რატომ არ უჯერებ მოძღვარს?
* არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ბრძანებდა: "ავადმყოფობაც ღვთის დაშვებითაა და ადამიანთა სიკეთეს ემსახურება.
ისინი ამუხრუჭებენ ჩვენს უგუნურ რბოლას, გვაიძულებენ, ჩავფიქრდეთ და შეწევნა ვეძებოთ. ადამიანური შეწევნა უძლურია, მალე ამოიწურება და მაშინ კაცი ღმერთს მიმართავს"... სხვაგან კი ამბობს: "ავადმყოფობა ის ჯვარია, რომელიც იმ ცოდვებს წვავს, რომლებიც ცოდვები არ გვგონია. ამიტომაც უნდა ვმადლობდეთ ღვთის გულმოწყალებას ჩვენთვის მოვლენილი განსაცდელისთვის". * წმინდა ილარიონ ოპტელთან მოჰყავდათ ბევრი სულიერი და ნერვული ავადმყოფი, რომლებსაც ჩვეულებრივ "გათვალულებს" ეძახიან. მოძღვარი მათ არწმუნებდა, რომ გულწრფელი აღსარება ეთქვათ, ეპატიებინათ და შერიგებოდნენ მტრებს. რადგან ასეთი სენის მიზეზი, მისი აზრით, არის მძიმე მოუნანიებელი ცოდვები, ოჯახური კონფლიქტები და შეურიგებელი მტრობა. თუ სნეულები ეტყოდნენ, ჩემი მტერი გარდაიცვალაო, მოძღვარი ურჩევდა გარდაცვლილის საფლავზე პანაშვიდის გადახდასა და მოწყალების გაცემას, ასევე წირვაზე მათ სახელზე სეფისკვერის შეგზავნას და მოხსენიებას.
ერთხელ მამა ილარიონს მოუყვანეს უცნაური სნეულებით შეპყრობილი ვაჭარი, რომელიც თვალებს აცეცებდა, უაზროდ წარმოიტყოდა სიტყვებს. მოძღვარმა დიდი გამოკითხვის შემდეგ დაადგინა, რომ ვაჭრის ავადმყოფობის მიზეზი მამისადმი ურჩობა და მტრობა იყო, გულში რომ მალავდა. მამა ილარიონმა ურჩია, მშობელს შერიგებოდა. ვაჭარი დიდხანს ჯიუტობდა, ყველაფერში მამას ადანაშაულებდა, ბოლოს, დამორჩილდა - რასაც მეტყვით, ყველაფერს აღვასრულებო. აღსარებისა და ზიარების შემდეგ ვაჭარმა სრულიად ჯანმრთელმა დატოვა მონასტერი და ძველებურად განაგრძო საქმიანობა.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელს ერთმა დედაკაცმა თავისი ვაჟი მიუყვანა და შესჩივლა: - მამაო, გამტანჯა ჩემმა შვილმა. თორმეტი წლისა უეცრად დაყრუვდა და დამუნჯდა, მთელი ქონება დავახარჯე მის მკურნალობას, მაგრამ არაფერი ეშველაო. მოძღვარმა აკურთხა ახალგაზრდა, ყურადღებით დააკვირდა და თქვა: "მან ერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა, უნდა მოინანიოს, ეზიაროს და ძველებურად გაიგონებს და ილაპარაკებსო. ქალმა - რას ამბობთ, ეს სამაგალითო შვილი არის. აბა, თორმეტი წლისას ისეთი რა უნდა ჩაედინაო. მამა ბარსანოფიმ მიმართა ვაჟს: "გახსოვს, რაც ჩაიდინე?" მან დაბნეულმა დაუქნია თავი. მამაო, ეგ ხომ ყრუ-მუნჯია, არ ესმისო, - უთხრა დედამ. შენი არ ესმის, თორემ ჩემი ესმისო, - მიუგო მოძღვარმა, დაიხარა და ბიჭს რაღაც ჩასჩურჩულა. ბიჭს თვალები გაუფართოვდა - მას ცოდვა ახსოვდა. აღსარებიდან ერთი კვირის შემდეგ ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა.
* წმინდა ანატოლი ოპტელი (პოტაპოვი) ბრძანებდა: "სიკვდილის წინ მადლობას ეტყვი ღმერთს არა სიხარულისა და ბედნიერებისთვის, არამედ სიმწარისა და ტანჯვისთვის და რაც უფრო მეტი ტანჯვა გაქვს ნანახი, მით უფრო ადვილად მოკვდები და ამაღლდება შენი სული ღმერთთან".
* უვერცხლო მკურნალთა კალივაში ცხოვრობდა მამა თეოფილაქტე ათონელი. "ჩვენს სახლში ხომ შევიდეთ?" - ამბობდნენ წმინდანი უვერცხლონი და მოინახულებდნენ ხოლმე მამა თეოფილაქტეს და განამხნევებდნენ. მამა თეოფილაქტეს მუცელი აწუხებდა - ალბათ ღვიძლი სტკიოდა. საშინელი სალმობა სარეცელს მიაკრავდა ხოლმე. ხშირად ევედრებოდა და განკურნებას სთხოვდა თავის მეგობრებს, წმინდა უვერცხლო მკურნალებს და შესჩიოდა, რატომ არ მკურნავთო. ისინი ძილში გამოეცხადნენ და უთხრეს: "მამაო, შენი განკურნება შეგვიძლია, თუკი ასე გინდა, მაგრამ ეს შენთვის სასარგებლო არ იქნებაო". ამის შემდეგ მამა თეოფილაქტემ ცოტა ხნით შვება იგრძნო, მერე კი კვლავ განაგრძო თავისი ჯვრის ტვირთვა.
* ერთხელ მამა იოსებ ისიქასტს მამა გერასიმემ (მენაიასი) სთხოვა, შენთან დავრჩებიო. მამა იოსები დათანხმდა. მამა გერასიმეს თან წამლებიანი ჩანთა მოეტანა. მოძღვარმა ჰკითხა:
- რა არის შიგ?
- წამლებია, მამაო. იმიტომ მოვედი, რომ იქნებ განმკურნოთ.
- განგკურნავ მხოლოდ ერთი პირობით, თუ ყველაფერს გადაყრი, რაც ჩანთაში გიწყვია და იმავეს შეჭამ, რასაც ჩვენ.
- მამაო, თუ ამ წამლებს გადავყრი, მოვკვდები, ეგენი მაცოცხლებენ. თანაც ამ ავადმყოფობის გამო მკაცრი დიეტის დაცვა მიწევს.
- ძალიან კარგი, როგორც გინდა, - მიუგო მოძღვარმა.
საღამოს კიდევ მოსთხოვა მამა იოსებმა წამლების გადაყრა - "თუ არადა წადიო", მაგრამ გერასიმეს არც წამლები ეთმობოდა და არც მიდიოდა, ვიდრე ზეციდან მაღალი ხმით არ მოესმა: - რატომ არ უჯერებ მოძღვარსო. გერასიმემ წამლები გადაყარა.
მეორე დღეს გახარებული მივიდა მამა იოსებთან: - სიტყვები არ მყოფნის მადლობის გადასახდელად. ყველა ავადმყოფობა (მას შვიდი მძიმე სენი სჭირდა) გაქრა და თავს საუცხოოდ ვგრძნობო. მაგრამ ერთ დღეს ერთი ავადმყოფობა დაუბრუნდა. როცა ეს მამა იოსებს შეატყობინა, მან აღსარება ათქმევინა და გულისთქმები აღიარებინა.
- მამაო, წუხელის გავიფიქრე: - მან გაიძულა წამლების გადაყრა. თუ კვლავ ავად გახდები, ამ უდაბნოში სად იშოვი ასეთ წამლებს-მეთქი.
- აი საქმეც ესაა, - ბრძანა მამა იოსებმა, - ავადმყოფობაც იმიტომ დაგიბრუნდა.
- განმკურნე, მამაო, და გპირდები, რომ ამიერიდან ყურადღებიანი ვიქნები.
- ისიც გეყოფა, რომ ექვსი ავადმყოფობისგან განგკურნე, ეს კი დაგრჩება, ამით უფრო ფხიზლად იქნები და პატარა ჯვარიც გექნება სატვირთავი, - მიუგო მამა იოსებმა.
* ერთი ქალბატონი ჰყვებოდა: - ფიბრომისა და მიომის საოპერაციოდ ვემზადებოდი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა. ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი, მესამედ რომ უნდა წამესვა, ენის დაბუჟება ისევ ვიგრძენი. მაინც არ მშველის-მეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, ზეთი აღარ წამისვამს. იმავე ღამეს მესიზმრა: მღვდელი შემოვიდა ჩემთან, სახლში (ეს მამა გაბრიელი უნდა ყოფილიყო, - კ.კ.) და მითხრა: რომ გაიძახი, - არ მიშველაო, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცია. აბა, ილოცე, თუ არ გიშველოს. შემომხედე, მე მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნები? რომ იძახი, მწამსო, არ ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს. ილოცე და გეშველებაო.
გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა. თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და აღარაფერი მაქვს. ექიმი გაკვირვებისგან კინაღამ გაგიჟდა.
* წმინდა ამუნი დიდი ნიტრიის მთაზე მარტო ცხოვრობდა. ერთხელ მას ჯაჭვებით შეკრული ბიჭი მიუყვანეს, რომელიც ცოფიან ძაღლს დაეკბინა და თვითონაც გაცოფებული კბილებით ხორცს იგლეჯდა. წმინდა ამუნმა ბიჭის მშობლებს უთხრა: "რატომ მაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც ჩემს ძალას აღემატება? თქვენვე შეგიძლიათ მისი დახმარება. უხვად მიეცით ფული იმ ქვრივ ქალს, ჩუმად ჯორი რომ დაუკალით და შვილიც გამოგიჯანმრთელდებათო".
* ამბა პეტრემ ერთხელ ღირსი ისაია განდეგილი მონახულა, რომელიც საშინელი ავადმყოფობით იტანჯებოდა. მამა პეტრემ თანაგრძნობის სიტყვები უთრა, რაზეც მამა ესაიამ ბრძანა: ამდენად მოუძლურებული ვარ ავადმყოფობით, ძლივს მახსოვს სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო. სხეული რომ ჯანმრთელი მქონდეს, მაშინ იმ საშინელ ჟამს (სიკვდილისა და ღვთის სამსჯავროსი) ალბათ არც მოვიგონებდი. როცა სხეული ჯანმრთელია, მიდრეკილია ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებათა აღძვრისთვის. მწუხარებანი კი ღვთის მცნებათა დაცვაში გვეხმარებაო.
* პირგეის ლავრელ ბერ მიროგენს მკაცრი ასკეტური ცხოვრებისგან წყალმანკი დაემართა. როცა მასთან მამები მიდიოდნენ განსაკურნავად, მიროგენი მათ ეუბნებოდა: "მამებო, ილოცეთ ჩემთვის, რომ ჩემ შინაგან კაცს ამნაირი ავადმყოფობა არ შეეყაროს. ვევედრები ღმერთს, ამ სნეულებისგან მალევე არ განმათავისუფლოსო".
* ანტიოქიაში ერთი დიდგვაროვანი ცხოვრობდა, სახელად არქელი. ერთხელ სახე კეთრმა დაუფარა და ვერანაირად ვერ მოიშორა. უსაზღვრო იყო მისი მწუხარება. მოყვასნიც კი ზიზღით უცქერდნენ და იძულებული შეიქმნა, მათ თვალთაგანაც დამალულიყო. ერთმა უახლოესმა მეგობარმა ურჩია: "მახლობელ მონასტერში ვინმე ბერი იოანე (ოქროპირი) ცხოვრობს. ბევრი კარგი მსმენია მასზე, მრავალი ქრისტიანი მიმართავს დახმარებისთვის. წავიდეთ და ლოცვა ვთხოვოთ, ვნახოთ, რა იქნებაო". მართლაც მივიდნენ წმინდა იოანესთან, ჩაუვარდნენ მუხლებში და კურნების ლოცვა სთხოვეს. წმინდა იოანემ მიუგო: ამიერიდან აღუთქვი ღმერთს, რომ მის მცნებებისდა დარად მოიქცევი, მერე შენი ქონებით აღუვსე ხელნი ღარიბებს, დაბოლოს, გწამდეს, რომ ღმერთი განგკურნავსო. არქელი დათანხმდა: რასაც მიბრძანებ, სიკვდილამდე დავიმარხავ, უხვად დავუბრუნებ, თუ ვინმესთვის უკანონო წამირთმევია. ოღონდ კი განმკურნე, ღირსო მამაოო. ამის მერე წმინდა იოანემ ძმებს უბრძანა, არქელისთვის სახე ნაკურთხი წყლით დაებანათ. არქელი სრულიად გამოჯანმრთელდა.
* კიევში ერთ მდიდარ კაცს კეთრი შეეყარა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მეგობრებმა ურჩიეს, წადი კიევის მღვიმის მონასტერში. შეევედრე წმინდა ანტონ და თეოდოსი მღვიმელებს განკურნებაო. კაცი მონასტერში წავიდა, თუმცა დიდად არ სჯეროდა წმინდა მამათა ლოცვისა. მონასტრის იღუმენმა უთხრა, თავპირი წმინდა თეოდოსის ჭის წყლით დაიბანეო. ასეც მოიქცა, მაგრამ ავადმყოფობა უფრო გაუძლიერდა. ისე დაუჩირქდა სხეული, ვეღარავინ ეკარებოდა. დამწუხრებული დაბრუნდა შინ. მეგობრების წინაშე აღიარა, რომ სნეულება ურწმუნოების გამო გაუძლიერდა, მაგრამ ამან ვერ უშველა. წავიდა მოძღვართან, წმინდა ალიპთან, და თავისი ყველა ცოდვა აღიარა. მამა ალიპმა შეუნდო, აზიარა და ბოლოს უბრძანა, სახე იმ წყლით დაებანა, რომლითაც მღვდელნი ზიარების შემდეგ მოიბანენ ხოლმე სახეს. მართლაც, კაცი ამ ბრძანების შესრულების მერე სრულიად გამოჯანმრთელდა.
* მამა ანთიმოზ ათენელის (+1996) ერთი სულიერი შვილის ხორციელ მამას ყელის კიბო გამოაჩნდა. ექიმებმა უთხრეს, - ოპერაციის გაკეთება დაგვიანებულიაო. დამწუხრებული ვაჟი მამა ანთიმოზთან მივიდა, მუხლი მოუდრიკა და სანამ თავის საწუხარს შესჩივლებდა და ლოცვას შესთხოვდა, მამა ანთიმოზმა დაასწრო და უთხრა: "მამაშენი ცუდადაა, მე ვლოცულობ მისთვისო". მართლაც, რამდენიმე დღეში კაცს სიმსივნე გაუქრა. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ. მადლიერებით ავსებული გახარებული ახალგაზრდა მამა ანთიმოზთან გაიქცა, მაგრამ მან კვლავ დაასწრო და უთხრა: "საცოდავო ჩემო ბიჭო, შენ არც კი იცი, რას ითხოვ ხოლმე! მამაშენმა აღსარება მითხრა და მზად იყო მარადისობაში გადასასვლელად. შენი თხოვნა კი შესრულდა, რათა დარწმუნებულიყავი, რომ ცოცხალია ჩვენი ღმერთი და შეისმენს ჩვენს ლოცვებს".
მოგვიანებით კი მან თავის სულიერ შვილს პირდაპირ უთხრა, - მამაშენს ათი წლით გადაუვადდა სიკვდილიო.
* დავითგარეჯის მონასტერში ერთი მღვდელმონაზონი ისე ავად გახდა, რომ ვერავინ განკურნა. წაიყვანეს სოფელში. ვერც იქ უშველეს. სარეცელს მიჯაჭვულმა გაიხსენა ეზეკია მეფე, მიიქცია პირი კედლისკენ და ტირილით ლოცვა დაიწყო. მიეძინა. თავი სიონის ეკლესიაში იხილა, თითქოს კარიბჭეში იდგა და ღვთისმშობელს ევედრებოდა. ამ დროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე წმინდა მანტიით მოსილი იოანე მანგლელი წარდგა, ღვთისმშობლის ხატიდან ნათელი გადმოდიოდა და წმინდა იოანეს მოეფინებოდა, ის კი მეოხებდა სნეულისთვის, მოიხედავდა უკან და უჩვენებდა თავმოდრეკილ ავადმყოფს. მაშინ ღვთისმშობელმაც მოხედა და გაუნათლდა კაცს გული და გონება. გაეღვიძა. თავი უკეთ იგრძნო. საჭმელი მოითხოვა. შეჭამა და უფრო მოძლიერდა, მალე კი სრულიად განთავისუფლდა სალმობისგან, წმინდა იოანე მანგლელის ლოცვით, რომლის წმინდა საფლავი დღესაც სიონში, საკურთხევლის წინ, სადიაკვნის შესასვლელთანაა, დღესაც კურნავს მისდამი სარწმუნოებით მილტოლვილთ და შენც განგკურნავს, უკუეთუ გნებავს განიკურნო.