წმინდა თეოფილე მირონმდინარე წმინდა პატრიარქ ნიფონტის თანამედროვეა. 1556 წელს სწორედ ის გაგზავნა ეგვიპტეში წმინდა სინოდმა, რათა დაემოწმებინა იქ მომხდარი
არნახული სასწაული, სახელდობრ, დურტაგად წოდებული მთების გადაადგილება. მიუხედავად საეკლესიო თანამდებობისა, მათ შორის ნოტარიუსად დანიშვნისა, მან ყველაფერი დაუტევა და მთაწმინდაზე მოვიდა. ღირსი მამა თავიდან ვათოპედისა და ივერონის მონასტრებში მოსაგრეობდა, შემდეგ წმინდა ბასილი დიდის სახელობის ვათოპედის კელიაში გადავიდა. გარდაცვალებამდე თავის მოწაფეს ანდერძად დაუტოვა, რომ მისი ცხედარი არ დაეკრძალა და ტყეში გადაეგდო, რაც აღსრულდა კიდეც. ორმოცი დღის მანძილზე მის წმინდა სხეულს არ მიჰკარებიან ხორცის მჭამელი ფრინველები და ცხოველები. მისგან მოედინება კეთილსურნელოვანი მირონი, რომლის სურნელებას დღესაც გრძნობს ის, ვინც კრძალვით ეამბორება ღირსი თეოფილეს წმინდა ნაწილებს. ამგვარი იყო ღირსი თეოფილეს ღვთის ჭეშმარიტი მეგობარი და კეთილსურნელოვანი ვარდი სათნოებათა და მოღვაწეობისა.
1948 წელს გარდაიცვალა ახალგამოჩენილი ღირსი მამაი ჩვენი საბა აგიოანიტი. ის ერთხანს განდეგილი იყო წმინდა მიწაზე, შემდეგ კალიმონოსის კუნძულზე დასახლდა და იქ დედათა მონასტერი დააარსა ყოველთა წმინდათა სახელზე. მოწაფე გახლდათ წმინდა და ღმერთშემოსილი მამისა ჩვენისა ნექტარიოს ეგინელი სასწაულმოქმედისა. წმინდა საბას გარდაცვალებიდან ათი წლის მერე მოიპოვეს მისი პატიოსანი, უხრწნელი და კეთილსურნელოვანი ნაწილნი, რომლებიც სასწაულებს იქმოდნენ. ჭეშმარიტად ასე განადიდებს ღმერთი თავის მადიდებლებს.
კავსოკალივასა და ვიგლას შორის უდაბნო ადგილას, უზარმაზარი უფსკრულის თავზე, მღვიმეში ცხოვრობდა და მოსაგრეობდა ღირსი მამაი ჩვენი ნილოს მირონმდინარე, რომლის კუბოდანაც მირონი ისე უხვად მოედინებოდა, კლდეზე ჩამოდიოდა და ზღვაში იღვრებოდა.
წმინდა საბა სერბის ხორციელი მამის, წმინდა სვიმეონის გარდაცვალების მერე მის მოსახსენებლად ღამისთევის ლოცვა გაიმართა. "დიდებიანის" დროს მისი კუბოდან ენით გამოუთქმელი კეთილსურნელება გავრცელდა, რომელმაც მთელი მონასტერი აავსო. ამ კეთილსურნელებით წმინდა საბა დარწმუნდა თავისი მამის სიწმინდეში და განადიდა ყოვლადსახიერი ღმერთი, რომელიც განადიდებს თავის მადიდებლებს.
სიმონ-პეტრას მონასტრის ქტიტორი წმინდა სვიმეონი მოსაგრეობდა მონასტრის მახლობელ მღვიმეში. იქ მას ესმა ღვთისმშობლის ხმა, იქ ის შობის ღამეს დემონებთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, იქ მან იხსნა თავისი მოწაფე, რომელიც დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა და განკურნა სერბთა მეფის, იოანეს, ეშმაკეული ასული. მისი სიკვდილის მერე მის წმინდა ნაწილთაგან კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა, რომელიც ღირსი მამის სიწმინდეზე მოწმობდა.
დიდი იყო სათნოება, ღვაწლი და რწმენა წმინდა ათანასე ესთიგმენელისა, რომელმაც სრულყოფილებას კინოვიაში და ძმათა ტრაპეზის მსახურებაში მიაღწია. ის თავისი სიმდაბლით ღირსი შეიქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გამხდარიყო. მისი კუბო და წმინდა ნაწილები, წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას თქმით, გახდნენ წყარო სასწაულებისა და გამოუთქმელი კეთილსურნელებისა სადიდებლად ღვთისა და განსადიდებლად მონაზვნური ცხოვრებისა.
1840 წელს ვათოპედელმა მონაზვნებმა გადაწყვიტეს, გარდაცვლილ მამათა ძვლები ახალ საძვალეში გადაესვენებინათ. როცა მათ საძირკვლამდე დაანგრიეს ძველი საძვალის ერთ-ერთი კედელი, უეცრად ენით აუწერელი და არამიწიერი კეთილსურნელება იგრძნეს. სამუშაო გააგრძელეს და აღმოაჩინეს, რომ ის წმინდა ნაწილთაგან მოედინებოდა. ტყავგადაკრული ჩონჩხი სრულად იყო შემორჩენილი. სამღვდელო სამოსით შემოსილმა მღვდლებმა დიდი კრძალვითა და გულშემუსვრილებით ჩაასვენეს წმინდა ნაწილები ახალ ლუსკუმაში და ანთებული სანთლებით მონასტრის ტაძარში გადაასვენეს, თუმცა არავინ იცოდა, რა ერქვა წმინდანს, ვისი წმინდა ნაწილებიც იყო. საერთო შეთანხმებით გადაწყდა, მისთვის ევდოკიმე დაერქმიათ, ვისი სახელითაც ზეიმობენ ყოველწლიურად 5 ოქტომბერს.
მისი უხრწნელი სხეულის მდებარეობა მოწმობდა იმას, რომ ამ ევდოკიმედ წოდებულმა უცნობმა მამამ, იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, მივიდა საძვალეში, ძვლებს შორის მიიმალა, მოემზადა, გულზე ხელები დაიკრიფა და მართალთა ძილით მიიძინა, ყველასთვის მალულად და შეუმჩნევლად, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქებასა და ამა სოფლის დამანგრეველ დიდებას ("ევდოკიმე" ითარგმნება როგორც დიდებული, პატივცემული).
წმინდა ნიკოლოზის კელიაში (ადრე რავდუშის სავანეს ეკუთვნოდა, ახლა კი პანტოკრატორის მონასტერს) მოსაგრე მონაზონი საბა გამოირჩეოდა საეკლესიო მსახურების სიყვარულით, უდიდესი კეთილმოკრძალებით და ხორციელ ღვაწლში დაუღალაობით. ერთ დროს ის ესთიგმენუს მონასტერში ცხოვრობდა, მაგრამ როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო თავისი შენანების მონასტერში (როგორც ათონზე უწოდებენ), დაბრუნდა იმ სავანეში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა.
გარდაცვალებიდან სამი წლის მერე, როცა მისი საფლავი გათხარეს და ძვლები ამოასვენებს, თავის ქალა კეთილსურნელებას აფრქვევდა. ეს მალე ირგვლივ ყველამ შეიტყო. საძმოს ერთ-ერთმა მორჩილმა, მცირედმორწმუნემ და ეჭვიანმა, ჩათვალა, რომ თავის ქალას ნელსაცხებელი სცხეს, ამიტომაც ჩუმად აიღო ის და წყლის ავზში მოათავსა. მამები დიდი მწუხარებით ეძებდნენ პატიოსან თავს, ოცი დღის მერე მორჩილმა მათ თავისი საქციელი გაუმხილა. როცა კვლავ მოიპოვეს თავის ქალა, ის ძველებურად კეთილსურნელებდა. მაშინ მორჩილი დარწმუნდა, რომ მონაზონი საბა მართლაც წმინდა კაცი იყო.
"ვიხსენებ მთაწმინდაზე ჩემი ცხოვრების პირველ წლებს, - მიყვებოდა მე ერთი მოხუცი მონაზონი, - როცა სკიტის განსასვენებელსა და საძვალეში შევდიოდი, სადაც გარდაცვლილ მამათა ძვლები ინახება, ხშირად მიგრძნია ენით აუწერელი კეთილსურნელება და დიდხანს ვრჩებოდი იქ, რომ ამ არომატით დავმტკბარიყავი".
ამის მოყოლის დროს პატივცემულ 90 წლის ბერდიდს სახეზე არამიწიერი ღელვა აღებეჭდა.
"მაგრამ გავიდა ორი წელი და ეს ღვთის ნიჭი დავკარგე. ეს ზეციური კეთილსურნელება უკვე აღარ იგრძნობოდა. უფალმა მომაკლო ეს, მაგრამ არ ვიცი, რა მიზეზით. შესაძლოა, ჩემი ცოდვების გამო, ანდა შეიძლება მან ეს საღვთო ნიჭი გასაძლიერებლად მომცა ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში".
წმინდა ანას სკიტის უმაღლეს ნაწილში მდებარე "მირქმის" კალივაში ცხოვრობდა კეთილმოკრძალებული მონაზონი მამა დიონისე. ამ ბერდიდმა გადაწყვიტა, ძველი ქვის კედლები შეეკეთებინა. ერთ-ერთი მათგანი დაშალა და იქ უცნობი ასკეტის თუ განდეგილის უხრწნელი ნაწილები იხილა, საიდანაც საკვირველი კეთილსურნელება იფრქვეოდა. გაოცებულმა და აღელვებულმა მამა დიონისემ ლოცვა დაიწყო და უცნობ წმინდანს სახელის გამხელას შეევედრა. განიზრახა, სკიტის ტაძარში ჩასულიყო ზარის დასარეკად, რათა ეს ამბავი სკიტელ მამებს შეეტყოთ და წმინდა ნაწილები გადაესვენებინათ წმინდა ანას ცენტრალურ ტაძარში, რათა მათთვის თაყვანი ეცა და ელოცა მთელ საძმოს. შესაძლოა, მაშინ გამოჩენილიყო, რომელი წმინდანისა იყო წმინდა ნაწილები.
ამ ფიქრისას მამა დიონისეს გამოეცხადა ეს კურთხეული მოსაგრე და მკაცრი სახით უბრძანა, მისი სხეული სასწრაფოდ ისევ გადაემალა და არავისთვის ეთქვა, რომ ღმერთმა ამის ხილვის ღირსი გახადა. ამიტომაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერდიდმა დიონისემ ამის შესახებ მოყვა, მაგრამ არ გაამხილა საფლავის ზუსტი ადგილი. ამგვარად, მან აღასრულა წმინდა მოსაგრის ბრძანება, რომელიც სიკვდილის მერეც გაურბოდა ადამიანურ დიდებას, რამეთუ ღვთისგან ზეციურ სასუფეველში განდიდების ღირსი შეიქნა.
ღირსსახსოვარი ბერდიდი პავლე ლავრელი, ექიმი, 1971 წლის 6 ივლისით დათარიღებულ წერილში გვწერდა: "ბერდიდ მამა დანიელთან საუბრისას ვახსენე ვინმე მოძღვარი მამა ლეონტი კესარიის მუთალასკიდან, რომელსაც ვიცნობდი. მე წამიკითხავს მისი თურქულ ენაზე დაწერილი "მართლმადიდებლობის ქადაგებიდან" რამდენიმე ადგილი. აკრამლიდიის ლიტერატურის (ბერძნული ასოებით დაწერილი თურქული ტექსტი) ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება. მამა დანიელმა მიპასუხა, რომ მამა ლეონტი თესალონიკში გარდაიცვალა და მისი ძვლები აღმოყვანებისას სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა".
ერთმა ქრისტიანმა ღირსი აკაკი კავსოკალიველის ცხოვრებაში წაიკითხა, - როცა ღირსი აკაკი წმინდა ანას საძვალეს ჩაუვლიდა ხოლმე, ჩვენს ღირს მამათა ნაწილებიდან კეთილსურნელებას გრძნობდა.
მამათა განსასვენებელში მჯდარმა ქრისტიანმა ეს შემთხვევა გაიხსენა და გაიფიქრა: "ნეტავ ახლა თუ არსებობს ისეთი წმინდა ნაწილები, როგორიც იყო წმინდა აკაკის დროს?" გაფიქრებისთანავე უეცრად საკვირველი კეთილსურნელება იგრძნო! წამოვიდა, მოძებნა თავის ქალა, საიდანაც ეს კეთილსურნელება იფრქვეოდა, მასზე ეწერა: "მღვდელმონაზონი ფილიმონი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კალივიდან".
მაშინ ამ ქრისტრიანმა სხვებისთვის დაძახება მოისურვა, მაგრამ როგორც კი ეს გაიფიქრა, არაბუნებრივმა თრთოლამ აიტანა, რითაც მიხვდა, რომ არ იყო წმინდა მამის ნება, მისი თავის ქალადან მომდინარე კეთილსურნელების შესახებ სკიტში გაეგოთ.
ეს ამბავი დაახლოებით ოცი წლის წინ მოხდა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე, დიონისიატის მონასტერში, მწუხრის წინ როცა კანკელის გვერდითა კარებს ჩავუარე, უეცრად კეთილსურნელება ვიგრძენი, რომელიც უეჭველად საკურთხევლიდან, წმინდა ნათლისმცემლიდან მოდიოდა. სხვა დროს კი, როცა წმინდა ნილოს მირონმდინარის კელიიდან დიდი ლავრისკენ მიმავალ ბილიკს მივყვებოდი, ჰაერში კეთილსურნელების ტალღები ვიგრძენი. აქ მონაზვნებსა და მომლოცველებს ენით აღუწერელი კეთილსურნელება უგრძნიათ. გადმოცემით, ამ ადგილებში ბევრი ასკეტი მოსაგრეობდა, რომლებიც დიდ ღვაწლში ცხოვრობდნენ, სიწმინდის უმაღლეს მდგომარეობას მიაღწიეს და იქვე დაიმარხნენ.
1927 წელს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე (7 ივლისს, ახ. სტ.) წმინდა დიონისეს მონასტერში ერთმა ძმამ, რომელიც მზარეულის მორჩილებას ასრულებდა, "აქებდითას" მუხლებში, როცა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი მარჯვენის თაყვანისცემა აღესრულება, საკვირველი და გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძნო. ამის შესახებ გაანდო ღირსსახსოვარ ბერდიდ ლაზარეს...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი