რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე
"ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერება მიეცემათ იმათ, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს და როგორც ქრისტიანული ეკლესიის საიდუმლოებას, ისე უყურებს ქორწინებას", - ბრძანებს ნექტარიოსი (ოპტელი).
შესაბამისად ამისა, კარგი შვილებით ბედნიერი იქნება ის, ვინც ღვთის მცნებებით გაზრდის მათ და ღვთის წყალობას - მშობლის სახელს ბოლომდე ღირსეულად ატარებს. * "ერთხელ, ზაფხულის არდადეგებიდან შინ დავბრუნდი, - ჰყვება მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი), - მამა შეშფოთებული დამხვდა - რაც წასული ხარ, სულ მეშინოდა, ცუდი არაფერი დაგმართოდაო. გამეღიმა: - ნუთუ გეგონა, ფეხს ან კისერს მოვიტეხდი და ამაზე დარდობდი-მეთქი? "არა, - მიპასუხა მშვიდად, დიდი სიყვარულით და სიმკაცრით, - ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მეშინოდა, სულის მთლიანობა არ დაგეკარგა... მთელი ცხოვრება გახსოვდეს: ცოცხალი ხარ თუ არა - სხვებისთვის უმნიშვნელოა, ასეთივე უმნიშვნელო უნდა იყოს შენთვისაც. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე".
* მშობლები შვილების უბიწოებისთვის უნდა ზრუნავდნენ. 1908 წელს წმინდა ბარსანოფი ოპტელი წუხდა: "ახალ თაობაში მეხსიერების დაკარგვა შეინიშნება. მათემატიკისა და საერთოდ მეცნიერებების შესწავლისადმი უუნარონი არიან. პროფესორ-მასწავლებლები გამუდმებით ამას ჩივიან. ეს იმით აიხსნება, რომ ისინი ადრეულად თანაცხოვრობენ. საშინელია წარმოსადგენად, მაგრამ ზოგიერთი თითქმის ათი წლისა იწყებს "ცხოვრებას", ხშირად ვხვდებით მათ შორის სიფილისს. განიხრწნება, ლპება, სულს ღაფავს ახალი თაობა. უღმერთოდ ცხოვრების ნაყოფნი აშკარად ჩანს".
მამა ბარსანოფი სხვაგან ჰყვება: "ერისკაცობაში სიზმარი ვნახე: ჯოჯოხეთი და მისი სატანჯველი. ვნახე იქ პატარა გოგონა, შვიდი წლისაც არ იყო. აქ როგორ მოხვდა, რა ცოდვა ჰქონდა ამ ერთი ციცქნას? ის კი მიყურებს და მპასუხობს, - აქ ბილწი ფიქრების გამო ვარო.
* მამა ხარლამპეს სულიერი შვილი იმაზე წუხდა, რომ მის 15 წლის იანიკისს, ადრე რომ არ აცდენდა კვირისა და სადღესასწაულო წირვებს და სულიერად მყარად იდგა ფეხზე, ახლა შუადღემდე ეძინა. მას მამა ხარლამპემ უთხრა: "მიწაში ჩავარდნილი სახარებისეული მარცვალი მალე არ კვდება. შენი შვილი ახლა გამოიცდება. ამ ასაკში საშინელი ბრძოლაა გაჩაღებული მატერიასა და სულს შორის. ახლა სასწორის პინა ხორცისკენ გადაიხარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მშობლისგან რაღაც მეტს ელის. თქვენი ლოცვებით კვლავ გადასწიეთ თქვენი ვაჟის სასწორის მარჯვენა პინა, რომ კვლავ ფეხზე წამოდგეს".
* ბავშვების აღზრდაში ძალზე გვეხმარება ის, რომ მშობლები თავს პასუხისმგებლად თვლიან ბავშვების ყველა საქციელზე, მათში ხედავენ საკუთარ ცხოვრებას, სამწუხაროდ, არა ისეთს, როგორიც უნდა იყოს ქრისტესთან ყოფნისას. მათი აზრით, შვილები ამიტომაც იქცევიან ასე უწესოდ. როცა მშობლები გულწრფელად ინანიებენ, მაშინ ყოვლისშემძლე ქრისტე შვილებს მაშველ რგოლს გადაუგდებს, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი.
* წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს: უსაქმურობა და ბავშვებისთვის ღვთის შიშის არშთანერგვა არის ყველა ბოროტებისა და უბედურების მიზეზი. ღვთის შიშის შთანერგვის გარეშე ბავშვები, რასაც არ უნდა საქმიანობდნენ, სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებენ.
* წმინდა ტიხონ ზადონელი ბრძანებს: მრავალი მშობელი ასწავლის შვილებს უცხო ენებს, სხვადასხვა ხელოვნებაში განსწავლის, მაგრამ მათ ქრისტიანულ სწავლასა და აღზრდაზე არ ზრუნავს. ასეთი მშობლები შვილებს დროებითი ცხოვრებისთვის შობენ. ვაი მათ, რამეთუ თავიანთი უდარდელობით, სხეულს კი არა, კაცთა სულებს კლავენ!.. ღვთის შიშსა და მცენებებში აღზრდა სიყრმიდანვე უნდა დაიწყოს, როგორც კი ბავშვები მცირედი რამით მაინც გულისხმაყოფენ, რამეთუ მათი ასაკი, როგორც უბოროტო, ადვილად მიდრეკადია სიკეთისკენაც და ბოროტებისკენაც.
* მამა პაისი ამბობს: მთავარი ის კი არ არის, რომ ბავშვები ჯოხით შევრეკოთ ეკლესიაში, არამედ ის, რომ მათ შეიყვარონ ეკლესია. სიკეთე დაძალებით კი არ უნდა გააკეთონ, არამედ უნდა იგრძნონ მისი აუცილებლობა. მშობლების წმინდა ცხოვრება ბავშვების სულებს დაარბილებს და ისინიც მერე ადვილად ემორჩილებიან.
* მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი) ჰყვება თავის ყრმობაზე: "მამა ჩემზე მოქმედებდა თავისი მშვიდი ცხოვრების სტილით, შრომისმოყვარეობით, ყველაფრისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით. ამას ქადაგების გარეშე ვითვისებდი. დედა მმოძღვრავდა სიცოცხლის სიყვარულით, სისუსტეების მიმართ ზომიერი შემწყნარებლობით. დამამახსოვრდა მთელი ცხოვრება მისი და მამაჩემის დარიგება: არასოდეს იცრუო. გეყოს სიმამაცე - აღიარო ცუდი საქციელი.
სიყრმიდანვე სიმართლე იყო ჩემი ერთგვარი საგანძური, მიმზიდველი და მშვენიერი... ადამიანური თავისუფლება ოჯახში თავისთავად შემოდიოდა. დედამ მხოლოდ ერთხელ ამიწია ყური. მაშინ 12 წლისა ვიყავი. ზაფხული იდგა. სამზარეულოში ვიჯექი და დაცინვით ვათვალიერებდი ცხენის ცხოვრების ატლასს. მრისხანების ეს ჟესტი დღემდე მახსოვს და მადლიერებით ვიგონებ. ეს იყო სიყვარულის მრისხანება, რომლის უქონლობით სცოდავენ როგორც მოძღვრები, ისე მშობლები. აბსტრაქტული მორალისტური დიდაქტიკა ყოველთვის არ გადადის კონკრეტულ დარიგებაში, სამართლიანი და მართალი სიყვარულის მრისხანებაში. ყოველთვის მიხაროდა, როცა ძილის წინ კურთხევისთვის მამასთან მივდიოდი და ვეამბორებოდი მის ჯვრის გამომსახველ მარჯვენას. ასეთი წესი გვქონდა ოჯახში. ძალზე მიხაროდა სიყმაწვილეში, როცა საწოლთან მუხლმოდრეკილი ძილის წინ ვლოცულობდი. ჩემს გვერდით დედაჩემიც ლოცულობდა, ამგვარი გახლდათ მისგან ნასწავლი ლოცვის შინაარსი: "უფალო, აცხოვნე და შეიწყალე მამა, დედა, ბებია, ბაბუა, ვერა, ნატალია, ზინა და მე - ცოდვილი დიმიტრი". ამ ბავშვური ლოცვის დასრულების შემდეგ ვეამბორებოდი საწოლის თავთან დაკიდებულ მაცხოვრის ხატს, დავიფარებდი საბანს, დედა მაკოცებდა და ჯვარს გადამსახავდა..."
* ერთხელ ერთმა ჯგუფმა მოინახულა მამა პაისი, ყველანი ერთად დასხდნენ არქონდარიკში, ღია ცის ქვეშ. მამა პაისიმ სტუმრებს ცივი წყალი და კოლოფით ლუქუმი მიართვა. ერთ მათგანთან როცა მივიდა, ლუქუმი მიწაზე დააგდო, ფეხით გათელა, მიწას შეურია, მერე აიღო და სტუმარს მიაწოდა. ის დაიბნა და გაკვირვებულმა ჰკითხა: "მამაო, ასეთი ჭუჭყიანი როგორ შევჭამო?" მამა პაისიმ უპასუხა: მაშ, რატომ აძლევ ჩვენს ახალგაზრდებს შენს ბინძურ ნაწარმოებებს და განხრწნი?
ეს კაცი სცენარისტი გახლდათ და უწესო შინაარსის სცენარებს წერდა ფილმებისთვის.
* "ადამიანის რელიგიური აღზრდის გადადება მომავლისთვის სახიფათოა. განა ბავშვობაში უფრო ადვილი არ არის მისი შეცდენა? ბავშვებმა ჯერ არ იციან, როგორია მანკიერებათა და შეცდომათა შედეგი. მათ არ ეეჭვებათ, რომ ვინმე მოატყუებს და ყველასი სჯერათ. შესაბამისად, ციცაბოზე მავალნი შეიძლება ადვილად გადაიჩეხონ, თუ რელიგია არ დაიცავს მათ გაღვიძებულ გონებას, ვიდრე მას მანკიერებები და ცრუ წესები არ დაუფლებიან", - ბრძანებს დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი.
* საუკუნეებით განმტკიცებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯვრის ნიშს დიდი ძალა აქვს ადამიანის საქციელზე მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომაც აუცილებელია, ვიზრუნოთ, ბავშვებს ჩავუნერგოთ ჯვრის ხშირად გამოსახვის ჩვეულება, განსაკუთრებით ჭამა-სმის წინ, ძილის წინ და ადგომისას, სადმე შესვლა-გამოსვლისას, რათა ბავშვებმა ჯვარი გულგრილად ანდა მოდურად კი არ გამოსახონ, არამედ მთელი სიზუსტით, - ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი.
* ბავშვს, რაგინდ პატარა იყოს, ლოცვა უკვე შეუძლია, - ბრძანებს ეპისკოპოსი ირინეოსი (ორდა, 1904). ისინი ხომ მშობლებს რაღაცას სთხოვენ ხოლმე. მაშ, რატომ არ უნდა შეევედრონ ზეციურ მამას? ამიტომაც ასწავლეთ შვილებს ლოცვა სიყრმიდანვე, რომ ლოცვა მოთხოვნილებად ექცეთ. ასწავლეთ, რომ ცხოველივით არ ეცნენ საზრდელს, რათა იცოდნენ, ვისაც ღვთის სიკეთეთა მიღება სურს, უნდა სთხოვოს და მადლობდეს ამისთვის. "მამაო ჩვენო", "ღვთისმშობელო ქალწულო" და სხვა მცირე ლოცვა ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს.
* მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) ამბობს: ბავშვებს ხშირად ის ესმით, რასაც ვერ იგებენ მისი მშობლები. მახსოვს, ერთი პატარა აღდგომის კვირის დღეებში მაცხოვრის ხატის წინ იდგა და ხშირად იმეორებდა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი..." დედამ შეაჩერა და უთხრა: "არ შეიძლება ასე ხშირად ამ ლოცვის გამეორება". მან გაკვირვებულმა შეხედა: "ნუთუ ვერაფერი გაიგე? უფალს ეს ძალიან სიამოვნებს". ეს იმიტომ უთხრა, რომ ის გულში თავისი რწმენის ღმერთს უგალობდა. სხვა შემთხვევაც მახსოვს. ჩვენთან ერთი ოჯახი ტიპიკონით ცხოვრობდა. საღამოთი 7 წლის ბავშვსაც კი აიძულებდნენ ლოცვების კითხვას. ერთხელ პატარამ ჩაიკითხა დაწესებული ლოცვები, შეხედა დედას და უთხრა: "ახლა, რადგან უკვე ვილოცვანეთ (ანუ "ლოცვანიდან" წავიკითხეთ), მოდი, ცოტა ვილოცოთო". მან იგრძნო, რომ რასაც აკეთებდა, დისციპლინური ვარჯიში იყო, მას კი უნდოდა, ღვთისათვის ეთქვა: "უფალო, მე შენ მიყვარხარ!" ანდა უბრალოდ წარმოეთქვა: "უფალო, მე მამა მიყვარს, დედიკო მიყვარს, მამა მივლინებაშია, გთხოვ დაიცავი", ანდა: "დედა დღეს გამიბრაზდა, გთხოვ, ანუგეშეო".
* ბავშვი უნდა იყოს წესიერი, თავმდაბალი, ღვთისმოშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გამო აქებენ, არამედ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს მისგან ღმერთი, - ბრძანებს ეპისკოპოსი ირინეოსი (ორდა), - რაც უფრო იზრდება პატარა, მით მეტად უნდა ვასწავლოთ მას, რომ სიკეთე მოვალეობის გრძნობით, ღმერთზე ფიქრში უნდა გააკეთოს და არა მხოლოდ საქებრად.
* მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო. ვთქვათ, ბავშვი ჩამარცვლით კითხულობს, შეეშალა და ახლა ტირის. დედა ამხნევებს: "ნუ წუხხარ, ყველაფერი კარგად წაიკითხე". მაგრამ თუ ბავშვმა ლექსი კარგად წაიკითხა და დედა სხვების წინაშე შეაქებს, ეტყვის: - რა კარგი მყავხარ, ყველა ბავშვზე უკეთ წაიკითხეო, - ცუდია. მშობლები ამგვარად ბავშვის სულში ხშირად თესავენ სიამაყეს.
პატარაობისას ბავშვებს სირბილისას უკან ჩამოვიტოვებდი ხოლმე, ამიტომ ისინი სირბილის ნებას არ მაძლევდნენ, "ემიგრანტოს" ძახილით მაგდებდნენ თავიანთი წრიდან. დედას შევჩივლე, - ბავშვები დაჭერობანას არ მათამაშებენ-მეთქი. "სირბილი გინდა? აი, ეზო და ირბინე. ქუჩაში სირბილი რად გინდა, რომ გიყურონ და თქვან, რა ყოჩაღიაო? ეს ხომ სიამაყეა!" სხვა დროს ბავშვებმა ბურთის თამაში ამიკრძალეს. კვლავ დედას შევტირე. "დიდი ეზო გვაქვს, ბურთიც გაქვს. აქ ითამაშე. რა გინდა, გიყურონ და შენი თამაშით ტკბებოდნენ? ამაში ხომ სიამაყეა". მაშინ კი ვიფიქრე, დედა მართალია-მეთქი. ნელ-ნელა სურვილიც გამიქრა ბურთის თამაშისა და სირბილისა. მივხვდი, რომ ამაში სიამაყე იყო.