უახლესი ისტორიიდან თქვენთვის რამდენიმე ფრაგმენტის ამოკრება გადავწყვიტე. მოხმობილ საარქივო მასალას ამჯერად უკომენტაროდ გთავაზობთ და იმედი მაქვს, მსგავსი მასალის მოძიებაში თქვენც შეძლებისდაგვარად შეგვეწევით.
***
თუ გასაბჭოებამდე, 1921 წლამდე, საქართველოში 1450 ეკლესია მოქმედებდა და მათში 1600 მღვდელი მსახურობდა, ხოლო 25 მოქმედ მონასტერში 280 ბერ-მონაზონი მოღვაწეობდა, ათი წლის შემდგომ 350 ტაძარი, 300 მღვდელი და ხუთიოდე მონასტერიღა დარჩა. თეთრი სამღვდელოებიდან (რომელთაგან ზოგს მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს) ბევრმა ვერ გაუძლო სასტიკ რეპრესიებს და მღვდლობაზე იძულებით უარი თქვა. შემდეგ შავ სამღვდელოებას მისდგნენ და უამრავი მათგანი იმსხვერპლეს. ბერები, რომლებსაც არც ოჯახები ჰყავდათ და არც პირადი საკუთრება გააჩნდათ, გაცილებით გაბედულად მოქმედებდნენ, - მონასტრებიდან გამოდიოდნენ, მიტოვებულ სამრევლოებში ჩადიოდნენ, ქადაგებდნენ, მორწმუნეთ განამტკიცებდნენ, წირავდნენ, ადამიანებს ნათლავდნენ და მიცვალებულთ აპატიოსნებდნენ...
ხელისუფლებამ მათ გასანადგურებლად ამგვარ ხერხს მიმართა: 3-4-კაციანი ყაჩაღური ჯგუფები შექმნა და მონასტერთა დარბევა და გადარჩენილ ბერთა მოსვრა დაავალა...
უნდა ითქვას, ამ ჯგუფებმა თავიანთი ავი საქმე შესაშურად აღასრულეს - 1934 წელს შინაგან საქმეთა კომისარიატისადმი გაგზავნილ წერილში პატრიარქმა ითხოვა, დაესაჯათ დამნაშავენი, მაგრამ დამნაშავე საკუთარ თავს როგორ დაისჯიდა?
1932 წელს მოკლეს ჯვრის მონასტრის მეთვალყურე, მღვდელმონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი), ქვათახევის მონასტრის მეთვალყურე, მღვდელმონაზონი ნეოფიტე (ვარდუაშვილი), შიომღვიმის მონასტრის ბერი, მღვდელსქემმონაზონი მოსე (სუმბაძე), 1933 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს ძეგვის წმინდა სამების მღვდელმონაზონი რაფაელი (კურდოვი), 1934 წელს დაარბიეს და სასტიკად გაუსწორდნენ ბეთანიელ ბერებს, აწ წმინდანთა დასს შერთულ იოანე მაისურაძეს და გიორგი მხეიძეს, დაარბიერ და გაძარცვეს მარტყოფისა და აწყურის თეთრი გიორგის მონასტრები... მაგრამ ეს ჩამონათვალი მხოლოდ ზღვაში წვეთია...
***
"დღეს, დილის 8 საათზე, ზედაზნის მონასტრის არქიმანდრიტმა მიქაელმა (მანდარიამ, რომელიც კომუნისტებმა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ზედაზნის მოხუცი ბერებისათვის სარჩოს აგროვებდა სოფელში, - ავტ.) შემატყობინა, ჯვრის მონასტრის ბერი ილარიონი მოუკლავთო.დაუყოვნებლივ ვაცნობე მილიციას და მათთან ერთად გავეშურე ჯვრის მონასტრისკენ.
როცა მივედით, საშინელი სურათი წარმოგვიდგა: - ტაძრის აღმოსავლეთით, რამდენიმე საჟენით კედლისაკენ გდია გვამი პირაღმა, გასივებული, ტვინი უჩანს... მკვლელებს, როგორც ჩანს, თავი გაუტეხიათ რაიმე მძიმე იარაღით.
როცა ექიმმა გასინჯა, აღმოჩნდა, რომ დაკლულიც არის - ყელი აქვს გამოჭრილი... მკვლელობა ჩადენილია 4-5 დღის წინ.
მილიციამ ოქმი შეადგინა, მე განკარგულება გავეცი, ამაღამვე დასაფლავდეს. შაბათს ვუწირავ და წესსაც ავუგებთ. მისი ოთახი გადმობრუნებულია, სჩანს, ეძებდნენ რაღაცას... მკვლელთ დარჩენიათ გუდა მწყემსისა, ნაარყალი ბოთლი და ტყავის ქამარი. ეკლესია დაკეტილია. განსვენებულს საიდუმლო გასაღები ჰქონდა გაკეთებული და ჩვენ ჯერ ვერ ვაღებთ. ეკლესიაზე არ არიან შეხებულნი. ვის ჩავაბარო ტაძარი, ვინ იკისრებს მის მოვლას, არ ვიცი".
წილკნელი ეპისკოპოს ალექსის (გერსამიას) ჩანაწერი მღვდელმონაზონ ილარიონის (ოზიაშვილის) მკვლელობასთან დაკავშირებით. 1932 წელი, 6 ოქტომბერი.
***
"შაბათს, 3 დეკემბერს, საღამოს, ჩემი პირადი საქმის გამო წამოვედი შიომღვიმის მონასტრიდან და დაუტოვე ჩემს მეგობარ დიდსქემმღვდელმონაზონ მოსეს ეკლესიისა და საწინამძღვრო სახლის გასაღები, ასევე 10 თუმანი. თან დავუბარე, თუ ჩემი დისწული ჩამოვიდოდეს (ახლაც ველოდები) და ჩამოიტანა ურმით ჩემი საზამთრო საზრდო, გადაეცა ურმის ქირა 10 თუმანი და თუ არ ეყოფოდა, თავისი დაემატებინა ჩემს მოსვლამდე და მიეცა ჩემი სახლის გასაღები, რომ ღამე გარეთ არ დარჩენილიყო. ასევე მორჩილ დათიკოს (ჩიტიშვილს, შემდგომში მღვდელმონაზონს) დავუბარე, რომ გადასულიყო სოფელ სხალტბაში გადმოსატანად გამომცხვარი პურისა, სადაც დატოვებული მქონდა ფქვილი და ამის შემდეგ გავემართე მცხეთის გავლით თბილისისაკენ. 4 დეკემბერს თბილისში დავრჩი, 5-ში დილით გავედი თბილისიდან საფოსტო მატარებლით, გავუარე მცხეთაში კბილის ექიმს, ნაშუადღევს გავედი მცხეთიდან და 4 საათი იქნებოდა, მივედი მონასტერში. როცა გალავანში შევედი, ჰოი, საშინელებავ! Kკატა ერთი მხრიდან მომეგება საშინელი კივილით და ძაღლი - მეორე მხრიდან, რომელიც არაჩვეულებრივად წკმუტუნებდა, მელაქუცებოდა და ფეხქვეშ მიგორდებოდა...მივუახლოვდი ჩემი მეგობრის, მოსე სუმბაძის ბინას. შევნიშნე, რომ მის საცხოვრებელ ბინას კლიტე ედო მხოლოდ. მეორე, რომელიც საკუჭნაოდ ჰქონდა და არავის თავის დღეში არ უშვებდა შიგ, ღია იყო.
შევეხმაურე ორჯერ და ვთხოვე, ჩემი ბინის გასაღები მოეცა, მაგრამ შიგნიდან ხმა არავინ გამცა. ვიფიქრე, შეიძლება არ სცალია-მეთქი და წავედი ჩემი სახლისაკენ. ავედი რა კიბეზე, შევნიშნე, შესავალი კარი ღია იყო და ფანჯარა ჩამტვრეული. შევედი რა აივანში, ჩემი საწოლი ოთახის კარი ფეხით იყო შელეწილი, აგრეთვე სამზარეულოსი, სასადილოსი და დიდი დარბაზისა. შევედი შინ, მაგიდის უჯრები გამოღებული და არეული იყო, ქვეშაგები გადმოყრილი, ზოგი ტანისამოსი და საცვლები წაღებული. გავედი საკუჭნაო ოთახში, შევნიშნე, რომ მაგიდაზე ეწყო ეკლესიის გასაღები, კვლავ დავბრუნდი დაბლა განსვენებულის ოთახისაკენ, შევაღე კარი, შიგ არავინ დამხვდა, ვეძახდი ხან მოსეს, ხან დათიკოს, მაგრამ ჩემს ხმას ბანს აძლევდა გამოძახილი ბუებისა და ჭოტებისა. ვიფიქრე, შეიძლება, უბედურებას გაექცნენ, წავიდნენ მცხეთაში ან ძეგვში მილიციაში განსაცხადებლად...
უკვე ბინდმა მოაწია და მოვიდა ჩემი მორჩილი დათიკოც. როცა სახლში შემოვიდა ჩემთან, გაკვირვებული შემეკითხა, - რად არის ფანჯრები დამტვრეულიო. ვკითხე, - არ იცი, რა მოხდა აქ-მეთქი? არაო. ვუთხარ, - როცა სოფელში წახვედი, სად იყო მამა მოსე-მეთქი? მითხრა, - აქ იყო და მთხოვა, ჩქარა მოდი, მცხეთაში მინდა წასვლაო.
ის ღამე მწუხარებაში გავატარეთ, მეორე დილით ადრე კვლავ შევუდექით დათვალიერებას, რა იყო წამხდარი და რა - წაღებული.
ეკლესიაში არ შესულან და არც არა დაკარგულა. დათიკო წავიდა წყალზე, სადაც შეამჩნია მე-11 საუკუნის ძველ საძმოს სატრაპეზოსთან აუარებელი სისხლი დაღვრილი და ზედ აგურები და კრამიტები დაფარებული. მოვიდა და შემატყობინა. მაშინვე გავიქეცი და ვიხილე საშინელება. იქვე, აგურებთან შევნიშნე გათრეული კაცი, რომელსაც სისხლის კვალი მისდევდა, ეყარა ორივე ყური მოჭრილი და თმები. მკვდარი გადაეგდოთ ხევში, გამოეჭრათ ყელი, დაეჭრათ ორივე ხელის სავარცხლები და თითები იქვე ეგდო... თვალები დაჭყლეტილი ჰქონდა...
როგორც ექიმმა შეამოწმა და სთქვა, აღმოაჩნდა 26 ჭრილობა სხვადასხვა ადგილას წელს ზემოთ... იქვე ეგდო ტყავის ქამარი, რომელიც ზიდილის დროს გაეწყვიტათ...
შინ დაბრუნებისთანავე დავწერე წერილი, შევატყობინე მცხეთაში ეპისკოპოსს და მილიციას. მილიცია მოვიდა, მოიყვანა მეორე დღეს ექიმი, რომელმაც შეადგინა ოქმი და მოგვცეს ნება დამარხვისა, რასაც სიმდაბლით მოგახსენებთ".
არქიმანდრიტ ისე სუხიშვილის ჩანაწერი მღვდელსქემმონაზონ მოსეს (მცირე სქემაში - კვიპრიანეს (სუმბაძე)) მკვლელობასთან დაკავშირებით, 1932 წლის 15 დეკემბერი.
***
იმავე წლის სექტემბერში სასტიკად სცემეს და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს ქვათახევის მღვდელმონაზონ ნეოფიტე ვარდუაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეში მიიცვალა. ***
"მივიღე ცნობა, რომ სამი დღის წინ მოუკლავთ სოფელ ძეგვის წმინდა სამების მონასტრის მღვდელმონაზონი რაფაელი (კურდოვი). მილიციის თანხლებით წავედით შემთხვევის ადგილზე. ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა, ფანჯრიდან სჩანს, რომ ხატები და წიგნები გადმოყრილია, საცხოვრებელი ბინა ბერისა დაკეტილია, შიგ ყველაფერი ხელუხლებელია, ეზო და კარ-მიდამო კი - საშინლად არეულ-ადრეული. შესასვლელში ბევრი სისხლია და იქ უნახავთ მამა რაფაელიც. მასაც ყელი აქვს გამოჭრილი. რამდენიმე დიდი და ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული ტანზე დიდი დანით. კაბა შემომწვარი აქვს, სხეული და წვერი - ცოტათი დამწვარი. როგორც სჩანს, ბოროტმზრახველებს უწამებიათ. მამა რაფაელი უკვე დაემარხათ, მე ამოვათხრევინე, გავბანეთ, როგორც წესი იყო, გავაპატიოსნეთ მიცვალებული, წესი ავუგეთ და ახლიდან დავასაფლავეთ. შაბათს ვუწირავთ კიდეც. გამოჩნდა ერთი მსურველი აქ დასახლების, ეს არის იეროდიაკონი პართენ აფციაური. თუ ნებას დამრთავთ, მას ჩავაბარებ აღნიშნულ მონასტერს".
ალექსი გერსამიას წერილი უწმინდესი კალისტრატე ცინცაძისადმი, 1933 წლის 27 ოქტომბერი.
კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ იმ დროს მიზანშეწონილად არ ჩათვალა ძეგვში ბერული მოღვაწეობის გაგრძელება.
***
1934 წელს აღნიშნული ჯგუფი თავს დაესხა ბეთანიის მონასტერს, მაგრამ უფალმა მამები უეჭველი სიკვდილისაგან დაიფარა - იმ დროს ბეთანიაში აღმოჩნდა მეზობელი სოფლიდან ჩასული რამდენიმე გლეხი, ყაჩაღებმა ვეღარ გაბედეს მამათა დახოცვა, მაგრამ დაემუქრნენ: - რაც იმ ბერებს დავმართეთ, თქვენც იგივე გელითო. ***
1923 წელს მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი, რომელსაც ხალხი წმინდა კაცს უწოდებდა და დიდად სასოებდა, საკათალიკოსო საბჭოს სწერდა: "თანამდებობისამებრ ჩემისა, ვაცნობებ რა თქვენს უწმინდესობას გარემოებას ჩვენი მონასტრისა შესახებ იმისა, რომ მარტყოფი-ნორიოს კომიტეტის წევრნი უპირებენ ჩამორთმევას ყოველნაირი ქონებისა და დათხოვნასა ჯეელი ბერებისა...დიდ ხუთშაბათს აღწერეს ყოველივე ქონება, ხოლო ეკლესიის შიგნით არსებული საგნები ვეღარ მოასწრეს. თხოვნა ჩემი დააკმაყოფილეს იმით, რომ საღმრთო მსახურებისათვის არ შემიშალეს ხელი.
აღდგომის მესამე დღეს უნდა მოსულიყვნენ წასაღებად ქონებისა, მაგრამ ხალხი ურმებს არ აძლევს და არცა თანახმანი არიან მონასტრის გაძარცვაზე.
არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩვენი საქმე, დეკრეტი არა ჰქონდათ თან წამოღებული და შემპირდნენ მოტანას. უმორჩილესად გთხოვთ თქვენს განკარგულებას, თუ როგორ მოვიქცეთ ქონების ჩამორთმევის დროს".
1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. როგორც მამა გერმანე იუწყება, იმ დროისათვის მონასტრის საძმო, გარდა საქონლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისაგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი), მღვდელმონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელმონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელმონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი), ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი. "ამ 14 კაციდან დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 კაცი, და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე. ი. 3 მღვდელმონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებდნენ მონასტერში დარჩენას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალოგი (ხარკი), ხოლო მოხუცებულნი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მანეთი ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის.
შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც. უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში".
***
ძალზე მადლიანი, მოწყალე და განათლებული იყო საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზაქარია დალბაშვილი, ყველას იმედი და ჭირისუფალი. მისი ბუნების წარმოსაჩენად ერთი ამბავიც საკმარისია: სოფელში ერთ გლეხს შვილი წითელა ბატონებით დაუსნეულდა. რაღა თქმა უნდა, საზიარებლად მამა ზაქარიას უხმეს... სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა ყრმამ უეცრად ბროწეული ინატრა... ყველა შეწუხდა, - შუა ზაფხულში სად ვიშოვოთ ბროწეულიო? ადგა მამა ზაქარია, შეჯდა თავის თეთრ ბედაურზე და სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ იარა ბროწეულის საძებნელად და საღამოს მაინც მოუტანა პატარა სულთმობრძავს ნანატრი ხილი, მარცვლები თავისი ხელით გამოუწურა, შეასვა და ბავშვი სააქაოს მოაბრუნა...
1955 წლის მარტში მოხუცი და ყველასათვის საყვარელი მოძღვარი საღამო ხანს საკუთარ სახლში ძარცვის მიზნით მოუკლავთ. განა რა საბადებელი უნდა ჰქონოდა მღვდელს, რომელსაც უკანასკნელი ლუკმა არ ენანებოდა უპოვართათვის?
მძიმედ დაჭრილ მოძღვარს ახლობელთათვის მოუსწრია მძარცველთა ვინაობის გამხელა, მაგრამ უთხოვია, - აპატიეთო.
ადამიანს, რომელმაც მამა ზაქარიას ესროლა, მცირე ხანში მეუღლე გარდაეცვალა სიმსივნით, მერე ერთადერთი შვილიც გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპა, ბოლოს კი თავადაც უკურნებელ სენს ემსხვერპლა თურმე.
მამა ზაქარიას მიერ აღორძინებული წმინდა დოდოს სახელობის ტაძარი კი დღესაც მოქმედია.
***
ნინოწმინდელ ეპისკოპოს იეროთეოზ აივაზაშვილის (1862-1942წ.) შთამომავლის მონათხრობიდან: "კარგად მახსოვს, როგორ სთავაზობდნენ ბაბუას უცნობი პირები სხვადასხვა მაღალ საერო თანამდებობას, სანაცვლოდ კი სასულიერო სამსახურზე უარის თქმას სთხოვდნენ. თავიდან ყველაფერი მშვიდობიან ფორმას ატარებდა, მაგრამ პაპამ ერთხელ ასე უთხრა: "მირჩევნია ქრისტეს ერთგული დავრჩე, ეს სამოსელი ვატარო და "ბნელეთის მსახური" მიწოდოთ, ვიდრე თქვენგან მაღალი ჩინი მივიღოო".
ის დღე იყო და ის დღე - დაუფარავ ტერორზე გადავიდნენ. ერთხელ ქუჩაში შებინდებისას თავს დაესხნენ და ბლაგვი საგნით მძიმედ დაჭრეს თავში. ძლიერი აღნაგობის წყალობით მეუფე სიკვდილს გადაურჩა და რამდენიმე წელს კიდევ იცოცხლა, მაგრამ არც მაშინ შეუწყვეტია უშიშროებას მასზე ზეწოლა, უწყოდნენ რა ჩვენი უსახსრობა, ძველ წინადადებასთან ერთად სრულფასოვან მკურნალობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მეუფე ტვინში სისხლის ჩაქცევით ისე აღესრულა, ქრისტეს არ უღალატა...
***
მრავალი ტანჯვა გადახდა დიდად ნაღვაწ, უსათნოეს ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს, მაგრამ არც ღრმად მოხუცს დააკლო ბოროტმა ვნება: - თელაველმა კომუნისტმა ძალოვნებმა თეთრი გიორგის უწმინდესი ტაძარი შებღალეს, ხატები რევოლვერებით დაცხრილეს, ღვინით გალეშილებმა რუსი ტურისტი ქალებით შებილწეს იქაურობა და ოთხმოცი წლის მხცოვან მიტროპოლიტს წვერიც კი შეკრიჭეს, თუმცა თავად მეუფემ ჩვეული დიდსულოვნებით შეუნდო შეურაცხმყოფელთ.***
ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე, 1874-1922წ.) კომუნისტთა მიერ მიგზავნილმა ჯალათმა ცემით ამოხადა სული. ***
გაუსაძლისი დროების მიუხედავად, მრავალი სასულიერო პირი აგრძელებდა მოღვაწეობას, მრავალმა მათგანმა საკუთარი ხელით განიმზადა საფლავი, - თუ დაგვხოცეს, ამ საფლავებში ხომ მაინც ჩაგვყრიან და ალბათ, მიწასაც მოგვაყრიან, აბა, მხეცთა ლუკმად ხომ არ გაგვხდიანო...ასე, საკუთარი ხელით გათხრილი, ღია საფლავების შემხედვარენი და სიცოცხლეშივე სიკვდილის მძლეველნი განაგრძობდნენ ცხოვრებას და მერე ზეციურ სამშობლოს შეერთვნენ...
მეოხ გვეყონ უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე ქრისტესთვის სისხლდათხეული ღირსი მამანი. ამინ!
მასალის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებთ
ლუარსაბ ტოგონიძეს
ლუარსაბ ტოგონიძეს