ლოცვა ბაგეთაგან არ შორდებოდა, ვიდრე მისი ანგელოსთა დარი სული ზეცად არ აღვიდა
ერთი სავანის ბერი დიდი მოშურნეობით მოღვაწეობდა, მაგრამ დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე.
აღარ ეზიარებოდა, რადგან გულისთქმას დაუჯერა, რომელიც ეტყოდა, შენში ქრისტე განისვენებს და საღმრთო ზიარების მიღება აღარ გჭირდებაო. ტაძარში მხოლოდ სეფისკვერს იღებდა, რომელიც მკაცრად მომარხულეს მთელი დღე ჰყოფნიდა. საცოდავი ნაკურთხ წყალსაც კი არ სვამდა: "მე უკვე წმინდანი ვარ, ჩემი შარდიც კი გაწმენდილია, იმას დავლევ, როცა მომინდებაო" და ამ უბედურმა საკუთარი შარდის სმა დაიწყო! წარმოიდგინეთ, რა ამაზრზენ ხიბლში ჩავარდა. სულმთლად გაველურდა, უწესოდ იქცეოდა მონასტერში და ათას სისულელეს ამბობდა. მამები იძულებულნი გახდნენ, ბერი მონასტრის კოშკში ჩაემწყვდიათ, თვითონ კი ლოცვა დაიწყეს, გონს რომ მოსულიყო. ერთ ძმას დაავალეს მიეხედა და ყურადღება მიექცია, თავისთვის რამე რომ არ აეტეხა. ყოველთვის, როცა ამ ძმას საჭმელი მიჰქონდა მასთან, ის თავის ცრუ ხილვებს უყვებოდა: "მე, ძმაო, წმინდანი ვნახე" ანდა "მე ანგელოზი ვიხილეო", ხან იტყოდა, წმინდა მოწამე გავხდებიო და სხვა. ძმა მჭრელ საგნებს არასოდეს უტოვებდა. ერთხელ კონსერვის ქილით სარდინი მიუტანა. როცა მოხიბლულმა ძმამ ისადილა, მას ანგელოზის სახით ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: "ქრისტემ უკვე განგიმზადა ღირს ბერთათვის განკუთვნილი გვირგვინი, ახლა კი მოწამის გვირგვინს გიწნავს და ელოდება, ამ საპყრობილეში მისი სიყვარულისთვის მოწამედ როდის აღესრულებიო". მერე კი შთააგონა, მოწამებრივი აღსასრულისთვის რაიმე ბასრი საგანი ეპოვა. ეშმაკისაგან დარიგებულმა ბერმა თვალი კონსერვის ქილის სახურავს ჰკიდა, აიღო და ყელის გამოჭრა დაიწყო, ტკივილისგან ყვიროდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ყელის გამოჭრას.მის გულისგანმგმირავ ყვირილზე მამებმა მოირბინეს. მათ შორის იყო მასზე მზრუნველი ბერიც. როცა მამებმა ხელიდან ქილის სახურავი გამოგლიჯეს, ბერმა ყვირილი მორთო: დამაცადეთ, მოწამედ აღვესრულოო! მზრუნველმა ბერმა შეიპყრო და უთხრა: "ცოტა მოითმინე, მოდი, ჯერ ჭრილობას გადაგიხვევ, შემდეგ კი გაწამებო". ამ ბერს დიდი სიყვარული ჰქონდა და სხვებისთვის იხარჯებოდა. შეუხვია ჭრილობა, შემდეგ მოიხსნა ქამარი და ზურგზე ცემა დაუწყო. მოხიბლულმა ბერმა მხოლოდ რამდენიმე დარტყმას გაუძლო და ყვირილი მორთო: დამანებე თავი, ვეღარ ვითმენ ამ წამებასო.
აი, ამგვარად დამდაბლდა ბერი მამათა წინაშე. საბრალო მამები განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, რომ ღმერთს მათი ძმა ამ საშინელი ხიბლისგან დაეხსნა და სახიერი უფალი შეეწია მათ: ძმა დამდაბლდა, შეინანა, აღსარება თქვა, ეზიარა და ეშმაკის მახეთაგან თავდახსნილი, ღვთის მადლით, გონს მოვიდა. ამის შემდეგ მან კიდევ დიდხანს იცოცხლა გულშემუსვრილმა სიმდაბლით და განისვენა უფალში. დიდება უფალს!
***
როცა კაცი განუწყვეტლივ ტკბილ ნაყოფს მიირთმევს და ანაზდად მწარე ან მჟავე შეხვდება, კიდევ ერთი-ორი ტკბილი ნაყოფი უნდა შეჭამოს, რომ სიმწარემ გაიაროს. სულიერი აზრითაც ამგვარად უნდა მოვიქცეთ. რადგან გაგამწარეთ ბოლო მოთხრობით, ურიგო არ იქნება, გიამბოთ ორი პატარა, მაგრამ ძალზე ტკბილი საღმრთო ამბავი, რათა სულიერად კვლავ დავატკბო თქვენი სულები.მე ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ გამიგონია ღვთისმოშიშ მამათაგან, მათ შორის - ჩემი მოძღვრისაგან, რომლის თვალწინაც მოხდა ეს ამბავი.
კატუნაკში, "ღირს არსის" კალივაში, ორმოცდაათი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ბერი სამ მორჩილთან ერთად. მათ მამა გიორგი, მამა პახუმი და მამა ოქროპირი ერქვათ. ბერის გარდაცვალების შემდეგ მოძღვარი გახდა ბერად კურთხევის მიხედვით უფროსი - მამა გიორგი. რადგან ის სრულიად უსწავლელი და ძალზე უბრალო გახლდათ, დანარჩენმა ორმა ბერმა მისი მორჩილება არ ისურვა, რადგან მამა გიორგიზე განათლებულნიც იყვნენ და უფრო ამაყნიც, ამიტომაც დაუტევეს მოძღვარი და რაკი ერთმანეთის მორჩილებაც ვერ შეძლეს, დროთა განმავლობაში ერთმანეთსაც დაშორდნენ. უამრავი ადგილი შეიცვალეს, გადადიოდნენ მონასტრიდან მონასტერში, სენაკიდან სენაკში.
ერთხელ ერთ მათგანს გაახსენდა თავისი მოძღვარი, რომელიც სიბერის ჟამს მიატოვა და მისი მონახულება გადაწყვიტა. აბგა სანოვაგით აავსო და გზას გაუდგა. კალივას რომ მიუახლოვდა, იქვე მეზობლად მცხოვრებ ბერს ჰკითხა მისი ამბავი. უთხრეს, უკვე დიდი ხანია არ გვინახავსო. ერთმა კი ამცნო: "ერთი კვირის წინ მისი საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, ალბათ კარგად არისო".
ბერი აღელდა და შეშფოთებული მიადგა კალივას. ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა. ამან უფრო შეაშინა და კარებზე ყვირილით დააბრახუნა. ხმა არავინ გასცა. მიაწვა კარს, შეაღო და შევიდა. მოძღვარი მწოლიარე ნახა და სთხოვა: "მაკურთხე, მამაო! როგორ ხარ? აი, შენს სანახავად მოვედი".
ბერმა დიდი მწუხარებით უპასუხა: ჰოი დალოცვილო, კარგი იყო, არ შემოსულიყავი, რადგან შენი შემოსვლისთანავე გაქრა წმინდა ანგელოზი, რომელიც მე მემსახურებოდა. ამიტომაც არ გიღებდი კარს. მეტად ნუღარ მოხვალ, რადგან შენი მოსვლით ანგელოზს განმაშორებო.
ძმა უკან გაბრუნდა, ბერი კი კაცთაგან მიტოვებული იწვა თავის სენაკში ფიცარნაგზე და რაკი მთლიანად ღმერთს მიენდო, ანგელოზთაგან იღებდა მსახურებას.
***
დაახლოებით იმავე დროს იმ ადგილიდან ოდნავ მოშორებით, წმინდა ბასილის სკიტში, ცხოვრობდა მამა თეოფილაქტე, რომელიც დიდი ღვთისმოშიშებით და მოღვაწე სულით გამოირჩეოდა. მას ყველა წმინდანად თვლიდა, რადგან, თუმცა კი ძალიან ცდილობდა დამალვას, მისი წმინდა ცხოვრება კაცთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მამები ხშირად ხედავდნენ მას, ოდეს ჭვრეტდა უფალს. ორი მორჩილი ჰყავდა - მამა არსენი და მამა პამფილე. მამა თეოფილაქტეს სულიერი შემუსვრილების ჟამს უძნებლდებოდა სხვებთან ერთად ლოცვა, რათა არ გაეგოთ მისი ტირილი, არ შეემჩნიათ ცრემლი, რომელსაც ვერ იკავებდა. ამიტომ ღვთისმსახურებისას მთებში, მღვიმეებში განმარტოვდებოდა ხოლმე და დილით ბრუნდებოდა. დიდად სულიერად ცხოვრობდა, მაგრამ რაკი დიდი თავმდაბლობა ჰქონდა, ცდილობდა, თავისი სათნოებანი შეუმჩნევლად აესრულებინა.
ერთ ზამთრის ღამეს ის კვლავ მთებში წავიდა ღვთისმსახურების ჩასატარებლად და აღარ დაბრუნდა. მამები აღელდნენ, სადმე თოვლში ხომ არ ჩაეფლოო და საძებნელად წავიდნენ. კლდესთან რაღაც შავი შეამჩნიეს და ახლოს მივიდნენ. ბერი აღმოჩნდა. გაუნძრევლად იდგა. მამები შეშინდნენ, ხომ არ გაიყინაო, მაგრამ როცა ხელი შეახეს, დაინახეს, რომ მისი სხეული ცეცხლივით ვარვარებდა, გარშემო მისი ლოცვის მხურვალება დამდგარიყო. შეხებისას ძლივს მოვიდა გონს... დაუტევა სამოთხე და ღვთისმშობლის კუთვნილ მიწაზე დაბრუნდა.
მეუდაბნოე ბერები მამა თეოფილაქტეს ისიქასტად მიიჩნევდნენ და დიდად აფასებდნენ. დემონებს შურდათ მისი და ყოველნაირად ცდილობდნენ, ღვთის ჭვრეტას, ლოცვას მოეწყვიტათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.
იქაური მამები ამბობდნენ, რომ მამა თეოფილაქტეს დიდი მეგობრობა ჰქონდა გარეულ ცხოველებთან, რომლებიც გრძნობდნენ მის სიყვარულს და როცა რამ დასჭირდებოდათ, თეოფილაქტეს კალივასთან მიდიოდნენ. ერთხელ შველი მიადგა. შესაბრალად ბღაოდა და მოტეხილ ფეხს უჩვენებდა. ბერმა ორცხობილა მიუტანა, რომ დანაყრებულიყო, და ფეხზე არტაშანი დაადო, მერე კი უთხრა: "წადი მშვიდობით, ერთი კვირის შემდეგ მოდი, ფეხი რომ გაგისინჯოო". კეთილ მოძღვარს ისე ესმოდა ცხოველების, როგორც ექიმს ავადმყოფისა, რადგან უკვე ღვთის კაცად ქცეულიყო. დაე, თან გვდევდეს მისი და სხვა ღირს მამათა ლოცვა.
ლოცვითა ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობლისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
***
კატუნაკელი მამა ბენიამინი ჯერ კიდევ ერში ღვთისმოშიშად ცხოვრობდა, რადგან ქრისტიანული ზნეობის ოჯახის შვილი იყო. ქრისტეს დიდმა სიყვარულმა აიძულა, დაეტოვებინა მშობლები, სამშობლო, სამსახური (პოლიციაში მუშაობდა) და ათონზე, ღვთისმშობლის ბაღში მოსულიყო.თავდაპირველად მამა კალენიკე ისიქასტთან წავიდა. ღრმა განსჯის უნარის მქონე მამა კალენიკემ მასში უდიდესი საღმრთო მოშურნეობა დაინახა, მაგრამ მისი სხეულის უძლურებაც შეამჩნია, ამიტომ მოუთხრო მას თავის ცხოვრების წესზე, რათა ახალგაზრდას ნაკლებად მკაცრი ტიპიკონის მქონე საძმო მოეძებნა. "მე, შვილო ჩემო, - უთხრა მან, - დღეში ერთხელ, მეცხრე ჟამის შემდეგ, ორმოცდაათ დრამ (ერთი დრამი - 3,2 გრამი) ორცხობილას, ვჭამ. თუ შეგიძლია დაითმინო ასეთი ცხოვრება, დარჩი, თუ არადა სხვა ადგილი ეძებეო".
რაკი ახალგაზრდას ტუბერკულოზისკენ ჰქონდა მიდრეკილება და ჯანმრთელობა ამგვარი მკაცრი მოღვაწეობის ნებას არ აძლევდა, "ღირს არსის" კალივაში მამა პახუმისთან წავიდა, სადაც ბენიამინის სახელით აღიკვეცა ბერად და მრავალი წლის განმავლობაში მოშურნედ იღვწოდა.
მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, მამა ბენიამინი მოსაგრე ბერი გახლდათ. ყოველ ღამეს ლოცვაში ატარებდა, დღისით კი ხელთ ან წმინდა მამათა წიგნები ეპყრა, ან საქმიანობდა. ლოცვა კი ბაგეთაგან არ შორდებოდა, ვიდრე მისი ანგელოსთა დარი სული ზეცად არ აღვიდა.
მისი მიცვალების ჟამს ერთი ქრისტესთვის სულელი ქალი ატიკაში ღვთისმშობლის მონასტერში ხმამაღლა ყვიროდა: "ვაი, ვაი, ეს ვინ დავკარგეთ! წავიდა, წავიდა! სულ ახლახან გარდაიცვალა მამა ბენიამინ კატუნაკელი. მისი სული წავიდა ქრისტესთან, უფალმა კი უბრძანა ანგელოზებს, ბენიამინისთვის შუბლზე წითელი ბაფთა შემოეკრათ, რომელზეც წერია "მერვე დღის ანგელოზი" (წმინდა მამათა განმარტებით, შვიდი რიცხვით აითვლება ამ სოფლის არსებობის ჟამი, მერვე დღე კი მარადისობის, მომავალი ცხოვრების სიმბოლოა).