ეპისკოპოსისადმი მორჩილება და პატივის მიგება ძალზე გვიჭირს ჩვენი დროის მორწმუნეებს. სჯულის კანონი, რატომღაც, მხოლოდ მათთვის დაწერილი გვგონია, ხოლო როცა ჩვენ, ერისკაცებს, მოგვთხოვენ ეკლესიის კანონთა დაცვას, ვბრაზდებით.
"რაღა დროს მორჩილებაა, ეს ხომ ფანატიზმია, ამით ხომ ადამიანის უფლება ილახება", - მოთქვამს "მეს" თაობის "მორწმუნე". მაგრამ "უფალი იესუ ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ იგივეა უკუნისამდე". უცვლელია მისი ეკლესიის წმინდა კანონები - დაწერილი თუ დაუწერელი. რამდენიმე მაგალითი გვსურს შემოგთავაზოთ ეპისკოპოსთა პატივისმიგებისა. ამ ამბებს ათასი კილომეტრი და ათასი წელი აშორებს ერთმანეთისგან და თვითონ განსაჯეთ, დროსთან ერთად რამდენად ცვალებადია ქრისტიანი ერისკაცის ქცევის წესები.
ამბავი I. ჯავახეთი. VIII საუკუნე. საეკლესიო კრება. გუარამ მამფალმა ბრძანა ეპისკოპოსთა შეკრება, რათა დაემხოთ ქართლის კათოლიკოსი არსენი, რომელიც "კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაგან" დაიდგინა. გუარამი კრებაზე ძალას ატანდა ეპისკოპოსებს, რის გამოც წმინდა გრიგოლ ხანძთელმა საკადრისად გაკიცხა: "ჰოი, ხელმწიფევ, რად განრისხდები ჭეშმარიტებისთვის. ესეც იცოდე: პირველთა წმიდათა მამათა შეკრებაზე, ეპისკოპოსთა და მონასტრების წინამძღვართა გვერდით, იყვნენ პირველნი მორწმუნენი მეფენი. ისინი არა თუ მათ სჯულის მოძღვრობას იკადრებდნენ, არამედ მათგან ისწავლიდნენ ღვთის მცნებებსა და "მოწამედ იყვნეს თქმულთა მათთა". წმინდა მოციქულთა და ღირს მღვდელმოძღვართაგან განწესებულ კანონებში "არ არის ნათქვამი, რომ ერისკაცი "ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებასა" იკადრებდეს; ანდა სიახლეს შემოიღებდეს, თუნდაც "სამართლად საგონებელ იყოს". ეს შჯულისა და მღვდელთმოძღვართა შეურაცხება იქნება".
ამ კრების მამებს გუარამმა ჰკითხა: "ღვთის წმინდანო, თუ ერისკაცი ვინმე ჩვენი ქვეყნისა, საღმრთო წიგნთა და ენათა მცოდნე, ჩავიდეს იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას და იხილოს სადმე კეთილი წესი, რომელიც ქრისტიანობასაც შვენოდეს და ჩვენ შორისაც არ იყოს, ანდა წმინდა მამათა ნაწერებში ამოიკითხოს და უსწავლელ ხალხს აუწყებდეს, კარგია თუ არა ეს?" ეპისკოპოსებმა განუცხადეს: "განწესებული ტვირთი ეყოფა ნავს. თუ მოუმატე, დაინთქმება, ხოლო თუ მსუბუქად იქნება, შეიძლება ქართა და ღელვათა წარიტაცონ. შჯულის ტვირთი და წესი ქრისტიანობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპყრია, ძალზე კარგია და ღვთისთვის მოსაწონი და ამისთვის ჩვენ ვართ თავდებნი; ვინც იგი მტკიცედ იპყრას, შეუცვალებლად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს, მან, უფლის სიტყვისმებრ: "ასი წილი აქავე მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს". ჩვენც ვეთანხმებით მამა გრიგოლს და ვიტყვით: თუ ერისკაცმა რაიმე ახალი კეთილი წესი შეიტყოს, უმჯობესია დუმდეს, ვითარცა ბრძანებს იაკობ მოციქული: "ნუ მრავალნი მოძღვრით, ძმანო!" უკეთუ დუმილი არ შეეძლოს, თვითნებურად ნუ იქადაგებს, არამედ თავის ეპისკოპოსს აუწყოს და თუ საჭიროა, მან ასწავლოს თავის სამწყსოს. ხოლო უკეთუ კვლავ "სილაღით წარმდებობდეს" ერისკაცი იგი, "ნაცვლად შესაძინელისა, მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსვლასა". ხელმწიფემ მოისმინა და ბრძანა, "ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოი საღმრთო განგებისაი..."
ამბავი II. რუსეთი. ოპტის უდაბნო. 1909 წელი სერგი ნილუსმა შეიტყო, რომ ნოვგოროდის ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში დავანებულ, წმინდა ლუკა მახარებლის დახატულად მიჩნეულ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატს რესტავრაციას უპირებდნენ, რადგან ხატი ისე ყოფილა გაშავებული, რომ არაფერი ჩანდა თურმე. რესტავრატორები მოციქულთა დროინდელი ხატის "ახალი მეთოდით" აღდგენას ფიქრობდნენ: ძველი საღებავები პატარ-პატარა ნაწილებად უნდა ამოეფხიკათ და მათ ადგილას, როგორც მოზაიკა, ჩაესვათ ძველის მსგავსი ახალი ფერები. სერგი ნილუსი შეაშფოთა ამ მკრეხელობამ. გადაწყვიტა, წერილით მიემართა ნოვგოროდის ეპარქიის მღვდელმთავრისათვის. მართლაც, დაწერა სიყვარულით, სითბოთი გამსჭვალული წერილი, სადაც მოკრძალებული აზრი გამოთქვა ამ მკრეხელობაზე. მაგრამ გაახსენდა, რომ წერილის მისაწერად მოძღვრის კურთხევა არ ჰქონდა. მივიდა წმინდა ბარსანოფი ოპტელთან და უამბო ყველაფერი. უცებ წმინდა ბარსანოფიმ ჰკითხა:
- ამ წერილის დაწერაზე გქონდათ კურთხევა ზეციური დედოფლისგან?!
- მაპატიეთ, მამაო, ვერ გაგიგეთ, - უპასუხა სერგიმ.
- მითხარით, - გაუმეორა მოძღვარმა, - განა ღვთისმშობელმა თავისი წმინდა ხატის დასაცავად რწმუნება მოგცათ?!
- რა თქმა უნდა, არა, - უპასუხა სერგიმ, - პირდაპირი კურთხევა ამ საქმეზე მისგან არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ, თითოეული მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველ ჟამს მზად იყოს და დაიცვას თავისი რწმენის შეგინებული სიწმინდეები.
- ეს ასეა, მაგრამ არა უფლის ეკლესიასთან, უმაღლესი, მოციქულებრივი ხელისუფლების მფლობელთან, ურთიერთობისას. ვინ ხართ თქვენ, რომ აუჯანყდეთ ეპისკოპოსს და მიუთითოთ, როგორ მოიქცეს ღვთისაგან მინდობილი ადგილობრივი ეკლესიის მართვისას?! ნუთუ არ იცით სისრულე მღვდელმთავრის ხელისუფლებისა?! თავი ანებეთ თქვენს განზრახვას და განსჯა მიანდეთ ღმერთსა და ზეციურ დედოფალს და ისინი განაგებენ ისე, როგორც სურთ. შეასრულეთ ეს წმინდა მორჩილებისთვის და უფალი, რომელიც ადამიანის კეთილ განზრახვასაც კი დიდად აფასებს, მოგანიჭებთ ორმაგ ჯილდოს - კეთილგანზრახვისა და მორჩილებისთვის. ნუ შეებრძოლებით ეპისკოპოსის საყდარს, თორემ თვით ზეციური დედოფალი დაგსჯით.
ამის მოსმენის შემდეგ სერგის, რა თქმა უნდა, წერილი აღარ გაუგზავნია. მართლაც, ჩაუტარეს ხატს რესტავრაცია. შედეგი კი ის იყო, რომ ძველი ხატისგან აღარაფერი დარჩა და მორწმუნეთა თაყვანისსაცემად ვეღარ გამოაბრძანეს. არქიმანდრიტი იოანიკე (რომლის მონასტერშიც მოხდა ეს) ისე გატეხა უეცარმა ავადმყოფობამ, რომ ვეღარ მსახურობდა. გაუშვეს საცხოვრებლად ვალდაის ივერთა მონასტერში, სადაც მორჩილმა გაქურდა (მოჰპარა 40 თუ 60 ათასი მანეთი დანაზოგი) და მწუხარებისგან გარდაიცვალა. არადა, ადრე ხარივით იყოო, - ამბობდნენ მამები. ხატის რესტავრაციიდან ორი თვის შემდეგ ნოვგოროდის ეპარქიის მღვდელმთავარს თავის კაბინეტში ხალიჩაზე აერია ნაბიჯი (მოხუცებული იყო) და დაეცა. გაიტეხა თავი და სახე ისე, რომ დღესასწაულებზე ვერ სწირა. იწვა ასე თავპირშეხვეული და არავის იღებდა.
ამბავი III. იმერეთი. XIX საუკუნე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძეს) უამრავ ჭორს უვრცელებდნენ მტრები. ბრალს სდებდნენ - შენდობის წიგნს კითხულობს და ფულს იღებსო. ერთხელ, წმინდა გაბრიელის თაყვანისმცემელი, აკაკი წერეთელიც შესწრებია ამ ამბავს. "წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება, - ბრძანებს მგოსანი, - რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ, სუყველა დავიჯერე. დავწერე გასაკიცხი წერილი და "დროების" რედაქციაში ვაპირებდი გაგზავნას. მაგრამ იმდენი რიგიანობა კიდევ ვიხმარე, რომ ჯერ მისთვის მეჩვენებია ის მისი შესახები სტატია". წმინდა გაბრიელი, ჩვეულებისამებრ, ტკბილად შეხვედრია, მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური (არადა, ამბობენ, ეპისკოპოსი ძალზე ფიცხი იყოო), ღიმილით უთქვამს: "ძალიან მომწონს ეგ შენი აღელვება და მიხარია, რომ საზოგადო საქმის ტრფიალმა და არა საპირადო რამ იქამდის მიგიყვანა, რომ მოთმინებიდან გამოგიყვანა და ოჯახის შვილს ზრდილობა დაგაკარგვინა... ღმერთმა ინებოს, რომ შენ მაგ გრძნობებისთვის ხელი არ შეგეშვას, საზოგადო საქმეების გამო თავგამოდება ზნედ გადაგიქციოს! ეგ აჩქარება, თავშეუკავებლობა, ცოტა წინდაუხედაობა და ამგვარი რამ შეცდომები ქერცლია, რომელსაც დრო გააცლის და გამოცდილება დახვეწავს! შენ ხანში სწორედ მეც მაგრე ვიყავი, მაგრამ დღეს კი ისე რომ მოვიქცე, არ შემშვენის...
შენც კარგად იცი, რომ მე ახალ ჩამოსულობაზე პირველ ხანებში, კრებულისათვის თუ არა, თვარა ჩემთვის საწირავს არ ვიღებდი. და დღეს კი შენდობის წიგნს ვუკითხავ მსურველებს და მათგან მოწოდებულ წვლილსაც ხელსა ვკიდებ. რადა? იმიტომ, რომ გამოცდილებამ სულ სხვა რამეზე დამარწმუნა. ჯერ ერთი ეს, რომ ჩვენ ხალხს ადრიდგანვე ჩვეულებად ჰქონია. მღვდელმთავრებისგან შენდობის გამოთხოვება რჯულის კანონად ჰქონია გადაქცეული. როცა შენდობას სთხოვს, ცხადია, რომ ის თავის გულში იხედება, სინანულში ვარდება და ეს კარგია. ამგვარი რამ ადამიანს გულიდან არ უნდა ამოურეცხო. და რაც შეეხება სასყიდლის აღებას, ეს ისე აუცილებელ და საჭირო ძღვნად მიაჩნია ჩვენ ხალხს, როგორც ხატის წინ სანთლის ანთება! ამის აკრძალვას ისე მიიღებს, როგორც სანთლის ანთების დაშლას. ახლა პრაქტიკულადაც გავსინჯოთ ეგ საქმე. ეს თვითო-ოროლა წვლილი, რომელსაც იძლევიან თავის სურვილით, ამათ არად დააკლდებათ. ბევრი მათგანი სულ ცუდად დახარჯავს წარამარა სადმე დუქანში ლოთობის დროს და მე კი ვაგროვებ და საზოგადო დანიშნულებას ვაძლევ. ამგვარადაც მათი წვლილის შეგროვება და ხარჯვა შემწირველებისთვისაც მადლია და ქვეყნისთვისაც სასარგებლო. აი, ეს არის ჩემი აზრი და ჩემი შეხედულობა და შენ, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი, გინდა გააგზავნე ეგ სტატია დასაბეჭდად და გინდა არა".
ამის მომსმენი აკაკი სინანულში ჩავარდნილა და უფრო ფრთხილად ეკიდებოდა საქმეს. ნატრობდა კიდეც: "გაბრიელისთანა მოძღვარი რომ ჩვენ ახალგაზრდობასაც გამოუჩნდებოდეს ხოლმე, მადლია! - მაშინ ისინი ბევრ შეცდომას აიცდენდნენ თავიდანო".
დაბოლოს, გავიხსენოთ ანტიოქიის პატრიარქ მაკარის აზრი ქართველთა სარწმუნოებაზე. მან მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი: "სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა ზურგი არ შეაქციონ და ხელმეორედ მუხლთმოდრეკით თაყვანს სცემენ. ამნაირად იქცევიან არა მარტო უბრალო ქართველნი, არამედ მეფე-დედოფალნიც. ძალიან უყვართ ქადაგება-დარიგების მოსმენა და დიდი ხალისით ასრულებენ დამრიგებლის სიტყვა-ბრძანებას. რაც უნდა უბედურება ეწიოთ, დიდი მოთმინებით, უდრტვინველად გადაიტანენ და ითმენენ, ვერ გაიგონებ მათგან სალანძღავ სიტყვას სარწმუნოების და რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, როგორც ეს ჩვენში იციან".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი