თუ ვინმეს დაუვარდებოდა, აიღებდა და ეამბორებოდა
*შიომღვიმისადმი მიწერილ ანდერძში წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი ბრძანებს: "წმინდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდნენ სახსენებლად ჩემდა და პირველისა შვიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული (გარკვეული რაოდენობის ღვინო - კ.კ.)
მიეცეს სეფისკვერსა და თესლსა თანა. შეასვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანიო".*პლატონ იოსელიანი "გიორგი მეფის ცხოვრებაში" XVIII საუკუნის ერთ ტრადიციას აღწერს: "1790 წელს მეფე ერეკლემ თავისი ქალიშვილი ნინო მიათხოვა სამეგრელოს მთავრის კაცია დადიანის შვილს გრიგოლს. ერეკლეს კარზე გაიმართა ქორწილი, იყო დიდი ლხინი და შექცევა. მეგრელ თავადებს უკვირდათ ქართლ-კახელთა ღვინის სმის წესი, მეტადრე - როცა ერთიმეორესთან მიდიოდნენ სხვადასხვა სასმისით და არ ეტყოდნენ "ალავერდ და იახშოლ" (ალავერდს გადმოვდივარო - კ.კ.). ამ სიტყვების ნაცვლად ერეკლეს მდივანბეგი, ჭაბუა ანუ იოანე ყაფლანიშვილი, კაცი სიტყვამჭევრი, ფილოსოფოსი და მოლექსე, გადასცემდა ხოლმე ღვინით სავსე ჭურს წმინდა ანტონ ჭყონდიდელს და ეტყოდა: "შეუდგები ქრისტესა?!" ეს სიტყვა და თქმა... შეიტანეს სამგრელოში და ამ დროიდან ხმარობენ ლხინის დროს".
პლატონ იოსელიანისავე თქმით, კვირაობით და დღესასწაულებზე მეფე გიორგი XII წირვის მოსმენამდე საზრდელს არ მიიღებდა, წირვის შემდეგ კი ეკლესიაშივე მიართმევდნენ სეფისკვერსა და ზედაშეს. ასეთი იყო ჩვეულება ძველთა ქართველთა და მრავალნი ჯერ კიდევ ასე იქცევიან; მრავალნი და არა ყველა, რადგან ევროპის ჩვეულებათა აღმსრულებელთ, განათლებულად რომ მოაქვთ თავი, აღარ დაიცვეს ეს კანონი რწმენაში მერყეობის გამოო, - ბრძანებს იოსელიანი.
.
*მოხუცებული მანდილოსანი ბარბარე, ცოლი ოთარ ქობულიშვილისა, გიორგი მეფეზე მოგვითხრობს: "იყო იგი დიდი მლოცველი და მარხვის შემნახველი... უყვარდა მდიდარი სადილი. თუმცა სძრახავდნენ, ვითომ ბევრ საჭმელს მიირთმევსო, მაგრამ ჩემი ქმარი ფიცით ამბობდა, რომ სადილად ერთი კაცის სამყოფზე მეტს არ ჭამსო... ისეთს ღვინოს მიირთმევდა, რომ ეხლა სადღა იშოვება იმისთანა ღვინო. მეფის ტრაპეზზე სასმელი ღვინის ვენახი აბეჩხარი ანუ პატივდაუყრელი და დაუბარავი უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მისგან ღვინო ძალიან ცოტა გამოვიდოდა და ამასთან ერთად - კარგი. მეფის ტრაპეზისთვის კი ხუთნაირი პური ცხვებოდა: მურასა, საგარეჯო, შოთი, პირგაჭრილი პური და კაკალ პური. ამ პურის ხორბალი მოტანილი იყო ბაიდრიდან (ახლანდელი ბოლნისის რ-ნი, სოფ. არუხლოს ახლოს მდებარე ქციის ორივე ნაპირზე გაშლილი ველი - კ.კ.), სადაც უკეთესი იყო ყველაზე. აზნაური შაქარა შიშნიაშვილი იყო მეგოდრე და იმას ებარა ხორბალიც, ხაბაზებიც და გამომცხვარი პურიც. ამ შაქარას მსახურნი ისხდნენ და თითით არჩევდნენ ხორბალს... მერე დაღერღდნენ და ქერქს გააძრობდნენ და ისე დაიფქოდა. მეც ბევრჯელ მიჭამია ეს პური და ეხლაც მახსოვს მისი სიკეთე".
*დიდ სქემმონაზონს ქრისტეფორე-ქრისტესია გარეჯელს (+1871) ჩვეულებად ჰქონდა, სოფლებში რასმე რომ მისცემდნენ, სხვებს განუყოფდა, ხორბლისა და თაფლის გარდა ყველაფერს ქვრივ-ობლებს ურიგებდა, ხორბლითა და თაფლით კი ყოველ შაბათს მიცვალებულთა მოსახსენიებლად კოლიოს შეამზადებდა სამ ჭურჭელში: ერთს - თავის მიცვალებულთათვის, მეორეს - მონასტრის გარდაცვლილ მამათათვის, მესამეს კი ყველა აღსრულებული მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის.
*წმინდა მიქაელ პარეხელმა ღვთისგან თავისი გარდაცვალების ჟამი რომ შეიტყო, უკანასკნელი ამბორისყოფისთვის თავის სულიერ ძეს წმინდა სერაპიონ ზარზმელს უხმო. დიდად გაიხარეს ერთმანეთის ხილვით მამებმა. ჯერ მეცხრე ჟამის ფსალმუნები წარსთქვეს, შემდეგ დასხდნენ სატრაპეზოდ, შესვეს ღვინო და "სულიერი და ხორციელი სიხარული განაზავეს.
*რევოლუციის შემდეგ მძიმე დრო დაუდგათ მცხეთის ოლღას მონასტრის დედებს. იღუმენია ანგელინა ჰყვებოდა, ხშირად პურიც არა გვქონდაო. მონასტრის დედები სავანის ღვთისმშობლის ხატს "მოულოდნელ სიხარულს" ანდა წმინდა ნიკოლოზს სთხოვდნენ შემწეობას და არც უცრუვდებოდათ იმედი.
ერთხელ სავანეში პურის ნატეხიც აღარ მოეპოვებოდათ. დედებმა იფიქრე, მოდი, თბილისში, ნეველის ტაძარში წავიდეთ, იქნებ ვინმე შეგვეწიოსო. ეკლესიაში რომ მივიდნენ, სწორდ იმ დროს დაიწყო საღამოს ლოცვა. დედები ცრემლით შეევედრნენ ტაძრის შესასვლელთან მარცხენა სვეტზე დაბრძანებულ წმინდა ნიკოლოზის ხატს, მაგრამ ეკლესია ისე დაიკეტა, რომ მათი დამხმარე არავინ გამოჩნდა.
მცხეთის მატარებელს გაჰყვნენ დედები. ტანთ საერო სამოსი ეცვათ, რადგან სამონაზვნო კაბით სიარული იმხანად საშიში იყო. სავანეში ასვლამდე ტყე უნდა გაევლოთ. გაგონილი ჰქონდათ, მცხეთის შემოგარენში ყაჩაღები ბინადრობენო, მაგრამ რა ექნათ, გაუდგნენ გზას. უეცრად წინ რამდენიმე ნაბდოსანი გადაეღობათ და ფული მოსთხოვეს. "მონაზვნები ვართ, ღვთის გულისთვის, გაგვიშვით", - შეევედრა დედა ანგელინა. "ტყუი, მონაზვნები ღამით არ დადიან. თუ მონაზვნები ხართ, მონასტერში რატომ არ ხართო?" - იყვირა ყაჩაღების მეთაურმა. ეს ის კაცი იყო, შიშის ზარს რომ სცემდა ხელისუფლებას. დედა ანგელინა ატირდა: "რა გვექნა, აბა, ვშიმშილობთ, გამოვედით, რომ მოხუცი მონაზვნებისთვის მაინც გვეშოვა პურიო". "ცრუობთ!" - გაიმეორა მეთაურმა, მერე თავისიანებს უბრძანა, ესენი არსად გაუშვათ, ახლავე მოვალო და სადღაც გაქრა. გავიდა ერთი საათი, ორი და ბოლოს მეთაურიც გამოჩნდა. დედა ანგელინას ტომარა გაუწოდა და უთხრა: "წადით და ღამით აღარ იაროთო". "რა გქვია?" - ჰკითხეს მონაზვნებმა. "თქვენი საქმე არ არის", - უპასუხა მან. ტომარაში ახალგამომცხვარი ლავაშები აღმოჩნდა. "მთელი სიცოცხლე ვევედრებოდი უფალს, ეხსნა ამ ადამიანის სული, როგორც მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკისა", - ჰყვებოდა დედა ანგელინა.
*მამა პაისი ათონელი ამბობდა: "როგორ წვალობდნენ წინათ ხორბლის მკისა და ლეწვისას! რა მძიმე იყო შრომა და ლუკმაც რა ტკბილი გახლდათ! განა სადმე ნახავდი გადაგდებულ პურის ნატეხს?!. თუ ვინმეს დაუვარდებოდა, აიღებდა და ეამბორებოდა. ვისაც გერმანელთა ოკუპაციის წლები ახსოვს, ზედმეტ პურის ნატეხს გვერდზე გადადებს და ინახავს, სხვები კი მორჩენილს ჰყრიან - არ უფიქრდებიან, რამდენად ძვირფასია ის. (პურის მიცემით) ღმერთი ადამიანებს აკურთხებს, მაგრამ მათი უმეტესობა უბრალოდაც არ იტყვის, დიდება შენდა, ღმერთოო.
*მამა ვიტალი სიდორენკოც პურის ყოველ ნამცეცს უფრთხილდებოდა. ერთხელ თავის სულიერ შვილს აჩვენა კიდეც, ვის ვახარებთ ჩვენი უყაირათობით: მამა ვიტალის სამი თითით ვიღაცის მიერ გადაგდებული პურის ნატეხი ეჭირა, რომლის გარშემო უწმინდური სული დაფრინავდა. მამა ვიტალიმ შეუბერა და ეშმაკი გაქრა. ღირსმა მამამ პურის ნატეხს ჯვარი გადასახა და შეჭამა.
*ათონის ერთ მონასტერში ტრაპეზიდან მონარჩენ პურს ახმობდნენ და განდეგილ მამებს უნაწილებდნენ. ეს პური მამა იოსებ ათონელის საძმოში მიჰქონდათ. ერთხელ მამა იოსების სულიერ ძმას, მამა არსენს, მთელი ტომარა პურის ნატეხი მისცეს. მან ათანასეს ლავრიდან წმინდა ბასილის სკიტამდე გაჭირვებით აათრია ტომარა. გახსნეს და რას ხედავენ - პური სულმთლად დაჭიანებულა. მამა არსენი აღშფოთდა: "დალოცვილო, რა არის ეს? ჯორებისთვის მაინც ეჭმიათ! წყალში გადაყარეს ამდენი შრომა!" მამა იოსებმა უთხრა: "რატომ ამბობ ამას, მამა არსენ? ეს პური ხომ ღმერთმა გამოგვიგზავნა. უკეთეს რომ ვიმსახურებდეთ, უკეთეს ლუკმას მოგვცემდაო". "კი მაგრამ, მატლებს რაღა ვუყოთ, მამაო?" - ჰკითხა მამა არსენმა. მოძღვარი ჩაფიქრდა და მცორე ხნის შემდეგ თქვა: "გამოსავალი ვიპოვე: პური მაშინ ვჭამოთ, როცა დაბნელდება და მატლებს ვეღარ დავინახავთო". "თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით? - ჰყვებოდა მამა არსენი, - მერე კი ღმერთმა ისეთი გემო მიმადლა პურს, გვეგონა, ნამცხვარს ვჭამდითო".
*გვსურს, კიდევ ერთხელ მოგითხროთ ამბავი, რომელიც XIX საუკუნეში რუსეთში, გლინის უდაბნოში, მოხდა: ორი სულიერი ძმა ერთმანეთს წაეჩხუბა. ერთი უფრო თავმდაბალი იყო და მალევე მიხვდა, რომ ჩხუბის მიზეზი მისი სულიერი ძმა კი არა, ეშმაკი იყო და ლოცვა დაიწყო მისთვის. განსაკუთრებით გულმხურვალედ ილოცა მათი მფარველი წმინდანის ხსენების წინა საღამოს (ძმები სეხნიები იყვნენ) და თვით დღესასწაულზე. წირვის შემდეგ სენაკში დაბრუნებულს კარზე მიუკაკუნეს. გააღო და თავისი სეხნია დაინახა. ბერს ახალგამომცხვარი, თბილ-თბილი პური მოეტანა. დაიჩოქა მის წინაშე, უთხრა: "ვხედავდი, მამაო, წირვის დროს რომ მიხსენიებდი და ჩემთვის ლოცულობდიო", - შენდობა სთხოვა, შერიგების ნიშნად პური გადასცა და სწრაფად გავიდა. სულიერი ძმა მადლობის სათქმელად გაეკიდა, მაგრამ გარეთ არავინ ჩანდა. ბერმა ჩაის დალევა გადაწყვიტა. პური გატეხა და მოკბიჩა. ის ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ გაემეტა. იფიქრა, წავიღებ და ჩემს ძმასთან ერთად შევჭამო. მივიდა მის სენაკთან, სეხნიამ კი ისე შეხედა, თითქოს იმ დღეს საერთოდ არ ენახა. ძმამ მადლობა გადაუხადა პურისთვის. მან იუარა, შენთან მოსვლა არც კი მიფიქრიაო, მაგრამ პური, ჯერ ისევ თბილი პური ხომ ხელთ ეპყრათ! მაშინ ორივე მიხვდა, რომ უფალმა ამ ზეციური საზრდოს გამოგზავნით შერიგებისკენ მოუწოდა მათ. ბერები შურიგდნენ და შემდგომში დიდად დამეგობრდნენ.
*პატარა განია (შემდგომში - ღირს მამა გაბრიელ ზირინიანოვს) სიყრმიდანვე მთელი არსებით მიილტვოდა უფლისკენ. ამისკენ ერთმა სასწაულებრივმა შემთხვევამ უბიძგა: ზაფხული იდგა. ხორბალი უკვე თავთავს იკეთებდა, რომ მათ სოფელს საშინელმა სეტყვამ გადაუარა და ყანა ერთიანად დააწვინა. გლეხებმა არ იცოდნენ, რა ექნათ: ხორბლის წამოდგომის იმედი აღარ ჰქონდათ; მოეხნათ და ხელახლა დაეთესათ, აღარ მოესწრებოდა. გადაწყვიტეს, ცოტა ხანს მოეცადათ და ნამჯად მაინც მოემკათ.
შეწუხდა განია. ფიქრობს: "წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა. რატომ მოხდა ეს უბედურება, რატომ დაუშვა ის ღმერთმა? განა არ შეეძლო ყოვლადმოწყალეს, ღრუბელი შეეჩერებინა? შეეძლო! მაშ, როგორღაა ღმერთი კეთილი? თუ... თუ... იქნებ ღმერთი საერთოდ არ არსებობს?!"
გავიდა ერთი დღე, მეორე... ბიჭი ვეღარ ლოცულობს, ერთი ფიქრი აწუხებს მხოლოდ - არსებობს თუ არა ღმერთი. ბოლოს გადაწყვიტა, ეს თვითონ უფლისთვის ეკითხა. დიდხანს ლოცულობდა: "ღმერთო ძლიერო, ყოვლადმოწყალეო, შენ მოწყალე ექმენ შენს ისრაელს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მოწამეებს; ებრაელთ უდაბნოში მანანა მიეცი, ქვიდან წყალი გამოუდინე! ახლაც გამოიჩინე უსასრულო მოწყალება, ააღორძინე ხორბალიო", ბოლოს კი მუხლებზე დაეცა და ჩურჩულით, კრძალვით წარმოთქვა: "თუ მართლა არსებობ!" ამ დროს საზარლად იქუხა და ამ ქუხილში განიას უფლის ხმა მოესმა: "იქნება ხორბალი!"
ბიჭს მღელვარებისგან გული წაუვიდა. როცა გამოფხიზლდა, პირველი, რაც იფიქრა, ეს იყო: "არსებობს ღმერთი!" - და დაბრუნებულმა ღვთის რწმენამ უსაზღვრო სიხარულით აავსო.
მალე განიას თანასოფლელმა გლეხებმა ხორბლის მკა დაიწყეს. მამამისსაც სურდა, მოეჭრა ყანა, მაგრამ ბიჭმა არ დაანება: იქნებ ღმერთმა ფეხზე წამოაყენოს ჩვენი ხორბალი, ერთი კვირა დავიცადოთო. დაიწყეს ლოდინი, მაგრამ რად გინდა - დღისით წვიმა არ მოდის, ღამით კი ნამს არ აგდებს ციდან. მამა გაიძახის, დროა მოვჭრათ, რაც არის, სიცხისაგან ესეც ჩაწვებაო, განია კი ეხვეწება: დავიცადოთ, მამიკო, ხორბალს ღმერთი მოგვცემსო. მამა გაბრაზდა: რას ამბობ, გარშემო მინდვრები დაცარიელდა, ხალხმა საქონელი გაუშვა და მე ყანას ვაყურადოო? მისმინე, წინასწარმეტყველო, იცოდე, ტყავს გაგაძრობ, თუ პური არ მოვიდაო.
დადის განია ყანაში, ლოცულობს და ამჩნევს, რომ თავთავი ნელ-ნელა წამოდგა, გაიზარდა, დაპურდა. უცქერის განია ღვთის ყანას და მალულად ცრემლს იწმენდს. დადგა მკის ჟამიც. ზირინიანოვებმა ნადში ღამის მთელ სოფელს უხმეს. ხორბალი კაცის სიმაღლეა, თავთავებით დახუნძლული. პური რომ გალეწეს და საბძელში შეიტანეს, კარი აღარ დაიკეტა, ამიტომ სახურავი ახადეს და ხორბალი ზევიდან ჩაყარეს. ყველა სიხარულის ცრემლით ატირა უფლის გულმოწყალებამ.