ჯვარი დასწერა შვილს, სამორჩილო სამოსით შემოსა და ჩააბარა ღირს მამებს
მიტროპოლიტ გრიგოლის (ცერცვაძის) მშობლებს მის დაბადებამდე ოთხი ბავშვი მოკვდომიათ და ღმერთისთვის აღუთქვამთ, - თუ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადება, შენ მოგიძღვნითო.
მართლაც, შეეძინათ ვაჟი და გიორგი უწოდეს. გიორგის ბავშვობა საშინელ დროს დაემთხვა. ერთხელ კომკავშირლებს სოფლის ეკლესიიდან წმინდა წიგნები გამოუტანიათ და დაუწვავთ. შორიახლო დამალულ პატარა გიორგის უხელთია დრო, აუღია გადარჩენილი წიგნები და ღამით თავისი ვენახის ბოლოს, თივის ზვინში, დაუმალავს. დედამისს კი შინ მოუტანია. პატარა გიორგი შეშფოთებულა, მთვარის შუქზე გაუზიდია წიგნები და კვლავ იქ დაუმალავს. იმ ღამესვე მილიცია დასცემია თავს მათ ოჯახს, მაგრამ ვერაფერი უპოვია. დადგა აღთქმის შესრულების დროც: დასვეს გიორგი ჩარდახიან ურემზე, უკან ერთი ცხვარიც გამოაბეს, აიყვანეს თეთრი გიორგის ეკლესიაში და ჩააბარეს უფალს.
***
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ჰყვებოდა, რომ ბავშვობაში ძალზე ცელქი ყოფილა. მამამისი, მაქსიმე, გურიის მთავრის მოძღვარი იყო და პატარა გერასიმე (შემდგომში - წმინდა გაბრიელი) დაჰყვებოდა ეკლესიაში. დიდ საქმეში იყო თურმე: ხან სანთლებს ანთებდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან პატარა ზარებს რეკდა, ხან მამას შესამოსს აწოდებდა... და ხშირად დაღლილს მწუხრის ლოცვისას წმინდა ტრაპეზთან ჩაეძინებოდა ხოლმე. ***
არქიმანდრიტ პართენის (აფციაურის) მშობლებს შვილი არ ეძლეოდათ. აღუთქვამს მამამისს: ღმერთო, შვილის ღირსი გამხადე და შენ შემოგწირავო. ნატვრა აუსრულდათ და ვაჟი შესძენიათ, სახელად იოანე უწოდებიათ. სამი წლის იოანე უეცრად ავად გამხდარა და გარდაცვლილა. მშობლების გოდება ცას სწვდებოდა. ამ დროს მათ სახლში ერთი უსინათლო ბერი შემოსულა და მწუხარე მამისთვის უთქვამს: ხომ არ დაგავიწყდა, რომ შვილი ბერად შესწირე ღმერთსო. გამწარებულ მამას უპასუხია: განა კი მოვატყუებდი, მაგრამ რა ვქნა, მკვდარი ხომ არ გაცოცხლდებაო. ბერს უთქვამს: ღვთისადმი ფიცის ნიშნად დედაბოძზე ჭდე გააკეთე (მთიულთა წესისამებრ), რომ თუ ბავშვი გაცოცხლდა, უფლის მსახურად გაზრდიო. მამამ მიცვალებული ხელში აიყვანა, ხანჯალი აიღო და სახლის დედაბოძს დაარტყა. ბავშვმა მაშინვე თვალი გაახილა და მამას შეხედა. გახარებულმა მშობელმა მეტისმეტი სიხარულით მეორე ჭდე ამოკვეთა დედაბოძზე.***
წმინდა გიორგი მთაწმინდელი ოჯახში მესამე შვილი იყო. მის დაბადებამდე მშობლებს აღუთქვამთ, თუ ვაჟი ეყოლებოდათ, ღმერთს შესწირავდნენ. ერთ ღამეს დედამისს გამოცხადებია ვინმე ბრწყინვალე და დიდებული: "აჰა, შობ ვაჟს, რომელიც ღმრთის რჩეული ვერძი იქნება და აღთქმისამებრ შესწირე იგი ღმერთს და სახელად გიორგი უწოდეო". გიორგი სიყრმიდანვე ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. ეშმაკმა მისი დაღუპვა განიზრახა. ერთხელ პატარა გიორგი მდინარის პირას იდგა, გაღმიდან კი ცეცხლისფრად შემოსილმა თანატოლმა დაუძახა: მოდი ჩემთან და ვიმღეროთო. გიორგიმ მდინარეში შესვლა რომ დააპირა, ვინმე მშვენიერმა, სპეტაკით მოსილმა ყრმამ მოჰკიდა სახელოზე ხელი და უთხრა: იყავი ჩემთან, რადგან მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენიო. ეს ხილვა თვითონ ახსნა ღირსმა მამამ: მდინარის გაღმა ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლით შემოსილი ეშმაკი იდგა და სურდა ყრმის მდინარეში ჩახრჩობა. ხოლო სპეტაკით მოსილი იყო ანგელოზი, რომელიც სიყრმიდანვე მცველად დაუდგინა უფალმა. ***
წმინდა გრიგოლ ხანძთელიც "საშოითგანვე დედისაით შეწირულ იყო ღმრთისა". ყრმობიდანვე მარხვაში იზრდებოდა. არასოდეს უგემია ხორცი და ღვინო. ბავშვობიდანვე განმარტოება ჰყვარებია. ამიტომ მას, ჯერ კიდევ ბავშვს, დაყუდებულს უწოდებდნენ. მისი სწავლისადმი სიყვარული ყველას განაცვიფრებდა, მრავალი სიბრძნე ამა სოფლისა ისწავლა კეთილად და მრავალნი საღვთონი წიგნი ზეპირად მოიწურთნაო, - წერს მასზე გიორგი მერჩულე. ***
წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი თეოდორე და ქრისტეფორე სამცხეში მგზავრობისას დიდაზნაურ მირიანის სახლში შეჩერდნენ. მირიანმა მათ ცოლ-შვილი დაალოცინა. შემდეგ ცოლს უთხრა: "აწ ვყოთ სასწაულ კეთილ", ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეს მოწაფეთა. თქვი ოღონდ, რომელი იყოს მოწესედ ჩვენს შვილთა შორის. ცოლმა მიუგო: უფალო ჩემო, შენი შვილნი შენს წინაშე არიან და რომელსაც ბრძანებ, ის იქნება მონაზონიო. მაშინ მირიანმა ბრძანა: უმცროსი იყოს მონაზონი და სულიერი შვილი უდაბნოს მამათაო. ჯვარი დასწერა შვილს, სამორჩილო სამოსით შემოსა და ჩააბარა ღირს მამებს. მათ კი ვაჟს სახელად არსენი უწოდეს. ის შემდგომში ქართლის კათოლიკოსი შეიქნა. ***
სხვანაირი ყრმობა ჰქონდა მამა გაბრიელს (ურგებაძეს): პატარა ვასიკო (ასე ერქვა მას ერისკაცობაში) დაჯდებოდა ხოლმე და კენჭებით "ეკლესიებს" აგებდა. ერთხელ გაიგო, რომ არსებობს წიგნი ჯვარცმული ქრისტეს ცხოვრებაზე. ფული შეაგროვა და ნავთლუღის ბაზარში წიგნის საყიდლად წავიდა. ბაზარში ერთ წიგნით მოვაჭრე თეთრწვერა მოხუცს გადააწყდა. ქრისტეს ცხოვრებაზე მინდა წიგნიო, - უთხრა ბიჭმა. ეს არის შენი სასურველი წიგნი, - უთხრა მოხუცმა და წიგნი მიაწოდა. მიდის ვასიკო შინ. წიგნს დახედა - "სახარება" აწერია. იფიქრა, ნეტავ ხომ არ მომატყუა იმ კაცმა და "ქრისტეს ცხოვრების" მაგივრად "სახარება" მომცაო. მიბრუნებულა ბაზარში, მაგრამ მოხუცი იქ არ დახვედრია. თურმე იქვე მდგომ სხვა მოვაჭრეებს საერთოდ არ დაუნახავთ თეთრწვეროსანი. ერთხელ, გაბრაზებულ დედას წაურთმევია ბავშვისთვის "სახარება" და ტუალეტში ჩაუგდია. ვასიკოს წვალებით ამოუღია წიგნი, გაუწმენდია და შინიდან გაქცეულა. მას შემდეგ, როცა ღვთის სიყვარულში წინ ეღობებოდნე, ხშირად იქცეოდა ასე... სულ პატარას ეზოში პატარა სენაკი აუგია და იქ გადასულა საცხოვრებლად. დედამისს შესცოდებია და ბალიში მიუტანია მისთვის. გაბრაზებულ ვასიკოს ბალიში ცულით აუკუწავს და დედისთვის უთქვამს: როგორ გაბედე სენაკში უნებართვოდ შესვლა და ბალიშის შეტანა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდაო.
***
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი სიყრმიდანვე დაშორდა მშობლებს და ქალაქში წავიდა სამუშაოდ. ძალზე უჭირდა. ერთხელ გამოსავალი ნახა - ბავშვური სიწრფელით უფალს წერილი მისწერა: "ჩემო ქრისტე, მე არც წინსაფარი მაქვს, არც ფეხსაცმელი, გთხოვ გამომიგზავნო. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ!" ჩადო კონვერტში, წერილს წააწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში" და ფოსტისკენ გასწია. გზად მეზობელი შეხვდა. საით გაგიწევიაო, - ჰკითხა. პასუხად ბიჭმა რაღაც წაიბუტბუტა. მომეცი წერილი, ფოსტისკენ მივდივარ და გაგიგზავნიო, - შესთავაზა კაცმა. გახარებული ბიჭი შინ დაბრუნდა. მეზობელმა, საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებას რომ აპირებდა, თვალი ჰკიდა უცნაურ მისამართს. ცთუნებას ვეღარ გაუძლო და წერილი გახსნა. წერილმა შეძრა კაცი. გადაწყვიტა, ბიჭისთვის მაშინვე პასუხი მიეწერა. კონვერტში ფულიც ჩადო და ბიჭს გაუგზავნა. "უფლის პასუხი" რომ მიიღო ანასტასიმ (ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდანს), მაშინვე ახალი წინსაფარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინა...***
მე დიდ სიხარულს მანიჭებდა, - იგონებდა მამა იაკობ ემბეელი, - ჩემი სოფლის მოშორებით, მთებში ასვლა. მოვძებნიდი ან გამოვთხრიდი სადმე პატარა მღვიმეს, შიგ დავფენდი პატარა ტოტებს, გადავაფარებდი ჭილოფს, მოვიდრეკდი ზედ მუხლს და საათობით ვლოცულობდი. წარმოვიდგენდი, რომ ბერი ვარო. ***
წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: ერთი ციცქნა, სამი-ოთხი წლის ვიყავი, მამას ტაძარში რომ მივყავდი ხოლმე. ხშირად ვხედავდი, ღვთისმშობლის ხატი მიღიმოდა. "მამიკო, ის ცოცხალია", - ვამბობდი და ღვთისმშობლის ხატზე მივუთითებდი ხოლმე... ერთხელ, მე და მამა ბაღში ვსეირნობდით. უცებ ჩვენთან ერთი მოხუცი მოვიდა. გახსოვდეს, - უთხრა მან მამაჩემს, - ეს ბავშვი თავის დროზე ჯოჯოხეთიდან ამოიყვანს ხალხსო", - და უკვალოდ გაქრა. წმინდა ბარსანოფის დედა ადრე გარდაეცვალა. მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე ქალი გამოდგა: "მშობელი დედა ვერ გამზრდიდა ასე კარგად, როგორც მან გამზარდა, - მადლიერებით იგონებდა ღირსი მამა, - ალიონზე დგებოდა და ტაძარში ცისკრის ლოცვას ესწრებოდა. მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა, მას ყოველთვის თან დავყავდი ხოლმე. ხშირად თავს მოვიმძინარებდი. "ეჰ, პავლე, პავლე, კიდევ გძინავს? - მეტყოდა ხოლმე საყვედურით და მოსამსახურეს გასძახებდა, - ცივი წყალი მოიტანე, გავაღვიძოთ ეს ბიჭიო". მაშინვე გამოვძვრებოდი საბნიდან. დედიკო, უკვე გავიღვიძე-მეთქი, - ვეტყოდი ხოლმე და როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ტაძარში მივდიოდით. მადლობა მას, ასეთი რომ აღმზარდა".
***
ცელქი შვილების მშობლების სანუგეშოდ: წმინდა ამბროსი ოპტელი ბავშვობაში დიდი ონავარი ყოფილა. სულ თამაში უნდოდა, შინ ვერ მოიხელთებდი. დატოვებდა დედა დის აკვანთან და ეტყოდა, დაარწიეო. ალექსი (ასე ერქვა ერისკაცობაში), როგორც კი დედა თვალს მიეფარებოდა, გადაძვრებოდა ფანჯრიდან და მიაშურებდა თანატოლებს. ხან სახურავიდან ჩამოვარდებოდა და რაიმეს იტკენდა, ხან უმცროს ძმას აატირებდა უმიზეზოდ. მოკლედ, ასეთი აბეზარი ხასიათის გამო ოჯახში არ უყვარდათ. გავიდა ხანი და ეს ონავარი ბავშვი შეიქნა დიდი მამა, ახლობელთა და სხვა მრავალი სულის გადამრჩენელი. ***
მამა პაისის (ერისკაცობაში - არსენის) პატარაობისას ძალიან ჰყვარებია განმარტოებით ლოცვა, მაგრამ არ უნდოდა, ეს ოჯახში სცოდნოდათ. ამიტომ თურმე ასეთი რამ მოიფიქრა: წაეჩხუბებოდა დას, რისთვისაც მშობლები ტუქსავდნენ ხოლმე. "გაბრაზებული" მიდიოდა ტყეში, სადაც წმინდა ბარბარეს ტაძარი იდგა, იქ საათობით კითხულობდა წმინდანთა ცხოვრებას, ლოცულობდა და შემდეგ "დამშვიდებული" ბრუნდებოდა შინ. ერთხელ არსენს ერთმა ასაკით უფროსმა ბიჭმა დასცინა: ღმერთი არ არსებობს, ყველა მაიმუნებისგან ვართ წამოსულები. ქრისტეც უბრალო ადამიანი იყოო. მისმა სიტყვებმა ააფორიაქა ყმაწვილი, მაგრამ ღვთის სიყვარულმა სძლია მერყეობას. "დედამიწაზე მოსული ქრისტე განა არ იყო ყველაზე კარგი, ყველაზე კეთილი კაცთა შორის - ვის უნახავს მისი ცუდი? ამიტომ იგი, ღმერთი არის თუ არ არის, მე არ მეხება. რახან ის დედამიწაზე დაბადებულთა შორის საუკეთესოა და სხვას, მასზე კარგს, არ ვიცნობ. ვეცდები, როგორც შევძლებ, მას დავემსგავსო, დავემორჩილო მთლიანად სახარების სწავლებას. და თუ საჭირო იქნება, მისი ასეთი კეთილშობილების გამო მისთვის თავსაც დავდებო", - გაიფიქრა ბიჭმა და უცებ გვერდით უფალი ჩვენი იესო ქრისტე იხილა. მაცხოვარს ხელთ გაშლილი სახარება ეპყრა და რასაც არსენს ეუბნებოდა, ნათქვამი იმწამსვე იწერებოდა წიგნის ფურცლებზე. ყრმაზე განსაკუთრებით იმოქმედა უფლის ნათქვამმა: "არსენი, მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მოცა-თუ-კვდეს, ცხონდესვე". დამთავრდა ხილვა და გახარებულმა ბიჭმა გაიფიქრა: "ახლა მოვიდეს, ვისაც უნდა და მითხრას, რომ ღმერთი არ არსებობსო". ***
მამა გაბრიელ ზირინიანოვი ყრმობაში ძალზე ცელქი ყოფილა. მისი ონავრობით შეწუხებული დედა შესჩიოდა ხოლმე უფალს: "ღმერთო, გთხოვე და მომეცი ვაჟი, ის კი არ მიჯერებს, სულ ცელქობს, არ ვიცი, რა ვქნა. თვითონაც შეიძლება დაიღუპოს და მეც დამღუპოს... ნუ დაუტევებ, უფალო, გონს მოიყვანე, რომ არ იცელქოსო". 3-4 წლის იყო, მშობლებმა სააღდგომო ლიტანიობაზე რომ წაიყვანეს. ის ღამე სამუდამოდ დააჩნდა ბავშვის სულს. როცა გაიგო, აღდგომა ერთი წლის შემდეგ დადგებაო, ძალიან ეშორა და გადაწყვიტა, თვითონ მოეწყო თავისთვის აღდგომის დღესასწაული. დაჯდა ფანჯარასთან და დაიწყო თავის წარმოსახვით ხატვა: აი, ტაძარი, მღვდელი, უამრავი სანთელი. მაგრამ უცებ ბავშვის თვალწინ ნათლის სვეტი ჩამოეშვა და გაისმა ხმა: "შენ ჩემი ხარ". ვისიო, - იკითხა ბავშვმა. "ღვთისა", - გაიგო ხმა და ხილვაც გაქრა...