იცოდე - კაცმა მრავალი სათნოებაც რომ ქმნას, მაგრამ მართალი სარწმუნოება არ გააჩნდეს, მაინც აქ მოხვდება
ათონზე, ზოგრაფის მონასტერში, წმინდა გიორგის ხატზე ადამიანის თითია შერჩენილი.
თურმე ამ წმინდა ხატის სასწაულმოქმედების ამბავი ძალზე შორს გავრცელდა. ზოგიერთმა კი არ ირწმუნა. მათ შორის იყო ერთი ეპისკოპოსიც ათონის მეზობელი ეპარქიისა, ხატის სასწაულები ვერცხლისმოყვარე ბერების გამონაგონად მიაჩნდა. თავისი ეჭვის დასადასტურებლად საგანგებოდ გაემგზავრა ზოგრაფის მონასტერში. დიდი პატივით მიიღეს მღვდელმთავარი. თაყვანსაცემად წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ხათტანაც მიიყვანეს. ეპისკოპოსმა ირონიულად წარმოთქვა: ესაა თქვენი სასწაულმოქმედი ხატიო? - და საჩვენებელი თითით წმინდა გიორგის ლოყას შეეხო. შეეხო და მიეწება კიდეც. რა აღარ სცადეს, მაგრამ თითი ხატს ვერაფრით მოაშორეს. საბრალო მღვდელმთავარი იძულებული გახდა, თითის მოჭრაზე დათანხმებულიყო. * წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, დიდად მორწმუნე და მხურვალედ ტრფიალი ღვთისმსახურებისა, მხოლოდ სვეტიცხოვლის მიმართ "განდრეკილობდა რეცა გონებით" და ამბობდა: არავინ იცის, ამ სვეტის ქვეშ რა არის და რას ვცემთ თაყვანსო.
ერთხელ გზად მიმავალი მეფე ტაძარში შევიდა, სვეტის წინ კი არ ილოცა. ასეთი დაბრკოლებული გონებით მოილოცა ტაძარი და წავიდა. იმავე ღამეს მიძინებულს ეჩვენა სვეტის თავზე მჯდომარე მოხუცი სახედ ძველთა დღეთა. მისგან გამომავალ ბრწყინვალებას, რომელიც ელვის სახედ კრთებოდა, ვითარცა "შანთნი ცეცხლისანი", კაცობრივი თვალნი ვერ განიცდიდნენ. გაკვირვებული იყო მეფე ამ სახილავით და შეძრწუნებულიც. უეცრად ხმა მოესმა: "დავით, დავით, უწყოდეთ ყოველთა: ვისაც ჩემდამი მტკიცე სარწმუნოება ექნება, არასოდეს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდა მომართ, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯება!" გაუკრთა ძილი მეფეს, შეშინდა ფრიად. ზეწამოიჭრა, ცხენზე ამხედრდა, მთელი ღამე აჭენა და განთიადზე, ცისკრის ლოცვისას, სვეტიცხოველს მიაღწია. გაუკვირდა იოანე პატრიარქს მეფის უდროოდ მისვლა. ის კი დაემხო სვეტიცხოვლის წინაშე, ცრემლით დაალტობდა იატაკს და ურწმუნოების გამო შენდობას ითხოვდა.
* ეჭვს ადამიანი ღვთის გმობამდე მიჰყავს.
წმინდა მიტროპოლიტი კიევისა იონა ღვთისგან ბოძებული მადლით ლოცვით კურნავდა სნეულებს. განკურნა დიდი თავადის ასულიც. ერთი ეჭვით შეპყრობილი კი ამბობდა, თავადის ასული თავისთავად განიკურნაო. წმინდა იონამ მოიხმო კაცი და შეაგონა: "შვილო, უფლის ძლიერებაში ნუ დაეჭვდები, ამ ქალწულს მისი მშობლების რწმენის გამო გაუხანგრძლივა ღმერთმა სიცოცხლეო". მაგრამ კაცი თავისას არ იშლიდა და ღვთის გმობას განაგრძობდა. მაშინ წმინდა იონამ უთხრა: "დაე, შეგეკრას ბოროტი ენა და დაგიდუმდეს ღვთის მგმობელი ბაგენი! მოკვდი იმ ქალწულის ნაცვლად, ვისთვისაც სიკვდილი იყო განკუთვნილიო". იმავე წამს ღვთისმგმობელი დადუმდა და მალე სულიც განუტევა.
* ოპტელი მამის, იღუმენ თეოდოსის, ერისკაცული ცხოვრებიდან ორი ამბის გახსენება გვსურს.
ერთხელ მან სეზენევის დედათა მონასტერი მოილოცა, სადაც ამ სავანის დამაარსებლის მამა იოანეს უხრწნელი სხეული ესვენა. წირვის შემდეგ მომლოცველნი მამა იოანეს საფლავთან დასვენებულ მის ჭედურ გამოსახულებას ეამბორნენ. თეოდოსი შინაგანად წინ აღუდგა ამ ამბავს. საფლავთან მისული მხოლოდ ჯვრის გამოსახულებას ემთხვია. "შენს ხატს კი მაშინ ვცემ თაყვანს, როცა ეკლესია წმინდანად გცნობსო", - "უთხრა" წმინდანს. შინ დაბრუნებისას მეეტლეთა საუბარი მოისმინა: მამა იოანე საკვებს მხოლოდ ზეითუნის ზეთით აზავებდაო. გაგონილმა სულ აურია აზრები, ახლა უკვე იმას ფიქრობდა, ამქვეყნად სასწაული არ არსებობს, მომავალში ადამიანები ბუნების ყველა "სასწაულს" ახსნიანო. შინ მისული ღვთისმშობლის კანდელის წინ სავარძელზე ჩამოჯდა და ჩასთვლიმა. უეცრად თითქოს მხარზე ვიღაც შეეხო. ძილ-ღვიძილში შემოესმა: "გგონია, ზეითუნის ზეთს იმისთვის ვიღებდი, რომ უხრწნელი ვყოფილიყავი? ცდები. ამის მიზეზი ჩემი თიაქარი იყო". თეოდოსიმ მოიხედა და წამით მის გვერდით მდგომი მამა იოანე იხილა, ისეთი, როგორსაც გამოსახავდნენ ხოლმე. თქვა ეს და გაუჩინარდა.
მამა თეოდოსი კარგა ხანს მონასტერში ვერ წავიდა. წმინდა მაკარი ოპტელი ამხნევებდა, ოდესმე აუცილებლად გახდები ბერიო. ერთხელ თეოდოსი მეგობრებთან ერთად იხვებზე სანადიროდ წავიდა, ფიქრით კი შორს იყო. ეჰ, ნეტავ როდის მეღირსება მონასტერში წასვლაო, - დარდობდა. მწარე ღიმილით შეხედა ზეცას და თქვა: "აბა, სად არის ღვთის განგებულება? ყველაფერი შემთხვევითობაა, წარმოსახვის თამაშია". ამ დროს ლელქაშებში ტყვია გავარდა და თეოდოსის ზურგი ერთიანად აეწვა, გონდაკარგული მიწაზე განერთხა. მის ერთ-ერთ ამხანაგს შემთხვევით თოფი გავარდნია და საფანტმა თეოდოსის ზურგი დაუხვრიტა. ასეთი იყო ღვთის განგებულებაში დაეჭვების საფასური.
ჩვენ კი გამუდმებით სულის ხსნაზე უნდა ვფიქრობდეთ. ერთხელ მამა თეოდოსიმ ტირილით შესჩივლა წმინდა ამბროსი ოპტელს: "მიშველე, მამაო, ვიღუპები! ბერი კი არა, ნამდვილი ღორი ვარ. რამდენი წელია მანტიას ვატარებ და არაფერი მონაზვნური ჩემში არ არის. მხოლოდ სახელი მაქვს ბერის". წმინდა ამბროსიმ გაუღიმა და უთხრა: "ასე იფიქრე საუთარ თავზე, მამაო, ვიდრე სიკვდილამდე. მოვა დრო და ჩვენნაირ ღორებზე წიგნებს დაწერენო".
* ღირსი მამა დანიელ კატუნაკელი ამბობდა: ეჭვიანი ვერასოდეს არჩევს სიმართლეს, საკუთარი თვალითაც რომ ხედავდეს მას და გარშემო მყოფნიც სიკეთისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდნენ. ეჭვიანობა ყველაფერს შერყვნის. მას დამონებული უმალ სიცრუეს დაიჯერებს, ვიდრე აშკარა სიმართლეს.
ეჭვიანობა ცრუ ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოსურათის გადაღებისას ობიექტის სახეს ცვლის.
როცა ეჭვიანობით გატანჯულ კაცს სულიერი ბრძოლა შეემთხვევა, - არა აქვს მნიშვნელობა, ის ღმერთმა დაუშვა მის გამოსასწორებლად, გარემოებათა ძალით მოეწყო ასე თუ ამის მიზეზი ადამიანები არიან, - ის წამსვე ეჭვიანობას იწყებს და ადანაშაულებს ადამიანს, რომელსაც მის უბედურებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ასეთი დამანგრეველი უგუნურების საილუსტრაციოდ, როგორც შორიდან მაცქერალი, წმინდა ანას მცირე სკიტის ბერის, მამა თეოფანეს ამბავს გიამბობთ. მას სძლია ამ სენმა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: მხოლოდ მე ვიცი, რა არის ჭეშმარიტება, დანარჩენები კი ზიზღს იმსახურებენო. ეჭვიანობამ შთაუნერგა ეს აზრები და ისიც დაჰყვა მათ. ჩემო საყვარელო, თუკი მსოფლიო კრებაზე მოწვეულმა წმინდა მამებმა დაგმეს ისინი, ვინც თავიანთმა ეჭვიანობამ აცდუნა, განა შეიძლება, ჩვენ შევიბრალოთ და გავამართლოთ? (წერილი კალენიკე ისიქასტს, 1.02.1896).
გაექეცით, ძმებო, ეჭვიანობას, რომელიც ურჩხულებს წარმოშობს.
თუმც კი პატარა და უმნიშვნელო გვეჩვენება, მაგრამ თუ დროულად არ აღმოვფხვრით, შეიძლება საშინელი შედეგები გამოიღოს. საზრიანი გველი - სატანა ამ ვნებას, ჩვეულებრივ, სულელ, ამპარტავან, ეჭვიან სულებს შთაუნერგავს, რადგან შურიანები არიან და სხვისი შეცდომები ახსოვთ. თუ რომელიმე ძმა ამ ვნებას დაუთმობს, ჯერ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა აღეძვრება, მოგვიანებით კი, რაც წარმოსახვამ წარმოუდგინა, უკვე აღსრულებულ ფაქტად მიიჩნევს... როცა კაცს ეს ვნება მოიცავს, ჭეშმარიტების გზას რომ დააშოროს, მტერი ათასგვარ ფიქრს ჩააგონებს. თუ კაცი მათ მიიღებს, გონება აერევა. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!
ეს უკეთური ვნება რომ მოიკვეთოს, ქრისტიანი მოვალეა, გაფრთხილდეს და როგორც სასიკვდილო შხამს, ისე მოერიდოს. მას აღსარებითა და სიფხიზლით იოლად დავამარცხებთ.
* ისეთი ეჭვიც არსებობს, ჭეშმარიტებას რომ გაპოვნინებს.
იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში მამა იაკობი ცხოვრობდა, ფრიად მშვიდი, მდაბალი, მართალი, წრფელი და უზაკველი ბერი. თავის სათნოებათა გამო ყველას უყვარდა.
ამ მონასტერში ორი ეკლესია იყო - ბერძნებისა და სომხებისა. სომხები სთავაზობდნენ, ჩვენს ეკლესიაში ეზიარე, აქ არის ჭეშმარიტებაო. ბერძნები კი აფრთხილებდნენ: მამაო, მწვალებლებმა არ შეგაცდინონო. ბერს გულისთქმა აწუხებდა - ვერ გაერკვია, ვისთან იყო ჭეშმარიტება! ბოლოს ადგა, დიდი სქემის სამოსელი შეიმოსა და მონასტრის გარეთ ერთ მცირე და ბნელ სენაკში განმარტოვდა. ორმოცი დღე მარხულობდა და ევედრებოდა ღმერთს, გამოეცხადებინა, ვის მხარეს იყო ჭეშმარიტება.
ერთხელაც მარხვისა და ლოცვისგან მოუძლურებულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა და "მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ხმითა" მიმართა: "მშვიდობა შენდა, ბერო იაკობ, აქ რისთვის მოსულხარ?" მამა იაკობი მეყსეულად განძლიერდა, გაუნათდა გული და მიუგო: "მეუფეო ტკბილო და სახიერო! თავადაც უწყი, ამ სენაკში რისთვისაც განვმარტოვდი - არ ვიცი, ამ ორ ეკლესიას შორის რომელი ავირჩიო". მაშინ უფალმა ბრძანა: "სადაც ხარ, კეთილად ხარო". მეყსეულად ბერი იაკობი ბერძენთა ეკლესიაში აღმოჩნდა, სადაც უსისხლო მსხვერპლს შესწირავდნენ, იმ დროს კი "რომელი ქერუბიმთას" გალობდნენ. ბერს ეჭვი სრულიად გაუქრა, მადლიერი ადიდებდა ღმერთს, მისი მონათხრობით კი მრავალი განმტკიცდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
* იოანე მოსხი მოგვითხრობს: წინდა თეოდოსის მონასტერში წარმოშობით არაბი ბრმა ბერი ცხოვრობდა, სახელად ლულიანე, რომელსაც მაკარი იერუსალიმის პატრიარქის არ სწამდა. სადაც მის სახელს იხსენიებდნენ, იმ წირვაზე არ ეზიარებოდა. მაინც კლავდა ეჭვი - რამდენად სწორად ვიქცევიო. ეჭვის გასაქარწყლებლად ანტიოქიაში, წმინდა სვიმეონ მესვეტესთან გაგზავნა კაცი - მამაო წმინდაო, ამ მონასტრიდან განშორება მაქვს განზრახული, თუ ვინმე არ დამარწმუნებს, რომ მაკარი პატრიარქის მოხსენიების დროს ზიარება მართებულიაო. წმინდა სვიმეონმა ბერს შეუთვალა: ნურც შენს ადგილს მოშორდები და ნურც წმინდა ზიარებას დააკლდები - ქრისტეს მადლით, არაფერი ცუდი ამაში არ არის. ესეც იცოდე - თქვენს მონასტერში იღვწის ბერი პატრიკიოსი, რომელიც დიდია ღვთის წინაშე. ის თავის ქვეყანაში მონასტრის მამასახლისი იყო, მაგრამ სიმდაბლით დაუტევა მწყემსობა და თქვენთან მოვიდა. წირვის დროს საკურთხევლის გარეთ, ეკლესიის დასავლეთით დგას ხოლმე, ძმათა უკან, და ლოცულობს. წირვა ღვთისგან ამ ბერს შეერაცხება, ამიტომ ნუღარ იჭვნეულობ და უეჭველად ეზიარეო.
* კვლავ იოანე მოსხს მოვუსმინოთ: ბერი მამა კვირიაკოზი იორდანეს მახლობლად, კალამინის მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ უცხო ძმა, სახელად თეოფილე, ესტუმრა, რომელმაც ბერს სიძვის გულისსიტყვაზე ჰკითხა. მამა კვირიაკოზმა სიწმინდისკენ მოუწოდა. თეოფილეს ძალიან მოეწონა ბერი და უთხრა: ნესტორიანელი რომ არ ვიყო, არასოდეს განგეშორებოდიო. შეწუხდა ბერი და ურჩია: "შვილო, ვინც მართალ სარწმუნოებას არ აღიარებს, ქალწულ მარიამს კი ღვთისმშობლად არ იწამებს, ვერ ცხონდებაო". თეოფილეს მწარედ გაეღიმა და თქვა: "მამაო, ყველა მწვალებელი ასე ამბობს: თუ ჩვენთან არ ეზიარები, ვერ გადარჩებიო. მე, გლახაკმა, აღარ ვიცი, რა ვქნა. გევედრები, ღვთის გულისთვის, შესთხოვე უფალს, გამაგებინოს, რომელია ჭეშმარიტი სარწმუნოება". მაშინ მამა კვირიაკოზმა თეოფილე თავის მღვიმეში დატოვა, თვითონ კი მკვდარი ზღვის პირას გავიდა და ღმერთს მისთვის ევედრებოდა.
მეორე დღეს, ნაშუადღევს, თეოფილემ იხილა კაცი ვინმე გაბრწყინებული, რომელიც მიუახლოვდა და უთხრა: წამოდი და იხილე ჭეშმარიტებაო. ერთ ბნელ ადგილას მიიყვანა, სადაც საშინელი ცეცხლი ენთო და სიმყრალე ამოდიოდა. უცხო კაცმა თეოფილეს ცეცხლში ჩაყრილი მწვალებლები უჩვენა: ნესტორი, არიოზი, ევტიქი, ორიგენე, საბელიოსი - და უთხრა: "ეს ადგილი მწვალებელთა და სულიწმინდის მგმობელთათვის არის განკუთვნილი, აქვე ხვდებიან მათი მიმდევრებიც. თუ გინდა, შენც აქ აღმოჩნდე, ნესტორიანელად დარჩი, თუ არადა მიდი ეკლესიაში და დაიჯერე, რასაც ბერი კვირიაკოზი გასწავლის. იცოდე - კაცმა მრავალი სათნოებაც რომ ქმნას, მაგრამ მართალი სარწმუნოება არ გააჩნდეს, მაინც აქ მოხვდებაო".
ეჭვგაქარწყლებული თეოფილე ბერისკენ გაეშურა და თავისი ხილვა აუწყა. მას შემდეგ აღარც მოშორებია - ორმოცი წელი მასთან დაყო, ვიდრე არ აღესრულა.