ათენში სწავლისას ოქროპირს ერთ - ერთი ფილოსოფოსის სახით ძალზე გულბოროტი მოქიშპე გამოუჩნდა, რომელიც, აღივსო რა შურით, ეს შხამი სხვებსაც გადასდო, თუმცა, ნეტარმა, ღვთის შეწევნით, მისი მოქცევაც მოახერხა: - ერთ დღესაც, როდესაც იგი ოქროპირთან პაექრობისას მკრეხელობდა, ბოროტი ეკვეთა, დასცა და მიწაზე დუჟმორეული განართხა.
ამის შემხედვარე ხალხმა ოქროპირს შესთხოვა, - განკურნეო.
- სანამ არ შეინანებს და უფალს არ შეურიგდება, არა ეშველება რაო, - უპასუხა ოქროპირმა. მკრეხელმა კი მყის დაუდასტურა: - ვაღიარებ, რომ სხვა ღმერთი არ არსებობს, გარდა იოანეს ღმერთისაო.
მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა იგი დემონმა, მალე კი ოჯახიანად მოიქცა და მოინათლა.
-----------------
ერთ ძალზე შეძლებულ და დიდგვაროვან ანტიოქიელს თავის ტკივილები იმგვარად სტანჯავდა, ცალი თვალი ბუდიდან ამოუვარდა და ყვრიმალზე დაეკიდა. დიდძალი თანხა გაიღო კურნებისთვის, მაგრამ არა ეშველა რა...
შეიტყო რა ოქროპირის შესახებ, ეახლა, მუხლებში ჩაუვარდა და მხურვალედ შესთხოვა, - განმკურნეო. ნეტარმა უპასუხა:
- მსგავსი სნებანი იმათ მოიხილავს, ვინც ცოდვილია ან მცირედმოწმუნე, ასე რომ, თუ მთელი გულით გწამს, რომ ქრისტეს შენი კურნება ძალუძს და ცოდვებსაც დაუტევებ, უფლის დიდებას იხილავო.
- მწამს, მამაო და ყოველივე ჰქმენ, რაიცა გსურდესო, რის შემდეგაც მის სამოსს თავსი და სნეული თვალი შეახო და მყის განიკურნა, შინ კი უფლის მადიდებელი გაბრუნდა.
---------------
ასევე განიკურნა სხვა ანტიოქიელიც, რომელსაც სახე დაწყლულებოდა. ნეტარმა ის წყალი ასხურა, რომელსაც მონასტრის (ეს სასწაული მისი მონასტერში ცხოვრებისას აღასრულა, ავტ.) ძმობა იხმევდა და მიიღო რა მყისიერი კურნება, მსწრაფლ დაუტევა სოფელი და განდეგილ მონაზონთა დასს შეერთო...
ოქროპირის ლოცვითვე დაუტევა სენმა ერთ ბავშვობიდან ცალი თვალით ბრმა კაციც...
---------------
ერთი ქალი, რომელსაც სისხლდენა სტანჯავდა, ქმარს შეევედრა, - იოანესთან მიმიყვანეო, მანაც ცოლი ვირზე შესვა და მონასტრის კართან დატოვა, თავად კი მონასტერში შევიდა და იოანეს მეუღლის განკურნება შეევედრა. ნეტარმა უთხრა: - შენს ცოლს უთხარი, მონებს ასე სასტიკად ნუ ეპყრობა, საკუთარ სულზე იფიქროს, მოწყალება გასცეს და მოუკლებლად ილოცოს, მარხვები და უფლის დღეები კი წმინდად შეინახეთ და ღმერთი კურნებას არ დაახანებსო, რაც აღსრულდა კიდეც.
---------------
იმ მონასტრის მიდამოებს, სადაც მაშინ ნეტარი იოანე მოღვაწეობდა, ერთი მძვინვარე ლომი შეეჩვია, რომელიც ყველგან დაძრწოდა და ხან ადამიანს იმსხვერპლებდა და ხანაც - პირუტყვს... ზოგს ასახიჩრებდა, ზოგს - კლავდა, ზოგიც ცოცხლად მიჰყავდა და თავის ბუნაგში ჭამდა... ახლომდებარე დასახლებების მკვიდრნი არაერთხელ ეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ამაოდ, ბოლოს იმედგადაწურულებმა და შეწუხებულებმა ნეტარ იოანეს მიაკითხეს, რომელმაც ხის ჯვარი მისცა და უთხრა: - იმ ადგილას აღმართეთ, საიდანაც მხეცი გამოდისო.
მართლაც, ისე გავიდა რამდენიმე დღე, მხეცი აღარც გამოჩენილა, ბოლოს გადაწყვიტეს, ჯვართან მისულიყვნენ და გაოცებულებმა იხილეს იქვე მწოლიარე მკვდარი ლომი.
--------------
ერთი ქალის, სახელად ევკლიას, ერთადერთი ვაჟი სიკვდილის პირას მივიდა... დედა მხურვალედ ევედრა ნეტარს შვილის გადარჩენას. იოანემ აიღო წყალი, ყოვლადწმინდა სამების სახელით სამგზის გარდასახა ჯვარი და სნეულს აპკურა, რის შემდეგაც იგი სავსებით განიკურნა.
----------------
ანტიოქიის ერთ - ერთი ციხის თავკაცი ერეტიკოსი იყო, რომლის ცოლიც იმგვარ სნებას შეეპყრო, რომლის განკურნებაც ექიმებმა ვერ შეძლეს. მაშინ ციხისთავმა თანამოძმე ერეტიკოსებს უხმო სალოცავად, რომლებმაც ცდა არ დააკლეს, მაგრამ უნაყოფოდ...
მაშინ ცოლმა სთხოვა: - მსმენია ვინმე ქრისტიანი იოანეს შესახებ, რომელიც ეპისკოპოს ფლავიანესთან ცხოვრობს, თურმე, რასაც უფალს შესთხოვს, უცილობლად მიიღებს. გვედრი, მასთან წამიყვანე, რადგან შენი თანამოძმენი რომ ჭეშმარიტი ღმერთის აღმსარებელნი ყოფილიყვნენ, მათი ლოცვა აღმადგენდა, ვიცი, იოანეს მრავალი სასწაული აღუსრულებია და მწამს, მეც შემეწევაო...
ქმარმა შეისმინა მისი და იმ მონასტერთან მიიყვანა, სადაც ნეტარი მსახურობდა, მაგრამ რადგანაც ერეტიკოსი გახლდათ, შიგ შესვლა ვერ გაბედა და ეპისკოპოს ფლავიანესა და იოანეს მსახურის პირით შესთხოვა, მისი მეუღლისათვის ელოცათ.
ავადმყოფთან გამოსულმა ეპისკოპოსმა ფლავიანემ და ნეტარმა იოანემ მათ უთხრეს: - თუ ერესს დაუტევებთ და წმინდა ეკლესიას შეუერთდებით, უფლისგან კურნებას მიიღებთო და რაჟამს მიიღეს თანხმობა, ნეტარმა იოანემ ეპისკოპოს ფლავიანეს სთხოვა, წყლისათვის ჯვარი გადაესახა, შემდეგ კი სნეულს აპკურა, რომელიც მყის გამოჯანმრთელდა, ამ დიდი სასწაულის შემდგომ კი ცოლ - ქმარი მოიქცა და მოინათლა...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი