შეიძლება, ეს ის ბერია, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილო
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
დასაწყისი იხ. #8
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
დასაწყისი იხ. #8
კირიაკონი (მთავარი ტაძარი) სკიტის ცენტრში მდებარეობს და აქედან მოჩანს სკიტის ორმოცდათოთხმეტივე კალივა მცირე ბაღებით და წყაროებით. ყველაზე მეტად განმაცვიფრა ირგვლივ გამეფებულმა ღვთიურმა სიმშვიდემ. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ სავანეში და მათ ხმას ვერ გაიგონებ. არავითარი ხმაური, არავითარი შფოთი... მყუდროებაა ბერული ცხოვრების საუკეთესო თანამგზავრი.
კირიაკონის მოლოცვის შემდეგ ძმებ კარცონასების კალივას ვეწვიეთ. აქ მე ბერული დიდსულოვნება ვიხილე. მათ ჩვენ სიხარულით და უშუალობით მიგვიღეს. კალივაში ოთხი ხორციელადაც ძმა ცხოვრობდა: მღვდელმონაზონი გაბრიელი - მოძღვარი სენაკისა, მამა სერაფიმე, მამა დიონისე და მამა ოქროპირი. ისინი აქ ბავშვობისას მოიყვანა მშობელმა მამამ და ღვთისმშობელს მიუძღვნა. მოხუცი კარცონასი ოდესღაც მესინის ქალაქისთავი იყო. კეთილშობილური წარმომავლობა ბერებს სახეზეც ეტყობოდათ. ოთხივე უბადლო ხატმწერი გახლდათ.
წამოსვლისას დიდი სიყვარულით დაგვემშვიდობნენ, დაუვიწყარია ჩემთვის ეს წუთები. ძმებმა სიცოცხლის ბოლომდე უერთგულეს ბერად აღკვეცისას მიცემულ აღთქმას. თუმცა მრავალ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა, მათ არ შეუცვლიათ მთაწმინდური ცხოვრების პრინციპები. განუსვენოს უფალმა ძმებს კარცონასებს და მათი ლოცვები შეგვეწიოს.
თავი II. მცირე მოგზაურობა
დადგა კავსოკალივის სკიტში წასვლის დრო. მინდოდა მენახა ჩემი მეგობარი და თანაკლასელი, რომელიც იოსებიანელთა კალივაში მოღვაწეობდა. ერთ შუადღეს სარეისო კატარღით მივედი კავსოკალივამდე. ჩავუარეთ უდაბურ კლდოვან კარულსა და კატუნაკს. აქ ასკეტები ცხოვრობენო, - მითხრა ვიღაცამ. ამ ადამიანთა გმირობით და მოთმინებით აღტაცებული, მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული შევცქეროდი ამ სავანეებს. ერთმა თანამგზავრმა პატარა სენაკი დამანახა: "იქ ცხოვრობს რუსი თავადი, მღვდელმონაზონი პართენი". გული ამიჩქროლდა, მაგრამ მისი ნახვა სხვა დროისათვის გადავდე. კავსოკალივთან ხმელეთზე სხვა ბერებიც გადმოვიდნენ, ისინი მზად იყვნენ დანარჩენთა დასახმარებლად. ერთმა მათგანმა, მამა ტიმოთემ, წრფელი სიყვარულით ხელი მოჰკიდა ჩემს ბარგს და წაიღო. ერთად ავედით ბექობზე, საიდანაც ჩანდა სიმწვანეში ჩაფლული კავსოკალივის სკიტი. სკიტის შუაში იოსებიანელთა ხატწერის სახლი იდგა, ცოტა მოშორებით - კირიაკო, დიდებული, მაღალი სამრეკლოთი. უსაზღვროდ მიხაროდა - მე კავსოკალივში ვიყავი!მამა ტიმოთესთან ერთად ნელ-ნელა ავუყევი აღმართს. მივაღწიეთ კუტიკარს. ხეები, ბალახი, ყვავილები, არტეზიული ჭა და უჩუმრად მომდინარე წყარო ალამაზებდა ეზოს. დავაკაკუნეთ. კარი ჩემმა ნაცნობმა ბერმა გაგვიღო, რომელიც, მოულოდნელი შეხვედრისაგან გაკვირვებული, გაშეშდა. მამა ტიმოთეს მადლობა გადავუხადე მზრუნველობისთვის. მან ბარგი დამიტოვა და წავიდა. ეკლესიაში შევედით. მისმა დიდებულებამ განმაცვიფრა. კანკელი თითქმის მოოქრული იყო, რუსული სტილით დაწერილი ხატები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშები გახლდათ. ისინი დაეხატათ იოსებიანელთა აწ განსვენებულ დიდებულ მხატვრებს. ყველაფერი ბრწყინავდა. ირგვლივ იდეალური წესრიგი და სისუფთავე იყო. ტაძრიდან არქონდარიკში შევედით, ეს მართლაც "თავადთა მოსასვენებელი" გახლდათ. დავსხედით თუ არა, კალივის მოძღვარი, მამა არტემი მოვიდა. მამა იოანე და მამა გიორგი ახლდნენ. ამ უკანასკნელს პირეიდან ვიცნობდი.
ნასადილევს კირეაკონის მოსალოცად წავედი. დიკეა გახლდათ აწ განსვენებული მამა დამიანე (დიკეა - გარკვეული ხნით მთელი სკიტის მიერ არჩეული თავკაცია. მისი მოვალეობა კირეაკონის მეთვალყურეობაცაა). მისი ბიბლიური შესახედაობა პატივისცემით განგაწყობდა, მან ძალზე სასარგებლო დარიგება იცოდა.
ვიყავით წმინდა აკაკი კავსოკალიველის ასკეტერონში (ბერის განმარტოების ადგილია, სადაც ის ასკეზს არის მიცემული). ამ ქოხში, ჩემდა გასაოცრად და გასახარად, შევხვდი მამა ტიმოთეს - იმ ბერს, ბარგის ზიდვაში რომ დამეხმარა. ამასობაში სავანის ბერებიც მოვიდნენ - მამა აკაკი და მღვდელმონაზონი მამა იეროსთეოზი.
მამა აკაკი 80 წლამდე იქნებოდა, წვეტიანი წვერი ჰქონდა და დუდუნით ლაპარაკობდა, გეგონებოდა, ძველი ბიზანტიური ფრესკიდან რომელიღაც ღირსი მამა გაცოცხლდაო! მამა იეროსთეოზი წმინდა გრიგოლის მონასტრის ყოფილი იღუმენის, მამა თეოდორეს ძმა გახლდათ. თავისი სიკეთით და უბრალოებით ავსებდა ის ამ მშვენიერ რჩეულ ძმათა საზოგადოებას. ჩვენ მივიღეთ ის "ნუგეშისცემა" (ყავა, რაქათ-ლუქუმი, რაკია), უბრალო ჭურჭლით რომ მოგვიტანეს. ვისხედით და ვტკბებოდით ეგეოსის ზღვის ცქერით. წმინდა აკაკის სკიტიდან მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იშლებოდა. შემდეგ კი ძნელად გასავლელი ბილიკით წმინდანის მღვიმეში ჩავედით. შიგნით შევედი და მივწექი მის ხის საწოლზე. მღვიმის წინ უზარმაზარი ხე იდგა. როგორც წმინდა აკაკის ცხოვრების აღმწერელი ამბობს, ამ ხის ტოტებზე ხშირად ჯდებოდა ერთი ლამაზი ჩიტი, რომელიც ტკბილხმოვანი გალობით ანუგეშებდა ბერს მოწყინების ჟამს, უქარვებდა სევდას, რომლითაც ეშმაკი ხშირად ებრძვის ბერებს. ადგილობრივი მამების აზრით, ეს ჩიტი უფლის ანგელოზი იყო.
იმავე დღეს მოვიხილეთ ერთი კეთილი მოძღვრის, მამა მიქაელის კალივა. ასეთი ადამიანები ყოველთვის იღიმებიან, ყველას ყველაფრისთვის მადლობენ, ყოველთვის გულწრფელნი და უშუალონი არიან.
კავსოკალივაში დაახლოებით ათი დღე ვიცხოვრე. სკიტში ბევრი მამა გავიცანი. ვიყავი ასევე წმინდა მეთოდეს კალივაში, სადაც დიდი განსჯის უნარის მქონე ბერები ცხოვრობდნენ: მამა კოზმა და მისი მორჩილები - მამა ეგნატე, მამა მეთოდე და მღვდელმონაზონი დამიანე.
როგორ შეიძლება დავიწყება მამა არსენისა - მისი ხეზე ნაკვეთი ცნობილი იყო მთელ სულიერ სამყაროში: საბერძნეთში, ევროპაში და ამერიკაშიც კი. მთელი 15 წელი მოთმინებით მუშაობდა უფლის მეორედ მოსვლის სცენაზე. დაახლოებით ათი წელი ჯვარცმას კვეთდა. მისი შემოქმედებითი სული ასკეზით იყო განწმენდილი. მუშაობისას ყოველთვის მარხულობდა და ლოცულობდა. მისი სახით ხედავდი ადამიანს, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვის ცხოვრობდა და ემსახურებოდა მას თავისი ნაზი, ნატიფი ხელოვნებით.
როცა გავიცანი, დაახლოებით 70 წლის იქნებოდა. იჯდა ტახტზე მორთხმით. წინ სამუშაო იარაღები ეწყო და ხელში ბზის ნაჭერი ეჭირა. ბალღივით ნათელი თვალები ჰქონდა. კავსოკალივაში ყოფნისას ორი-სამჯერ მივედი მამა არსენთან და დავტკბი მასთან ურთიერთობით. ერთადერთი საქმე ღირსი მამისა ხეზე კვეთა და ლოცვა იყო.
მე ასევე მხვდა პატივი, გამეცნო ღირს მამათა სახელობის კალივის ბერი ანტონი მთაწმინდელი, კავსოკალიველთა შორის ყველაზე მოფიქრალი, მკაცრი. მამა ანტონი კარგად იცნობდა მონაზვნების სულიერ პრობლემებს. მას ერთი მორჩილი ჰყავდა - მამა ანთიმოზი.
კავსოკალიველი მამები სიკეთით სავსენი იყვნენ. იმაზე კამათობდნენ ხოლმე, თუ პირველი ვინ წამიყვანდა თავის კალივაში ან თუნდაც ყავას ვინ შემომთავაზებდა. სტუმარმასპინძლობის ქრისტიანული ტრადიცია, თბილი ურთიერთობა დამახასიათებელია ბერძნებისთვის, მაგრამ ეს მთაწმინდელ ბერებში განსაკუთრებით გამოიკვეთა.
საკმარისი ხანი დავყავი კავსოკალივაში და დადგა დრო, მომელოცა დიდი ლავრა, ცენტრი მთაწმინდის ბერმონაზვნობისა. ჩემმა მეგობარმა ბერმა მაჩვენა, საით უნდა წავსულიყავი და მითხრა, რომ გზად უნდა გამევლო უდიდესი სიწმინდის - წმინდა ნილოს მირონმდინარის აკლდამის გვერდით. ვისაც მისი საფლავის თაყვანისცემა უნდა, ფრთხილად უნდა მოიქცეს. მისი ასკეტერიონის ერთი შეხედვაც კი შიშის მომგვრელია. გამიგონია, რომ ერთხანს წმინდანის საფლავიდან მირონი მოედინებოდა და ზღვაში ეშვებოდა. იმ ადგილს ახლაც ეტყობა მირონის ნაკვალევი. კლდის ქვემოთ (აკლდამა კლდეშია გამოკვეთილი) პატარა იალქნიანი ნავებით ავადმყოფები მოჰყავდათ და ყველა იკურნებოდა. ამ დროს მათ თავს ესხმოდნენ ყაჩაღები, შეიპყრობდნენ და ყველას მონათა ბაზრობაზე ჰყიდდნენ. როგორც ათონური გადმოცემა მოგვითხრობს, ამ ბოროტებისთვის ბოლო რომ მოეღო, წმინდა აკაკიმ, რომლის მღვიმეც თითქმის წმინდა ნილოსის მღვიმის საპირისპიროდ მდებარეობს, სთხოვა წმინდა ნილოსს, მირონის დენა და სასწაულებრივი კურნებები შეეწყვიტა. ამის მერე მირონის დენა შეწყდა.
მეშინოდა, არ გადავვარდნილიყავი ამ ციცაბო კლდიდან და ოფლში გაღვრილმა, როგორც იქნა, მივაღწიე წმინდა ნილოსის აკლდამას. ვილოცე და შემდეგ ავედი კალივაში, სადაც თაყვანი ვეცი წმინდა ნილოსის წმინდა ნაწილს (იქ ინახება ყბის ძვალი), ასევე ვეთაყვანე ფელონს, რომელსაც წმინდანი მსხვერპლშეწირვის ჟამს იცვამდა. ამ დროს კალივაში ძმობას მიტილენელი ბერი მამა ნილოსი ხელმძღვანელობდა. მე რომ მივედი, მამა ნილოსი ლეღვს კრეფდა და შემომთავაზა კიდეც ხილი, ყავასა და ცივ წყალთან ერთად. აქ დიდხანს ვერ დავრჩებოდი. გამოვემშვიდობე მოძღვარს და ლავრისკენ გზა გავაგრძელე.
ცოტა ხნის შემდეგ ერთი მონასტრის წინ აღმოვჩნდი. მივხვდი, ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რუმინული სკიტი უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტე, შემთხვევით მესარგებლა და თაყვანი მეცა ნათლისმცემლისთვის, გამეცნო ჩვენი ძმები - რუმინელი ბერები.
შევედი კარიბჭეში და გავეშურე ტაძრისკენ. ის, ისევე როგორც ყველა კათოლიკონი (მთავარი ტაძარი მონასტერში) მთაწმინდაზე, გულმოდგინედ იყო მოვლილი. შენობები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში გახლდათ.
ერთმა ძმამ არქონდარიკში წამიყვანა - დიდ დარბაზში, რომლის კედლებზეც გაკრული იყო სურათები პატრიარქებისა, მეფეთა, მონასტრის იღუმენებისა. ერთ კუთხეში იჯდა ბერი, რომელმაც მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება: ეცვა სუფთა ანაფორა, სქელი ბერული ფეხსაცმელი, თეთრი ნაქსოვი წინდები, ნაქსოვი სკუფია, იქვე იდო მისი გუდაც. ბერის თავმდაბალი იერი მის დიდად მორჩილ ხასიათზე მეტყველებდა. ვიგრძენი, როგორ გამიჩნდა სურვილი მისი გაცნობისა. ვიგრძენი, რომ ის ღვთისმოშიში ბერი უნდა ყოფილიყო, რომლისთვისაც უნდა გამეზიარებინა ჩემი ფიქრები მონაზვნობაზე. ვკითხე, რომელი მონასტრიდან იყო. მშვიდი და მდაბალი ხმით მიპასუხა: - დიონისეს მონასტრიდან ვარო.
გული ამიფანცქალდა, როცა ცნობილი კინოვიის სახელი გავიგონე. მასზე უფრო მეტის გაგება მომინდა. ალბათ ასეა, ღვთივგანწმენდილი ბერები ყოველთვის ფლობენ საღმრთო გამოცხადების მადლს - ბერი სურვილს მიმიხვდა და ყველა შეკითხვაზე საქმის ცოდნით მიპასუხა. ლამის მთელი ღამის განმავლობაში დაუღალავად ვსაუბრობდით მონასტრის ცხოვრებაზე და ჭეშმარიტი ბერის სულიერ გზაზე. შემდგომში გამომიტყდა, მას თვითონვე გასჩენია ჩემთან გასაუბრების სურვილი, რომ ამგვარად შეეტყო, ვისწრაფვოდი თუ არა ბერობისაკენ.
ანგელოზივით უბრწყინავდა სახე. შთამბეჭდავი იყო მისი ხმა და პასუხები ჩემს დაუსრულებელ კითხვებზე. "შეიძლება, ეს ის ბერია, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილო", - ვფიქრობდი ჩემთვის, ბოლოს მაინც შევყოყმანდი, - "მოდი, სხვებსაც ვნახავ და მერე გადავწყვეტ". ყოველ შემთხვევაში, ეს საუბარი მექცა გზის მაჩვენებლად ბერულ ცხოვრებაში. დილით, როცა ცისკრის ზარები ჩამორეკეს, ჯერაც არ გვეძინა. დავიბანეთ პირი და ცისკრის ლოცვაზე წავედით. რუმინული გალობა ჩვენსას (ბერძნულ გალობას) ჰგავს. ერთი ღვთისმოშიში მღვდელმონაზონი სწირავდა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ერთიანად გახარებული და აღფრთოვანებული დავემშვიდობე მამა ლაზარეს - ასე ერქვა დიონისელ ბერს - იმ პირობით, რომ მასთან მონასტერში მივიდოდი...