ილარიონი ბერძნული სახელია და ქართულად "მხიარულებას" ნიშნავს. მართლაც მხიარულებად, ნუგეშად და იმედად ექცა წმინდა ილარიონი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ის გახლდათ დონაურთა დიდებული აზნაურების გვარიდან. ამ გვარის წარმომადგენელი კახეთში ქორეპისკოპოსი გახდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ილარიონი ჭაბუკი გახლდათ. დონაურების მეთაურობით ქართველებმა სოფელ გავაზთან სასტიკად დაამარცხეს არაბთა სარდალი ხალიბ იბნ-იაზიდი, რომელმაც 840-842 წლებში ილაშქრა საქართველოში და ჯავახეთში პოვა სიკვდილი. შემდეგ დონაურებმა და კახელებმა, წანარებმა, გარდაბნელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ბუღა თურქს და არ შეუშვეს არაგვის ხეობაში და ფეხი არ მოაკიდებინეს კახეთის საქორეპისკოპოსოში.
ილარიონი დაახლოებით 822 წელს დაიბადა. მამამისი მხედართმთავარი იყო, ახოვანი მებრძოლი, კეთილი და თავმდაბალი. მეუღლეც თავისი სადარი ჰყავდა. ცოლ-ქმარი თურმე ხშირად იწყნარებდა და ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ილარიონის დედ-მამას ორი ძე და ერთი ასული ჰყავდა. ილარიონი ბავშვობიდანვე ღმერთს აღუთქვეს. ექვსი წლისა განათლების მისაღებად მიაბარეს ერთ განსწავლულ და ღვთის¬მოყვარე კაცს (მეტაფრასული რედაქციით - მღვდელს) იმავე სოფლიდან, რომელიც მას საღმრთო წერილს ასწავლიდა. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. მან უმოკლეს დროში დაისწავლა ძველი და ახალი აღთქმა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი. მონასტერში შეიკრიბა თექვსმეტამდე ბერი და თავის ვაჟთან ერთად ილარიონის მასწავლებელ მღვდელს ჩააბარა. ჩააცვეს სამონაზვნე სამოსი ილარიონს და იგიც "მორჩილ ექმნა სიკვდილსა ხელითა მამისა თვისისათა". ამ დღეს მისმა მშობლებმა მრავალი სიმდიდრე გასცეს შეჭირვებულთათვის, მაგრამ მას შემდეგ უფრო ხშირად მიდიოდნენ ვაჟის მოსანახულებლად, რადგან, მიუხედავად მრავალგზისი თხოვნისა, ძე ერთი დღითაც არ მიჰყვებოდათ შინ.
14 წლის ილარიონმა გადაწყვიტა, გარიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, პოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.
ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. "მარხვითა და მღვიძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ". მარხვით, მღვიძარებით, ლოცვით და ასკეტური ცხოვრების წესით ილარიონს ისეთი სულიერი სრულყოფისათვის მიუღწევია, რომ მისაბაძი გამხდარა სხვა ბერებისათვის, და მიდიოდნენ მასთან როგორც თვით უდაბნოს მოღვაწეები, ასევე შორი ადგილებიდან. ამგვარად შემოიკრიბა გარშემო 11 მოწაფე. წმინდა ილარიონმა თავისი გამოცდილებისა და ფიცხელი მოღვაწეობის სანაცვლოდ სულთა განკითხვის ნიჭი მიიღო - შეეძლო გარჩევა, თუ რა იყო ღვთისგან და რა - ბოროტისგან. მისი ამბავი რუსთავის ეპისკოპოსმაც გაიგო და მივიდა ახალგაზრდა ბერის სანახავად. როდესაც ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა. მღვდლად ხელდასხმისას ეპისკოპოსმა და რამდენიმე ძმამ იხილეს სულიწმიდის მადლი, რომელიც ილარიონს ხილულად ადგა თავს.
ილარიონის ღირსების ხმა მთელ ქართლს მოედო. მრავალი მნახველი ჰყავდა წმინდა მამას, ამიტომ ილარიონმა გადაწყვიტა გარიდებოდა ამაო დიდებას და წასულიყო წმინდა ადგილთა მოსალოცად. მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, რომელიც ყველას აღემატებოდა სათნოებით, ხოლო თვითონ წაიყვანა ერთი მოწაფე და გაემართა იერუსალიმისაკენ.
გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკლავად. მოულოდნელად ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს, ფეხებში ჩაუცვივდნენ წმინდანს და შენდობა სთხოვეს. წმინდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდე გააცილა წმინდანი.
თავდაპირველად ილარიონი და მისი მოწაფე თაბორის მთაზე მივიდენ, შემდეგ ჩავიდნენ იერუსალიმში და მოილოცეს წმინდა ადგილები, ხოლო იქიდან გაემართნენ ბეთლემს. შემდეგ ილარიონი მივიდა მდინარე იორდანესთან, განიბანა მასში და მოილოცა იორდანის უდაბნოს მონასტრები, ხოლო ამის შემდეგ მივიდა საბა განწმენდილის ლავრაში და იქ რამდენიმე წელი გაატარა ღვაწლსა და შრომაში. აქ ილარიონის სათნოებამ და სულიერმა სრულყოფილებამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია.
მეტაფრასული რედაქციის მიხედვით, ილარიონი წმ. საბას ლავრაში მცირე ხანს დარჩა, იქ დატოვა მოწაფე, რომელიც ახლდა, თვითონ კი წავიდა იორდანის უდაბნოში და დაეყუდა გამოქვაბულში, რომელშიც თავის დროზე დაყუდებული იყო ელია თეზბიტელი და შემდეგ - იოანე ნათლისმცემელი. ასევეა მოკლე რედაქციის ათონური ნუსხის მიხედვითაც. მოკლე რედაქციის თბილისურ ნუსხაში ელია წინასწარმეტყველისა და იოანე ნათლისმცემლის "ქუაბი" არაა ნახსენები, მხოლოდ საბას ლავრა და იორდანის უდაბნო, ხოლო ადრეული სვინაქსარული რედაქცია არ ახსენებს საბა განწმენდილის ლავრას, საუბარია მხოლოდ ელია წინასწარმეტყველისა და იოანე ნათლისმცემლის ქუაბში ილარიონის დაყუდებაზე.
ელია წინასწარმეტყველის მღვიმე
განსხვავებულია აგრეთვე სხვადასხვა წყაროთა ჩვენებები იორდანეს უდაბნოში ილარიონის მოღვაწეობის ხანგრძლივობის შესახებ. ვრცელი რედაქციის თანახმად, ილარიონმა იორდანის უდაბნოსა და საბას ლავრაში ერთობლივად 7 წელი გაატარა. 7 წელს უთითებს აგრეთვე მოკლე რედაქციის თბილისური ნუსხა. ხოლო მოკლე რედაქციის ათონური ნუსხის თანახმად, ისევე, როგორც მეტაფრასული და ადრეული სვინაქსარული რედაქციების თანახმად, ილარიონმა იორდანეს უდაბნოში 17 წელი გაატარა. გვიანდელ სვინაქსარულ რედაქციაში კი ნათქვამია, რომ უდაბნოში დაყუდებით 15 წელი დაჰყო. ერთ ღამეს ილარიონმა კაცი ვინმე იხილა, რომელიც უბრძანებდა: "ადექი და მშობლიურ ქალაქში წადი, რამეთუ სათნო ეყო ღმერთს დედაშენი და დალოცა, არ განვიდეს ამა სოფლიდან, ვიდრე თავის ძეს არ იხილავს. გიბრძანებს, ეახლო დედას, მის ზედა განწესებული აღასრულო და პატივით დაკრძალო, ამის შემდეგ კი განაგრძო მოღვაწეობა, ვითარცა უფალმა გიბრძანოსო".
უმძიმდა წმინდა ილარიონს მღვიმის დატოვება, არ სურდა, კვლავ ამა სოფლის ამაოებას დაბრუნებოდა, მაგრამ "განგებულება ღვთისა სხვაგვარად განაგებდა". მეორე ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, დაუყოვნებლივ აღესრულებინა, რაც უფალმა აუწყა ანგელოზის პირით.
"იყოს ნება ღვთისა", - თქვა წმინდანმა. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, მხურვალე ცრემლებით დაემშვიდობა თავის სენაკს, გრძნობდა, იქ ვეღარ დაბრუნდებოდა. დილით იერუსალიმში წავიდა, მოილოცა მაცხოვრის საფლავი, გოლგოთა, აღივსო მადლით და სამშობლოსკენ მიმავალ გზას დაადგა. შინ დაბრუნებულს მამა და ძმა გარდაცვლილნი დახვდნენ. დედა და და მუხლებში ჩაუცვივდნენ მონატრებულს და სურვილით ამბორ-უყვეს ფერხთა და ხელთა. "შვილო საყვარელო, შვილო სასურველო, - უთხრა დედამ, - რაკი არ უგულებელყო ღმერთმა ჩემი ცრემლები და შენი პატიოსანი სახის ხილვის ღირსი გამხადა, ამიერიდან როგორც სათნო გეყოს, ისე განაგე ჩვენი ცხოვრება. ჩვენი სიმდიდრე და ყოველივე ღმერთს მიეც, ჩვენ კი ანგელოზებრივი სახე შეგვმოსე, დაყუდება და სინანული გვასწავლე, რათა ვცხონდეთ შენ მიერ, ვითარცა სხვანი, რომელნი შესწირენ ღმერთსა".
ილარიონმა მშობლების სახლში დედათა მონასტერი მოაწყო, დედა და და მონაზვნად აღკვეცა და იქვე დააბინავა. ცოტა ხანში ილარიონის დედა გარდაიცვალა. წმინდა მამამ ღირსეულად შემურა "ხორცნი ღირსისა მის დედაკაცისა", თავისი და კი "ღირსთა ქალწულთა მიუთვალა".
აკურა.მამა დავითის ტაძარი.
შემდეგ ააშენა მამათა მონასტერიც, რომელშიც შეკრიბა 76 ბერი, ამ მონასტერსაც განუწესა წესი და კანონი, შესწირა სოფლები, წმინდა წიგნები და სხვა ყველაფერი, რაც იყო საჭირო. ილარიონმა სიმდიდრის უდიდესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ხოლო დანარჩენი გარეჯის უდაბნოში წაიღო, გააფართოვა წმინდა დავითის განსასვენებელი და ეკლესიად გადააკეთა, წმინდა მამის ნაწილები კი ახალ ლუსკუმაში ჩაასვენა.
უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. წმინდა მამა ყველას დიდი სიყვარულით იღებდა. იგი იყო თვალი ბრმათა, ფეხი მკელობელთა, სახლი მიუსაფართა, მკურნალი სულთა, ყველას მსახური, მზრდელი და ნუგეშისმცემელი.
იმ ხანებში რუსთაველი ეპისკოპოსი გარდაიცვალა და საერო ხელისუფლებამ ილარიონის აღსაყდრება განიზრახა. ეს რომ შეიტყო ილარიონმა, გადაწყვიტა, გარიდებოდა ამ სოფლის დიდებას და წასულიყო უცხო მხარეში. თავის ნაცვლად მონასტრის წინამძღვრად დადგინა ერთი ღირსეული ძმა, დამოძღვრა მონასტრის საძმო, სთხოვა, მონასტრის კარი არასოდეს დაეხშო უცხოთა, გლახაკთა და უსახლკაროთათვის. "მოიგეთ სიყვარული და სიმდაბლე, საკრველითა მით სიყვარულისა და ერთგულებისათა ურთიერთას შემტკიცებულ იყვენითო", - ბრძანა, მუხლი მოიდრიკა, ილოცა ძმებისთვის, ორი ბერი თან წაიყვანა და წავიდა იმ მონასტრის მოსანახულებლად, რომელიც მისმა მამამ ააშენა და რომელშიც ილარიონი თავდაპირველად იყო დამკვიდრებული. იქ დამოძღვრა და აკურთხა ძმები, შემდეგ მოინახულა დედათა მონასტერი, რომელიც თავისი დედისათვის ააშენა. იქაც დამოძღვრა მონაზვნები და გაემართა კონსტანტინოპოლისაკენ.
კონსტანტინოპოლში ჩასვლამდე ილარიონი მივიდა ულუმბოს, ანუ ოლიმპოს მთაზე მცირე აზიის ბითვინიაში.
ოლიმპოს მთა
ოლიმპოს მთა მდებარეობს მცირე აზიაში, ბითვინიაში. საფიქრებელია, რომ ქართველები აქ IX საუკუნის შუა ხანებში დასახლდნენ და დაიწყეს სავანის აშენება, მაგრამ მხოლოდ IX საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი ქართველთა კოლონიას, ანუ მას შემდეგ, რაც იქ ილარიონ ქართველი მივიდა მოწაფეებთან ერთად, ნახა პატარა ეკლესია დაუსახლებელ ადგილას და იქ დაიწყო ცხოვრება. ოლიმპოზე ცხოვრობდა აგრეთვე გამოჩენილი მოღვაწე იოანე ქართველი, რომელმაც X საუკუნის 80-იან წლებში ათონის ქართულ კოლონიას დაუდო საფუძველი. იოანე ქართველი ჯერ საქართველოში, ოთხთა ეკლესიაში ეწეო¬და ბერმონაზვნობას, შემდეგ ულუმბოს მთაზე წავიდა და იქ მოღვაწეობდა ათანასე ათონელთან ერთად.
ულუმბოს მთაზე ქართველები რამდენიმე სავანეში ყოფილან. ესენია: ღვთისმშობლის ეკლესია და კრანიას ლავრა. ოლიმპოელ ქართველთა შორის იყვნენ მიქაელ-ზეკეპე ბერთელი, იოანე კახი, გრიგოლ მოძღვარი, საბა კუტი, იოანე მმოსველი და სხვ. ისინი ინტენსიურად მოღვაწეობდნენ ხელნაწერების დამზადებაზე.
ოლიმპოდან მოუღწევია არაერთ ხელნაწერს, რომელთაგან ზოგი დღეს ათონზეა დაცული, ზოგიც - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
* * *
ოლიმპოს მთა.
ულუმბოს მთაზე ილარიონმა ნახა ერთი პატარა ეკლესია, რომელიც მდებარეობდა დიდი მონასტრის მახლობლად და იქ დაემკვიდრა. ყველიერის შაბათს, მწუხრზე, დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა.
შემდგომ შაბათს, წმინდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა პატარა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედ ცერცვი ეხმიათ. ბერმა წმინდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა.
მან მხოლოდ სეფისკვერი და ზედაშე ითხოვა. დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო, იკონომოსს და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის არემარიდან გაეძევებინათ.
ეკლესიაში მისულ იკონომოსს წმინდა ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათევის ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დღესვე ეკლესიას დატოვებდა.
იმ ღამეს მამასახლისს ეჩვენა: ყოვლადწმინდა ქალწუ¬ლი რისხვით დაადგა თავს და უთხრა: "ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვი¬ნაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს". შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმინდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმინდა დედოფლის რისხვა აე¬რიდებინა მისთვის.
ილარიონმა ხუთი წელი დაჰყო ოლიმპოს მთაზე, შემდეგ მოწაფე ისააკთან ერთად კონსტანტინოპოლს მიაშურა წმინდა ჯვრის და სხვა სიწმინდეების თაყვანისცემად, ოთხი მოწაფე კი დატოვა ულუმბოს მთაზე და დაუბარა, მის დაბრუნებამდე აეშენებინათ მცირე სენაკი ყორის ქვათაგან.
წმინდა მამა რომში
კონსტანტინოპოლის სიწმინდეების მოლოცვისა და წმინდა ჯვრის თაყვანისცემის შემდეგ ილარიონმა გადაწყვიტა წასულიყო რომში წმ. პეტრეს და პავლეს სამარხის თაყვანისსაცემად. რომს მიახლებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყურძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: "აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი "ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან".
ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: "აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ჴელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის". განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმინდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფელის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.
წმინდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.
თესალონიკეში აღსრულებული სასწაულები
კონსტანტინოპოლში მიმავალმა წმინდა ილარიონმა თესალონიკეს კარიბჭესთან შეისვენა. ამ დროს ერთმა მოსამსახურე ქალმა გამოიყვანა და იქვე ახლოს დასვა ქალაქის მთავრის ვაჟი, რომელსაც მარჯვენა მხარი გამხმარი ჰქონდა. შეებრალა წმინდანს ყრმა, ქალს სთხოვა, წყალი მომიტანეო. მის დაბრუნებამდე ბავშვი, ჯვრის გადასახვით განკურნებული, მშობლებთან გაუშვა, თვითონ კი ხალხს შეერია. ბავშვმა დედ-მამასთან მიირბინა.
განცვიფრდა მთავარი, გამოჰკითხა მოსამსახურეს იმ ბერის გარეგნობა და შესამოსელი, მერე კი ბრძანა, ქალაქის ყველა გასასვლელი ჩაეკეტათ, ეპოვათ ღირსი მამა და დიდი პატივით მიეყვანათ მასთან. მთავრის ხალხმა წმინდა ილარიონს ქალაქის აღ¬მოსავლეთით მიაგნო, თაყვანი სცა და მთავრის სათხოვარი გადასცა.
მთავარი და მისი მეუღლე მოწიწებით მიეგებნენ ღირს მამას, მუხლებში ჩაუცვივდნენ, კურთხევა სთხოვეს. წმინდა ილარიონმა წამოაყენა ისინი, გვერდით მოისვა და სულიერადაც განკურნა. შეევედრა ცოლ-ქმარი, ჩვენთან დარჩი და რომელი ტაძარიც მოგეწონება, იქ დამკვიდრდიო. დაჰყვა მათ თხოვნას ღირსი მამა, მთელი ქალაქი მოვლო, ერთ ადგილას მცირე ეკვდერი მოეწონა და იქ დასახლდა, მთავარს კი სთხოვა, განმარტოება ეცლიათ მისთვის, მხოლოდ ჟამითი ჟამად ხმელი პური და დამბალი ცერცვი მიეტანათ.
მთელმა თესალონიკემ გაიგო წმინდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მოდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო.
ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმინდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმინდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: "აღდეგ, ჰოი, დიაკონ, და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე".
გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან გათავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკეში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვლისთანავე მან წმინდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმინდა ილარიონმა უთხრა: "შვილო! ენება ღმერთსა ჴსნაჲ შენი. ამისთჳსცა ანგელოზი თჳსი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაჲთგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგჴსნა მწარისა ტყუეობისაგან. ამისთჳსცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკჳრველებათასა".
წმინდა მამის ამქვეყნიდან გასვლა
წმინდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკეში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა. დამწუხრდა მთავარი, მგლოვიარე გაბრუნდა შინ, ილარიონი კი სენაკში შევიდა და ლოცვა დაიწყო. ერთ შაბათს იხმო მოწაფეები, დაარიგა და სთხოვა, ერთმანეთის სიყვარული ჰქონოდათ, ამის შემდეგ მღვდელს წირვა აღასრულებინა, ეზიარა, ყველა აკურთხა და თავ-თავიანთ სენაკებში განუტევა.
ბოლოს მოვიდა მისი გარდაცვალების დღეც. დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმინდანის ნეშტისათვის. მთელი თესალონიკე შეიკრიბა წმინდა მამის ნეშტთან. თან სნეულნი და ეშმაკეულნი მოჰყავდათ, რომლებიც წმინდანის ცხედართან შეხებისთანავე იკურნებოდნენ. წმინდა მამა იმავე ეკვდერში დაკრძალეს, სადაც მოღვაწეობდა.
მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა ილარიონის საფლავთან, თვით მისი სამოსელიც კი სასწაულებს ახდენდა. მონასტრის ძმებს ღირსი მამის ფლასი ვინმე გლახაკი დედაკაცისთვის მიეცათ მოწყალებად, ის კი ავადმყოფებს კურნავდა მისი დადებით, გამდიდრდა კიდეც და მას შემდეგ თავადვე აღუპყრობდა გლახაკთ ხელს.
ამ დროს ბიზანტიაში ბასილი კეისარი მეფობდა. ერთხელ მეფემ დიდი წვეულება გამართა და ულუმბოს მთის ყველა მონასტრის წინამძღვარნი მიიწვია. იქვე იყო ის არქიმანდრიტი, რომლის დისწულიც წმინდა ილარიონმა განკურნა. მეფემ სტუმრებს თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის წერილი გააცნო, რომელიც ახალგამოჩენილ წმინდანზე - ილარიონ ქართველზე მოუთხრობდა. ულუმბოელი არქიმანდრიტი წამოდგა და თავის მხრივაც ყოველივეს დაწვრილებით მოუყვა ღირს მამაზე. "ვინმე თუ დარჩა ღირსი მამის მოწაფეთაგან?" - ჰკითხა მეფემ. ულუმბოს მთაზე სამი მოხუცი ბერია, რომელთაც ზედმიწევნით იციან წმინდა ილარიონის ამბავიო, - მიუგო ულუმბოელმა. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა ხალხი და ქართველი ბერები მოაყვანინა. იხილა და დიდად მოიხიბლა მათი სულიერი და ხორციელი მშვენიერებით, ბრძნული სიტყვითა და მდაბალი გონებით. "ჭეშმარიტად მონანი ღვთისანი არიან და ჩემი სულის მეოხნი", - თქვა ბასილიმ და ღირს მამებს შესთავაზა, ნებისმიერი მონასტერი აერჩიათ და მასთან დარჩენილიყვნენ. ქართველებმა მოკრძალებით მიუგეს: "არ ეგების, მეუფეო, ჩვენ, უცხო ხალხმა, სხვათა აშენებული მონასტერი დავიპყროთ, აღმშენებელნი მისნი იქიდან გავაძევოთ და ამით ღვთის წყევლა დავიტეხოთ თავს. უკეთუ გნებავს, ბრძანე და სადაც ენებოს უფალს, იქ აგვიშენე მცირე სამყოფელი, სადაც დავმკვიდრდებით და შენი მეფობისთვის ვილოცებთო".
მეფემ ღირს მამებს თავისი მხედართმთავარი გააყოლა და ადგილის შესარჩევად გაუშვა. ქართველებმა კონსტანტინოპოლის ჩრდილოეთით, სოსთენის მთავარანგელოზის ტაძრის ახლოს, ერთ ღელესთან, რომელსაც ჰრომანას ეძახდნენ, მოინდომეს მონასტრის აშენება. აუწყეს მეფეს და მანაც ბალავერში პირველი ქვა ჩადო, რომელზეც რამდენიმე თვეში მოციქულთა სახელობის ტაძარი აიგო.
ბასილი კეისარმა წმინდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკეში თავისი ხალხი გაგზავნა. თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმინდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებული გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმინდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ.
კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმინდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის.
მესამე ღამეს მეფე სასიამოვნო სურნელებამ გამოაღვიძა. მიხვდა, რომ ეს სურნელი წმინდა ნაწილთაგან მოედინებოდა. გახარებულმა მეფემ სიწმინდეთა თავისთან დატოვება განიზრახა, მაგრამ იმავე ღამეს გამოეცხადა წმინდა ილარიონი და უთხრა: "შეიწირა უფალმა შენი გულისმოდგინება და ჩვენდა მომართ პატივისცემა, მაგრამ სამეფო პალატში ჩემი ყოფნა რომ განიზრახე, ეს არ სათნოეყო; შენს აშენებულ ახალ მონასტერში დაასვენე ჩემი ნეშტი, რამეთუ სურნელება, რომელიც შენ იყნოსე, ქალაქში კი არ მომიგია, არამედ უდაბნოში, და თუ გინდა მადლი გქონდეს, უდაბნოსვე წამიყვანეო". ცისკრის ჟამს ადგა მეფე, იხმო პატრიარქი და წმინდა ილარიონის ნაწილები სოსთენის ეკლესიაში გადააბრძანებინა, ხოლო ჰრომანას მოციქულთა ტაძრის სატფურების (კურთხევის) შემდეგ ქალაქში მეტოქი ტაძრებიც განუჩინა.
ამდენი წყალობის გამცემი, თვითონაც შეიწყალა ღმერთმა - ჰრომანადან უსტარი გამოუგზავნა ექვთიმე ქართველმა, დაყუდებულმა ბერმა, და აუწყა, რომ იხილა ცეცხლი, რომელიც ბასილი კეისრის ცოდვათაგან ანთებულიყო. მწუხარებდა ამის შემხედვარე ექვთიმე. ამ დროს მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: "ნუ მწუხარებ, რამეთუ პოვა მადლი მეფემ ღვთის წინაშე და მისი მეოხია ილარიონ ქართველი, რომელიც ამ ცეცხლს ჩააქრობსო". ამის გაგონება იყო და გამოჩნდა კაცი ვინმე დიდებული, კოცონს წყალი დაასხა ("ცხოვრების" სხვა ვარიანტით - ალში ხორბლისოდენა თეთრი მარცვალი - სიმბოლო უცხოთშეწყნარებისა - ჩააგდო) და ჩააქრო. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მბჟუტავი ნაკვერჩხალი. "აწ, მეფეო, ისწრაფე და ქველი საქმეებით ის ნაკვერჩხლებიც ჩააქრეო", - დასძინა ღირსმა ექვთიმემ.
ამის შემდეგ ბასილი კეისარს უფრო მეტი სასოება გაუჩნდა წმინდა მამის მიმართ. მეფემ უხვი შესაწირი შესწირა მონასტერს და დააწესა, რომ მარადის ენთოს ექვსი კანდელი წმინდა მოციქულთა ნაწილებთან, ხოლო სამი კანდელი ილარიონის ნაწილებთან, სასახლიდან ყოველდღე იგზავნე¬ბოდეს მონასტერში 2 სეფისკვერი ლიტურგიის აღსასრულებლად, ხოლო ბერებს ყოველ წელს 2 ლიტრა ოქრო ეგზავნებოდეთ სამოსლისათვის. მან მონასტერში სამეფო სენაკიც კი ააშენებინა, სადაც ხშირად მიდიოდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. მეფის ბრძანებით ბასილი მონაზონმა წმინდა ილარიონის ცხოვრება აღწერა. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, რომანას მონასტრის დაარსება და ილარიონის ნაწილების აქ გადმოსვენება უნდა მომხდარიყო ილარიონის გარდაცვალების შემდეგ წელს, ანუ სავარაუდო პარალელური ქრონოლოგი¬ის თანახმად 870 ან 875 წელს. არსებული წყაროებიდან ცნობილია, რომ ილარიონის შემდეგ აქ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (XII-XIII საუკუნემდე) მიმდინარეობდა სამწიგნობრო საქმიანობა და იწერებოდა ქართული ხელნაწერები. ამ მონასტრიდან ორმა ხელნაწერმა მოაღწია. ისინი დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების საკუთრებას წარმოადგენენ: ერთია ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანების შემცველი კრებული, 1066 წლით დათარიღებული; მეორე კი - თამარ მეფისათვის საგანგებოდ გადაწერილი სახარება ვანის ოთხთავი, დათარიღებული XII-XIII სს-ით. 980 წლის შემდგომ ქართველებმა დათმეს მონასტერი. ნოვგოროდელი მოგზაურის, ანტონის მოგზაურობის აღწერიდან ცხადი ხდება, რომ 1200 წელს რომანას მონასტერი კიდევ არსებობდა და ის მდებარეობდა სოსთენის მთავარანგელოზის ტაძრის მახლობლად.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ღირსი ილარიონ ქართველი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 19 ნოემბერი (ძვ. სტილით) დაადგინა.