კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის იტყოდეს და კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის დუმდეს
მამა პიმენმა თქვა: "თუ კაცი გაიხსენებს სახარების სიტყვებს, "სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო"
(მათე 12,37), დუმილს აირჩევსო. ერთმა ძმამ ჰკითხა: "მამაო, რაიმე რომ ვნახო, მოგიყვეო?" ღირსმა პიმენმა უთხრა: დაწერილია, - "რომელმა თქვას სიტყვა ვიდრე კითხვამდე, სიცოფე არის მისთვის და საყვედრელი" (იგავ. 18,13). თუ ვინმემ გკითხოს, უპასუხე, თუ არა, დადუმდი. "მამა პიმენ, სიტყვის თქმა სჯობს თუ დუმილი?" - ჰკითხა ვინმე ბერმა. "კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის იტყოდეს და კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის დუმდეს", - უპასუხა ღირსმა მამამ. * ღვთისთვის დუმდა წმინდა ზაქარია, კარიონის ძე, მრავალი საღმრთო გამოცხადების მხილველი არაფერს ამბობდა. აღსასრულის ჟამს მამა მოსემ ჰკითხა, - რასა ჰხედავო. მან მიუგო: უმჯობესი არ არის დუმილი, მამაო? მაშინ მამა მოსემ ბრძანა: - ჰო, შვილო, დადუმდი. როცა მისი სიკვდილის ჟამი მოიწია, იქვე მჯდომმა მამა ისიდორემ აიხედა ზეცაში და თქვა: - იხარებდე, იხარებდე, შვილო ზაქარია, რამეთუ განგეღო ბჭენი ცათა სასუფევლისა.
* ზოგიერთი მშობელი თავისი ხორციელი სიყვარულით რყვნის შვილებს, არ უფრთხილდება მათ სულს. ალბათ გინახავთ, როცა პატარა იგინება, მის ახლობლებს კი უხარიათ. მათთვის საგულისხმო ერთ ამბავს გავიხსენებთ. წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი მოგვითხრობს: ჩვენს ქალაქში ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ხუთი წლის შვილი ჰყავდა, უზომოდ უყვარდა და მიშვებული ჰყავდა თავის ნებაზე. ბიჭს, დაბრკოლებისას, ჩვეულებად ჰქონდა ღვთის ძალმოსილების გინება. უეცრად ავად გახდა. მამას მომაკვდავი ბიჭი ხელში ეჭირა. ბავშვმა მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა და შეშინებულმა იყვირა: - დამიცავი, მამიკოო. თავი მშობლის მკერდში ჩამალა. მამამ ჰკითხა, - რასა ხედავო? აკანკალებულმა ბიჭმა - შავი კაცები მოვიდნენ და ჩემი წაყვანა უნდათო. თქვა ეს, ღვთის ძალმოსილებას შეაგინა და სული განუტევა. ყოვლადძლიერმა ღმერთმა, იმისთვის, რომ დაენახვებინა ჩვენთვის, რა დანაშაულისთვის მიეცა ბიჭი ასეთ სატანჯველს, დაუშვა, რომ მომაკვდავს გაემეორებინა ჩვეული სიტყვები, რისთვისაც მამა არ ტუქსავდა. მრავლის დამთმენმა ღმერთმა დაუშვა, რომ ღვთისმგმობელს ეთქვა გმობის სიტყვები სიკვდილის წინ, რათა მამამისი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, რომ შვილის სულისადმი უყურადღებობით მან პატარა ცოდვილი გაზარდა გეენიის ცეცხლისთვის, - ბრძანებს წმინდა გრიგოლი დიოლოღოსი.
* სხვა ღვთისმგმობლის აღსასრულიც უნდა მოგითხროთ იღუმენი თეოდოსის (პოპოვი) ცხოვრებიდან: მან თავისი ძმა ღვთისმშობლის ხატით აკურთხა და უთხრა, შვიდი ძე გეყოლებაო. მას ჯერ სამი ქალიშვილი შეეძინა. ეს არის შენი ნათქვამი, შვიდი ვაჟი გეყოლებაო? ჩემთვის საკმარისი იყო ორი გოგონა, ახლა მესამეც შემეძინაო, - ძმამ... ამის თქმის შემდეგ ერთი ქალიშვილი გარდაეცვალა. შემდეგ შვიდი ვაჟი და გოგონაც შეეძინა. სავაჭრო საქმეებიც კარგად წაუვიდა, ცნობილი კაცი იყო, კავკასიაში ლორის-მელიქოვის, ჭავჭავაძის და სხვა მხედართმთავართა სახლებში დიდად მიღებული. იქ ჩასულ იმპერატორს პურ-მარილით დახვედრია. მოსკოვის უმსხვილეს კომერციულ სახლებთან და მოსკოვის ქალაქის თავთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ნელ-ნელა დაშორდა ეკლესიას და ყველა სიკეთე საკუთარ გონიერებას მიაწერა:
- ალბათ ფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც მაქვს, შენმა ქრისტემ მომცა? - უთხრა ერთხელ ძმას.
- აბა, ვინ? - გაუკვირდა მამა თეოდოსის.
- აი, ვინ, - შუბლზე მიიკაკუნა თითი.
გამწარებულმა მამა თეოდოსიმ წამოიძახა: "ანათემა შენ, წყეულო! დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი: წადი კავკასიაში და ნახე, რას მოგცემს შენი გონება თუ უგუნურება. შენ მიყვებოდი, - ორთქლმავლის კაპიტნები ამბობენ,- შეჩერდი, მანქანავ, და ორთქლმავალიც ჩერდებაო. ახლა კი გეტყვი: შეჩერდება მანქანა ყველა შენი მოქმედებისას! წადი და ტვინით იმოქმედე". ამის შემდეგ მას ძმა აღარ უნახავს. მალე უფროსმა ძმისშვილმა შუბლში ტყვია დაიხალა, მეორე პოლიტიკური დანაშაულის გამო ციხეში მოხვდა. ძმის ცოლს ოპერაციისას ექიმმა ყელი გადაუჭრა, ძმის საქმეც ისე წავიდა, რომ რევოლვერით თავი მოიკლა. ასე დაუჯდა მამა თეოდოსის ძმას მკრეხელობა. მამა თეოდოსი კი თავისმა მოძღვარმა, წმინდა ამბროსი ოპტელმა დიდად დატუქსა - ტყუილად გადაეცი შენი ძმა ანათემას და დასწყევლე მისი საქმეო!
* თანამედროვე ათონელ ბერს, მამა ვლასის ერთმა მოხუცმა უამბო: თურმე მამამისი მცირე აზიიდან ბერძენთა განდევნისას უკვალოდ დაიკარგა და სავარაუდოდ დაიღუპა. ახლობლებმა დედამისის ხელმეორედ გათხოვება გადაწყვიტეს. ქალი მშვენიერი იყო, ახალგაზრდა და მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა. საცოდავს გათხოვება არ უნდოდა და ახლობლებს უთხრა: - კარგ საქმეს მირჩევთ, მაგრამ ჯერ ჩემს შვილს ვკითხავ, უნდა თუ არა ახალი მამაო. მაშინ ბიჭი 5 წლის იყო... დედამ ჰკითხა პატარას: - მიხეილ, შვილო, გინდა მამა მოგიყვანო? ბიჭმა ზეცისკენ მიუთითა და თქვა: "არა, ჩემი მამა ღმერთია!" ბავშვის ნათქვამმა გადაწყვიტა ყველაფერი. დედამისი მეორედ აღარ გათხოვდა და თავშეკავებით განვლო ცხოვრება. მისი ვაჟიც არ დაქორწინდა, ათონის მთაზე ბერად შედგა.
* წმინდა მაკარი ოპტელის სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, მისი ნათქვამი უდიდეს გავლენას ახდენდა მსმენელის სულზე. მისი კელიიდან გამოსული ნიკოლოზ გოგოლი ამბობდა: - მართალი უთქვამთ, ის ერთადერთია ჩემს ნაცნობთა შორის, რომლის სიტყვასაც აქვს ძალა და ხელმწიფება, მიიყვანოს ადამიანები ცხოვრების წყაროსთან. შევედი ღირს მამასთან ერთი ადამიანი და გამოვედი მეორეო.
* მადლით იყო სავსე წმინდა ამბროსი ოპტელის სიტყვები. მორჩილებს კატეგორიულად არ სთხოვდა რაიმე ნათქვამის შესრულებას, შემწყნარებლურად უცქერდა ადამიანურ უძლურებებს. მაგრამ ზოგჯერ მათ გონს მოსაყვანად იტყოდა ხოლმე: როცა სიტყვას ვამბობ, უნდა მომისმინოთ პირველი სიტყვიდანვე. მაშინ იქნება ღვთის ნება; ეს მორჩილება ღვთის ნებაა. მე რბილი ხასიათის ვარ, ვუთმობ, მაგრამ ეს სულისთვის სასარგებლო არ არისო.
* ღირსი ნიკონ ოპტელი კი ასე არიგებდა სულიერ შვილებს: თუ ძმას ან დას ავ სიტყვას ეტყვი, თუნდაც ეს სიმართლე იყოს, ამით საკუთარ სულს უკურნებელ ჭრილობას მიაყენებ. სხვის ცოდვაზე მხოლოდ მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა სულში ერთადერთი სურვილი გაქვს - ცოდვილ სულთა შეწევნა.
* წმინდა მაკარი ოპტელის სულიერ შვილს ხშირად უწევდა სხვადასხვა საზოგადოებაში რელიგიაზე კამათი და როცა არ უჯერებდნენ, ბრაზობდა. ერთხელაც ყოველივე მოძღვარს შესჩივლა. ღირსმა მაკარიმ უთხრა: "როცა თანამოაზრეებს შეხვდები, განა ცუდი იქნება, თუ რელიგიაზე ესაუბრები? ასეთი საუბარი ხომ გაცილებით უკეთესი და შესაფერისია ქრისტიანისთვის, ვიდრე ამაოდ მეტყველება. რა დაშავდება, თუ მოუსმენ კეთილი და მოაზროვნე კაცის ჭკვიანურ სულიერ საუბარს? ანდა მოუყვები, რაც იცი? მაგრამ თუ კამათი ატყდება, უფრო გონივრული იქნება, თავი არიდო, მოციქულის სწავლებისამებრ, რომელიც დავა-კამათს გვიკრძალავს, რადგან ის არის "არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ" (2 ტიმ. 2:14). ასეთ დროს უმჯობესია შევწყვიტოთ საუბარი, ოღონდ - გონივრულად, თავმდაბლობით, ან განსჯის საგანი შევცვალოთ... მაგრამ არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, თავაზიანად, რადგან უეცარი დადუმება მოკამათეს აფიქრებინებს, რომ არად ვაგდებთ მის ნაფიქრალს და ჩვენთან საუბრის ღირსად არ მივიჩნევთ. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, ყოველი კაცი დავამშვიდოთ, მრისხანების ვნებისაკენ კი არ ვუბიძგოთ. იცოდე, უსარგებლოა ცდა, მოკამათეს რამე ასწავლო - მხოლოდ ის სწავლობს, ვინც ეძიებს და სურს შემეცნება".
* მამა ანდრონიკე ლუკაში კი გვასწავლის: უფალი მანამდე იცავს შენს სულს, ვიდრემდე შენ შენს ენას იმარხავ. ნუ განამრავლებ სიტყვებს - მრავალსიტყვაობა ღვთის სულისგან განგაშორებს.
* მივიდა ვინმე ძმა მამა თეოდორესთან, სამი დღე დაჰყო და ევედრებოდა, მისთვის სწავლება მიეცა. ხოლო მან არაფერი უთხრა. წავიდა ძმა გულნაკლული. "რატომ არ უთხარი სიტყვა?" - ჰკითხა მოწაფემ მამა თეოდორეს. "სამართლიანად მოვიქეცი, - მიუგო ბერმა, - რადგან ის ვაჭარია: სურს, სხვისი ნათქვამის გამეორებით განდიდდეს".
* მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ჩვეულებრივ, ცოტას ლაპარაკობდა და ისიც მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო. მისი სიტყვები, ჭეშმარიტი თავმდაბლობით სავსე და მტკიცე რწმენით გამსჭვალული, ადამიანს გულს უთბობდა, სულიერ თვალს უხელდა, გონებას უნათებდა, სინანულს ჰგვრიდა, სულიერ სიმშვიდეს ანიჭებდა და აძლიერებდა. სწორედ მასზე ითქმოდა მაცხოვრის სიტყვები: "ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავოს, მას დიდი ერქვას სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5,19). იგი არასოდეს აწყვეტინებდა სიტყვას თანამოსაუბრეს, არ კამათობდა, გამოთქვამდა სწორ აზრს. მასთან მოსაუბრე თვითონვე გრძნობდა თავის მცდარობას, გზააბნეულობას და თავისთვის სასარგებლო დასკვნები გამოჰქონდა. მას უყვარდა ადამიანები და ყველა, ვინც თუნდაც მცირე ხნით გასაუბრებია, გრძნობდა, რაოდენ დიდი მადლი მოედინებოდა ამ კაცისგან.
* ერთხელ მამა ბესარიონი სადღაც მიდიოდა. მზე სადაც იყო ჩავიდოდა. ბერმა ილოცა: "გევედრები, უფალო, გააჩერე მზე, ვიდრემდის მივიწიო შენს მონასთან". და მართლაც შეჩერდა მნათობი. დიდი ხნის სიარულის შემდეგ მამა ბესარიონი დანიშნულ ადგილას მივიდა და მზეც ჩავიდა.
ერთხელ სკიტში ვინმე ეშმაკეული მიიყვანეს. ულოცეს მამებმა, მაგრამ არ განვიდა მისგან ეშმაკი. მაშინ თქვეს: "მაგ ეშმაკს მამა ბესარიონის გარდა ვერავინ განაგდებს, მაგრამ ლოცვა რომ ვთხოვოთ, თავმდაბლობის გამო უარს იტყვის, ეკლესიაშიც კი არ მოვაო. მოდი, ასე მოვიქცეთ. როცა განთიადის ლოცვაზე შემოვა ეკლესიაში, მის ადგილას ეშმაკეული დავსვათ და ბერს მისი გაღვიძება ვთხოვოთო". ასეც მოიქცნენ. მამა ბესარიონი მივიდა და უთხრა ეშმაკეულს: "ადექი და გადი გარეთ". მეყსეულად განვიდა კაცისგან ეშმაკი და ავადმყოფი განიკურნა.
* ვინმე ერისკაცი ღირს მამა სისოსთან მიდიოდა. თან თავისი პატარა ვაჟი მიჰყავდა. გზაზე ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა. მამამისმა სასო არ წარიკვეთა. მას სწამდა ღირსი სისოს სიწმინდისა და სჯეროდა, შვილს მკვდრეთით აღუდგენდა, თუმცა იცოდა, მამა სისოსთვის რომ ეთქვა ბიჭის სიკვდილი, ის სიმდაბლის გამო სასწაულს არ მოახდენდა. აიკიდა ძე თვისი, როცა ღირს მამასთან მივიდა, დაემხო მის წინაშე და სთხოვა: მამაო, გვაკურთხე მე და ჩემი ძეო. თვითონ გარეთ გავიდა, თავისი გარდაცვლილი ძე კი ღირსი მამის ფერხთა წინ დატოვა. ბერმა იფიქრა, რომ ბიჭი თაყვანს სცემდა და უთხრა: "ადექ, შვილო, და წადი მამაშენთან". ყმაწვილიც მეყსეულად წამოდგა და გარეთ გავიდა. მამამისმა საღ-სალამათი შვილი რომ დაინახა, მუხლებზე დაეცა. მადლობდა ღმერთს და წმინდანს მისას - მამა სისოს. როცა ყოველივე შეიტყო, ღირსი მამა ძალზე შეწუხდა და ევედრა ერისკაცს, მის გარდაცვალებამდე არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.
* ერთხელ ღირს ავქსენტისთან ორი კეთროვანი მივიდა. მუხლს იდრეკდნენ და განკურნებას ევედრებოდნენ. "იცით, რატომ დაგსაჯათ ღმერთმა? - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - იმიტომ, რომ ჩვევად გაქვთ მისი სახელით ტყუილი ფიცი და ჯვრის გამოსახვაო". კეთროვნები განცვიფრდნენ ღირსი მამის დაფარულთმცოდნეობით და უმალ აღიარეს თავიანთი ცოდვები. ღირსმა ავქსენტიმ მათ თავიდან ფეხებამდე ნაკურთხი ზეთი სცხო, ულოცა: "განგკურნებთ თქვენ იესუ ქრისტეო" - და კეთროვნებიც მყის განიკურნენ.
* ერთხელ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, წმინდა ევტიქისთან, ბრმა მივიდა. "როდის და რატომ დაბრმავდი?" - ჰკითხა წმინდა მამამ. "ერთი წლის წინ, სასამართლოში საქმე რომ მომეგო, ვცოდე და სიცრუე ფიცით დავამტკიცე. საქმე კი მოვიგე, მაგრამ მალე დავბრმავდი. ილოცე ჩემთვის, ღვთის მონავ!" - შეევედრა კაცი. წმინდანს შეეცოდა უსინათლო, ილოცა მისთვის და უფალმა ბრმას თვალისჩინი დაუბრუნა.