰყვა: "გუშინ ცხვრის ჯიგარი ვიყიდე, გასაკეთებლად ცოლს მივეცი და თვითონ ღვინის საყიდლად წავედი. ვდგავარ შუქნიშანთან და უეცრად მანქანაში ხმა მესმის: - განა მეგობრებს ივიწყებენ? მივიხედ-მოვიხედე. არავინაა. შევედი მაღაზიაში, რადიოა ჩართული და საეკლესიო გალობა ისმის. "აი, წმინდა იოანეს ტაძრიდან წირვას გადმოსცემენ". გონს მოვედი, ვტაცე ხელი ჩემს ჭურჭელს და გამოვიქეცი. ჭამა აღარ მინდოდა. განა ხუმრობა საქმეა, როცა თვითონ წმინდანი გეუბნება, რომ დაივიწყე".
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი უყვებოდა სერგი ნილუსს: "დღეს ახალგაზრდა მონაზონი მოვიდა და მკითხა: "მამაო, გახსოვართ?" - "საიდან, დედაო, ყველას როგორ დაიხსომებ? არა, არ მახსოვხართ".
- თქვენ 1905 წელს (ოთხი წლის წინ) შეგხვდით მოსკოვში, ტრამვაიში, მე მაშინ ქარაფშუტა გოგონა ვიყავი. მკითხეთ, - რას კითხულობო. ხელში წიგნი მეჭირა და ვკითხულობდი. მაქსიმ გორკის-მეთქი. თქვენ თავზე ხელი იტაცეთ, თითქოს რამე დამეშავებინოს. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გკითხეთ: აბა, რა წავიკითხო? მღვდელ ხიტროვის წიგნების წაკითხვა მირჩიეთ. მე მასაც ვიცნობდი და დედამისსაც, მაგრამ თუ რამეს წერდა, არ ვიცოდი. მაშინ შეგეწინააღმდეგეთ: "კიდევ რას მეტყვით კარგს, მონასტერში ხომ არ წავიდე?" "დიახ, მონასტერში წადიო," - მიპასუხეთ. გამეცინა, რადგან უაზრობად მომეჩვენა. გკითხეთ: რა გქვიათ-მეთქი. ჩემი სახელი მონასტრის კედლებს მიღმა დარჩაო, - მიპასუხეთ. გაიხსენეთ ეს შეხვედრა?
- ახლა გამახსენდა, მაგრამ მონასტერში როგორღა წახვედით?
- ძალზე უბრალოდ მოხდა ყველაფერი. როცა დაგემშვიდობეთ, ვიგრძენი, რომ შემთხვევითი არ იყო ეს შეხვედრა, ღრმად ჩავუფიქრდი მის აზრს. მერე მღვდელ ხიტროვის ყველა წიგნი ვიყიდე და წავიკითხე, სხვა წიგნებიც. მერე კი ერთ-ერთ მონასტერს დიდი თანხა შევწირე და ახლა იქ უკვე კაბიანი მორჩილი ვარ.
- როგორღა მიპოვეთ?
- ადვილად. როცა თქვენზე მოვუყევი ჩემი მონასტრის მღვდელს და გარეგნობა აღვუწერე, მითხრა: - ეს ოპტელი მამა ბარსანოფი უნდა იყოსო. მოვედი ამაში დასარწმუნებლად და დიდად გავიხარე".
სერგი ნილუსს წმინდა სერაფიმ საროველის სიტყვები გაახსენდა, რომელიც ერთ მღვდელმონაზონს უთხრა: "თესე, მამაო ტიმონა, თესლი ღვთის სიტყვისა, თესე ქვაზე, თესე ქვიშაზე, თესე გზაზე, თესე ნოყიერ მიწაზეც ღვთის სადიდებლად. სადმე მაინც გაღვივდება".