ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, მიცვალებულთათვის ლოცვას აღავლენდა:
- მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა: იოანესი, სიმეონისა, ოლღასი... ვინ მომაწოდა ეს მოსახსენიებელი? - იკითხა ანაზდად.
- მე, მამაო! - უპასუხა უცნობმა ქალმა.
- როდის გარდაიცვალა სიმეონი?
- დიდი ხანია!
- აიღე შენი მოსახსენიებელი და მომიტანე ცნობა, რომ სიმეონი გარდაიცვალა!
აღმოჩნდა, რომ ამ ქალს ცრურწმენის გამო ცოცხალი ადამიანი ჩაეწერა მიცვალებულთა მოსახსენიებელში.
***
ერთხელ მამა სებასტიანეს სულიერი შვილი ავტობუსით შინ ბრუნდებოდა. მძღოლი მეტად თავზეხელაღებული აღმოჩნდა. მოინდომა, წინ მიმავალ ავტობუსს დასწეოდა და თავდაუზოგავად მიჰქროდა. მანქანა აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ჯაყჯაყებდა. საკმარისი იყო, გზაზე პატარა ორმო ან კენჭი დახვედროდა, რომ ავარია გარდაუვალი იქნებოდა. ბავშვები ატირდნენ, ვიღაცას გული შეუღონდა, მაგრამ მძღოლი აინუნში არ აგდებდა!შეშინებულმა ქალმა დაიწყო ჩურჩული: "მამაო, მიშველე! მამაო, გადამარჩინე!"
უცებ ავტობუსმა სვლა შეანელა. გზის პირას წინა ავტობუსი იდგა, რომელსაც საბურავი დაშვებოდა. მძღოლი დაშოშმინდა.
მეორე დღეს ქალი მწუხრის ლოცვაზე წავიდა. ტაძარში შესვლისთანავე მოესმა მოძღვრის ხმა: "შენ მეძახდი გუშინ: "მამაო, მიშველე, მამაო, გადამარჩინეო?" "დიახ", - მიუგო გაოცებულმა ქალმა. "ხომ უნდა მითხრა, ვინ ხარ, რა გიჭირს, თორემ მე რა ვიცი, ვის ვუშველო ან რისგან გადავარჩინო... რაო, მშვიდობით მოხვედით?"
***
მონაზონ ბარბარეს შვილი მძიმედ ავად გაუხდა. გოგონა ყველდღე გონებას კარგავდა და მკვდარივით ეცემოდა. ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მაშინ მონაზონმა წერილი მისწერა მამა სებასტიანეს. როგორც კი წერილი საფოსტო ყუთში ჩაუშვა, მაშინვე შვება იგრძნო. იმ საღამოს გოგონას შეტევა აღარ მოსვლია, არც მეორე დღეს, არც შემდეგ...წერილი დიაკონმა ნიკოლოზმა მიიღო. იმ დღით წერილის გადაცემა ვერ მოახერხა, ვერც მეორე დღეს, შემდეგ კი მიავიწყდა.
ერთი თვე დიაკონს უბის ჯიბით დაჰქონდა გაუხსნელი წერილი. ბოლოს, მიუტანა მამა სებასტიანეს შელახული და კიდეებშემოცვეთილი და ჰკითხა: "მამაო, წაგიკითხოთ?" "საჭირო აღარ არის! - მიუგო მამა სებასტიანემ, - გოგონა უკვე განიკურნა".
მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ირინე იაკობიშვილმა