არქიმანდრიტი ტიხონი (შევკუნოვი) მოგონებათა წიგნში მოგვთხრობს ფსკოვის მღვიმევის მონასტრის სქემიღუმენ მელქისედეკზე, წმინდა და ღმერთშემოსილ ბერზე და იმ საგულისხმო ამბავზე, მას რომ შეემთხვა:
მამა მელქისედეკი, დიდი სქემის მიღებამდე, სხვა მღვდლებივით მსახურობდა მონასტერში და იღუმენი მიხეილი ერქვა. ის გამოცდილი და დახელოვნებული დურგალი იყო. მონასტრის ტაძრებსა და ძმების კელიებში დღემდე ნახავთ მის გაკეთებულ კიოტებს, ხატის ჩარჩოებს, ანალოღიებს, სკამებს, კარადებს, სხვადასხვა ავეჯს. მონასტრის საკეთილდღეოდ ის დილიდან საღამომდე მუშაობდა.
ერთხელ მონასტრისთვის დიდი რაღაცის გაკეთება უბრძანეს. რამდენიმე თვე მუშაობდა, თითქმის არ გამოდიოდა სახელოსნოდან. როცა სამუშაო დაასრულა, თავი იმდენად ცუდად იგრძნო, რომ როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წაიქცა და მოკვდა. შემსწრის ყვირილზე რამდენიმე მონაზონმა მოირბინა, მათ შორის იყო მამა იოანეც (კრესტიანკინი). მამა მიხეილს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობდა. ყველა დამწუხრებული შეიკრიბა მის გარშემო. უეცრად მამა იოანემ თქვა:- არა, მკვდარი არ არის, ის კიდევ იცოცხლებსო და ლოცვა დაიწყო. მონასტრის დურგალმა თვალები გაახილა და გაცოცხლდა. ყველამ შეამჩნია, რომ იგი სულის სიღრმემდე რაღაცამ შესძრა. ცოტა გონს რომ მოვიდა, მამებს შეევედრა, წინამძღვარი მომიყვანეთო. ცრემლებით შეევედრა წინამძღვარს, დიდ სქემაში აღეკვეცა. ასეთმა თვითნებობამ წინამძღვარი, მამა გაბრიელი, გააბრაზა და ავადმყოფს უთხრა, სისულელეებს თავი დაანებე, მალე გამოჯანმრთელდი და იმუშავეო. თუმცა წინამძღვარი მეორე დილით დაბნეული თვითონვე მივიდა მამა მიხეილის კელიაში და აუწყა, რომ მალე დიდი სქემით შემოსავდა მას. ამბობენ, იმავე ღამეს წინამძღვარს მონასტრის დამაარსებელი ღირსი იღუმენი კორნილიოსი გამოეცხადა, რომელიც 16-ე საუკუნეში ივანე მრისხანემ საკუთარი ხელით მოკლა და წინამძღვარს იმქვეყნიდან მობრუნებული ბერის თხოვნის აღსრულება უბრძანაო. მამა მიხეილს ძველი ბიბლიური სახელი მელქისედეკი უწოდეს. თუ რატომ, ესეც დიდ საიდუმლოდ დარჩა, თუნდაც იმიტომ, რომ მამა გაბრიელს არც სქემაში შემოსვისას და არც შემდეგ ეს ძველაღთქმისეული სახელი სწორად ერთხელაც არ წარმოუთქვამს.
რა ნახა ისეთი მამა მელქისედეკმა, რომელმაც ასე შეცვალა მისი ცხოვრება და დაეყუდა? მამა ტიხონის შეკითხვაზე დიდი ხნის დუმილის შემდეგ მამა მელქისედეკმა უპასუხა, რომ მაშინ უზარმაზარ მინდორში აღმოჩნდა, გაუყვა გზას და უეცრად წინ ვეებერთელა ხრამს გადაეყარა, სადაც ჭუჭყსა და ტალახში, დანგრეული მაგიდები, დამტვრეული სკამები და კარადები ეყარა. როცა კარგად დააკვირდა, იცნო - ყველაფერი მისი გაკეთებული იყო. თრთოლვით შესცქეროდა თავისი მონასტრული ცხოვრების ნაყოფს და უეცრად იგრძნო, რომ მის გვერდით ვიღაც იდგა. მოიხედა და ღვთისმშობელი იხილა. მან სევდიანად შეხედა ბერის მრავალი წლის ნაშრომს, მერე კი უთხრა: - შენ მონაზონი ხარ, ჩვენ შენგან ველოდით უმთავრესს -სინანულსა და ლოცვას. შენ კი მხოლოდ ეს შესწირე...
ხილვა დასრულდა. და გარდაცვლილი კვლავ მონასტერში აღმოჩნდა, გაცოცხლდა. ამ ამბის მერე მამა მელქისედეკი სრულიად შეიცვალა...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი