მეუფე ნექტარიოსს (ეგინელს) მოყვასისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.
მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: სემინარიაში დამლაგებლად მომუშავე კაცი მოულოდნელად ავად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ექიმებმა კიდევ რამდენიმე თვე მუშაობის დაწყება არ ურჩიეს. სამუშაო ადგილი რომ დაეკარგა, თავი რითი უნდა ერჩინა? მაშინ მეუფემ უთხრა: "ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, დანარჩენი როგორღაც მოგვარდება". და მართლაც, ყოველ დილას მთელი სემინარია – კლასები, ტუალეტები, ეზო სისუფთავით ბრწყინავდა, და არც ახალი დამლაგებელი აუყვანიათ!.. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ერთ საღამოს ეს კაცი სემინარიაში მივიდა, რომ ენახა, იქაურობას ვინ ასუფთავებდა. და რა დაინახა? მიტროპოლიტი ნექტარიოსი თვითონ ალაგებდა ყველაფერს. დამლაგებელი შეწუხდა:
– თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ჩემს მაგივრად მუშაობთ, ამას ვერ ავიტან!
– შვილო ჩემო, წადი, შენს ჯანმრთელობას მიხედე და ნურაფერზე იდარდებ, – უპასუხა მეუფე ნექტარიოსმა. შენს ადგილზე სხვა რომ ავიყვანო, ადგილს დაკარგავ. მე უბრალოდ მინდა დაგეხმარო, ოღონდ ამის შესახებ ნურავის ეტყვი!
ერთხელ მეუფესთან გაჭირვებული კაცი მივიდა და უთხრა:
– 25 დრაჰმა ვალი მაქვს, ფულის დაბრუნების ვადა იწურება.
– კოსტას! – დაუძახა მეუფემ სემინარიის ხაზინადარს, – ფული გვჭირდება.
კოსტასმა არაფერი უპასუხა, რადგან სულ 25 დრაჰმა ჰქონდათ, თვე ახალდაწყებული იყო და თუ ამ ფულს გასცემდნენ, სემინარია მთელი თვე უფულოდ დარჩებოდა.
– კოსტას, – გაიმეორა მეუფემ, მიეცი ამ კაცს 25 დრაჰმა.
– თქვენო უწმინდესობავ, არ მაქვს... თვე ახლახან დაიწყო, შეუძლებელია...
წმინდა ნექტარიოსის საფლავი
– არა, უნდა მივცეთ, უფალი შეგვეწევა!
და კოსტასმა მთელი ფული გამოიტანა. ზუსტად ერთ საათში სემინარიაში მთავარეპისკოპოსის კანცელარიიდან დარეკეს და მოითხოვეს: მეუფე ნექტარიოსმა წამოიყვანოს სემინარისტთა გუნდი და მდიდარი წყვილის ჯვრისწერაზე გაემგზავროსო. ჯვრისწერის ბოლოს ყველას კონვერტები დაურიგეს. ეპისკოპოსის კონვერტში ასი დრაჰმა აღმოჩნდა, მგალობლებს კი ოც-ოცი დრაჰმა შეხვდათ.
– აიღეთ ეს ფული, კოსტას, – უთხრა მეუფემ ხაზინადარს. ხედავ, 25 დრაჰმა გავეცით და 180 მივიღეთ. მომავლისთვის ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
ერთხელ მეუფე პანაშვიდზე დიაკვანთან ერთად მივიდა. დიაკვანმა ფულის აღებაზე უარი თქვა, მეუფემ უთხრა: "როდესაც ფულს გაძლევენ, აიღე, თუ არ გაძლევენ – ნუ მოითხოვ".
წმინდა ნექტარიოსის ტაძარი კუნძულ ეგინაზე
ერთხელ მიტროპოლიტ ნექტარიოსთან საავადმყოფოდან კაცი მივიდა და რეცეპტი მიუტანა:
– თქვენო უწმინდესობავ, ექიმმა ეს წამალი გამომიწერა და თანაც ორი კვირით სამსახურიდან გამათავისუფლა, დამეხმარეთ.
– ცოტა დაიცადე, – უთხრა ნექტარიოსმა და ხაზინადარს დაუძახა.
მაგრამ, ამჯერად კოსტას მართლაც არც ერთი დრაჰმა არ აღმოაჩნდა. მაშინ მეუფემ ეგვიპტიდან გამოგზავნილი თეთრეულის ამანათი მოითხოვა.
– თუ ამას მთლიანად გასცემთ, გამოსაცვლელი აღარ დაგრჩებათ!
მეუფემ უხმოდ აიღო ამანათი, მთხოვნელს მიაწოდა და უთხრა: – წაიღე, ბაზარში წადი, გაყიდე, ფული წამლისთვისაც გეყოფა და იმისთვისაც, რომ ორი კვირა არ იმუშაო.
თარგმნა ნინო ახალაძემ
წყარო: http://martlmadidebloba.ge/tsmindanebi52.html
თეა ცაგურიშვილის ფოტოები
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი