შეუძლებელია ადამიანთა მოდგმას სადმე დაემალო, თუ არა საკუთარ გულში
მამა ანტონ ბალაამელი ოცდაათი წელი მონასტრიდან მოშორებით, უღრან ტყეში ცხოვრობდა.
შემდეგ იღუმენ ვარლაამის კურთხევით მონასტერში გადავიდა, სადაც სიცოცხლის დარჩენილი ოცი წელი გაატარა. საყვარელ უდაბნოსთან განშორება ისე განიცადა მამა ანტონმა, რომ დამწუხრებულმა იღუმენს თავისი მანტია და კუნკულ-ბარტყული ფეხთით დაუწყო და უთხრა: რახან წამომიყვანეთ და უდაბნო წამართვით, ბერობაც აიღეთ ჩემგანო. ამის შემდეგ მამა ანტონი უმანტიოდ დადიოდა, ერთი ძველისძველი, ათას ადგილას დაკერებული კაბის ამარა.* ერთხელ მეუდაბნოე მამა ათანასე ბალაამელთან ძმა მივიდა და გაესაუბრა. იცოდა, რომ მამა ათანასე ტულიდან იყო და ამ ქალაქის ახალ ამბებს მოუთხრობდა, ახალ შენობებს, ქუჩებს, მოედნებს აღუწერდა... მეუდაბნოემ შეხედა ბერს და უთხრა: "ძმაო, უმჯობესია მითხრა, რამდენი ფიცარი დამჭირდება კუბოსთვის და მიწის დიდი ბორცვი თუ აღიმართება ჩემს საფლავზეო".
როგორც ვთქვით, მამა ათანასე უდაბნოში ცხოვრობდა. მტკივან ფეხებს ძლივს მიათრევდა ტყეში, ჩინჩხვარს აგროვებდა და მონასტრისთვის შეშას ჭრიდა. "შემინდე, მამაო, მე ცოდვილი სენაკში რომ არ ვარ", - უთხრა იღუმენ დამასკინს, რომელმაც ტყეში მუშაობისას მიუსწრო. "ღმერთმა გაპატიოს, მამაო, შენ ხომ საკუთარი თავისთვის არ შრომობ, არამედ ძმებს ემსახურები. ამ შრომაში გამოიხატება ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისა, მერე კი ღვთისა", - უპასუხა იღუმენმა.
* "ახლა შეუძლებელია ადამიანთა მოდგმას სადმე დაემალო, თუ არა საკუთარ გულში, რომელიც ცოცხალი ღვთის საკურთხევლად უნდა აღმართო", - გვასწავლის მამა იოანე (კრესტიანკინი). ამას საკუთარი გამოცდილებით ამბობდა და მოყვასის სულის სახსნელად თავს არ ზოგავდა.
ერთხელ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელი სიყვარულზე ქადაგების წარმოსათქმელად ემზადებოდა. საქმეს ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. შინ ჩაიკეტა და კარზე კაკუნს ყურადღებას არ აქცევდა. საღამომდე იმუშავა. დაასრულა ქადაგება. გადაიკითხა და კარზეც დააკაკუნეს. მეზობელი აღმოჩნდა. "ივან მიხეილის ძევ, - მიმართა მამა იოანეს, - ალბათ შინ არ იყავით... პურის საყიდლად ფულის სესხება მინდოდა..." მამა იოანემ იგრძნო, გულში რაღაც ჩასწყდა. ის ქადაგება აღარასოდეს წარმოუთქვამს, ეს საგულისხმო შემთხვევა კი მთელი სიცოცხლე ახსოვდა.
* მეუდაბნოე ცხოვრების გემო ენახა და მუდამ ენატრებოდა წმინდა მაკარი ოპტელს, მაგრამ ღმერთმა ადამიანთა სულების, ადამიანთა გულების - ამ უსიცოცხლო უდაბნოების ასაღორძინებლად გამოიყვანა. ერისკაცებიც სტუმრობდნენ და ბერებიც, მონასტრის ძმებს ხომ ყოველთვის შეეძლოთ მასთან მისვლა. გაიგონებდა სასტუმრო ოთახის კარის ჭრიალს და უმალ სტუმართან გაჩნდებოდა. მესენაკენი შეწუხდნენ კარის ჭრიალით და შეზეთეს.
მეორე დღეს მამა მაკარს ჭრიალი აღარ მოესმა და ძალზე შეწუხდა. "ვინ გამიფუჭა კარი?" - ჰკითხა მორჩილს. მანაც აღიარა, რომ გამიზნულად შეზეთა ანჯამები. "გამოასწორეთ, სასწრაფოდ გამოასწორეთ!" სხვა რა გზა ჰქონდათ, კარი ჩამოხსნეს, შეამშრალეს და მანაც ძველებურად იწყო ჭრიალი.
ამქვეყნიურ ამაოებათა მოსმენით გადაღლილი მამა მაკარი ახლობლებს სწერდა: "ხმაური, ყოველდღიური შფოთი... როდის გამოვფხიზლდები? როდის გამინათდება გონება და ჩავუღრმავდები საკუთარ თავს? არ ვიცი... შემიბრალეთ და ილოცეთ ჩემთვის, რათა განვეშორო მაცდურს და არც სხვა ვაცდუნო. ვინ იცის, რამდენჯერ შევდივარ სასტუმრო ოთახში და გამოვდივარ. ერთნი მიდიან და სხვანი მოდიან, მე კი, ცოდვილი, ყველას ვხვდები... სული დამემშა; წიგნის წასაკითხად მცირე დრო მრჩება. ანდა ამ შფოთში რას წაიკითხავ. მაგრამ რას ვიზამ, უნდა მოვითმინო. ვინ იცის, როდის მიმიხმობენ მარადისობაში... სიბერე, სისუსტე - ყველაფრით ვუახლოვდები მას. მე კი ვზარმაცობ... უფალო, შემიწყალე და მაცხოვნე შენი გამოუთქმელი მოწყალებით!"
* ერთი მონაზონი წმინდა ანატოლი ოპტელს (ზერცალოვს) შესჩიოდა: ნეტავ რატომ წავედი მონასტერშიო. ღირსმა მამამ უთხრა: ერში რომ იცოდნენ, რა ძნელია მონასტერში ცხოვრება, ჯოხითაც რომ ეცემათ, არ წავიდოდნენ; ფეხშიშველა ივლიდნენ, ოღონდ ერში დარჩენილიყვნენ. მაგრამ რომ იცოდნენ, რა ჯილდო ელით მონაზვნებს ზეცაში, ყველანი მონასტერში გაიქცეოდნენო.
* ძალზე უყვარდა განმარტოება მამა კალენიკე ისიქასტს (ათონელს). ამ დროს გონება მისი თავისუფალი იყო და ღვთისმეტყველებდა. მყუდროებას ვერც მოგზაურობისას თმობდა. თუ სხვა მამები დაფნაში ნავით მიცურავდნენ, მამა კალენიკე ფეხით სიარულს არჩევდა. არადა, რვა საათი შეუსვენებლად უნდა ევლო. მაგრამ გზის სიძნელე არ ადარდებდა, პირიქით, უყვარდა კიდეც. სული მისი ხომ რვა საათით განეშორებოდა ხმაურს, კამათს, თანამგზავრთა საუბარს, ნავით მგზავრობისას რომ მოელოდა. ახლა კი მიდიოდა უკაცრიელ ბილიკებზე და ღმერთს ესაუბრებოდა. "გზები, განსაკუთრებით - უდაბნოს გზები, ფიქრის საშუალებას გვაძლევს, იქ ხომ ხელს არავინ გვიშლის", - წერდა იოანე ოქროპირი. მამა კალენიკეც ათონის სილამაზით აღფრთოვანებული გადასცქეროდა თვალწინ გადაჭიმულ ეგეოსის ზღვას და ხელაპყრობილი სამადლობელ ლოცვას აღუვლენდა ღმერთს.
* "იცით, რომელია უმშვენიერესი ჰანგი? - ეს სულის მუსიკაა", - ბრძანა წმინდა ბარსანოფი ოპტელმა. "როგორ ჟღერს იგი, მამაო?" - ჰკითხეს. "ეს არის მყუდროება სულისა, ის სიმშვიდეა, სახარებაში რომ წერია: "იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და პოვებთ სულის სიმშვიდეს, ვინაიდან უღელი ჩემი საამურია და ტვირთი ჩემი მსუბუქია" (მათე 11,29-30).
ხომ გისწავლიათ მათემატიკა? ხომ იცით, რას ნიშნავს ტოლობის ნიშანი? სულის სიმშვიდე (მყუდროება) = ნეტარებას. ესაა ჰარმონია ყველა სულიერ ძალთა".
* მამა გერასიმე ათონელმა (მოლდაველი, +1820) სიზმრად სამი მამა იხილა, რომელთაც უთხრეს: "ჩვენ ახლოს ვცხოვრობთ, მაგრამ ყველას გადაეცი, ნურც ისინი და ნურც თქვენ ნუ შეგვაწუხებთო". მამა გერასიმემ ეს სიზმარი თავის მოძღვარს, დიდ მამას ნეოფიტე კარამანლისს უამბო. მამა ნეოფიტე მეუდაბნოე მამებთან მიდიოდა ხოლმე და აზიარებდა. ამიტომაც მიხვდა, რომ ეს სამი მამა გარდაცვლილიყო. მათი საფლავის მოძიება მოისურვა. შემოიარა მღვიმეები, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ერთგან, წმინდა ნილოს მირონმდინარის სენაკისკენ მიმავალ გზაზე, მუდამ კეთილსურნელებას გრძნობდა. ერთხელაც ისეთი მძაფრი სურნელი იგრძნო, რომ უნებურად შეჩერდა. კეთილსურნელება თითქოს ნისლად ჩამოწოლილიყო ირგვლივ. სურნელის წყაროს ძიება დაიწყო. ერთ ქვაყრილთან შეჩერდა. ქვები გამოაცალა და მღვიმეში შესასვლელი აღმოაჩინა. უეცრად მღვიმიდან ხმა მოესმა: ჩვენ სამნი აქ ვცხოვრობდით და აქვე დავიმარხეთ, ახლა კი არ გვსურს, ვინმემ შეგვაწუხოსო! მამა ნეოფიტემ შესასვლელი ამოქოლა და იქაურობას გაერიდა.
ეს წმინდა ადგილი მის გარდა მხოლოდ მისმა მოწაფემ ილარიონ ქართველმა იცოდა.
* თანამედროვე მამას პროკოფი ათონელს მძიმე ფიზიკური ღვაწლისგან თიაქარი გაუჩნდა. მაინც არ ისურვა სამკურნალოდ ერში წასვლა. ერთხელაც არ დაუტოვებია ათონი, სხვა მამების დარად თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ამ კანონს: "დადგება დრო და იმათ კი არ შეაქებენ, ვისაც სათნოებები აქვს, არამედ მათ, ვისაც ათონი არ დაუტოვებიაო".
* მამა პაისი ათონელი თანამედროვე მონასტრების, უდაბნოების პრობლემებზე წერდა:
"შფოთიანმა ერისკაცულმა სულმა ჩვენი ეპოქისამ მოჩვენებითი ცივილიზაციით წმინდა უდაბნო ადგილებიც დაანგრია, რომლებიც ამშვიდებენ და განწმენდენ სულს. ადამიანებმა მყუდრო ადგილი აღარსად დატოვეს. ნახეთ, რას დაამსგავსეს თვით წმინდა მიწა! ფოტინე მეუდაბნოეს ცხოვრებაში (დედა ფოტინე 1860 წელს დაიბადა. 1884 წელს იორდანიის გაღმა უდაბნოში გავიდა. პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებული გახდა, მშვიდობის დამყარებამდე იერუსალიმში დასახლებულიყო, შემდგომში კი მკვდარი ზღვის დასავლეთით, უდაბნოში დამკვიდრდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა, - კ.კ.) წერია, რომ მისი მოღვაწეობის ადგილას კიოსკები დაუდგამთ, მღვიმეებსა და სენაკებში კი სასადილოები გაუხსნიათ. სადაც წინათ წმინდანნი იღვწოდნენ, ახლა იქ ინგლისელებს ჩაციებული სასმელების გაყიდვა დაუწყიათ. მოკლედ, აღარ არსებობს უდაბნო! ის სახლებით, რადიოგადამცემებით, მაღაზიებით, ოტელებით, აეროპორტებით გაივსო! ჩვენ იმ ჟამს მივაღწიეთ, წმინდა კოზმა ეტალონელი (+1779) რომ ამბობდა: "მოვა დრო და სადაც ბიჭები თოფებს კიდებენ, ბოშები თავიანთ საკრავებს ჩამოკიდებენო". მართლაც მივაღწიეთ აქამდე - სადაც ადრე ბერები მოსაგრეობდნენ, სადაც მათი სკვნილები ეკიდა, ახლა რადიომიმღებები ხმაურობენ და ჩაციებული სასმელები შიშინებენ!..
აქედან კი ასეთი დასკვნა უნდა გააკეთოთ: ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. დგება სიცოცხლისა და წუთისოფლის აღსასრული.
- მამაო, ათონზე მაინც თუ დარჩა მყუდრო ადგილი?
- ასეთი ადგილი თვით მთაწმინდაზეც აღარ დარჩა! ათონის ტყეებში დაუსრულებლად გაჰყავთ ახალ-ახალი გზები. ყველგან ავტომობილების ხმაური ისმის. მათაც კი იყიდეს მანქანა, განმარტოებულ ადგილებში რომ ცხოვრობენ. ჩემთვის გაუგებარია, რიღასთვის მიდიან უდაბნოში. არსენი დიდს უდაბნოში მოესმა, ნიავი ლერწამს როგორ არხევდა და იკითხა, მიწისძვრა ხომ არ არისო. ერთი შეეხედათ წმინდა მამებს, დღეს რა ხდება! წინათ ერთადცხოვრებულთა მონასტრებში ბერები, განსაკუთრებით - მეტრაპეზე და მესტუმრე, ძალზე იღლებოდნენ სამორჩილო საქმეებით. ახლა კი ყველაფერი გაიოლდა, მონაზვნებს ხომ ყველანაირი თანამედროვე ტექნიკა აქვთ და უმეტესობა ხმას გამოსცემს. მახსოვს, მონასტერში წყალი რომ მოგვქონდა, ვეებერთელა ჭურჭელს მეოთხე სართულამდე ჯალამბრით ვწევდით ხოლმე. ახლა კი წყალს ტუმბოთი ქაჩავენ და მისი ხმა განუწყვეტლივ გესმის. კედლები ირყევა, ფანჯრები ზანზარებს. ხმის ჩამხშობი მაინც დაეყენებინათ...
ამას წინათ კალივაში ერთი მონასტრის ბერები მოვიდნენ. ხმამაღლა საუბრობდნენ. ჩუმად-მეთქი, - ვთხოვე. ყვირილი განაგრძეს. ხმას დაუწიეთ-მეთქი, - ვთხოვე კვლავ. "გვაპატიე, მამაო, - მითხრა ერთ-ერთმა, - ჩვენთან მონასტერში ყვირილს მივეჩვიეთ. გენერატორი გვაქვს ჩართული და თუ ხმამაღლა არ ილაპარაკე, ვერაფერს გაიგებ". ხედავ, რა ხდება? იესოს ლოცვისა და ხმადაბლა საუბრის ნაცვლად გენერატორს რთავენ და გაჰყვირიან! ზოგიერთი ყმაწვილი მოტოციკლს ხმის ჩამხშობს ხსნის, რომ ხმაურით იქაურობა გააყრუოს. ცუდია, იგივე სულისკვეთება მონაზვნებშიც რომ შემოდის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხმაური მონაზონს სიხარულსაც კი ანიჭებს.
ამ დილით მონასტრის ერთ დედას ვუცქერდი. კოსმონავტს ჰგავდა. ფართოფარფლებიანი ჩალის შლაპა დაეხურა, რესპირატორი აეფარებინა, თივის სათიბი ეჭირა. ფერდობზე ეშვებოდა და თავი მოსწონდა. "ტრა-ტა-ტა-ტა" - გაისმა ცოტა ხანში. ვხედავ, თივის სათიბით ბალახს ჭრის. მან დაამთავრა და ახლა მონასტრის მუშები მოვიდნენ, კიდევ უფრო ხმაურიანი მანქანით მიწის ხვნა დაიწყეს. გადიოდა სახნისი წინ და უკან. ის გამორთეს და სხვა მანქანა ჩართეს. ეს რამდენი უბედურება გვჭირს!
- მამაო, რახან არის ტექნიკა, რომელიც შეუმსუბუქებს...
- იცით, რამდენი ასეთი შემამსუბუქებელი რამ არებობს?! გაექეცით, რამდენადაც ძალგიძთ, ყოველივე ხმაურიანის გამოყენებას, გაექეცით ხმაურს. ის მონასტრიდან გვაძევებს. მაშ, რატომღა გვიწერია კარზე "ისიქასტრიონი"? უკეთესი იქნებოდა, "ხმაურისტრიონი" ანდა "შფოთისტრიონი" დაგვეწერა! რაღად გვინდა მონასტრები, თუ მათში სიმშვიდე აღარ იქნება? თქვენ ჯერ არ გიგრძნიათ, რა ტკბილია მყუდროება. ეს რომ იცოდეთ, სხვა რამეებსაც უკეთ გაიგებდით, რაზეც გესაუბრებით ხოლმე. რომ გეგემათ უტკბესი სულიერი ნაყოფი მყუდროებისა, უეჭველად კეთილად შეშფოთდებოდით საკუთარი სულის გამო და უფრო მეტად ისწრაფებდით წმინდა მყუდროებისკენ".