* მამა სილოვანეს ბერი ვინმე ესტუმრა და დაინახა, რომ მისი მორჩილნი კერძს ამზადებდნენ. "რატომ შრომობთ წარმავალი საზრდოსთვის? - მზაკვრულად ჰკითხა ბერმა, - მიბაძეთ მართალი ლაზარეს დას მარიამს, რომელმაც უმჯობესი გამოირჩია".
ამის გამგონე მამა სილოვანემ თავის მოწაფეს უთხრა: "შეიყვანე ეგ ძმა სენაკში და წიგნი მიეციო". მოწაფე დაემორჩილა.
დაჯდა ბერი და კითხვა დაიწყო. ჩამოდგა მეცხრე ჟამი (სამი საათი). სტუმარმა კარისკენ დაიწყო ცქერა, იქნებ ტრაპეზზე მიმიწვიონო, მთელი საათი იცადა, მაგრამ არავინ დაუძახა. ბერი ადგა და მამა სილოვანესთან მივიდა. ჰკითხა: "მამაო, ძმებმა პური არ ჭამესო?" "ჭამესო", - უპასუხა მოძღვარმა. "მე რატომ არ დამიძახეს, მამაო?" - ჰკითხა ბერმა. "იმიტომ, რომ შენ სულიერი კაცი ხარ, - მიუგო მამა სილოვანემ, - ჭამა არ გსურს, უმჯობესი - სულიერი სიმშვიდე - აგირჩევია, ჩვენ კი ხორციელი კაცნი ვართ, ჭამის მოსურნენი და საზრდელისთვის მოღვაწენი".
მიხვდა ძმა თავის შეცდომას, მუხლი მოიდრიკა მოძღვრის წინაშე და შენდობა სთხოვა. "გახსოვდეს, შვილო, - უთხრა მამა სილოვანემ, - მარიამს მართა სჭირდება, რამეთუ მის მიერ იდიდება იგი".
* ერთხელ ანგელოზმა ორი კაცი დამანახა, - ჰყვებოდა მამა არსენი, - რომლებიც ტაძარში მორის შეტანას ცდილობდნენ, მაგრამ არა სიგრძით, არამედ სიგანით. ძალიან წვალობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. "ვინ არიან ესენი?" - ვკითხე ანგელოზს. მან მიპასუხა: "ეს ის ხალხია, ვინც კეთილ საქმეს სიამაყით აკეთებს, არ სურს, სიმდაბლის გზით იაროს და ამის გამო ღვთის სასუფევლის გარეთ რჩება".
* მამა სერაპიონს ერთი ძმა ეწვია. ბერმა, წესისამებრ, ლოცვა სთხოვა სტუმარს. ძმამ იუარა, თავს ცოდვილი და ბერული სამოსის უღირსი უწოდა. ღირსმა მამამ ფეხების დაბანა შესთავაზა, მაგრამ ბერმა ამაზეც უარი უთხრა. მამა სერაპიონმა, როგორც იქნა, დაიყოლია, ცოტა რამ მაინც ეჭამა მასთან ერთად, მერე კი დაარიგა: "შვილო ჩემო, თუ თავისთვის სიკეთე გსურს, იჯექი შენს სენაკში, ხელსაქმე აკეთე და ფხიზლად იყავი, სენაკიდან ნუ გამოხვალ, თორემ თავს ავნებო".
ძმამ ღირსი მამის დარიგება რომ მოისმინა, მრისხანებისგან სახე შეეცვალა. მაშინ მოძღვარმა უთხრა: "აი, ახლახან ამბობდი, ცოდვილი ვარო და საკუთარ თავს განაქიქებდი, მაგრამ როცა სიყვარულით რაღაც გირჩიე, განმირისხდი. თუ გსურს, ჭეშმარიტი თავმდაბლობა შეიძინო, ყოველგვარი წყენის დიდსულოვნად დათმენა ისწავლე".
* ბერი ევაგრე მამა ტიტესთან უმძრახად იყო. ერთხელ ღირსი მამა დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. როცა მისი ამ სოფლიდან განსვლის ჟამი დადგა, ძმებმა ბერი ევაგრე მიჰგვარეს შესარიგებლად. ავადმყოფმა თავი მოუდრიკა ძმას და შენდობა სთხოვა, მაგრამ ევაგრემ განაცხადა, რომ მას არც აქ და არც საიქიოში არ შეურიგდებოდა. ამის თქმა იყო და მოცელილივით წაიქცა და სული განუტევა, ხოლო ტიტე მყისვე საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. ძმები განცვიფრდნენ. ღირსმა მამამ მათ ასეთი რამ მოუთხრო: სული რომ ამოსდიოდა, უფლის ანგელოზები დაინახა, რომლებიც მისი დაღუპვის გამო ტიროდნენ - ის ხომ მოყვასთან დაუბრებული კვდებოდა. როცა ტიტემ თავს ძალა დაატანა და მიტევება სთხოვა ევაგრეს, მან კი შერიგებაზე უარი განაცხადა, ერთმა ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილი დაჰკრა ევაგრეს, მეორე ხელით კი ავადმყოფი წამოაყენა.
ამ ამბის შემდეგ მამა ტიტე სრულიად გამოჯანმრთელდა.
* ბერმა ირონმა ორმოცდაათი წელი გაატარა უდაბნოში და ანგელოზებრივი ცხოვრებით იქ მცხოვრებ ყველა მამას აღემატა, მაგრამ ამპარტავნებამ ისიც დაღუპა: ერთხელ მოეჩვენა, რომ მის მეზობლად მოღვაწე მამები მასავით მკაცრი ტიბიკონით არ ცხოვრობდნენ და დაცინვით დაუწყო ცქერა. დიდ დღესასწაულებზე მათთან ერთად სუფრასაც კი არ მიუჯდებოდა, წმინდა აღდგომას ხომ არაფრით არ მიულოცავდა.
ეშმაკმა დაინახა, რომ ბერის სულში ამპარტავნებამ წამოყო თავი და გადაწყვიტა, საბოლოოდ დაეღუპა ის. ბრწყინვალე ანგელოზის სახით გამოეცხადა და ურჩია, ჭაში ჩავარდნილიყო. არწმუნებდა, ისეთ წმინდა ცხოვრებას ეწევი, არაფერი დაგემართებაო. ირონმა დაუჯერა... ცოცხალ-მკვდარი ბერი ძლივს ამოათრიეს ჭიდან. საბრალო მესამე დღეს გარდაიცვალა.
* მამა იერონიმე ამბობდა: "როცა გაქებენ, იფიქრე: "ისინი არ მიცნობენ, მე კი ვიცი ჩემი თავის ამბავი", - და როცა ამპარტავნული ფიქრები გეწვევა, შენი ცოდვები გაიხსენე".
* იმ ადგილის მახლობლად, სადაც წმინდა ანტონი დიდი მოსაგრეობდა, ერთი ჭაბუკი განდეგილი დასახლდა. ერთხელ მის სენაკთან მოხუცმა ბერებმა ჩაიარეს. წმინდა ანტონთან მიმავლები შორ გზას მეტად დაექანცა. ახალგაზრდა მონაზონმა გარეულ სახედრებს მოუხმო და უბრძანა, მოხუცი ბერები მამა ანტონთან მიეყვანათ. პირუტყვნი უდრტვინველად დაემორჩილნენ.
ბერებმა ყველაფერი მოძღვარს მოუთხრეს. "ეს ჭაბუკი ტვირთით სავსე ხომალდია, - ბრძანა წმინდა ანტონმა, - მაგრამ არ ვიცი, მშვიდობით მიაღწევს თუ არა ნავსაყუდელს".
მართლაც, გამოხდა ხანი, ახალგაზრდა ბერი ამპარტავნების სულს დაემონა და დაეცა.
* ერთხელ წმინდა ანტონმა გაიფიქრა, ნეტავ, სხვაც თუა ახლომახლო ჩემებრი მოღვაწეო. პასუხად მოესმა: "შენ ჯერ კიდევ შორს ხარ იმგვარი სრულყოფილებისგან, ერთმა ალექსანდრიელმა მეჯღანემ რომ მიაღწია".
წმინდა მამა ალექსანდრიაში გაემგზავრა, მოძებნა ის მეჯღანე და სთხოვა, გაენდო, რით იყო გამორჩეული მისი ცხოვრება. კაცმა მიუგო: "არ მახსოვს, ოდესმე სიკეთე ჩამედინოს, ამიტომ ყოველ დილით საკუთარ თავს ვეუბნები: ამ ქალაქში ყოველი კაცი შენზე უკეთესია და ღვთის სასუფეველს დაიმკვიდრებს, მხოლოდ შენ დაისჯები საუკუნო სატანჯველით, რადგან ცოდვების მეტი არაფერი ჩაგიდენია-მეთქი. ამავეს ვამბობ ყოველ საღამოს, ძილად მისვლის წინ, რადგან ჩემზე ცოდვილი კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულება".
მეჯღანის პასუხი რომ მოისმინა, მამა ანტონიმ აღიარა, რომ ჯერ მართლაც არ მიეღწია ესოდენი სიმდაბლისათვის.
* "ჩვენი გამოუსწორებლობისა და დაცემის მიზეზი არის არა მარტო სიზარმაცე და უყურადღებობა, არამედ თავმაღლობაც. როგორც ყოველგვარი ბოროტების მიზეზი ამპარტავნებაა, ასევე ყოველგვარ სიკეთეს თავმდაბლობა შობს, - ბრძანებს წმინდა მაკარი ოპტელი, - ხედავთ, რატომ ვეცემით ცოდვით და რატომ არ ვასრულებთ ღვთივსათნო საქმეებს? - იმიტომ, რომ ვამპარტავნობთ".
წმინდა ილარიონ ოპტელი კი სულიერ შვილებს უქადაგებდა: "სჯობს, მოწაფის მოწაფე იყო, ვიდრე საკუთარი ნებისაებრ იცხოვრო".
* ერთხელ წმინდა ისააკ ოპტელთან ერთი მგალობელი მივიდა, რომელსაც დიდებისმოყვარეობა ტანჯავდა - მუდამ თავის მშვენიერ ხმაზე ფიქრობდა. "შეხედე ხარს და მისგან ისწავლე, - უთხრა წმინდა მამამ, - მას შენზე ძლიერი ბანი აქვს, მაგრამ ამით თავი როდი მოაქვსო".
* "კაცმა ყველა სათნოებაც რომ აღასრულოს, თუ თავმდაბლობა არ გააჩნია, დაკარგავს მათ, - ამბობდა გიორგი ათონელი (XIX ს.), - უფალს სურს, სათნონიც ვიყოთ და თავმდაბალნიც; თუ ვინმე კეთილის ქმნით ტრაბახობს, მხოლოდ ამისთვისაც დაკარგავს ჯილდოს ღვთისაგან".
* მამა პახომი სერბმა (+1870), როცა დიდი სქემა უნდა შეემოსა, ფიქრი დაიწყო, რომელი მაღალღირსი მამის ხელით მიეღო იგი. დიდხანს იფიქრა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, ვინ აერჩია, რომელი ათონელი მამა იქნებოდა ამის ღირსი. უეცრად თავს ამპარტავნება შეამჩნია და შეძრწუნდა. გადაწყვიტა, იოსები, მისივე სულიერი შვილი, ყოფილიყო მისი მოძღვარი და სქემაც მისგან მიეღო. იოსები ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი გახლდათ, მაგრამ მამა პახომი მას უდრტვინველად დაემორჩილა. ახალი მოძღვარი ცუდად ეპყრობოდა, თუმცა ეს ღირს მამას მაინცდამაინც არ აწუხებდა; მისთვის მთავარი ის იყო, რომ ამპარტავნების და დიდებისმოყვარების ვნებას სძლია.
* იყო ერთი ბერი. თუ მისი თანდასწრებით რომელიმე ძმას შეაქებდნენ, ის უთუოდ განაქიქებდა ხოლმე: "ნუთუ ზოსიმეზე დიდიაო?!" მერე ზოსიმეს შეურაცხყოფაც დაიწყო და ამბობდა: "სიდიადით მაკარის ვერავინ შეედრებაო". მალე მასაც დაუწყო გმობა - ვინ უნდა იყოს ბასილისა და გრიგოლზე დიდიო?! მცირე ხნის შემდეგ მათი კილვაც დაიწყო: "ვინ არიან ბასილი და გრიგოლი? პეტრესა და პავლეს ვერავინ გაუტოლდებაო". მერე და მერე ისინიც განაქიქა, ბოლოს კი ღვთის გმობაც დაიწყო და სრულიად წარწყმდა.
* ამბა დოროთე ბრძანებს, რომ არსებობს ორგვარი ამპარტავნება. პირველია, როცა კაცი მოყვასს შეურაცხყოფს, ვითარცა არარაობას და თავი თვისი მასზე უკეთესად მიაჩნია. თუ ასეთი კაცი დროზე არ მოეგო გონს, ნელ-ნელა მეორე ამპარტავნებაში ჩავარდება - თვით ღმერთზეც კი გაამპარტავნდება.
* ამბა დოროთე ერისკაცისა და მონაზვნის ამპარტავნებასაც განასხვავებს. ერისკაცული ამპარტავნებაა, როცა ვინმე მოყვასზე ამაღლდება და იტყვის: "მე მასზე მდიდარი ვარ, მასზე მშვენიერი, მასზე უკეთესი სამოსელი მაცვიაო". მონაზვნის ამპარტავნებაა, როცა კაცი მარხვის, ლოცვის, მღვიძარებისა და რაიმე სხვა მოღვაწების გამო ზვაობს.
* როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქებენ? წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს: "დაე, გაქონ. გახსოვდეს, მაქებართ კი არ უპასუხო, საკუთარ გულში ჩაიხედე: ხარ ქების ღირსი? თუ იუარებ, მაქებართ ეს ფარისევლობა ეგონებათ და მართალნიც იქნებიან - მცირე კმაყოფილება ხომ მაინც მოგგვარა ქებამ... ამიტომ როცა შეგაქებენ, არაფერი თქვა, მხოლოდ თვალები დახარე და დადუმდი..."
"მამაო, რატომ არასოდეს გვაქებ?" - ჰკითხა ერთხელ წმინდა ამბროსის სულიერმა შვილმა. "თავს თვითონვე იქებთ, ჩემი შექება რაღად გინდათო?" - მიუგო მოძღვარმა.
* წმინდა ალექსი შუშანია ბრძანებს: "მაჩვენებლობა სარკე არის შინაგანი კაცისა, რომლის შთახედვითა იხილვების სიმსივნე და სისაძაგლე სულისა... მაჩვენებლობა დროშაა ამპარტავნებისა და ზვაობრიობა მტვირთველია ბაირაღისა... ამპარტავნებას ორნი ესე - ზვაობრიობა და მაჩვენებლობა - ბოროტ მადიდებლად ჰყავს მისდა ძეობით შეთვისებული. მაჩვენებლობა განიკურნება პირადი მხილებით სხვისაგან, ხოლო ზვაობრიობა მოუძლურდება მხილებითა და ბრალობითა თავისა თვისისათა გულსა შინა სამარადისოდ. ხოლო ამპარტავნება ძნელ განსაკურნებელი არს, რომელსა შემუსრავს განსაცდელისა მიერ ღმერთი და მით გულისხმა-ჰყოფს მოქცევად სიმდაბლისაკენ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი