ამბა აბრაამ ქართველმა ჰკითხა ამბა თეოდორეს: "მამაო, რომელია უმჯობესი და სასარგებლო: დიდება ვეძებო თუ უპატიობა (უსახელობა)?"
"მე უფრო მეტად დიდება მინდა, ვიდრე უპატიობა, - უპასუხა ბერმა, - უკუეთუ რაიმე კეთილ საქმეს მოვიმოქმედებ და ვიდიდები (კაცთაგან), შემიძლია ჩემი გულისსიტყვები დავსაჯო, რომ არ ვარ ღირსი ამ დიდებისა. ხოლო უპატიობა (ნაძრახობა) ბოროტ საქმეთაგან იქმნება. აბა, როგორ ვინუგეშებ მაშინ გულს, თუ ჩემ გამო კაცნი დაბრკოლდებიან და სხვებს საცდურად ვექცევი? ამიტომაც ჯობია კეთილ საქმეს ვიქმოდე და ვიდიდებოდე, ვიდრე ბოროტს". "ყველა დიდ მამას არაფრის ისე არ ეშინოდა, როგორც განდიდებისა. რატომ?" - შეეპასუხა აბრაამი. "მათ ცრუ დიდებისა ეშინოდათ. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ მათ ეშინოდათ, გული დიდებისმოყვარებით არ დასნეულებოდათ. დიდი განსხვავებაა დიდებასა, რომელიც აუცილებლად მოჰყვება კეთილ საქმეებს, და დიდებისმოყვარეობას შორის, რომელიც ღვთის მცნებებს სოფლის ამაოებით ცვლის. ჰქმენი სიკეთე მხოლოდ ღვთის სათნოყოფისთვის. მაშინ ღმერთი კი არ განიკითხავს იმ დიდებას, რომელსაც კაცი მისი მოპოვებისთვის ზრუნვის გარეშეც შეიძენს, არამედ ამ დიდებას სხვა დიდებასაც შემატებს, რომელიც მან საუკუნითგან განუმზადა თავის მოყვარეთ".
თუ კაცი დიდებას გაურბის, ემალება, მაგრამ სწორედ მაშინ ღმერთი გამოაჩენს ხოლმე მის სათნოებას, უფრო მეტად განადიდებს. მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩუმად დაუტევა კათედრა და უბრალო მორჩილად შედგა ათონის ერთ-ერთ მონასტერში. ის ჯორების მწყემსად დაადგინეს. კელიას არასოდეს კეტავდა, ანდა რისთვის ჩაეკეტა, როცა ერთი ხის საწოლის გარდა არაფერი ებადა. ერთხელ, ზაფხულის სიცხეში, მის კელიას ერთმა ბერმა შეაფარა თავი. ჯორების მწყემსი საღამომდე არ დაბრუნდებოდა, ამიტომაც ბერი საწოლზე წამოწვა და ჩათვლიმა. უეცრად ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი წარმოუდგა, გვერდში მსუბუქად წაჰკრა და უთხრა: "ადექი, შენ არ უნდა იწვე იქ, სადაც ისვენებს ხოლმე დიდი პატრიარქი!" ბერს გამოეღვიძა, გაუკვირდა ნანახი, მაგრამ მალევე ჩაეძინა. "გადმოხვალ თუ არა პატრიარქის საწოლიდან? - განურისხდა უფლის ანგელოზი, - განა არ გითხარი, პატრიარქის საწოლზე დასვენების უფლება არ გაქვს-მეთქი. ადექი, თორემ განგგმირავ შენი კადნიერებისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობისთვის", - და მახვილი მოუქნია. ძილში შეშინებული ბერი ცხადში წამოხტა და მონასტრის მამებს მოუყვა ნანახ სიზმარს. დაფიქრდნენ ბერები, გაახსენდათ გავრცელებული ჭორები კონსტანტინოპოლის პატრიარქის საყდრიდან მალულად წასვლისა. დარწმუნდნენ, რომ ჯორების მწყემსი პატრიარქი იყო და საღამო ჟამს, როცა მონასტერში ჯორები მორეკა, სამღვდელმთავრო ზარების რეკვით შეხვდნენ. მწყემსი მიწაზე დაემხო, შენდობა შესთხოვა ძმებს და დაუდასტურა, რომ მართლაც პატრიარქი იყო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი