ბევრი უნდა ვილოცოთ, რომ ამ მონობისგან გავთავისუფლდეთ
ერთხელ წმინდა სილუან ათონელი ესაუბრებოდა ერთ სტუდენტს, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა თავისუფლებაზე.
ღირსმა მამამ ბრძანა: თავისუფლება ყველას სურს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს და როგორ მოვიპოვოთ ის. თავისუფალი რომ გახდეთ, პირველ რიგში, თავი უნდა "გაიკოჭოთ". რაც უფრო მეტად "შეიკრავთ" თავს, უფრო თავისუფალი იქნება თქვენი სული. საკუთარი თავი უნდა მოთოკოთ, ვნებებმა რომ არ დაგჯაბნონ, მოყვასს რომ არ ავნოთ... ადამიანები ჩვეულებისამებრ ეძებენ თავისუფლებას, რომ მერე რაც უნდათ, ის აკეთონ. მაგრამ ეს არ არის თავისუფლება, ამ დროს ცოდვა ხელმწიფებს თქვენზე. თავისუფლად იმრუშოთ ანდა თავშეუკავებლად ჭამოთ და ილოთოთ, ბოროტი ჩაიდოთ გულში, ძალა იხმაროთ და მოკლათ, ანდა სხვა რამ ამგვარი ქმნათ - ეს არ არის თავისუფლება, რადგან უფალმა ბრძანა: ყოველი ცოდვის მოქმედი მონაა ცოდვისა. ბევრი უნდა ვილოცოთ, რომ ამ მონობისგან გავთავისუფლდეთ. ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ შევცოდოთ და მთელი გულით გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება - ღმერთში განუშორებელი მყოფობაა. * სქემარქიმანდრიტი ზოსიმე-ზაქარია (მინაევი, +1936) გვასწავლის: "გახსოვდეთ, ღმერთმა თავისუფლება მოგვცა და თავისთან ძალით არავინ მიჰყავს. ძალა უნდა დავატანოთ საკუთარ ნებას, თუ გვინდა, გულში სულიწმინდის მადლი მივიღოთ. ღმერთს რომ ჩვენთვის თავისუფლება არ მოეცა, მაშინ ხომ გააუქმებდა რწმენის გზებს, ყველას იძულებითი შეცნობის გზით მიიყვანდა თავისთან. ნუ იტყვით ზოგიერთი უმეცარივით: "დაგვიმტკიცე ღმერთის არსებობა და მაშინ დაგიჯერებთო". მაშინ ეს რწმენა კი არა, დაძალებული ცოდნა იქნება და არა ცხონებისკენ მიმავალი გზა.
როცა გულში რწმენა თავისუფლად დაისადგურებს, მაშინ ღმერთი ჭეშმარიტი რწმენის ისეთ დამამტკიცებელ საბუთს მოგვცემს, რომელიც შეუდარებლად აღმატებული იქნება ყველა სამეცნიერო მტკიცებულებაზე. ყოველთვის გახსოვდეთ, ცხოვრებაში თავისუფალი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ სათნოებათა შეძენისა და ღვთისადმი ლოცვაში. ღმერთს ადამიანთა სულები თავისთან ძალით არ მიჰყავს. გაუფრთხილდით რწმენის მარცვალს".
* არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი წერს სულიერ შვილს: "აღთქმის დადებით თავს ნუ შეიკრავ, ჩემი პასუხით თავისუფლება მოგეცი, რომელიც შენი ცხოვრების გზას განსაზღვრავს. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, რომ შენი პასუხი ხან "კი" არ იყოს და ხან - "არა". ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. გაუფრთხილდი ღვთისგან ბოძებულ სულიერ თავისუფლებას და ამ ნიჭის გაფრთხილება სხვებსაც ასწავლე".
სხვა დროს ამბობდა: ახლა დაუფიქრებლად ცხოვრება არ შეიძლება. ღმერთი მართავს სამყაროს და არა ადამიანი. ბრძანებები სულიერი ცხოვრებისას არ შეიძლება. ღმერთმა ადამიანს სულიერი თავისუფლება უბოძა და მას არასოდეს წაართმევს.
* წმინდა მაკარი ოპტელი ბრძანებდა: ფანატიზმი ადამიანის აზროვნებას თრგუნავს. ჭეშმარიტი რწმენა კი თავისუფლებას ანიჭებს. თავისუფლება მჟღავნდება ადამიანის სიმტკიცეში, ყველა ბედნიერი თუ უბედური შემთხვევისას.
* მამა ანტიპა მოლდაველმა (+1882) ღვაწლით, ლოცვით, დიდი სიმდაბლით სულიერ თავისუფლებას მიაღწია. ერთხელ ჰკითხეს: "მამაო, შენთან უამრავი დედაკაცი დადის. ნუთუ ცუდი აზრები არ მოგდისო?" "არასოდეს, - მიუგო სიყრმიდანვე ქალწულების დამმარხველმა ბერმა, - ასეთი აზრი არ შეიძლება მოუვიდეს შვილებისმოყვარე მამას, მით უმეტეს არ მოუვა სულიერ მამას".
* იხილეთ სულიერი თავისუფლების კიდევ ერთი მაგალითი თანამედროვე მამის ცხოვრებიდან. ქსენოფონტეს მონასტრის იღუმენი მამა ევდოკიმე ჰყვებოდა 70 წლის ასაკში შეხვედრილ ერთ განსაცდელზე. მთაწმინდიდან სალონიკში საქმეზე ჩამოსული სასტუმროში გაჩერდა. საქმე მოითავა, სასტუმროში დაბრუნდა, რათა დაესვენა და მეორე დღეს ათონის მთაზე წასულიყო. თავისი ნომრისკენ მიმავალს დერეფანში ვიღაც გოგონა შეხვდა და სთხოვა, შენს ნომერში წამიყვანე და ბეჭებზე მალამო წამისვიო. მამა ევდოკიმეს კეთილი სამარიტელის საქციელი გაახსენდა და იფიქრა, კარგი იქნება, თუ დავეხმარებიო. გოგონა დაწვა და მამა ევდოკიმემ მალამო წაუსვა ისე, როგორც მან სთხოვა - "ტკივილის შესამსუბუქებლად". ბერი თან თავს აკონტროლებდა, რომ არაწმინდა ფიქრს არ შეეპყრო. "ღვთის შეწევნით და ლოცვით, შევძელი მოყვასსაც დავხმარებოდი და ღვთის წინაშეც არ შემეცოდა", - ამბობდა იგი.
მალამოს წასმა რომ დაამთავრა, გოგონა ადგა და მამა ევდოკიმეს თავისთან დაწოლა უკვე განცხადებულად შესთავაზა. ბერს მცირედითაც კი არ შესტოკებია ცოდვისთვის გული. პირიქით, დატუქსა გოგონა და მოუწოდა, შეეწყვიტა ღვთისთვის საძულველი და ეშმაკისთვის საყვარელი საქმე. ქალი ტირილით თავის მოკვლით იმუქრებოდა. ბერმა მას აღსარება ათქმევინა, მიუტევა ცოდვა და მშვიდობით გაუშვა. მეორე დღეს კი ათონის გზას გაუდგა.
* მამა ვიტალი (სიდორენკო) სიყრმიდანვე სულიერად თავისუფალი იყო. რვა წლისამ წერა-კითხვა რომ შეისწავლა, მისი საყვარელი წიგნი გახდა წმინდა სახარება. ცდილობდა, ღვთის სიყვარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა, ამიტომ ჩამოჯდებოდა თანასოფლელებს შორის და სახარებას უკითხავდა. ეს ხდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში.
14 წლისამ მწირობა დაიწყო. 16 წლისამ კი პასპორტი დახია - სურდა მხოლოდ "ზეცის მოქალაქე" ყოფილიყო. ასეთი იყო მისი ცხოვრების დასაწყისი. ქრისტესმიერი თავისუფლება, რომელიც დიდი სიმდაბლით მოიპოვა, მჟღავნდებოდა მის საქციელში. ეს იყო უპოვარება, მოყვასის სიყვარული, განუკითხველობა, სალოსობა. როცა მასთან შეხვიდოდი, აქეთ მოგიდრეკდა მუხლს, დაგსვამდა სკამზე, თვითონ კი ყოველთვის იატაკზე ჯდებოდა. უნდოდა, ფიზიკურად ყველაზე დაბალი ყოფილიყო. სიმდაბლე - აი, რა ანიჭებს კაცს ქრისტესმიერ თავისუფლებას.
* გვსურს დიდ მღვდელმთავარზე წმინდა ლუკა ყირიმელზე (ვოინო-იასენეცკი) მოგითხროთ. წმინდა ლუკა მღვდლად გასული საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში ეკურთხა. იმ დროს ბევრი ამბობდა უარს მღვდლობაზე, ქრისტეზე. "არ შემიძლია გავჩუმდე", - ყვიროდა ჩემი გული, - იგონებდა იგი. მღვდლად რომ აკურთხეს, უკვე ცნობილი ექიმი და პროფესორი იყო ტაშკენტის უნივერსიტეტისა, რომლის გახსნის ერთ-ერთი თაოსანი გახლდათ. ის არ ერიდებოდა ჯვრითა და კაბით სიარულს ტაშკენტის ქუჩებში. არადა ეს იმ წლებში ძალზე საშიში იყო. სამღვდლოდ შემოსილი კითხულობდა ლექციებს, ასევე შემოსილი შედიოდა საოპერაციოში. სანამ ოპერაციას დაიწყებდა, გამოისახავდა ჯვარს, დადგებოდა საოპერაციოში ჩამოკიდულ ღვთისმშობლის ხატთან და დიდხანს ლოცულობდა. შემდეგ შეუდგებოდა საქმეს. მრავალჯერ მოსთხოვეს ხატის ჩამოხსნა. ამაოდ. როცა ხელისუფლებამ ხატი ჩამოხსნა, გაიფიცა და ვიდრე დაბრუნებას არ დაჰპირდნენ, საოპერაციოში არ შევიდა.
მეუფე ლუკა ხშირად ეკამათებოდა ქრისტიანობის მდევნელებს. მოურიდებლად ეუბნებოდა სათქმელს. ერთხელ დასცინეს: - ღამით ლოცულობ და დღისით ხალხს ჭრიო. უპასუხა: - მე ხალხს მათი გადარჩენისთვის ვკვეთ, თქვენ კი რატომ ჭრით მათ, ბატონო საზოგადოებრივო ბრალმდებლებოო? ხელისუფლებამ 11 წლით თავისუფლება აღუკვეთა. 1941 წელს ომი დაიწყო. მეუფე ლუკა, მისი თხოვნითვე, დაჭრილებს უვლიდა. 1945 წელს მედალი გადასცეს ომის წლებში თავდაუზოგავი შრომისთვის. კრებაზე მეუფე ლუკამ თქვა: - ათასობით ადამიანს დავეხმარე და უფრო მეტს დავეხმარებოდი, თქვენ რომ არ დაგეჭირეთ და თერთმეტი წელი ციხეში არ გამოგემწყვდიეთ. რამდენი დრო დაიკარგა და რამდენი ადამიანი ვერ გადავარჩინე ჩემდა უნებურადო. ასეთი იყო წმინდა ლუკა. ღმერთმა მისნაირი შინაგანი ქრისტესმიერი თავისუფლება ყველას მოგვცეს.
* გავიხსენოთ წმინდა მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი). სიყრმიდანვე გასჩენია მას ღვთის სიყვარული და უფლისთვის მსახურების სურვილი. პატარა მიშა კადეტთა სასწავლებელში სწავლობდა, ერთხელ კადეტები საზეიმო მარშით ჩაატარეს პოლტავის ტაძართან. კადეტი მიხეილი შებრუნდა ტაძრისკენ და ჯვარი გამოისახა, რის გამოც უფროსობამ დასაჯა.
სულიერი თავისუფლება, რომელიც შეიძინა მიშამ, განსაკუთრებით რევოლუციის წლებში გამოჩნდა. მიშა დააპატიმრეს ეკლესიის სიწმინდეთა დაცვისთვის, ერთი თვის შემდეგ გაუშვეს, მალე ისევ დააპატიმრეს. როცა ნახეს, მისთვის სულერთი იყო, თავისუფალი იქნებოდა თუ ციხეში იჯდებოდა, კვლავ გაათავისუფლეს. ის მართლაც სხვა სამყაროში გადასახლებულიყო და არ უნდოდა რეალობას შეჰგუებოდა და ისე ეცხოვრა, როგორც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობდა. ასეთი იყო მისი ამქვეყნიური სიცოცხლე: ტკბილსა და მწარე საჭმელს ერთმანეთში ურევდა და ისე ჭამდა, რომ გემოთმოყვარეობას არ დამონებოდა. ერთხელ საზიარებლად წაიყვანეს ცოფიანი ძაღლისგან დაკბენილ მომაკვდავ ქალთან. აზიარა და მომაკვდავმა წმინდა ნაწილები გადმოაფურთხა. მეუფე იოანემ ისინი შეაგროვა და მიიღო. "მეუფეო, რას შვრებით, ცოფი გადამდებია!" - შეშფოთდნენ იქ მყოფნი. "არაფერი მოხდება - ეს წმინდა ძღვენია", - უთხრა მათ მშვიდად.
ერთხელ მეუფე იოანემ, მარსელში ყოფნისას, გადაწყვიტა პანაშვიდი გადაეხადა იმ ადგილას, სადაც მხეცურად მოკლეს სერბთა მეფე ალექსანდრე. მორჩილთაგან, სირცხვილის გამო, გვერდით არავინ დაუდგა. არავინ ისურვა, შუა ქუჩაში ელოცა. მეუფე იოანე მარტო მივიდა. ცოცხით იქაურობა მოგავა, გაშალა საეპისკოპოსო არწივი, გააჩაღა კანდელი და პანაშვიდი გადაიხადა.
* წმინდა იოანე მოსხი ჰყვება კოშკების მონასტრის ბერის ამბავს. ძმებმა მისი მამასახლისად დადგენა გადაწყვიტეს. ის კი ძალიან უფრთხილდებოდა თავის თავისუფლებას და უარობდა ამ ტვირთის აღებას. ამბობდა: მაცალეთ, ძმებო, ჩემი ცოდვების დატირება. ადამიანთა სულებს ვერ ვუწინამძღვრებ, რამეთუ ეს ჩემი საქმე არ არის და მხოლოდ დიდ მამებს ხელეწიფებათო. ძმები კი ყოველდღიურად აწუხებდნენ და დაჟინებით სთხოვდნენ თანხმობას. მაშინ ბერმა თქვა: "სამი დღე მაცალეთ, ვილოცებ ქრისტეს მიმართ და იყოს მისი ნებაო". ეს აღთქმა პარასკევს დადო, კვირას კი, განთიადისას, ქრისტემ გაათავისუფლა ამ აღთქმისგან, მოკვდავ ხორცთაგან და თავისთან გადაასახლა.
* ასეთივე ამბავია მოთხრობილი წმინდა ანატოლი ოპტელის (პოტაპოვი) ცხოვრებაში. 1922 წლის 29 ივლისს, საღამოს, ჩეკას კომისია მივიდა ოპტის უდაბნოში და დიდხანს ჰკითხავდა მამა ანატოლის. ბოლოს დაპატიმრება გადაუწყვიტეს. ღირსმა მამამ სთხოვა, ერთი დღე მაცალეთ, საამისოდ მოვემზადოო. მეორე დღეს კომისიის წევრებმა მამა ანატოლის მესენაკეს ჰკითხეს: ბერი გაემზადაო? დიახ, - უპასუხა მესენაკემ, კარი გააღო და მამა ანატოლის ოთახში შეიყვანა. ჩეკისტები გაშეშდნენ: შუა ოთახში კუბოში იწვა "გამზადებული" - უკვე გარდაცვლილი მამა ანატოლი. ასეთია თავისუფლება სულისა.
* ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილ მამას, დეკანოზ ვასილს (ევდოკიმოვი, +1993) ჰკითხეს: "მამაო, არ გეშინოდა ბანაკში?" უპასუხა: "რა თქმა უნდა, გეშინია, როცა შუაღამისას ბანაკში ლიტურგიაზე გაიპარები: ვაითუ დაგიჭირონ და პატიმრობის ვადა გაგიზარდონ. მაგრამ დაიწყებოდა ლიტურგია და ცა იხსნებოდა. ახლა უკვე ფიქრობდი, - დაე წლებიც მომიმატონ, ოღონდ დიდხანს არ გათენდესო. ხანდახან მეჩვენებოდა კიდეც, რომ ჩვენ, ქრისტესთვის შეპყრობილნი, ციხეში უფრო თავისუფალნი ვიყავით, ვიდრე გარეთ - სული იყო თავისუფალი და გიზგიზებდა. ერთი ბერი გვყავდა, რომელიც იტყოდა: "შეხედეთ, ვინაა გოლგოთაზე! ქრისტე, ღვთისმშობელი და რომაელი ჯარისკაცები. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ".
* მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი იგონებდა: ერთი ქრისტიანი 40 წელი მარტო იჯდა ციხის საკანში. სიკვდილის წინ კედელზე წაუწერია: ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი, გარეთ მყოფნი, თავის ნებაზე - პატიმარნი.
* წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) ბრძანებს: "რადგან ვაღიარებთ თავისუფლებას და ვცნობთ, რომ თავისუფლება ადამიანისთვის უმწვერვალესი ღირსებაა, მაშ, თვისებაც მისი გამოვიძიოთ და უფლება თითოეულის კაცისა ხელშეუხებელ ვყოთ; ვაკუთვნოთ ყველას თავისუფლება, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს. ყველანი მოვალენი ვართ, სხვისი თავისუფლება არ შევზღუდოთ, მით არავის ვავნოთ და ღვთის სათნოდ ვიცხოვროთ".