მალე ბულგართა მეფეს ძე შეეძინა და ამნისტიით ტყვეები გაათავისუფლა. ხარლამპე აღთქმისაებრ ბერად შედგა, მის ძმას, დამიანეს წმინდა გიორგის ხატის წინ კანდელი არასოდეს ჩაჰქრობია, ბასილი კი არ ჩქარობდა. ომის დროს ცხენები ჭირდა და ბასილიც ცხენით ინახავდა ოჯახს. "აღთქმას მოგვიანებით ავასრულებ, როცა ცხენი მაინცდამაინც არ დამჭირდებაო", - ამბობდა.
გავიდა 5-6 თვე. წმინდა გიორგიმ არ დაივიწყა მისი აღთქმა. ერთხელ, ღამით, ძილში გამოეცხადა ბასილს და უთხრა: - ჩემი ცხენი შინ რატომ გყავს დაბმულიო. შეშინებულმა ბასილმა უთხრა: "წმინდაო გიორგი, შენთან ცოტა მოგვიანებით მოვიყვანო. რაზეც წმინდანმა უპასუხა: - არა, აღთქმის დღიდან ცხენი შენ აღარ გეკუთვნის, ის ჩემია, შენ კი ცუდად იქცევიო.
ინათა თუ არა, ბასილმა ცხენი წაიყვანა და წმინდა გიორგის ეკლესიის ღობეზე მიაბა - გადამარჩინე და ამიტომაც შენთვის არაფერი მენანებაო.
***
ვარიაგების მთავრის, აფრიკანის სიკვდილის შემდეგ მისმა ძმამ ძმისშვილი, შიმონი ქვეყნიდან გააძევა. შიმონმა თავი კიევს შეაფარა. 1068 წელს რუსეთს ყივჩაღები დაესხნენ. მათთან საბრძოლველად შიმონიც წავიდა და ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი დაეცა. ახედა ზეცას და ეკლესია იხილა. შიმონმა ღმერთს განკურნება შესთხოვა და მეყსეულად სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მივიდა წმინდა ანტონთან და ხილვა მოუთხრო: მამაჩემმა დიდი ხის ჯვარი გააკეთა, მასზე ქრისტეს მსგავსი სახე გამოსახა და მას ეთაყვანებოდა. ქრისტეს გამოსახულებას ოქროს სარტყელი შეაბა, თავზე ოქროს გვირგვინი დაადგა. როცა ბიძაჩემმა გამომაგდო, იესოს სარტყელი და გვირგვინი თან წამოვიღე. გვირგვინი რომ ჩამოვხსენი, ხიდან ხმა მომესმა: - არასოდეს დაიდგა თავზე ეს გვირგვინი, წაიღე მისთვის გამზადებულ ადგილას, სადაც ღირსი თეოდოსი ააგებს ეკლესიას დედაჩემის სახელზე. ესენი კი მიეცი თეოდოსის, რათა ჩამოკიდოს ჩემს სამსხვერპლოზეო. მართლაც, სიმონის (ასე უწოდეს შიმონს) დახმარებით წმინდა თეოდოსიმ ააშენა ტაძარი, სადაც პირველი სიმონი დაიკრძალა. მისმა ძემ, გიორგიმ, ღირსი თეოდოსის კუბოს მოჭედვა გადაწყვიტა და ამ საქმის მოსაგვარებლად კიევში ბოიარი გაგზავნა, თან 500 გრივნა ვერცხლი და 50 გრივნა ოქრო გაატანა. ბოიარი უხალისოდ დაადგა გზას, თან ამბობდა: - რატომ ხარჯავს მთავარი ამდენ ქონებას მკვდრის კუბოსთვის. ვინც გაიგებს, ალბათ დამცინებს, ამ სულელურ ბრძანებას რომ ვასრულებო. ბოიარს სიზმრად წმინდა თეოდოსი გამოეცხადა და უთხრა: - შვილო, მინდოდა დამეჯილდოებინე შრომისათვის. ახლა კი რა ვქნა? უნდა მოინანიო, თორემ შავი დღე გელისო. ბოიარი დრტვინვას განაგრძობდა. მალე ცხენები დაუვარდა, ქურდებმა ყველაფერი მოჰპარეს, გიორგის გამოტანებული ოქრო-ვერცხლის გარდა. ვასილიმ (ასე ერქვა ბოიარს) გახსნა ქისა, ფულის მეხუთედი აიღო, ცხენები იყიდა. ჩერნიგოვს რომ მიუახლოვდა, ცხენიდან ჩამოვარდა და ისე დაშავდა, ვეღარ ინძრეოდა. გამოეცხადა წმინდა თეოდოსი და უთხრა: - თუ შეინანებ, ჩემს კუბოზე შეხებით გამოჯანმრთელდებიო. ვასილი მღვიმევის მონასტერში მიიყვანეს. მან ფულის დახარჯვის ამბავი დამალა, მაგრამ წინამძღვარმა ამხილა ქურდობაში. ბოიარმა გულწრფელად შეინანა მძიმე ცოდვა და მოხდა სასწაული - როცა ქისიდან ფული წამოჰყარეს, გროში არ აკლდა. ყველამ ადიდა ღმერთი. გიორგიმ ეს ამბავი რომ შეიტყო, თავის შესაწირავს ას გრივნა ოქროდ ღირებული ყელსაბამიც დაუმატა.
***
მღვიმევის მონასტრის ბერი, სახელად ერაზმი, თავის დროზე მეტად მდიდარი გახლდათ და ქონება მთლიანად ეკლესიას მოახმარა, მრავალი ხატი მოაჭედინა. ამის გამო დიდ სიღატაკეში ჩავარდა და ბევრმა აქცია ზურგი. სასოწარკვეთილს ეგონა, ღვთიურ ჯილდოს ვეღარ მიიღებდა. ერთხელ ისე ავად გახდა, რომ ენა წაერთვა. შვიდ დღეს იწვა მუნჯად, თან ვერაფერს ხედავდა, ძლივსღა სუნთქავდა. მერვე დღეს ძმებმა მოინახულეს და ნანობდნენ მის დაღუპვას. მაგრამ ერაზმი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა და თქვა: - ძმებო და მამებო, ახლა მომევლინნენ წმინდა ანტონი და თეოდოსი და მითხრეს: - ჩვენ ვევედრეთ უფალს და მან მოსანანიებლად დრო მოგცაო. ამ დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვიხილე. ხელთ ძე ეპყრა. თან ყველა წმინდანი ახლდა. მითხრა: "ერაზმ, ჩემი ეკლესიის შემკობისა და ხატებით განდიდებისთვის შენც განგადიდებ ჩემი ძის სამეუფოში, ოღონდ როცა განიკურნო, მოინანიე ცოდვანი და უფლის ანგელოზს ემსგავსე. მესამე დღეს წაგიყვან ჩემთან, რადგან შეიყვარე მშვენიერება ჩემი სახლისა". ერაზმმა სიტყვა დაასრულა და იწყო აღსარება ყველას წინაშე, გარეშე სირცხვილისა ამხილა თავისი ცოდვანი. მერე ადგა, შევიდა ეკლესიაში და სქემა შეიმოსა. მესამე დღეს კი მშვიდად მიიცვალა.
***
ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო დღეები დგებოდა. საყდარში უნდა ეზეიმათ და კანდელისთვის ხის ზეთი შემოაკლდათ. იკონომოსმა გადაწყვიტა, სელის ზეთი (გაცილებით მდარე) ეშოვა. ნეტარმა თეოდოსიმ უფლება მისცა. როცა ზეთის ჩასხმას აპირებდა, ჭურჭელში დამხრჩვალი თაგვი ნახა. მიირბინა მოძღვართან და უთხრა: - რა გულმოდგინებით დავხურე ზეთის ჭურჭელი და ვერ გამიგია, როგორ შეაღწია თაგვმა და წაბილწა ზეთიო.ნეტარმა კი ივარაუდა, ეს ამბავი უგანგებოდ არ მოხებოდაო. თავის თავსაც უსაყვედურა, ღვთის ძალმოსილებისა რატომ მტკიცედ არ მწამსო და იკონომოსსაც უთხრა: - ღმერთს უნდა მივნდობოდით, ძმაო, რადგან მას ყველაფრის ბოძება შეუძლია, რასაც ვისურვებთ. ხოლო ჩვენ, ურწმუნონი, იმას ვჩადით, რაც დაუშვებელია. გადაღვარე ეგ ზეთი. ცოტა მოვითმინოთ, ვილოცოთ და უფალი უხვად მოგვცემს ხის ზეთსო.
საღამოპირს ვიღაც მდიდარმა მონასტერში მოულოდნელად ზეთით სავსე უზარმაზარი ბადია მოიტანა. აავსეს კანდელები და ბევრიც დარჩა. მეორე დღეს კი ღვთისმშობლის დღესასწაული ღირსეულად იზეიმეს.
***
XIX საუკუნეში რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში მსახურობდა ცნობილი ღირსი მამა, მღვდელი გიორგი ჩეკრიაკოველი. მან ძველი ხის ეკლესიის ადგილას ქვის ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ამისთვის კი საკმარისი სახსარი არ ჰქონდა. ამ დროს სოფელში ვინმე ძუნწი და ავი ვაჭარი ცხოვრობდა. თავის ნათესავებსაც კი ტყავს აძრობდა და გლახაკებს რას დაინდობდა! სიბერეში თითქოს გულმოწყალე გახდა, ეკლესია-მონასტრებს ფულს სწირავდა. გაიგო, მამა გიორგის ფული სჭირდებაო და 20 000 მანეთის შეწირვა შესთავაზა. მამა გიორგიმ კი უთხრა, ეკლესიებს ღმერთი აშენებს, ჩვენ კი, ადამიანები, მისი მოურავები ვართ. მადლობას გიხდი ამ შესაწირავისთვის, მაგრამ ბატონმა (უფალმა) მიბრძანა, ფული არ გამოგართვაო. ეს როგორო! - განცვიფრდა ვაჭარი. შენი ფული ხალხის ცრემლით არის დასველებული, ასეთი კი ღმერთს არ სჭირდება. შენი ახლობლები ხელგაწვდილნი ითხოვენ მოწყალებას, შენ კი მათი ცრემლის მოსყიდვა ღვთისაგან ფულით გსურს! შენი მილიონიც არ მინდა. წადი და მაგ ფულით განაწყენებულნი შემოირიგეო. ამან იმოქმედა ვაჭარზე და მასზე გულნაკლულთ ზოგს სახლი აუშენა, ზოგიც ფეხზე დააყენა, მოძებნა ყველა შეურაცხყოფილი და შეირიგა. ***
სერგი ნილუსი იხსენებს: წმინდა სერაფიმე საროველის მიერ განკურნებულმა სერგიმ თავის მამულში რამდენიმე ეკვდერი ააშენა, სადაც ხალხი მიდიოდა, ლოცულობდა, გროშებს სწირავდა. ერთი ეკვდერიდან ვიღაცამ შემოწირული ფულის პარვა დაიწო. ხალხმა ეჭვი მწყემს ანდრიასა და მის ათი წლის ვაჟზე მიიტანა. გაბრაზებულმა ანდრიამ ხალხს მიახალა: ფული თქვენი არ არის და თუ ავიღე, თქვენს წინაშე კი არ ვაგებ პასუხსო.ერთხელ, ელიაობას, ერთმა მეზობელმა დაინახა, რომ ანდრია და მისი ვაჟი ეკვდერისკენ მიიპარებოდნენ. ანდრია, ამ ელიაობა დღეს რას სჩადიო, - შეარცხვინა. მწყემსმა მიუგო: - დიდი ვინმეა ჩემთვის შენი ელიაო. მალე ღვთის რისხვა მოეწია ქურდს. მდინარის პირას აძოვებდნენ საქონელს. ბიჭს ბუჩქის ძირას მიეძინა. ამ დროს ნახირს გამოეყო დიდი ხარი, ბიჭი რქებით აიტაცა და მორევში მოისროლა. ანდრია წყალში გადახტა, მაგრამ ბავშვს როგორ მიეშველებოდა, როცა ცურვა არ იცოდა. მამა-შვილი დაიხრჩო.
***
მღვიმევის ლავრაში ძველი ტაძრის აღდგენა მამა მანუელს დაევალა. ააშენა პატარა ტაძარი, მაგრამ მის გასამშვენებლად ფული აღარ ეყო. გამოეცხადა თავისი მოძღვარი, მამა იონა და უთხრა, - ერთი ქალბატონი დაგეხმარებაო. ცოტა ხანში კიევში ჩამოვიდა მხევალი ღვთისა მარია ოსიპოვა, რომელმაც მამა მანუელს 800 მანეთი გადასცა და მოუბოდიშა, რომ ათას მანეთს ვერ აძლევდა.
"მოუთმენლად ველოდი თქვენს მოსვლას და ჩემი მოძღვრის ნათქვამის აღსრულებას, მაგრამ რა მიზეზმა გაიძულათ, ჩვენი მონასტრისთვის ამდენი ფული შემოგეწირათ, თანაც ასეთი გაჭირვების ჟამს?" - ჰკითხა ქალს მამა მანუელმა.
- მამაო, მე დიდად ცოდვილი ვარ, 65 წლის შევსრულდი და აქამდე ტაძარში არსად შემიგზავნია ჩემი სახელი მოსახსენიებლად. ამაზე ვწუხდი, მერე კი ვიფიქრე, სადაც ღმერთი ინებებს, იქ შევწირავ ფულს და მომიხსენებენ-მეთქი. რაც მოგიტანეთ, ამაზე მეტი არა გამაჩნია რა. ერთხელ სიზმარში ვხედავ ახალაშენებულ მშვენიერ სახლს. ვისი სახლია-მეთქი, - ვკითხე თანამგზავრს. შენიო. ვინ ამიშენა-მეთქი, - გავოცდი. ლავრის ბერებმაო. დიდად გახარებულს გამომეღვიძა. მივხვდი, რომ ამ ლავრაზე იყო საუბარი.
შემდგომში ამ ქალმა კიდევ 100 მანეთი და 400-მანეთიანი ზარიც შესწირა ტაძარს.
***
წმინდა სამების ტაძრის კურთხევის დღეს წმინდა ალექსანდრე სვირელმა შესამოსლის კალთა აიწია და შემოწირულობის შეგროვება დაიწყო. ხალხი ბედნიერად თვლიდა თავს, თუნდაც გროში ჩაეგდო. ვინმე გრიგოლმა რამდენჯერმე სცადა ფულის ჩაგდება, მაგრამ წმინდანმა ჯერ ზურგი აქცია, მერე კი ხელით შეაჩერა. არც მესამედ მისცა საშუალება ფულის ჩაგდებისა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წმინდანს ერთხელაც არ შეუხედავს შემომწირველისთვის. გრიგოლი იძულებული გახდა, განზე გამდგარიყო. საღამოს კი კელიაში ეწვია წმინდანს და ჰკითხა, - მამაო, თქვენ არც მე მიცნობთ და არც ჩემს ოჯახს, ყველასგან იღებდით შემოწირულობას და ჩემგან რატომ არ მიიღეთო. წმინდა ალექსანდრემ შეხედა და უთხრა: - ხელნი შენნი შებილწულია. ჩვენ მცნებად გვაქვს მშობლების პატივისცემა, შენ კი ლანძღავ, სცემ დედას და ეს ცოდვა ერთხელაც არ მოგინანიებია. წადი, შვილო, შეირიგე შენი მშობელი და შენდობა სთხოვეო.