ქრისტეს შემოსვლით ადამიანის სულს სიხარული სდევს
* "მე აღარ მეშინია ღვთისა, არამედ მიყვარს, - თქვა წმინდა ანტონი დიდმა, - რამეთუ სიყვარულმან გარე განდევნის შიში".
სწორედ ამნაირი სიყვარულით უყვარდა ღმერთი სისო დიდს. ერთხელ განსაცდელი შეემთხვა მის მოწაფეს, აბრაამს. მოძღვარმა იხილა, რომ იგი დაეცა. აღდგა წმინდა სისო, განიპყრნა ხელნი ზეცად და თქვა: "ღმერთო, გინათუ გინდეს, გინათუ არ გინდეს, არა შეგინდო, უკუეთუ არა განკურნო ესე". და აბრაამიც სასწაულებრივად განიკურნა. * მამა გაბრიელი (ურგებაძე) იტყოდა: "მართალი კაცი ქრისტეს წინაშე პირდაღებული ლომივით დგას. მას არ ეშინია ღმერთის, რადგან მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას, როგორც სწორს და ტოლს, ისე უყურებს. არიან მონანი ღვთისანი, შვილნი უფლისანი და ძმანი ღვთისანი".
* როცა ამბობ, "იყავნ ნება შენი", - ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ერთიანად მინდობილი ხარ უფლის ნებას. თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მამას პორფირე ათენელს (+1991) კიბო სჭირდა. სიცოცხლის ბოლოს საშინლად იტანჯებოდა და სულიერ შვილებს "ცოდვილი პორფირესთვის" ლოცვას სთხოვდა. სულიერმა შვილმა ჰკითხა: "მამაო, თქვენ მრავალი სასწაული მოახდინეთ! მრავალი უკურნებელი სნეულებით გატანჯული გამოაჯანმრთელეთ, კიბოიანებიც კი! ამდენი კადნიერება გაქვთ ღვთის წინაშე. რატომ არ გამოიყენებთ ამას და სთხოვთ ღმერთს, განგათავისუფლოთ ამ სატანჯველთაგან?
- ამას, ჩემო შვილო, არასოდეს გავაკეთებ.
- რატომ? თქვენ ხომ ცუდს არაფერს ითხოვთ?
- იმიტომ, რომ არ მინდა ღმერთი ვაიძულო!
* ერთხელ მამა პორფირეს გასაცნობად პროვინციული ქალაქიდან მამა დიონისე ეწვია. მას ბევრი გაეგონა მამა პორფირეს სასწაულთქმედებაზე, თვითონაც რომ დარწმუნებულიყო ამაში, თავისი ოჯახური ფოტო აჩვენა და სთხოვა, აქ გამოსახულ შვილებზე ეთქვა რაიმე. მამა პორფირე გაჩუმდა, მცირე ხნის შემდეგ თითოეულის ცხოვრება დაუხატა, მაგრამ მამას განსაკუთრებით აინტერესებდა მესამე ქალიშვილის ბედი - ამ ჩემს გოგონაზე რას იტყვიო.
ღირსმა მამამ მცირე ხნის დუმილის მერე ღრმად ამოიოხრა და დაღონებულმა თქვა: "სამწუხაროდ, ეს ასე უნდა მომხდარიყო! ის უფალმა თავისთან წაიყვანა". ცრემლმორეული მამა დიონისე გადაეხვია მამა პორფირეს და ერთსა და იმავეს კითხულობდა: "ასე უნდა მომხდარიყო! ასე უნდა მომხდარიყო, მამაო?" "დიახ, აუცილებელი იყო". მართლაც, მღვდელ დიონისეს ქალიშვილი მრავალი წლის წინ კიბოთი გარდაცვლილიყო. ის ისე იტანჯებოდა, რომ მშობლებმა ღმერთს მისი ამ ქვეყნიდან გაყვანა სთხოვეს. მამა პორფირეს ნათქვამმა მამა დიონისე ღვთის ნებას დაამორჩილა.
* ტურინელმა ეპისკოპოსმა მარტინმა სიკვდილის წინ, ბოლო ამოსუნთქვას ამოაყოლა: "უფალო, თუ გამოვადგები შენს სიტყვიერ ცხოვარს, მზად ვარ ღვაწლისთვის, მაგრამ ამაზეც იყოს ნება შენი!"
* ოღონდ გვსურდეს, ოღონდ ვიღვწიდეთ და უფალი არ მოგვაკლებს "არსობის პურს" როგორც სულიერს, ისე ხორციელს. სინური პატერიკი მოგვითხრობს არსელანში მოღვაწე მამა მიქაელ ქართველზე. იგი კლდეებში გამოკვეთილ მღვიმეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მძიმე სნეულება შეეყარა. სიკვდილის მოახლოება იგრძნო და მოწაფეს უთხრა: - შვილო ჩემო, მომიტანე წყალი, ვიბანავებ, რომ მერე ვეზიაროო. ზიარების შემდეგ მოწაფეს მიმართა: - როცა მოვკვდები, ჩემი ცხედრის ჩატანა გაგიჭირდება, ამიტომ სჯობს ახლავე ჩავიდეთ დაბლა. ჩავიდნენ. მამა მიქაელმა თქვა: მშვიდობა შენდა, შვილო, ილოცე ჩემთვის. ჩაწვა კუბოში და საუკუნოდ მიიძინა.
* წმინდა ღირსმოწამე ლუკიანე მრავალი სატანჯველის შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წვერმახვილ ქვებზე 40 დღე იწვა. დადგა ღვთის განცხადების დღესასწაული, წმინდა ლუკიანეს ძალიან უნდოდა ზიარება, ისევე როგორც მასთან მყოფ ტყვე ქრისტიანებს. დაიწყო ღვთის ვედრება. უფალმაც ისმინა მისი - ზოგიერთმა ქრისტიანმა მალულად პური და ღვინო შემოიტანა. წმინდა ლუკიანემ მათ უთხრა, - გარშემო შემომიდექით და ეკლესია იყავითო. როცა ქრისტიანები გარს შემოერტყნენ, წმინდანმა - აღვასრულოთ საღმრთო ლიტურგია და ვეზიაროთო. მამაო, პურს სად დავდებთ, ტრაპეზი რომ არ გვაქვსო, - ჰკითხეს ქრისტიანებმა. წმინდა ლუკიანემ, რომელიც ბასრ ქვებზე შებორკილი იწვა, უთხრა: "მკერდზე დამადეთ და იგი იქნება ცოცხალი ღმერთის ტრაპეზი". ამგვარად, საპყრობილეში, წმინდანის მკერდზე აღსრულდა საღმრთო ლიტურგია და ქრისტიანებმა იგემეს არსობის პური.
* სულისთვის საკვები საღმრთო წიგნებია, რომელთაც დღეს ნაკლებად ვკითხულობთ ქრისტიანები. მაგრამ ადრე ასე არ იყო. ის, ვინც წიგნის წაკითხვას აპირებდა, ხელს დაიბანდა და ისე შეეხებოდა მას. მამაკაცები და თავდაბურული დედაქალები მოკრძალებით უსმენდნენ ღვთის სიტყვას, რომელიც ბევრმა ზეპირად იცოდა. ეგვიპტეში მონაზვნობის დამაარსებელმა ანტონი დიდმა კითხვა არ იცოდა, მაგრამ ზეპირად ახსოვდა მთელი წმინდა წერილი. მახსოვრობა მას წიგნად ექცა. მან ისეთი სულიერი განათლება მიიღო, რომ ძლევაშემოსილად ამხილებდა არიოზელებს, წარმართ ფილსოფოსებს დადუმებას აიძულებდა, როცა მათ ჯვრის დიდებას განუცხადებდა და ამხილებდა სამარცხვინო რელიგიას. მისმა მოწაფემ, ასურეთში მონაზვნობის დამაარსებელმა, წმინდა ილარიონმაც ზეპირად იცოდა წმინდა წერილი, ლოცვისა და ფსალმუნების შემდეგ იმეორებდა მათ ზეპირად, თითქოს ღვთის პირის წინაშე იდგა.
* ლოცვისას ჩვენ "დღევანდელ პურს" ვითხოვთ, რადგან უფალმა გვასწავლა, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე. წმინდა თეოდოსი მღვიმელი ამის მაგალითს აძლევდა თავის ძმობას. ის არ თანხმდებოდა, მონასტერში ბეღელი აეგოთ, ძმებსაც იმავეს ასწავლიდა, შედიოდა მათ სენაკებში და თუ ზედმეტ ნივთს ანდა მომზადებულ საჭმელს ნახავდა, ართმევდა მათ და ღუმელში აგდებდა, - ერისკაცებისგან განსხვავებით ჩვენ ქონების დაგროვების უფლება არ გვაქვსო. ერთხელ მზარეულმა შესჩივლა, - საკვების მარაგი გამოგველიაო. წმინდა თეოდოსიმ დაარიგა, უფალს მიენდეო. ის კი თავისას გაიძახოდა, - ხვალ რა ვქნათ, სატრაპეზოდ რა მოვიტანოთო. ამ დროს მონასტერში თავადის სამმა მსახურმა ნობათი მოიტანა: პური, თევზი, ხორბალი, თაფლი და ყველი. "ხედავ, ძმაო, უფალი არ დაგვიტევებს, თუ მას მთელი გულით მივენდობით, წადი სწრაფად და ძმებს კარგი საჭმელი მოუმზადეო", - უთხრა მზარეულს წმინდა თეოდოსიმ.
ერთხელ წმინდა თეოდოსი ზოგიერთ ძმასთან ერთად დიმიტრის მონასტერში აპირებდა წასვლას ტაძრის დღესასწაულზე. ამასობაში რამდენიმე ცალი ქათქათა პური მოუტანეს. მან მზარეულს უბრძანა, ეს დარჩენილ ძმებს გაუყავიო. წავიდა იღუმენი. მზარეულმა იფიქრა: - რაც გვაქვს, ძმები იმითაც იოლად გავლენ, ხვალ კი ერთად მიირთმევენ ამ პურსო. მეორე დღეს ტრაპეზზე თეთრი პური შემოიტანეს. ეს რა არისო, - იკითხა წინამძღვარმა. გუშინ, რადგან ცოტა ძმა იყო მონასტერში, გადავწყვიტე, დღეს მომეტანა ტრაპეზზეო. აჯობებს, ხვალინდელ დღეზე არ იზრუნო და მე დამემორჩილო. ღმერთი ხომ მაშინ უფრო მეტ საკვებს მოგვცემდა დღეს, - უთხრა წმინდანმა, მერე კი ერთ ბერს უბრძანა: - შეაგროვე თეთრი პურის ყველა ნატეხი და მდინარეში გადაყარეო. მზარეულს კი სასჯელი დაადო.
* "მამაო ჩვენოს" მთქმელნი ცოდვათა მიტევებასაც ვითხოვთ.
ალექსანდრიაში, მონასტერში ერთი ბერი ცხოვრობდა, ფიცხი და სულმოკლე. ამის შემხედვარე ერთმა ახალგაზრდა ბერმა აღთქმა დადო: "ჩემს მიერ ჩადენილი ბოროტების გამო, წავალ და მას დავემორჩილები მონასავით და ყველაფერს დავითმენო".
მართლაც, ექვსი წელი ემსახურებოდა იმ ბერს და ყოველდღიურად მისგან უამრავ დამცირებას დაითმენდა. ერთხელაც მას ვინმე დიდებული კაცი გამოეცხადა, ხელთ გრაგნილი ეპყრა: "აი, აქ შენი ცოდვებია აღხოცილი უფლის მიერ, დანარჩენისთვისაც იზრუნეო". მათ გვერდით ერთი სულიერი მამა ცხოვრობდა, რომელიც ყოველივეს ჭვრეტდა და შეხვედრისას განამხნევებდა ძმას: "რაო, შვილო, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ, შეიძინე რაიმე? აღხოცე მცირედი შენი ცოდვებიდან?" ბერიც არაფერს უმალავდა და ეუბნებოდა: "დიახ, მამაო, დღეს ცოტათი ვიღვაწეო". მაგრამ თუ დღე მშვიდად ჩაივლიდა და სულიერი მამა არ ეჩხუბებოდა, არ სცემდა, ძმა საღამოთი თავის მეზობელს შესჩიოდა: "არა, მამაო, დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა და ჩემთვის უბედური იყო - არაფერი შემიძენიაო". კიდევ ექვსი წლის შემდეგ მრავალდამთმენი ბერი გარდაიცვალა. მეზობელმა ღირსმა მამამ იგი მოწამეთა დასში იხილა, ღვთის წინაშე მდგარი კადნიერად ლოცულობდა: - უფალო, როგორც მე შემიწყალე მისი საშუალებით, ასევე ისიც შეიწყალე შენი სახიერებით ჩემს, შენი მონის გამოო. მორჩილმა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს თავისი სულიერი მამაც წაიყვანა სასუფეველში.
* ერთხელ ღირსი ეპიფანე, შემდგომში კვიპროსის მთავარეპისკოპოსი, უდაბნოში სარკინოზ ყაჩაღთა ხროვას გადაეყარა. ჯერ სასაცილოდ აიგდეს, მერე ერთმა მათგანმა, დაბადებიდანვე ცალთვალამ, მახვილი იშიშვლა და უნდა განეგმირა, რომ წმინდა ეპიფანეს ლოცვით ის მიმჭკნარი თვალი გაუცოცხლდა და აეხილა. ავაზაკმა მახვილი მიწაზე დააგდო და ღირს მამას მუხლებში ჩაუვარდა. ცხადმა სასწაულმა სხვა ავაზაკებზეც იმოქმედა: - ჩვენი მფარველი იყავითო, - შესძახეს ეპიფანეს. სამი თვე დაჰყვებოდა და ასწავლიდა მათ ქრისტიანულ სარწმუნოებას ეპიფანე. მერე კი გზას გაუდგა, თან ის განკურნებული ავაზაკი გაჰყვა. სიკვდილამდე არ მოშორებია და მისი მესაიდუმლე შეიქნა. ამ ავაზაკყოფილს აღუწერია წმინდა ეპიფანეს ცხოვრება.
* შეიძლება განსაცდელები გარს გერტყას, მაგრამ ცხონდე. დიდმა მოღვაწე მამამ, პაფნუტიმ ერთხელ ილოცა, - ღმერთო, გამაგებინე, რომელი წმინდანის დარი ვარო. და მოესმა ხმა ღვთისა: - მეზობელი დაბის მამასახლისის დარი მადლი გაქვსო. ღირსმა პაფნუტიმ ამ მამასახლისის კარზე დააკაკუნა. მან სტუმარი შეიპატიჟა, ფეხები დაბანა, ტრაპეზი გაუშალა. მაგრამ ღირს პაფნუტის მისი ცხოვრების წესის გაგება უნდოდა. კაცი უარობდა, - არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ღირსმა მამამ დააფიცა, თქვა: "უკვე ოცდაათი წელია, რაც ცოლთან სარეცელს აღარ ვიზიარებ, მანამდე სამ წელში სამი ვაჟი შემეძინა. არ დავუტევებ უცხოთმოყვარებას, სოფელში ვერავინ დაიკვეხნის, რომ მწირი ან გლახაკი ჩემზე ადრე შეეყვანოს შინ, არავინ გამიშვია უნუგეშოდ. ცრუ ჩვენება არ მიმიცია ჩემი შვილის სასამართლოზე. არ ყოფილა მტერი, რომელსაც არ შევრიგებოდი. ჩემი შვილები არავის დაუდანაშაულებია უწესო საქციელში. ჩემს ფარას სხვისი მინდორი არ მოუძოვია, პირველს არ დამითესია მინდორში, სხვებს ვეხმარებოდი და მხოლოდ მათ მერე ვამუშავებდი მიწას. მდიდრისთვის გლახაკის დაჩაგვრის ნება არ მიმიცია, არავინ გამიმწარებია, არავინ განმიკიხავს. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება, ღვთის ნებით".
* ქრისტიანებს ბრძოლა გვაქვს გამართული საკუთარ ხორცთან და დაცემულ ანგელოზებთან. ერთხელ პახუმი დიდს ეშმაკი თვით იესო ქრისტეს სახით გამოეცხადა და უთხრა: - გიხაროდენ, ჩემო სათნომყოფელო ბერო! მე, ქრისტე, მოვედი შენთან, როგორც ჩემს მეგობართანო. გაუკვირდა წმინდა პახუმს, გამოცხადებულ დემონს მკაცრად შეხედა და თავისთვის განსაჯა: "ქრისტეს შემოსვლით ადამიანის სულს სიხარული სდევს. გული შიშს არა გრძნობს და ყოველი ფიქრი იმწამსვე ქრება. გონება სერაფიმის თვალებად იქცევა და უფლის დიდებას სჭვრეტს. კაცი ამ დროს უხორცო ხდება. მე კი ახლა სული მიშფოთავს და მეშინია... არა, ეს ქრისტე არ არისო. შემდეგ ჯვარი გამოისახა და კადნიერად მიმართა: "განვედ ჩემგან, სულო ბოროტებისა! წყეულ იყოს შენი ყველა ბოროტი საქმე". მოჩვენება იმწამსვე გაქრა, სენაკი სიმყრალით აივსო, გარეთ კი ქარი ამოვარდა.
* წმინდა პავლე თებელთან, რომელიც უდაბნოში 90 წელი მარტო ცხოვრობდა, ღვთის ბრძანებით, ყოველდღიურად ყორანს მიჰქონდა პური. ერთხელ, ღვთის განგებულებით, მას ანტონი დიდი ეწვია. ძმური ამბორყოფის შემდეგ პავლემ ანტონის ჰკითხა: "როგორაა ახლა კაცთა მოდგმა, კიდევ დგას კერპთაყვანისმცემლობაზე?" რომის იმპერიაში დევნის შეწყვეტამ და ქრისტიანობის ზეიმმა დიდად გაახარა ღირსი მამა, მაგრამ დაამწუხრა არიოზელობის ერესის გაჩენამ. სანამ მამები საუბრობდნენ, ყორანი მოფრინდა და პური მოიტანა. "უხვია და გულმოწყალე ჩვენი უფალი, - წამოიძახა პავლემ, - აი, უკვე მრავალი წელია, ყოველდღიურად მისგან ნახევარ პურს ვიღებ, მაგრამ დღეს შენი სტუმრობის გამო მთელი გამომიგზავნაო".