ეკლესიის მშვიდობისათვის. წმინდა გრიგოლი ღვთისჭვრეტას იყო მიცემული და განმარტოებით ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მეფემ და ერმა მისი კონსტანტინოპოლის პატრიარქობა ისურვეს.
როგორ არ სცადა ღვთის კაცმა, უარი ეთქვა ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შეიკრიბა ორმოცდაათამდე ეპისკოპოსი ანტიოქიის პატრიარქის წმინდა მელეტის მეთაურობით და წმინდა გრიგოლს პატრიარქის კვერთხი გადასცეს.
რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა მელეტი გარდაიცვალა. ეგვიპტისა და მაკედონიის ეპისკოპოსებმა მოიძულეს გრიგოლი - საპატრიარქო ტახტზე ის ალექსანდრიის პატრიარქს უნდა დაესვა, როგორც უფროსს, საეკლესიო წესები დაარღვია და პატრიარქობის ღირსი არ არისო. ატყდა ერთი ამბავი, ძმათა შორის დაპირისპირება.
ღვთის კაცმა როცა დაინახა, მისი პატრიარქობა სულიერ მამებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა, წარდგა საეკლესიო კრების წინაშე და უთხრა მათ: ქრისტეს ცხოვართა მწყემსებო! გრცხვენოდეთ, რომ სხვას მშვიდობასა და სიყვარულს ასწავლით, ერთმანეთს შორის კი შუღლი ჩამოგიგდიათ. თქვენი მოწოდება თანხმობასა და ერთსულოვნებაზე სასაცილოდ მოჩანს, რადგან ის წარმოედინება დაპირისპირებით შეპყრობილი გულიდან. გაფიცებთ ყველას ყოვლადწმინდა ერთარსება სამებას, გქონდეთ ერთმანეთს შორის მშვიდობა, სიყვარული და ეკლესიის საქმეც აღაშენეთ. თუ მარტო მე ვარ თქვენი უთანხმოების მიზეზი, რადგან არა ვარ წმინდა წინასწარმეტყველ იონაზე რამეთი მეტი, გადამაგდეთ ზღვაში და დააცხრეთ ამტყდარი ქარიშხალი. ამით სულიერი ხომალდი შევა მშვიდობის ნავსადგურში. თუმცა უბრალო ვარ, მაგრამ ყველაფერს დავითმენ, ოღონდ თქვენ შერიგდით და ერთსულოვანი იყავითო.
წმინდა გრიგოლის სიმტკიცემ ყველა შეარცხვინა. პასუხის გაცემაც ვერ შეძლეს. მრავალი ატირდა კიდეც, რამაც ღვთის კაციც ააცრემლა და მიმართა მათ: "მაპატიეთ, მართლმადიდებლობის მსახურნო, მომიხსენეთ მე ცოდვილი თქვენს ლოცვაში". გამოვიდა კრებიდან, მეფეს პატრიარქობაზე უარი უთხრა, დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ განმარტოვდა.
დიდსულოვნება. იყო ერთი მამა, სახელად კიროსი. ტანით დაბალი გახლდათ და სულით თავმდაბალი, რაც არ მოეწონათ ძმებს. დიდხანს გაგრძელდა ძმათა სიძულვილი, არა მარტო უფროსი ბერები, ახალგაზრდებიც კი, ეშმაკისგან ცთუნებულნი, შეურაცხყოფდნენ მას და ხშირად უტრაპეზოდაც ტოვებდნენ. ასე გაგრძელდა 15 წელი.
ამ სავანეს ერთხელ წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ესტუმრა. დაინახა კიროსის სიმდაბლე, ისიც, რომ მშიერი გამოაგდეს ტრაპეზიდან და ჰკითხა, - რას გერჩიანო. დამიჯერე, ქრისტეს მიერ საყვარელო სტუმარო, - უპასუხა მდაბალმა ბერმა, - ძმები ასე ბოროტად კი არ იქცევიან, ისინი მხოლოდ გამომცდიან, ღირსი ვარ თუ არა ანგელოზის სახის ტარებისა. როცა სავანეში მოვედი, გავიგე, რომ განდეგილი 30 წელი უნდა გამოიცადოს, მე კი მისი მხოლოდ ნახევარი ვილოცეო. ასეთი იყო ცხოვრება მარადისობისკენ ვიწრო გზით მავალი ბერი კიროსისა.
* "პირველად ღვთის სასუფეველი (მარადიული) ეძიეთ და დანარჩენი (წარმავალი) ყოველივე შეგეძინებათო", - ბრძანებს წმინდა სახარება. ამის დასტურად ერთ ამბავს შემოგთავაზებთ:
კონსტანტინოპოლში ერთი ძალზე მდიდარი და კაცთმოყვარე მოქალაქე ცხოვრობდა. ერთადერთი ძე ჰყავდა. მამა შვილისთვის სამემკვიდროს ზეცაში უგროვებდა, უხვად მისცემდა გლახაკებს და შეჭირვებულებს, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი ღვთისმოსურნე კაცისთვის. უნდოდა, საშინელ სამსჯავროზე წარმდგარიყო ზეციური მსაჯულის წინაშე და ეთქვა: აჰა, მე და შვილი ჩემი! კაცს ეწადა, რომ მისი ვაჟიც მოწყალე და კაცთმოყვარე ყოფილიყო. ერთ დღეს იხმო, მთელი ავლადიდება აჩვენა და ჰკითხა: "საყვარელო ძეო, რისი მიღება უფრო გინდა ჩემგან მემკვიდრეობად: სიმდიდრის თუ ქრისტე მაცხოვრის?" ღვთის შიშით გაზრდილმა ვაჟმა პირდაპირ უთხრა: "ქრიტესი, მეტი არაფრის". შვილის პასუხით აღტაცებულმა მამამ უხვად გასცა ქონება, ვაჟს კი მხოლოდ არსობის პურისთვის საჭირო თანხა დაუტოვა. ღვთისმოშიში ახალგაზრდა თითქმის გლახაკი გახდა და არც წუხდა ამაზე, რადგან მას სწამდა ქრისტესი, რაც მისთვის უძვირფასესი მარგალიტი იყო.
იმავე ქალაქში ვინმე დიდებული ცხოვრობდა სიმდიდრით და, რაც მთავარია, სულიერი სიმდიდრით, ღვთისმოშიშებით აღსავსე. მას თავისავით მორწმუნე ცოლი და ქალიშვილი ჰყავდა. როცა ქალიშვილს გათხოვების ჟამმა მოუწია, მშობლებმა თქვეს: როგორი სიძე ავურჩიოთ ჩვენს ქალიშვილს, მდიდარი და ბოროტი ხასიათისა? მაგრამ ის დაამწუხრებს, აიძულებს, სოფლის ამაოებას გამოეკიდოს, ასწავლის თავმაღლობას... არა. სჯობს სიძე საშუალო წრის კაცი იყოს, ის ჩვენს შვილს ზეცის საჩუქრად მიიღებს. წავიდეთ ტაძარში, ვილოცოთ და პირველი, ვინც შემოვა, ის გახდეს ჩვენი სიძეო.
აღავლინეს მხურვალე ლოცვა და გულისფანცქალით დაელოდნენ ღვთის განგებულებას. უეცრად ტაძარში ის ვაჟი შემოვიდა. ქალის მშობლებმა გამოიკითხეს მისი ვინაობა, მადლობა შესწირეს ღმერთს და ვაჟს უთხრეს, - ქრისტე მაცხოვარმა გიშვილა, ახლა კი მიიღე ხელი ჩვენი ქალიშვილისა, მასთან ერთად - სიმდიდრე ჩვენი. ყველაფერ ამას თვით უფალი გაძლევსო.
ღვთისმოშიში ახალგაზრდა იქცა იმის მაგალითად, რომ ღმერთი არასოდეს დაუტევებს მათ, ვინც მისი სიყვარულისთვის ყოველივე გასცა.
სიმდიდრის უარყოფა. წმინდა ქალწული ოლიმპიადა შვილი გახლდათ კეთილშობილი და სახელგანთქმული მშობლებისა და ნათესავად მოხვდებოდა იმპერატორ თეოდოსი დიდს. ყმაწვილქალობაში დაწინდეს ცნობილი დიდებულის ვაჟზე, მაგრამ სიძე ქორწინებამდე გარდაიცვალა და წმინდა ქალწულმაც გადაწყვიტა, სიცოცხლე წმინდად გაევლო. მალე მშობლებიც გარდაეცვალა და უამრავი ქონება დარჩა. ოლიმპიადამ ყველაფერი ღმერთს შესწირა: განამდიდრა ეკლესიები, ღარიბ-ღატაკები, ავადმყოფები, მწირები. ქვრივ-ობლები მას დედას ეძახდნენ, არასოდეს გამოდიოდნენ ხელცარიელნი მისი სახლიდან.
თეოდოსი დიდმა კეთილი ქალიშვილის თავის ნათესავ ელპიტეზე დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ოლიმპიადას გათხოვება არ სურდა. მეფემ მრავალგზის ურჩია, უარი არ ეთქვა კარს მომდგარ ბედნიერებაზე, ელპიტე ხომ ცნობილი კაცი იყო. ოლიმპიადა კი პასუხობდა: - უფალს რომ სდომოდა ჩემი ქორწინება, ჩემს პირველ ქმარს არ წაიყვანდაო. ბოლოს თეოდოსი გაბრაზდა და ბრძანა, მეურვეობა დაეწესებინათ ოლიმპიადას ქონებაზე, ვიდრე ოცდაათი წელი არ შეუსრულდებოდა. შესაძლოა მეფე ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამდენი მოწყალების გაცემით ქალიშვილი თვითონ ქცეულიყო გლახაკად.
ოლიმპიადას აკრძალული ჰქონდა ეკლესიებში სიარული, სულიერ მამებთან საუბარი. წმინდა ქალწული ყველაფრისთვის მადლობდა ღმერთს, მეფეს კი მისწერა: "შენ გამოიჩინე ჩემდამი დიდი პატივი და მოწყალება, უბრძანე, ჩემთვის მძიმე ტვირთის - ჩემი სიმდიდრის შენახვა, მის გამო ადრე ბევრს ვზრუნავდი, ახლა კი მშვიდად ვარ. ჰოი, მეფეო, უფრო დიდ წყალობას მოიღებ ჩემზე, თუ მას ეკლესიებს და გლახაკებს გაუყოფ. ამით მეც მომაშორებ "მოწყალის" ცრუ სახელს და ამაო დიდებას. მე კი კეთილ სიმდიდრეს, საღმრთო სიმდიდრეს გავუფრთხიდლებიო".
მეფეს გაუკვირდა ოლიმპიადას გონიერება და თავისი ქონების განკარგვის ნება დაუბრუნა: - იმდენად სათნო და ღვთისმოყვარეა ეს ქალწული, ჩვენზე უკეთ იცის, როგორ გამოიყენოს ამსოფლიური სიკეთეო. მალე ოლიმპიადა დიაკონისად აკურთხეს, მან დაუტევა ამაო სოფელი და თავი ღმერთს მიუძღვნა.
მართალი კაცი. ქრისტიანებს იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის გადაწვა დააბრალეს. იმპერატორი ამ დროს ნიკომიდიაში ცხოვრობდა. მან ქრისტიანების დევნა დაიწყო. მათ არ აკმარეს სხეულის დანაწევრება, ცეცხლში დაწვა, ზღვაში დახრჩობა, ადრე გარდაცვლილ ქრისტიანთა ცხედრებს თხრიდნენ და მათაც ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს. ამ დროს ნიკომიდიელთა ეპისკოპოსი წმინდა ანთიმოზი ყველასგან დაუფარავად თავისი ეპისტოლეებით ამხნევებდა დატუსაღებულ ქრისტიანებს. მღვდელმთავარს სიკვდილის არ ეშინოდა, მხოლოდ დროზე ადრე არ უნდოდა აღსრულებულიყო, რათა განემტკიცებინა თავისი სამწყსო, რომელსაც კერპთაყვანისცემას აიძულებდნენ.
წმინდა ანთიმოზის ადგილსამყოფელს მიაგნეს. გახარებულმა ჯალათმა მის შესაპყრობად ჯარისკაცები გაგზავნა. წმინდა მღვდელმთავარი მათ გამოეგება. "სად ცხოვრობს ანთიმოზი, ქრისტიანთა მასწავლებელი?" - ჰკითხეს მას ჯარისკაცებმა. მე შეგაპყრობინებთ ეპისკოპოსს, ოღონდ მცირე ხნით მესტუმრეთ და დაისვენეთო, - მიუგო და გაიფიქრა: "ღმერთმა ინება ჩემი თავშესაფრის გამომჟღავნება. ვხედავ, მას სურს, არა მარტო ჩემი სამწყსო გავუშვა ადგილსა ნათლისასა, არამედ მათ წინ გავუძღვე... ჩემი დროც დამდგარა... დიდება შენდა, ღმერთო!"
ზომიერი ტრაპეზის შემდეგ წმინდანი წამოდგა და ჯარისკაცებს მიმართა: "ახლა აღასრულეთ, რაც დაგავალეს. მე ვარ ანთიმოზი, ის, ვისაც ეძებთ".
გაოცდნენ ჯარისკაცები ცალკე ჭაღარა მოძღვრის სათნო სახემ, ცალკე კი მისმა მასპინძლობამ მათ გული მოულბო. მოითათბირეს და მღვდელმთავარს უთხრეს, დაიმალეთ, ჩვენ კი გამომგზავნელს ვეტყვით, ვერ ვიპოვეთო. "არა, - გაწყრა ანთიმოზი, - დიდი ცოდვაა ნებისმიერი კაცის მოტყუება, მით უმეტეს საკუთარი მეფისა. თქვენი საქმის აღსრულებისას დამნაშავე არ ხართ, დამნაშავე მეფეა, რომელიც უსჯულოებას სჩადის". წმინდა ანთიმოზი მიჰყვებოდა ჯარისკაცებს და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას. ამ ქადაგებამ შედეგი გამოიღო - ერთ-ერთ მდინარესთან მიახლოებისას ჯარისკაცები მონათლა კიდეც. წმინდა ანთიმოზი მალევე წარდგა ღვთის წინაშე.
მტრის ბედნიერებისთვის ლოცვა. წმინდა ქალწული ფავსტო კიზიკიელი იყო, ღვთისმოშიში მშობლების შვილი. ცამეტი წლის გახლდათ, როცა ქრისტესთვის სატანჯველად წარადგინეს ქურუმ ევილასეს წინაშე. მისმა უმანკოებამ, მოთმინებამ და სიმდაბლემ ისე იმოქმედა ამ კერპთაყვანისმცემელზე, რომ მან შეიგრძნო ღვთის ძალა, შეიწყალა ფავსტო, გაათავისუფლა, რის გამოც აწამეს.
მაქსიმიანემ ახლა სხვას უბრძანა, ეწამებინა ფავსტო. წმინდა ქალწული სანაცვლოდ ხმამაღლა ამბობდა: "გულწრფელად გმადლობ შენ, უტკბესო იესო, რომ ღირსმყავ, შენი წმინდა სახელისთვის ვეწამო! კვლავ გევედრები, შეიყვარე მაქსიმე (ასე ერქვა ჯალათს), განანათლე რწმენით და ღვთის შიშში განამტკიცე".
მრავალი სასწაული ხდებოდა მოწამეების მარტვილობისას, მაგრამ უგრძნობი ჰქონდათ ჯალათებს გული. ფავსტოს ლოცვამ, მისმა წმინდა სურვილმა ცვილივით დაუდნო ჯალათს სული. "შემწეო და მფარველო უმანკო ქალწულთაო! გამოაჩინე მადლი შენი ჩემ ცოდვილზე, მიმიღე შენი მონა, ჭეშმარიტად შენ მხოლო ხარ ღმერთი და უფალი ძალთა!" - წამოიძახა მაქსიმემ. იმწამსვე გაიხსნა ცა და მან ზეციურ ძალებსა და წმინდანებთან ერთად ძე ღვთისა იხილა, რომელმაც აკურთხა მაქსიმე.
ზეციური ხილვით აღფრთოვანებული მაქსიმე იქვე განგმირეს. მან საკუთარ სისხლში იღო ნათელი და შეუერთდა ზეცაში მოზეიმე ფავსტოს და ევილასეს.
მართლის სიკვდილი. როცა აღათონ დიდის სიკვდილი მოახლოვდა, წმინდანი სამი დღე და სამი ღამე გაუნძრევლად იწვა და ზეცას შეჰყურებდა. გარშემორტყმულმა სულიერმა შვილებმა ჰკითხეს:
- რას უცქერი, ამბა?
- ვდგავარ ღვთის სამჯავროს წინაშე.
- კაცო ღვთისაო, ნუთუ შენც გეშინია სამსჯავროსი?
- როგორც შემეძლო, დავიცავი ღვთის მცნებები, მაგრამ როგორც კაცმა, არ ვიცი, სათნო თუ ვეყავი ღმერთს სრულიად.
- მამაო, შენი კეთილი საქმეების გამო იმედი უნდა გქონდეს.
- არ დავიმედდები, ვიდრემდის უფალს არ ვიხილავ, რამეთუ ღვთის სამსჯავრო არ არის კაცთა სამსჯავროს მსგავსი, - მიუგო სულიერ შვილებს მოძღვარმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი