"ენებით ლაპარაკის" მადლი ქართველ ბერებსაც ჰქონდათ
* ტაძარში სწირა და იქადაგა დიდმა მჭევრმეტყველმა მამამ, მოსკოვის მიტროპოლიტმა წმინდა ფილარეტმა.
წირვას ესწრებოდა გიორგი XII-ის ძე, მიხეილი, კაცი ფილოსოფოსი, ფრიად ნასწავლი, მამასავით დიდად მორწმუნე. წირვის შემდეგ ბატონიშვილი შევიდა ფილარეტთან. ჩაის სმის დროს წმინდანმა ჰკითხა: ბატონიშვილო, მოგეწონათ ჩემი ქადაგება? მშვენიერი იყოო, - მიუგო მიხეილმა. "თქვენი კათოლიკოსებიც ეგრე უქადაგებენ ხალხს?" მიხეილმა მიუგო: "რასაც თქვენ უქადაგებთ მსმენელთ, ეგ ყოველივე წმინდად სრულდება ჩვენში, დაწყებული უბრალო ხალხიდან, ვიდრე მეფემდე. აი, ასე იყო დამწყსილი ჩვენი ეკლესია (ერი)". მაშინ ფილარეტმა შუბლზე ხელი შემოიკრა და თქვა: "ფას, ფილარეტ! ბრძნული კითხვა მიეცი, გარნა უბრძნესი პასუხი მიიღეო".* 1757 წელს სამეგრელოდან აღმოსავლეთ საქართველოში, ერეკლე მეფისეულ სკოლაში სასწავლებლად წამოვიდა ოტია დადიანის ძე ანტონი. ოთხი წლის მერე მიბრუნებულმა ცაგერის საეპისკოპოსო კათედრა მიიღო და მალე მჭევრმეტყველის სახელი მოიპოვა. ქართლის კათოლიკოსს, ანტონ I-ს ამ ახალი ფილოსოფოსის ნახვა და მისი ქადაგების მოსმენა უნდოდა. ანტონი 1765 წელს თბილისში ჩამოვიდა, როცა მისმა ძმამ ერეკლეს და, ელისაბედი მოიყვანა ცოლად. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა ექადაგა. იმ დღეს სულიწმინდის მოფენა იყო. ანტონმა ქადაგება წარმოთქვა სულიწმინდაზე ისეთი ხელოვნებით, რომ აღტაცებულ ანტონ კათოლიკოსს ამბიონზევე გადაუკოცნია მჭევრმეტყველი. ამის შემდეგ თურმე დიდი ერთობა ჰქონიათ ორივე ანტონს და ხშირი მიწერ-მოწერა. ერთ ამგვარ წერილში ანტონ კათოლიკოსი ახალგაზრდა ანტონ ცაგარელს "არონისებრ ძველ მღვდელს" უწოდებს - თუმცა წლოვანებით ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ჭკუა-გონებით ძველ მღვდელთა დარიო. 1777 წელს ანტონ დადიანმა ჭყონდიდლობა მიიღო. ამბობენ, რომ ყოველ წირვაზე ქადაგებას იტყოდა და მის სიტყვას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელზე. ანტონის ცხოვრება ქრისტეს მცნებათა განხორციელება იყო: ყოველგვარი ხორციელი ფუფუნება უარყო, მარხვასა და მოთმინებას მისცა თავი. ასეთსავე ცხოვრებას ითხოვდა ბერებისგან, რომელნიც, როგორც ჩანს მისი ქადაგებებიდან, ვერ იტანდნენ ასეთ სასტიკ ცხოვრებას და დრტვინავდნენ. XVIII საუკუნეში სამეგრელოში ტყვეთა სყიდვა შემოიღეს, რომლის წინააღმდეგ ანტონი აღიჭურვა არათუ სიტყვით, საქმითაც. ტყვის მყიდველთ შეაჩვენებდა, მის სახლში მღვდელს არ შეუშვებდა, მის სოფელში ეკლესიას კეტავდა. ასეთი სასტიკი სასჯელი ყოველთვის აღწევდა მიზანს, დამნაშავენი შენდობას ითხოვდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ. 1789 წელს ანტონმა დაუტევა ჭყონდიდლობა და ნახარებაოს მონასტერში ბერად შედგა, 1815 წელს გარდაიცვალა და აქვე დაკრძალეს, ყოველ წელს კი მისი საფლავის გარშემო სურნელოვანი ბალახი ამოდიოდა...
* დიდგორში ათჯერ მეტ მტერს შეება ქართველობა. ერს გამხნევება სჭირდებოდა და წმინდა დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა მებრძოლებს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სურვილის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ! ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისთვის და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აღპყრობით ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე გავიქცევით, და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შევსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარ და მტკიცე გულით, სასტიკად შევუტიოთ ჩვენზე იერიშის მოსატანად წამოსულ მტრებს". წმინდა მეფის შეძახილმა გული გაუმამაცურა ქართველებს, თავდაუზოგავად შეერკინნენ მტერს და სასწაულებრივად სძლიეს.
* პირდაპირი, მამხილებელი, ნუგეშის მიმცემი და საკეთილო იყო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები. ბატონყმობის გადავარდნამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქვა ქადაგება ბატონყმობის წინააღმდეგ - ბატონყმობა არის უსამართლობა, წინააღმდეგი ქრისტეს მცნებისა, სამარცხვინო და მავნებელი. სასარგებლო იქნებოდა მისი მოსპობაო. თავადაზნაურობამ დრტვინვა დაიწყო, - ეს რა გაბედა გლეხის შვილმაო. გამოსვლისას კარებთან აიტუზა ვინმე აზნაური, რომელსაც ქარქაშიდან ამოწვდილ ხმალზე ხელი დაედო და მღვდელმთავრის მოკვლით იმუქრებოდა. გაბრიელი დეკანოზმა გ.გ.-მ გააფრთხილა, - თავადაზნაურობა აღელვებულია და არ გახვიდეო. "ნუ წუხხარ, დეკანოზო", - ბრძანა მღვდელმთავარმა, თამამად ჩაუარა ხმალმომარჯვებულ აზნაურს და ფეხით წყნარად გაუყვა ქუჩას. ის აზნაური და სხვა მეამბოხენი ერთმანეთს შესცქეროდნენ: "მძლია მღვდელმთავარმა! ეს ოხერი ხელი ხმლის ვადაზე შემაცივდაო", - უთქვამს ათრთოლებული ხმით აზნაურს.
ერთხელ წმინდა გაბრიელი ბახვს ეწვია. წირვის შემდეგ ჩვეულებისამებრ ხალხს ესაუბრა "ცოდვაზე, რომლისთვისაც სიცოცხლეშივე ისჯება ადამიანი". ეს ცოდვა იყო სქესობრივი თავშეუკავებლობით სნეულება. გაბრიელმა ისეთი ხელოვნებით და მჭევრმეტყველურად, მაგრამ მარტივად აღწერა ამ სნეულებისგან გამოწვეული ტანჯვა, რომ ყველა ჩააფიქრა. როცა წმინდა გაბრიელმა სიტყვა დაასრულა, ხალხი არ დაიშალა, ჯგუფებად დაიყო და გაბრიელის სიტყვის გამო სჯა-ბაასი გამართა. ერთმა ადგილობრივმა აზნაურმა თქვა: მე საშინელ მდგომარეობაში ჩამაყენა ეპისკოპოსის ქადაგებამ, მეგონა, ჩემზე ლაპარაკობდა, დამალვა მინდოდა, ხან იქით მივაწყდი, ხან აქეთ, მაგრამ ვერ მოვახერხე, ვერსად შევაფარე თავიო.
ივანე ზურაბიშვილი თავის "მოგონებებში" მოგვითხრობს: "1888 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე III ჩამოვიდა საქართველოში. ჯერ თბილისს ეწვია, მოიარა კახეთი და ბოლოს ქუთაისს მოვიდა. აქ სადგურიდან პირდაპირ სობოროში (საკათედრო ტაძარში) გაემართა, სადაც გაბრიელს პარაკლისი უნდა გადაეხადა. ეტლი ტაძრის კიბესთან გაჩერდა. ხელმწიფემ ამალის თანხლებით აიარა კიბე, შევიდა სობოროში და ამბიონისკენ გაემართა, როდესაც ეპისკოპოსის ხმა მოესმა: "შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ..." ხელმწიფე შეყოყმანდა, უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, იქ, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოუსწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა: - ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო...
ეროვნული უკმაყოფილება და ჩივილი იმდენად ნათლად იყო გამოთქმული ეპისკოპოსის სიტყვაში, რომ გუნებაგაფუჭებული იმპერატორი ისე მოიღრუბლა, ვერც იმ საღამოს თავადაზნაურობის მიერ გამართულმა ნადიმმა გადაუყარა სახიდგან ის ღრუბელი".
* "ენებით ლაპარაკის" მადლი ქართველ ბერებსაც ჰქონდათ. მთაწმინდაზე, ივერონის ახლოს, ქართველების დახმარებით აშენებულ მონასტერში ცხოვრობდნენ რომაელი ბერები. წმინდა გაბრიელ ქართველს და დიდ ბერს, ლეონ რომაელს "ფრიადი სიყვარული აქვნდათ სულიერი". მათ მშობლიური ენის გარდა სხვა ენა არ იცოდნენ. როცა შებნელდებოდა, გამოვიდოდნენ სენაკებიდან, ილოცებდნენ და ვიდრე ცისკრის ზარებამდე საუბრობდნენ საღმრთო საგნებზე. მათი სიწმინდისაგან კი ყველაფერი შესაძლებელი იყოო, - ამბობდნენ მამები.
* XIX საუკუნეში ათონზე რუს ბერს, მამა თეონეს სენაკში ეშმაკი გამოეცხადა ადამიანის სახით და გვარიანად ააღელვა. მის ყვირილზე მამები მივიდნენ, მათ შორის იყო წმინდა ილარიონ ქართველიც. მან თავისთან წაიყვანა და დამშვიდება დაუწყო. აუხსნა, რომ ეს უკეთურმა შურით გააკეთა, რადგან ეზიზღებოდა მისი გულმოდგინე ღვთისმსახურება. ბერი დამშვიდდა. დილით მამა თეონე ისევ მივიდა ბერთან და გამოელაპარაკა, მაგრამ მამა ილარიონმა მტკიცედ უთხრა, - არაფერი მესმისო. "როგორ, ღამით ხომ დიდხანს ვსაუბრობდით?" - შეეკითხა თეონე. ამაზე ბერმა თავისი მორჩილის, მამა საბას დახმარებით უპასუხა: "არ ვიცი, როგორ ვლაპარაკობდით, მაგრამ ღმერთმა დაინახა საჭიროება და ისე მოგაწოდა ჩემი საუბარი, გეგონა, რუსულად ვლაპარაკობდი, სინამდვილეში კი რუსულისა არაფერი გამეგებაო".
* დიდი ძალა ჰქონდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ნათქვამ სიტყვას. ერთხელ ერთმა მღვდელმა უთხრა: მაპატიე, მაგრამ შენი სასწაულთმოქმედებისა არა მჯერაო. აბა, დაიჩოქეო, - უთხრა მამა გაბრიელმა. მღვდელმა - ამდენი ხნის ბერი იყო და მორჩილებით დავიჩოქეო. მერე გაბრიელმა უთხრა: გაკურთხებ, რომ არ ადგე და თუ ბიჭი ხარ, ადექიო. ვერ ავდექიო, - თქვა მღვდელმა.
ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი, - ჰყვებოდა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი, - სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა თამარ მეფის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი. აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ლოცვა მიმდინარეობდა, ბერმა ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო, ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: - დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროსო. მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, ბერი თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტირილითა და გოდებით დაიწყო მოთქმა: "გიშრისფერი გაშლილი თმით, ფეხშიშველა მიუძღოდა ჯარს წინ. მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვებინა მტერზე". თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. "თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ?!" - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია წმინდანის ხატს. მრევლმა სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე. ასე აღესრულა სიონის ტაძარში პარაკლისი და ზეთისცხება.
* XVIII საუკუნეში კათოლიკოსის თხოვნით ქართლში ჩამოსულა ტრაპიზონელი არქიმანდრიტი იეროთეოსი, წარმოშობით ჯავახი, ათაბაგთა შთამომავალი. მაშინ ის 50 წლის გახლდათ. 5 წელი სვეტიცხოვლის "ღვთისმშობლის დაუჯდომლის" სახელობის ეკვდერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ორ მღვდელმონაზონთან და მსახურებთან ერთად გაემგზავრა შფოთიან ოსეთში, რომლის მკვიდრნიც ურღვევდნენ მყუდროებას ქართლის ქრისტიანებს. მათ მეთაურობდა ოსეთის მთებში სახელგავარდნილი მრისხანე ავაზაკი ბაკონი. ის ქართველი მეფის კარზე აღიზარდა, მაგრამ რაღაცაზე განაწყენებულმა დაუტევა წყნარი ცხოვრებაც, პატივიც და ქრისტიანული სარწმუნოებაც. იეროთეოსი მის წინაშე მუხლებზე დაეცა და თვალცრემლიანმა შესთხოვა, შეეწყალებინა გაჭირვებული ხალხი. შეახსენა ფრიად ცოდვიანობა და საშინელება მისი ცხოვრების წესისა. გააღვიძა მასში თანაგრძნობა, შეუძრწუნა სული სახარების უარმყოფელს და ზეციური მადლით განუბრწყინვა. აქამდე მოუდრეკელმა ავაზაკმა წამოაყენა მოძღვარი, თვითონ დაემხო მის წინაშე მუხლებზე და ცრემლთა ღვრით ელოდა, რას უბრძანებდა ღირსი მამა. იეროთეოსმა აკურთხა ის წმინდა გიორგის ხატით, მკერდზე ჯვარი ჩამოჰკიდა, სთხოვა, ეკლესია აეშენებინა და სახარებისეული მშვიდობა მოეფინა თავისი ავაზაკებისთვის, ჩასდგომოდა სათავეში მაღრან-დვალეთისა და ქსნის ხეობის ოსებს და ყოფილიყვნენ ქართველი მეფის მფარველობის ქვეშ. ბაკონიც მიემსგავსა დავით ავაზაკყოფილს (ქრისტიანული სახელი დავითიც ალბათ ამიტომ უწოდეს), ვიდრე აღსასრულამდე იყო ოსთა წინამძღოლი. ღირსი იეროთეოსი კი დავითს აღარ მოშორებია. ქადაგებდა, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განამტკიცებდა მთიელებს და მათ შორის აღესრულა.