"თუკი გამოჯანმრთელება გინდა, შენთვის ის კერპი მთელ სამყაროზე ძვირფასიც რომ იყოს, უნდა დაამსხვრიო"
"ქრისტიანთა დევნისას ერთი წარმართი დიდებული, სახელად ქრომატე, საშინელი სენით იტანჯებოდა. ერთხელ უთხრეს, ქრისტიანი სებასტიანე სასწაულებს ახდენსო. მოაყვანინა და ჰკითხა, ვისი ძალით სჩადი ამ სასწაულებს და თუ შეგიძლია განმკურნოო. "მე იესო ქრისტეს სახელით ვახდენ სასწაულებს, - უთხრა სებასტიანემ, - ვისაც ჭეშმარიტად სწამს მისი, ის იღებს ღვთისაგან ამ ძალას. მას შენი განკურნებაც შეუძლია, მაგრამ ამისთვის შენს სამფლობელოში ყველა კერპი უნდა გაანადგუროო". ქრომატე ასეც მოიქცა, მაგრამ ავადმყოფობა უფრო გაუძლიერდა. "მწარედ მომატყუე, - უთხრა მასთან მეორედ მისულ სებასტიანეს, - განკურნების ნაცვლად უარეს დღეში ჩავვარდი". წმინდანმა ჰკითხა: ყველა კერპი გაანადგურე? რომელიმე ხომ არ დაიტოვე?" "კი, - უპასუხა ქრომატემ, - ერთი კერპი, რომელიც ძალიან უყვარდათ ჩემს მშობლებს და წინაპრებს. თანაც ბაჯაღლო ოქროსაგან არის ჩამოსხმული". "თუკი გამოჯანმრთელება გინდა, შენთვის ის კერპი მთელ სამყაროზე ძვირფასიც რომ იყოს, უნდა დაამსხვრიო". დიდებული განეშორა საყვარელ კერპს და გამოჯანმრთელდა.
"ქრისტიანებო, - მოგვიწოდებენ ღირსი მამები, - თუ გინდათ სულით ჯანმრთელი იყოთ და თქვენთვის ძვირფასია საუკუნო ცხოვრება, მაშინ განაგდეთ სულიერი კერპნი, რომელთაც ასე შესტრფიალებთ, კერპნი ფარისევლობისა, სიზარმაცისა, ვერცხლისმოყვარეობისა, სიძუნწისა, სიამაყისა, სიმთვრალისა, მრუშობისა, შურისა, შურისძიებისა და სხვა მრავალი ამის მსგავსი ვნება და სურვილი".
* 1864 წელს ომსკში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა, პური გაძვირდა, ხალხს გაუჭირდა, მათ შორის ერთ ქვრივ დედაკაცსაც და მის ქალიშვილსაც. ქალიშვილი თავისი ხელსაქმით ინახავდა ავადმყოფ დედას. დიდმარხვა იდგა. დედა-შვილს პურის ფული არ ჰქონდა, არც გასაყიდი ებადათ რაიმე. გოგონამ სძლია სირცხვილს და ერთ შეძლებულ ფქვილის ვაჭარს მიადგა კარზე, რომელთანაც ადრე მსახურობდა. მოუთხრო თავისი ამბავი და მცირეოდენი ფქვილი ან პური სთხოვა - სამაგიეროდ გემსახურებითო. მდიდარმა ზიზღით, დამცინავად შეხედა: "უამრავი ვინმე შიმშილობს! ყველა რომ გამოგკვებოთ, მე მოვკვდები შიმშილით. წადი, საიდანაც მოსულხარო". ღვთის სამართალი მალევე მოეწია ვაჭარს. გოგონას წასვლის შემდეგ ოჯახთან ერთად ისადილა. თევზის ფხა გაეჩხირა ყელში და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამ ამბავში ყველამ ღვთის ხელი დაინახა. ვაჭრის ქვრივმა გადაწყვიტა, ქმრის დანაშაული გამოესყიდა და ღატაკი ქვრივი ქალი, შვილთან ერთად, შეიფარა.
ასე სჯის ღმერთი გულქვა, ხარბ ადამიანებს, რომელთა სულშიც ვერცხლისმოყვარების კერპი არის აღმართული.
* მამა მიხეილს ერთმა ქრისტიანმა საგულისხმო ამბავი მოუთხრო: დიდი ხნის წინ საშინელი ცოდვა ჩავიდინე. თუმცა კაცთაგან ამის შესახებ არავინ იცოდა, სამაგიეროდ, ზეციურმა მეუფემ დამსაჯა და გონს მომიყვანა. მე და ჩემი ცოლი ღარიბად ვცხოვრობდით, არც ფქვილი გვქონდა და არც საქონელი გვყავდა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გვეზარებოდა. ასეთი რამ მოვიფიქრეთ: მეზობელ ტომსკის ოლქში წავედით და უცნობ ადამიანებს ვუყვებოდით, თითქოს ხანძარმა სახლ-კარი და ქონება დაგვიწვა. ჩვენი "უბედურება" ქრისტიანებს გულს უთუთქავდა და შემოგვწირეს, ვისაც რა შეეძლო. შინ საკმაოდ მოღონიერებულნი დავბრუნდით, საქონელიც გავიჩინეთ და უდარდელად განვაგრძობდით ცხოვრებას. დაგვავიწყდა კიდეც, რომ ეს სიკეთე ტყუილით გვქონდა მოპოვებული. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა: ერთ ღამეს ხანძარმა გადაგვიბუგა ყველაფერი და ადრინდელზე უარეს დღეში ჩავცვივდით. მას შემდეგ ვინანიებ ჩემს ცოდვას და ვმადლობ მრავალმოწყალე ღმერთს, გონს რომ მომიყვანა.
* ერთ მღვდელს ღვინის სმა ძალზე შეჰყვარებოდა. მას ორჯერ გამოეცხადა წმინდა სერაფიმე ვირიცელი და მკაცრად უთხრა, - სმას თავი დაანებეო. მაგრამ მღვდელი კვლავ განაგრძობდა სასმლით ტკბობას. მაშინ ღირსი მამა ცხადში წარუდგა მას და გააფრთხილა: თუ სმას თავს არ დაანებებ, მალე მოკვდებიო! ვერც ამან შეაჩერა მღვდელი.
მალე ტკივილი და უძლურება დასჩემდა. ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. მღვდელი ტიროდა, ინანიებდა, მაგრამ უკვე გვიან იყო, რამის შეცვლა აღარ შეეძლო და წმინდა სერაფიმეს სიტყვისაებრ, მალე გარდაიცვალა.
* ბალაამის მონასტერში XIX საუკუნეში ერთი დიდებული ბერად აღიკვეცა, განათლებული უნივერსიტეტდამთავრებული. ძალზე იყო გატაცებული კათოლიკე თომა კემპელის წიგნით და მისით ხელმძღვანელობდა. ძალზე მკაცრად მოღვაწეობდა, მაგრამ ერთი რამ სჭირდა: მოძღვარი არ ჰყავდა. მოძღვრის მეთვალყურეობის გარეშე როგორ მოღვაწეობ, არ გეშინია? - ეკითხებოდნენ ბალაამელი მამები. მართალია, სახიფათოა ასეთი ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა? კაცი ვერ მიპოვია, რომელსაც მოძღვრად დავიყენებდიო. შემოდგომის ერთ საღამოს მამა პორფირემ (ასე ერქვა იმ ბერს) სკიტელი მამები მოინახულა, რომელნიც მისი უდაბნოდან მოშორებით ცხოვრობდნენ. დამშვიდობებისას მამებმა გააფრთხილეს: არ შეცდე და ყურეზე მოკლე გზით არ გადახვიდე, ყინული თხელია და ჩაგიტყდებაო. ბერმა კი ხმადაბლა, ვითომდა თავმდაბლობით, უპასუხა, - მე უკვე გავმსუბუქდიო. წავიდა მოკლე გზით. მალე მისი სასოწარკვეთილი ყვირილი მისწვდა სკიტელ მამებს. მიირბინეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
* არიან ადამიანები, რომლებიც რაიმე აზრს, იდეას აიკვიატებენ და მიუხედავად დიდი ცდისა, ვერ გადაათქმევინებ. ასეთ გაკერპებულებზეც გვსურს მოგითხროთ.
ათენში 40-50 წლის წინათ ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც აკვიატებული ჰქონდა, - თავს თუ დავიბან, მაშინვე უეცარი სიკვდილით მოვკვდები, რადგან ჯადო გამიკეთესო. ამ აზრმა მისი ცხოვრება აუტანელი გახადა. ახლობლებმა ბევრი სცადეს, მისთვის თავი დაებანათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ისე ყარდა, რომ არავინ ეკარებოდა. ასე გაგრძელდა 18 წელი. შეიტყო, ათენში ერთი ღირსი მამა პორფირე ცხოვრობს, რომელიც სასწაულებს ახდენსო და სამკურნალოდ მიაშურა. ყურადღებით მოუსმინა ღირსმა მამამ, დაამშვიდა, დაარიგა, ილოცა მისთვის, შემდეგ კი უთხრა: შვილო, შინ რომ მიხვალ, გაათბე წყალი და იბანავე. მე ამ დროს შენთვის ვილოცებ. სანამ ბანაობას დაიწყებ, იესოს ლოცვა თქვი, მერე გონებით მე მიცქირე. როგორც კი დაიბან, მაშინვე დამირეკე, დაგელოდებიო.
კაცი დაბრუნდა შინ და 18 წლის ნაგროვები ჭუჭყი, აკვიატებულ აზრთან, კერპთან ერთად წყალს გააყოლა. გახარებულმა დაურეკა მამა პორფირეს: მამაო, ვიბანავე, ვიბანავეო!
* ერთ-ერთ მონასტერში მორჩილად ვინმე ქალწული მივიდა, რომელიც იღუმენიას ნათესავი იყო. ის ყველას შეუყვარდა თავისი თავმდაბლობით, მორჩილებით, ანგელოზებრივი წმინდა ცხოვრებით. თუმცა მალევე აღესრულა და დიდი პატივით დაკრძალეს. დამწუხრებული იღუმენია ღვთისაგან ნუგეშად ითხოვდა, გაემხილა მისთვის, თუ სად და როგორ პატივში მოხვდა ამ გოგონას სული. ღმერთმა ისმინა მისი, კელიაში ლოცვისას უეცრად დაინახა, რომ მის წინ მიწა გაიპო და გეენიის ცეცხლში ჩავარდნილი ნათესავი დაინახა. "ამას რას ვხედავ, მეგონა, სამოთხეში იქნებოდი, შენ კი ჯოჯოხეთში ხარ. რატომ მოხდა ასე?" - შესძახა შეწუხებულმა მონაზონმა.
- ვაიმე, უბედურს, - უთხრა საცოდავმა, - მე გარეგნულად ვჩანდი ქალწული, უმწიკვლო და ანგელოზთა მსგავსი. სინამდვილეში კი ასე არ იყო. თუმცა სხეული ხორციელი ცოდვით არ წამიბილწავს, მაგრამ ფიქრებმა, ჩემმა საიდუმლო ზრახვებმა და ოცნებებმა ჩამაგდო ჯოჯოხეთში. ვიმარხავდი ჩემს ხორციელ ქალწულებას, მაგრამ არ ვუფრთხილდებოდი სულის უმწიკვლოებას. ჩემი ახალგაზრდობით, გაუფრთხილებლობით ერთი ახალგაზრდა კაცის მიმართ ვგრძნობდი ლტოლვას. ვოცნებობდი მასთან ყოფნაზე, წარმოვიდგენდი სასიყვარულო სცენებს. ვხვდებოდი, რომ ეს ცოდვა იყო, მაგრამ აღსარებაში თქმას ვერ ვბედავდი, რის გამოც დამწუხრებულმა უფლის ანგელოზებმა დემონებს შემატოვეს და მას მერე ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვები, - თქვა ქალმა და ცეცხლში მატლივით დაიკლაკნა. ცეცხლის ალმა დაფარა იგი, გაქრა და შეშინებული დატოვა იღუმენია.
* წმინდა პაისი (ველიჩკოვსკი) ძალზე ახალგაზრდა გაიპარა შინიდან და ბერად შედგა. მოხუცმა დედამისმა (მამა ოთხი წლისას გარდაეცვალა) ისე განიცადა ეს ამბავი, რომ გადაწყვიტა, მშიერ-მწყურვალი მომკვდარიყო. ქალი თანდათანობით სუსტდებოდა, გონებითაც კი, ნათესავები უკვე მის სიკვდილს ელოდნენ. მაგრამ უეცრად ავადმყოფი წამოდგა, ღვთისმშობლის დაუჯდომელი მოითხოვა და დიდხანს კითხულობდა. მერე მოუხმო მოძღვარს და უამბო: როცა მწუხარებისგან დაუძლურებული სიკვდილის პირას ვიყავი მისული, უამრავი დემონი შემომერტყა გარს და წაყვანას მიპირებდა, მაშინ მე ღვთისმშობლის დაუჯდომელი ვითხოვე. ვლოცულობდი დღედაღამ და ეშმაკებს ამით ვიგერიებდი. მერე კი დავინახე, რომ ცა გაიხსნა და იქიდან, როგორც ელვა, ანგელოზი ჩამოეშვა, ჩემს წინ დადგა და მითხრა: ჰოი, უგუნურო, ამას რას სჩადი? იმის მაგივრად, რომ მთელი გულით უფალი შენი შემოქმედი შეგეყვარებინა, მასზე მეტად მისი ქმნილება - საკუთარი ძე შეიყვარე. ამ უგუნური და ღვთის საწინააღმდეგო სიყვარულის გამო თავის მოკვლას აპირებ? იცოდე, შენი შვილი, ღვთის მადლით, აუცილებლად ბერი გახდება და ღვთის ნებაა, რომ შენც მის კვალს შეუდგე. თუ წინ აღუდგები ღვთის ნებას, ჩემი უფლისაგან ნაბრძანები მაქვს, ეშმაკებს ჩავუგდო ხელში შენი სული და სხეული, რათა ამით სხვა მშობლებმაც ისწავლონ, რომ თავიანთი შვილები ღმერთზე მეტად არ შეიყვარონ.
* მამა დანიელ კატუნაკელს მოუთხრეს პანტელეიმონის მონასტრის მეზობლად მცხოვრებ ერთ განდეგილზე, დიდი ასკეტი არისო. მკაცრად მარხულობს, უხეში სამოსი აცვია და ზამთარშიც კი ფეხშიშველა დადისო. თუმცა ბერული კანონი დღეში 300 მეტანიას გვავალებს, ის 3000-ს ასრულებსო. იმ დროს მამა დანიელი თუმცა ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ არ აღტაცებულა ასეთი "მოსაგრე" ბერით. მაშინვე მიხვდა, ღვთისაგან არ იყო. ბერის კელიის კარზე საგანგებოდ დატანებული ღიობი შენიშნა, რომ სხვებს დაენახათ და აღტაცებულიყვნენ ბერის ასკეტიზმით. მამა დანიელმა გაუმხილა იღუმენს თავისი აზრი, იღუმენიც მაშინვე გაეშურა სუპერასკეტთან. დატუქსა, კურთხევის გარეშე ნუ მოღვაწეობ, ამის შემდეგ დღეში მხოლოდ 50 მეტანია შეასრულეო. მალე ასკეტმა ბერმა მთლად შეიცვალა ცხოვრების წესი, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა, წუნია გახდა ჭამისას და იმ 50 მეტანიასაც კი ვერ ასრულებდა.
* მამა გიორგისთან (ჩეკრიაკოველი) ერთი ქვრივი ქალი მივიდა და თავისი გაჭირვება შესჩივლა. ღირსმა მამამ ოცი მანეთი მისცა და უთხრა: ძროხა იყიდე, რძით შვილებსაც გამოკვებავ და გაყიდი კიდეცო. წამოვიდა ქალი, თან ფიქრობდა: ძროხას ხუთ თუმნადაც არავინ მომყიდის, ოც მანეთად სადღა ვნახავო. გზად მიმავალს კაცი შეხვდა, რომელიც ძროხას ოც მანეთად ყიდდა. გახარებულმა ქალმა ძროხა იყიდა და შინ წაიყვანა. ეს ამბავი რომ გაიგო მისმა მეზობელმა, შეშურდა. თუმცა ყველაფერი საკმარისად ჰქონდა, მამა გიორგისთან წავიდა, მოატყუა, - შვილები შიმშილით მეხოცებიანო. მამა გიორგიმ მასაც მისცა ფული ძროხის შესაძენად - თვრამეტი მანეთი. შინ მობრუნებულ ქალს თავისი ძროხა მკვდარი დახვდა. სინანულში ჩავარდა, გაიქცა მამა გიორგისთან: მოგატყუე, მამაო, და ღმერთმა დამსაჯაო. მამა გიორგიმ უთხრა: წადი და ამის მერე არავისი შეგშურდეს. მაგ ფულით კი, რომ მოგეცი, ძროხას იყიდიო. მართლაც ასე მოხდა, ქალს გროშიც კი არ დაუმატებია.
* მამა სერაპიონმა 95 წლის განდეგილი სასწაულმოქმედი მამა, წმინდა მარკოზ თრაკიელი ნახა, წმინდანი ნამეტნავი სიხარულისგან საკუთარ თავს აქებდა: ნეტარია სული შენი, მარკოზ, რამეთუ არ შებილწე ის ამა სოფლის არაწმიდებით. ნეტარია სხეული შენი, რამეთუ არ მისდევდა ცოდვიან ვნებებსა და სურვილებს. ნეტარია თვალნი შენნი, რამეთუ ეშმაკმა ვერ აცდუნა ისინი სხვისი სილამაზის ხილვით. ნეტარ არიან ყურნი შენნი, რამეთუ არ ესმით მათ ხმა ქალისა თუ სოფლის ამაოებისა. ნეტარ არიან ხელნი შენნი... და სხვა ამგვარი სიტყვებით განამხნევებდა წმინდანი საკუთარ სულს. სწორედ ამ მართალი სიტყვების გამო ეშმაკებმა წმინდა მარკოზის სული გარდაცვალების შემდეგ ერთ საათზე მეტხანს დააკავეს საზვერეებში და დავობდნენ, ის ჩვენია, რადგან ამ სიტყვებით თავს იქებდაო. ბოლოს უფალმა მოუწოდა ანგელოზებს და უბრძანა: წადით და მოიყვანეთ ჩემთან შემარცხვენელი ეშმაკთაო.