მოკვლის ნებას მოგცემ და ცემისას კი არა
როგორც გახსოვთ, ჩვენი ჟურნალის გასულ ნომერში გამოქვეყნდა ქართველი ემიგრანტის, თავად გიორგი მხეიძის მოგონება გასული საუკუნის 20-იანი წლების საქართველოზე.
შეგახსენებთ, რომ ეს მართლაც ფასდაუდებელი წერილები ბატონმა გურამ შარაძემ მოიძია საზღვარგარეთის არქივებში. აქვე დავძენთ, რომ ხშირად საკუთარი წარსულისადმი გულგრილობის ერთ-ერთი მიზეზთაგანი სწორედ მსგავს მასალათა ნაკლებობაში ან მის არცოდნაში მდგომარეობს. ამჯერად ორი ქართველი ემიგრანტის, ელიზბარ მაყაშვილისა და ა. ხიმშიაშვილის მოგონებებს ვაქვეყნებთ.
***
საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც დაღლილნი და დაქანცულნი რუსის ჯარისკაცებმა თელავის საპატიმროს მიგვიყვანეს. გაიღო დიდი კარები ციხის, გაიღო და კვლავ მიიკეტა. კვლავ ციხეში ვარ, მიცქერიან მოღუშული და ნაღვლიანი ციხის კედლები. კვლავ მაგარი მუხის ფიცრის საწოლები. ციხე, სადაც მეფობს დუმილი, სადაც სუფევს დარდი: ციხე მიტოვებული სამყაროსაგან, მოშორებული სიცოცხლეს."მოათავსეთ ათივე (ჩვენ ათნი ვართ) მე-7 საკანში, იქ ერთი პატიმარიღაა, დანარჩენები წუხელ ჩაჰბარდნენ პატრონს", - ისმის ბრძანება ციხის უფროსის.
შევდივართ საკანში, სადაც ნახევრად ბნელა. ოდნავ და ნაღვლიანად ბჟუტავს ჭრაქი. კარების ხმაურობაზე საკანში ვიღაცამ გაიღვიძა. იგი წამოჯდა და თვალები ჩვენ მოგვაშტერა. თუმცა საკანი ნახევრად ბნელია, მაგრამ მე მაინც ვსცნობ ამ თვალებს, მუდამ ცოცხალს და ჭკვიანურს. "ელიზბარ, გამარჯობა!" - შემომესმა ხმა და მეც ხელგაშვერილმა მისკენ გავსწიე. მაგრად ხელი ჩამომართო. ვიცან ყველასგან პატივცემული, ჩემი მასწავლებელი ბ-ნი გიორგი ციცქიშვილი. მისმა გამჭრიახმა ენამ არა ერთსა და ორს ახალგაზრდა ქართველებს ასწავლა სამშობლოს სიყვარული, ერისათვის ბრძოლა და საქართველოსთვის თავის დადება. ჩემი პატარა ხაბაგით მის გვერდზე ვეწყობი.
"სად დაგაპატიმრეს, როდის და როგორ?" - მეკითხება იგი და მეც ვუპასუხებ. "დავმარცხდით, - მეუბნება იგი, - დამარცხდა ჩვენი აჯანყება, დამარცხდა უამრავი მტრის ხელით და დღეს ჩვენ ყველა, გამომწყვდეულნი ოთხ კედელ შუა, ველით სიკვდილს, მაგრამ, ჩემო ელიზბარ, ნუ დავივიწყებთ კვლავ ჩვენ ქართველობას, და დავიხოცნეთ - ვით იხოცებოდნენ ჩვენი მამა-პაპანი, მხნედ, ქართველურად, და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ ჩვენს ტანჯულ სამშობლოს კეთილდღეობაზე. დეე, ნახოს მტერმა, თუ როგორ იხოცებიან ქართველები სამშობლოსათვის. გუშინ ამ საკანში 9 ვიყავით, დღეს მარტოღა ვარ, დანარჩენები წუხელის დაიხოცნენ მტრის ხელით. საქართველოს ყველა კუთხეში იხოცება და იჟლიტება შეუბრალებელ რუსის ჯალათების ხელით ქართველი მამულიშვილები. ქართველთა სისხლით მოირწყო საქართველო".
იგი მიწვა და მეც მის მაგალითს მივბაძე. საკანში სიჩუმეა, ყველა სდუმს, ყველა თავისთვის ფიქრობს. მეც ფიქრში გავერთე. ჩემი ფიქრი უმალ ტფილისისკენ გაქანდა და მეტეხის კედლებში შეიჭრა; ვფიქრობ მოხუცებულ მამაზე, რომელიც უკვე 8 თვე იმყოფება მეტეხის ციხის კედლებში გამომწყვდეული, ჩემს ძვირფას ძმა ბიძინაზე, რომელიც დაპატიმრებული იქმნა რუს ჯალათების მიერ ერთი წლის წინად. ვფიქრობ მათზე: "ვაითუ ჯალათებმა მათაც მოუსპონ სიცოცხლე, - ვფიქრობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, - არა, - ვინუგეშებ თავს, - გადარჩებიან, ან რას ერჩიან, მათ ხომ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღიათ".
ამ ფიქრში გართულს, ხალხის ფეხის ხმა და კლიტის ჩხარუნი შემომესმა. წამოვჯექი. "იწყობა, - წამჩურჩულა გიორგიმ, - იწყობენ ჯალათები თავის საქმეს".
საკანში ხალხი შემოვიდა შეიარაღებულნი თავით ფეხებამდე. "ციცქიშვილი გიორგი!" - გაისმა ხმა ციხის უფროსის. "აქ ვარ", - იგი წამოდგა, ამაყად მიიხედ-მოიხედა. "რა გნებავთ?" "წამობრძანდი, გიბარებს გამომძიებელი". "გამომძიებელი შუაღამისა, - ჩაიცინა გიორგიმ, - ვიცი, ვიცი, როგორც მიბარებს და ვინც მიბარებს მე". "აჩქარდით", - ისმის კვლავ ხმა. გიორგიმ ჩემსკენ მოიხედა. რაღაც უნდა ეთქვა, ხელი ჩაიქნია და საკნიდან გავიდა. კლიტემ კიდევ ერთხელ დაარაჩხუნა.
სწრაფ ყველა გაჩუმდა. უაზროდ ვზივარ, თავბრუ მესხმის... ამ წამს, ამ წუთს ის ჩემს გვერდით იყო, ვსაუბრობდით. "მშვიდობით, მშვიდობით, ძვირფასო გიორგი, ჩვენც, ჩვენც ყველას მოგველის ეგ ბოლო..."
ჩვენს პატარა ერთადერთ სარკმელზე მომდგარმა მზის სხივმა გვამცნო გათენება. საკანი გაგვიღეს. ციხის ეზოში გავედით. ყველა საკნებიდან გამოდის ხალხი. ყველგან ნაცნობი სახეები. ერთმანეთს ვესალმებით. ყველას სახეზე ტანჯვაა აღბეჭდილი, ყველა იტანჯება და სწუხს; მაგრამ ყველა ცდილობს იყოს მხნედ. აგერ ერთი ჯგუფი, კუთხეში შეგროვილნი, დაბალი ხმით იწყებენ სიმღერას. ხალხი მათკენ გროვდება. სიმღერა მატულობს. აგერ მოხუცი რევაზ ყარალაშვილის წკრიალა ხმა, "ქართველო, ხელი ხმალს იკარის" სიტყვებით. ტანში ჟრუანტელი მივლის, ჟრუანტელი სიამოვნების. ისმის ზედამხედველის ყვირილი: "მოქალაქენო, სიმღერა მოსპეთ".
15 წუთის სეირნობის შემდეგ ჩვენ კვლავ საკანში ვართ. საუბარი, ხუმრობა და მოსწრებული სიტყვები გვავიწყებს ჩვენს მდგომარეობას. მზე კი თანდათან დასავლეთისკენ იწევს, ბინდდება და შებინდებასთან ერთად გულიც იღუშება.
"ყმაწვილებო, ახალი გაზეთი", - შემოგვესმა ხმა და კარების პატარა ჭუჭრუტანიდან გაზეთი მოგვაწოდა მეორე საკნის ერთ-ერთმა პატიმარმა. გაზეთს მივეხვიეთ. პირველ გვერდზე თვალი შევასწარ ჯალათების ხელით დახვრეტილ მამულიშვილთა გრძელ სიას. გულმა საშინელი ცემა დამიწყო. რაღაც საშინელებას ველი და რასაც ველოდი, არ ამცდა: "მაყაშვილი ბიძინა, 21 წლის; მაყაშვილი გიორგი..." თვალთ დამიბნელდა, თავბრუ დამესხა და მოდუნებული დავეშვი იატაკზე. ვიღაცამ წყალი დამალევინა. მოვსულიერდი, ჩემს წინ ათეოზ მაყაშვილი იდგა. "გამხნევდი, ელიზბარ, - მეუბნება იგი, - შენი ძმა და მამა დაიხოცნენ გმირებად, ვით ქართველი მამულიშვილნი, დღეს თუ ხვალ ჩვენც ეგ მოგველის".
შეღამდა. ყველა მივწექით. ფიქრი არ მასვენებს. "საწყალი ბიძო, საწყალი მოხუცი მამა, ორივენი ერთად მუხთალი მტრის ხელით". გული მეტანჯება, გული მიკვნესის, სუნთქვა მიჭირს. საკანში სიჩუმეს არღვევს ხამუში ოხვრა, ანდა ჩუმი ვისიმე ხმა: "რომელი საათია?" ყველა ელის შუაღამეს. შუაღამეა ყველაზე საზარელი წუთი, შუაღამეა, როდესაც ჯალათები იწყობენ თავის საქმეს.
ფეხის ხმა გაისმა. კვლავ გულმოსაკლავად გაიჩხარუნა საკნის კარების კლიტემ, ვით მიკიოტის ხმა გაისმა კარის ჭრიალი და კვლავ საკანი გაივსო თვალებჩასისხლიანებული რუსის ჯალათებით. დაიწყო გამოძახება ხალხის. ყველა საკნებიდან გამოდიან ტუსაღები. სია შეჩერდა. "გადავრჩით", - ჩამჩურჩულა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომლის სახელს აქ არ ვიხსენებ. სიტყვა ვერ დაასრულა, როდესაც გაისმა მისი გვარი და შემდეგ ჩემიც. უაზროდ წამოვდექ. იმ დროს შიში არ მიგრძნია. დავდექ სხვებთან ერთად. "მხნედ, ელიზბარ, ქართველურად", - მეუბნება ათეოზ მაყაშვილი.
ჩვენ 16 ვართ. ალყა შემოგვერტყა. გაიღო ალაყაფის მაგარი კარები; ჩვენ კარში ვართ. სიბნელე საშინელი. ვგრძნობთ ჯალათების თოფების ცივ ლულებს, მობჯენილს ბეჭებზედ. რამდენიმე ჯალათი შევიდა ციხის საავადმყოფოში. კვლავ გავიდნენ; რაღაც მოაქვთ. შემოგვიერთეს საკაცე, რომელზედაც წევს ცოცხალ-მკვდარი მოხუცებული რაზმაძე; დატანჯული, თავ-გახეთქილი და ნაცემი რუსის ჯალათების მიერ წინა დღისას. მივდივართ, მივადექით ჯალათთა ბუნაგს, "პოლიტბიუროთ" წოდებულს. შევდივართ შიგ. "ჩარეკეთ ყველა დაბლა!" - გაისმა უფროსი ჯალათის ჯაფარიძის ბრძანება. ყველა სადღაც ჯურღმულში ჩაგვყარეს.
ბნელი, მიწური, უიატაკო და უფანჯრო ოთახი. ჩვენს გარდა ოთახში სამი კაცია. ახლო მიველი. "გიორგი! - წამოვიძახე, - ცოცხალი ხარ?" "ჯერჯერობით, - მიპასუხა ღიმილით, - ეს არის უკანასკნელი წუთი ერთად ყოფნის. რაღაც ძალა ჩამჩურჩულებს, რომ შენ გადარჩები და თუ გადარჩი, დამიკოცნე ჩემი ბიჭიკო და მოხუცი დედა; გადაეცი ჩემს მეუღლეს, რათა გაზარდოს ჩემი შვილი ვით ნამდვილი ქართველი".
კარებს ცნობილი მოღალატე, ჯალათი რამან ყანჩაველი მოადგა. "ციცქიშვილი!" გიორგი წამოდგა. "მშვიდობით, ყმაწვილებო, მედგრად, ქართველურად", - მოგვმართა ჩვენ და მსწრაფლ მაღლა ავიდა. "მაყაშვილი ათეოზ!" - გაისმა კვლავ ძახილი. ათონი წელში გაიმართა. "მშვიდობით", - მოგვმართა ჩვენ. აქ უკანასკნელად შევხედე მის სახეს. მისმა სრულიად მშვიდმა და თითქმის მოღიმარმა სახემ გამაოცა. შეჩერდა, რაღაც უნდოდა ეთქვა. "აჩქარდი!" - შეუტია ჯალათმა ყანჩაველმა და დასარტყმელად რევოლვერი ასწია. "არ დამკრა, ჯალათო! მოკვლის ნებას მოგცემ და ცემისას კი არა", - მიაძახა მკვახედ ათონმა და მსწრაფლ თვალთაგან მოგვეფარა. "ყარალაშვილი რევაზ!" მოხუცი წამოდგა, უაზროდ თვალები მოგვაცეცა და უხმოდ, უსიტყვოდ გავიდა. მაღლა ასვლა გაუძლენდა და თითქმის თრევით იქმნა ატანილი. მას მოჰყვა დანარჩენი გვარების გამოძახება. ჯურღმულს თანდათან მოაკლდა ხალხი...
აქეთ-იქით ვიხედები: აგერ, ჩემს გვერდზე მოხუცი მამა თავის ორი შვილით. მამა თავს ევლება თავის უნცროს შვილს, რომელიც მიწოლილია ნესტიან მიწაზე თვალებდახუჭული, ტუჩები უაზროდ უტოკავენ. სახეზე წითელი ალი ასდის. "ავად არის, - მეუბნება მამა ხმის კანკალით, - ლოგინიდან ააყენეს იმ უღმერთოებმა და აქეთ წამოიყვანეს ჩვენთან ერთად". "წყალი", - გაისმა ტუჩებგამშრალ ავადმყოფის ჩუმი ხმა. მამამ, თვალებზე ცრემლ-მომდგარმა, უხმოდ ამოიოხრა. "წყალი სად არის, შვილო..." კვლავ გამოჩნდა ჯალათი. ავადმყოფს ეძახიან. "ვაიმე, შვილო", - ამოიკვნესა მამამ და გადაეფარა შვილს. ჯალათებმა ააგლიჯეს მამა. გული ბოღმით ამევსო, უაზროთ ფეხზე წამოვდექ და წინ ნაბიჯი გადავდგი. ჩემს მაგალითს სხვებმაც მიჰბაძეს. გულზე მობჯენილმა თოფის ლულებმა შეგვაჩერა. ავადმყოფი თრევით გაიტანეს. "ჯალათებო, მტარვალებო, მხეცებო!" - გაისმა მამის ღრიალი და ხელებაშვერილი კარებისკენ გაქანდა. კარები ცხვირწინ მოუხურეს. იგი მოტრიალდა, თვალები მოგვაშტერა. "მიშველეთ, დამიბრუნეთ ჩემი ბიჭი, ჩემი საყვარელი შვილი", - მოგვმართა ბღავილით. "როგორ, უბედურო მოხუცო, როგორ დაგიბრუნოთ შენი შვილი?! ჩვენ რა შეგვიძლია ან რით გაგამხნევოთ!" რამდენიმე წუთის შემდეგ დაძახილი იქმნა მეორე შვილიც. იგი მიუახლოვდა მამას, გადაეხვია, უცბად მოშორდა. "მშვიდობით, მამი!" - მიაძახა კარებიდან და მსწრაფლ თვალს მოეფარა. მამა უაზროდ გაჰყურებდა მიმავალ შვილს. "შეიშალა ჭკუაზე საწყალი მოხუცი", - ვფიქრობ მე.
ოთხნიღა ვართ. მოდის ჩვენი ჯერიც. მაღლიდან ხმაურობა მოისმა. "ხელებს ნუ მიკრავთ, ჯალათებო, მომკალით ხელებშეუკვრელად!" - გაისმა ხმა. "ვაიმე!" - შემომესმა კვლავ სასოწარკვეთილი ხმა, ხმა მოხუც ყარალაშვილის. კვლავ ხმა: "ქართველებო, თქვენ ნუ მესვრით, დაე, რუსებმა მომკლან!"
ჩემს მეგობარს დაუძახეს. იგი გადამეხვია მაგრა, მაგრა დამკოცნა და წინ ბიჯი გადადგა. გასვლა ვერ მოასწრო. უცბად მაღლა გავარდა დამბაჩა. "კოლია მოჰკლეს..." (ჯალათ ჯაფარიძის სახელი). "დახოცეთ ყველა პატიმრები!" - დაიძახა ვიღაცამ რუსულად. დაიწყო საშინელი სროლა. ხელებშეკრულ ხალხს ესროდნენ ჯალათები.
ქართველი ვაჟკაცნი, რომელთა ძარღვებიც რამოდენიმე დღის წინათ სცემდნენ მძლავრად, მათი გულები, აღგზნებულნი სამშობლოსადმი სიყვარულით, სძგერდა ქართველურად, იმარხებოდნენ დაუტირებლად, ვით პირუტყვნი, საერთო საფლავში. 36-მა ქართველმა შესწირა ამ ჯოჯოხეთ ღამეს სამშობლოს თავი.
მკვლელობა ჯაფარიძესი მოხდა შემდეგნაირად: კომუნისტთა ჯგუფში იმყოფებოდა ვინმე ქართველი ახალგაზრდა ალექსანდრე ჯორჯაძე, ამავე დროს დაპატიმრებულთა ჯგუფში - მისი მამა, რომელსაც თელავის საგანგებო კომისიამ აჯანყების დროს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. ალექსანდრე ჯორჯაძემ რამდენჯერმე მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას შეემსუბუქებინა მამისთვის სასჯელი. თხოვნა დატოვებული იქმნა უშედეგოდ. ზემო აღწერილ ამბის დროს მამა ჯორჯაძის ხელებშეკრული იყო სხვა პატიმრებთან ერთად და სასიკვდილოთ გამზადებული. "პოლიტბიუროს" კარებში ჯორჯაძემ დაინახა ეს სურათი და კიდევ ერთხელ მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას ეპატიებინა მის მამისათვის და არ დაესაჯა სიკვდილით. ჯაფარიძესაგან მან მიიღო შემდეგი პასუხი: "თუ შენ ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, თვით შენ დახვრეტ მამაშენსო". ამ სიტყვების შემდეგ ჯორჯაძეში გაიღვიძა მამისადმი სიყვარულის გრძნობამ, მან ესროლა ჯაფარიძეს, რომელიც სასიკვდილოდ დასჭრა (უკანასკნელი მოკვდა ორი დღის შემდეგ) და თვითონ თავის მამასთან და სხვა ქართველებთან ერთად აკუწული იქმნა რუსის ჯარისკაცების მიერ ხმლებით.
ელიზბარ მაყაშვილი
ტაბახმელა-კოჯორის უკანასკნელი დღეები
კოჯორ-ტაბახმელას უკანასკნელი ცივი და ბურუსიანი დღეები ნათლად აღიბეჭდენ ჩემს მეხსიერებაში.დილაა... მიწაზე დაშვებული ნისლი არ გვაძლევდა საშუალებას, ხუთი ფეხის ნაბიჯზე გაგვერჩია ჩვენი ამხანაგები. სუსხი, ყინვა ძვლებამდე ატანდა. გაყინული, ნერვიული ხელები მაგრათ ჩაგვეჭიდა თოფისთვის და მოველოდით მეხუთე ტალღას - "რუს კურსანტების აღმოსავლეთის ბრიგადის" იერიშს.
ბოლოს ისევ მე დავარღვიე მყუდროება. "ჯანდიერო, გესმის?.. - მივმართე მე ჩემს გვერდით მყოფს ამხანაგს, - რა დაგემართა, რატომ ასე ღრმად ჩაფიქრებულხარ?" - შევეკითხე მას. "არაფერია... არ ვიცი... რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს, თითქოს ჩემი ჯერიც მოვიდა... - დამაჯერებელი კილოთი მოსწყდა მის პირს ეს სიტყვები, - მე დღეს ვგრძნობ რაღაც უცნაურ სევდას, რომელიც ლოდივით მამძიმებს, უკეთ რომ ვსთქვა, მაქვს სიკვდილის წინათგრძნობა. გქონია შენ ოდესმე ასეთი განცდა?.." მე უარყოფითად ვუპასუხე, რადგან ასეთ შემთხვევაში მე მირჩევნია ვიყვე ფატალისტი. "არ ვიცი, - წარმოსთქვა მან, - მაგრამ ყველა იმ განვლილ სისხლიან დღეების დროს მე არაფერი ამგვარი არ განმიცდია. დღეს მე უეჭველად მომკლავენ... - ჩუმად მოცოცდა ჩემთან, თითქოს რცხვენოდა, სხვას არ გაეგონა და ყურში ჩამჩურჩულა: - თუ შენ გადარჩი ცოცხალი, შეიძლება ნახო დედაჩემი და პატარა ძმა, უთხარი, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ერთგული შვილი ჩემი ქვეყნის. მომხსენი ეს ჯვარი და გადაეცი დედაჩემს, რომ ჩამოჰკიდოს პატარა ძმას... დეე, ეს იყოს მისთვის მომავლის სიმბოლოდ..." დაჩუმდა, ეტყობოდა ნერვიულად სუნთქავდა. მაგრად ჩამომართვა ხელი და ისევ გაცოცდა თავის ადგილზე. "ნუ მიეცემი მწარე განცდებს, ესია, მოიშორე თავიდან მწუხარება..." - მიაძახა მას ხუმრობის კილოთი ზურაბ ტატიშვილმა.
"ჩუმად! ჩუმად! ნუ ხუმრობთ მანდ", - მოგვაძახა ღიმილით, მაგრამ სერიოზული ტონით უფროსმა იუნკერმა ამირეჯიბმა. წამოჩოქილი ცალ ფეხზე, გაფაციცებით მისჩერებოდა ნისლში გახვეულ ბნელ ლანდებს... უცებ შეკრთა, მაგრამ მისთვის ჩვეულ სიმშვიდით და სიდინჯით ამცნო ჩოჩუას, რომელიც ძლივს გადაურჩა გადახდილ ბრძოლებს, რომ მარცხენა ფრთიდან უხმოდ ჩვენსკენ მოიმართებოდნენ რუსის "კურსანტები". ისინი მეტად ხელოვნურად, თოფის გაუსროლად, სქელ ნისლს თავშეფარებული შემოჭრილიყვნენ გასავალში, რომელიც წინა ღამით დასტოვეს უდისციპლინო გვარდიელებმა.
კოჯრის ბრძოლაში დაღუპული იუნკრები
გაურკვეველ მომავლის მოლოდინში ჩვენ მთლად დაგვეჭიმა ნერვები. შორიდან ბნელი სილუეტები უამრავი მასების, როგორც უზარმაზარი თეთრი დათვი, საზარლად, თოფგაუსროლელად გვიახლოვდებოდენ ჩვენ.
"მოემზადეთ!.." - მოისმა მშვიდი და ტკიცე ხმა კაპიტან ჩოჩუასი. "სდექ!" ჩვენ როგორც ერთი, ფეხზე წამოვიშალეთ. "მარჯვენა მხარი წინ ბიჯებით იარ!.." სწრაფად გავშალეთ ფრონტი მტრის დასახვედრად, ცალი ფეხით წავიჩოქეთ და ვცდილობდით, რაც შეიძლება უკეთ მოვწყობილიყავით ჩვენს ადგილებზე. თოფები მოვამზადეთ სასროლად. ზარბაზნის ყუმბარები აჩენდნენ ცეცხლს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და ამ ცეცხლის წვიმებმა გააძლიერა რუსის "კურსანტების" იერიშები. მიწაზე დაშვებულ ნისლში უკვე აშკარად მოსჩანდნენ მოწინააღმდეგის წინა კოლონები და უფრო და უფრო გვიახლოვდებოდნენ. გარკვეულად გვესმოდა მტრის ხიშტების და ლითონის პატარა ქვაბების შემთხვევითი რახუნი. როგორც უსულო აჩრდილები, ჩვენ გავშეშდით ერთ ადგილზე მათ მოლოდინში. მაგრამ რათ უღირდა თითოეულ ჩვენგანს ეს იდუმალი წუთები?!
უცებ სულ ახლოს მოისმა ხმა კურსანტთა ოფიცრის, რომელიც გაშიშვლებულ ხმალს ჰაერში აპრიალებდა: "ამხანაგო იუნკრებო, დაგვნებდით!" "ცეცხლი!" - გაისმა მკვეთრი ხმა ჩოჩუასი, რომელიც დაფარა თოფებიდან და ტყვიის მფრქვევლებიდან მიცემულმა ცეცხლმა. შემდეგ ის მიუბრუნდა უფროს იუნკერს ამირეჯიბს და გადასცა: "უნდა დავიკავოთ გასავლები საჩქაროდ, თორემ მერმე გვიანღა იქნება. წადით მარცხენა ფრთით და ელოდეთ ჩემს განკარგულებას". მოწინააღმდეგის კოლონების იასები უცებ შეჩერდა და გვიპასუხა აბნეული, მაგრამ საერთო თოფის სროლით და შემდეგ სწრაფად გაშალეს ფრონტი და "ურაა! ურას!" ყვირილით გამოექანენ ჩვენს მიერ დაჭერილ მთის კალთებისაკენ. "შევწყვიტეთ სროლა..." - ხმამაღლა დაიყვირა კაპიტანმა ჩოჩუამ და, წამოდგა რა სავსებით ფეხზე, მოგვაპყრო ცეცხლის მფრქვევი, ღრმა რწმენის გამომხატველი თვალები, ჩვენ ყველას გადაგვხედა და სწრაფად და მტკიცე კილოთი ბრძანა: "კონტრ-იერიში! ჩემო ძვირფასო მებრძოლო იუნკრებო, ვისაც უყვარს სამშობლო და თავისი ხალხი, მომყეთ მე კონტრ-იერიშებზე!.." - იშიშვლა ხმალი და რევოლვერით ხელში შურდულივით გაექანა წინ მტრისაკენ...
მე ინსტიქტიურად მივიხედე ესია ჯანდიერისაკენ. ის ნერვიულად სუნთქავდა და მკერდი მტრისაკენ მიეშვირა... ჩვენ ყველანი, როგორც ერთი, აღფრთოვანებული, თავდავიწყებით, მხრებზე თოფებმიყრდნობილი გავექანეთ წინ... გაისმა საერთო ყიჟინა: "ვაშაა!.. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს!.." ხშირი შეუწყვეტელი წივილი წვიმასავით მომავალი მტრის მიერ გასროლილი ტყვიებისა ჰქმნიდა სიკვდილის, ჯოჯოხეთის კოშმარს. ზარბაზნის ყუმბარები გლეჯდა გაყინულ დედამიწის ზედაპირს... სქელი ნისლი გაიფანტა და მზის სხივები მოეფინა მიდამოებს, თითქოს სურდა, რომ დაენახა ეს გულშემზარავი სისხლიანი სურათი... "ურა!.. ურააა!.." - გაისმა ყრუ ძახილი მტრის რამოდენიმე ათასი კაცის, რომელიც აუჩქარებლივ, თითქოს ყოყმანით მოიწევდა ჩვენკენ.
უცებ ჩვენი სკოლის საყვარელი ოფიცერი ჩოჩუა შეყოყმანდა, თითქოს რაღაცას წაეჩეხა, ინსტიქტიურად გულზე ხელი დაიკრა, ერთი მწარედ გადმოგვხედა და უსიტყვოდ დაეცა ცივ, გაყინულ თოვლზე.
"გაუმარჯოს სამშობლოს!" - მოისმა ძალმიხდილი, მაგრამ რწმენით და აღფრთოვანებით სავსე ხმა ზურაბ ციციშვილის. უნებლიედ ჩვენსკენ შემოტრიალდა, მძიმედ ჩაიჩოქა ცალ მუხლზე. გაყინული ხელები მაგრად ჩაეჭიდა თოფისათვის და ძახილით - "ვაშაა! სამშობ..." - ვეღარ დაამთავრა უკანასკნელი სიტყვა, სასოწარკვეთილებით გაიქნია ცალი ხელი ჰაერში, ცოტა გასწორდა, თითქოს უნდოდა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ ღონემიხდილი მწარედ დაეცა თავისივე სისხლით შეღებილ თოვლზე.
ჩვენ ვხედავდით, რომ მსხვერპლს მსხვერპლი ემატებოდა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მებრძოლი, ნორჩი იმედებით გამსჭვალული თავის ქვეყნის გადასარჩენად შემოსულ მტრისაგან, აკლდებოდა ჩვენს რკინის რიგებს. ისინი დაეცნენ ჩვენ და მტრის თვალის წინ თოვლით დაფენილ მიწაზედ. ეხლა მხოლოდ ერთმა სურვილმა შეგვიპყრო, - რაც შეიძლება მალე პირისპირ შევხვედროდით მტერს.
კიდევ ერთი წუთი და აღსრულდა... გიჟური ყიჟინა ორივეს მხრიდან: "ვაშაა! ვაშაა!" და მტრის - "ურა! ურაა!" და ჩვენ მკერდით მკერდს შევეჯახეთ ერთმანეთს. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა - ხიშტების ხმაური, თოფის კონდახით თავში ცემა, დროგამოშვებით თოფის გასროლაც ერეოდა სისხლისგან დაცლილ-დაჭრილთა კვნესას და უკანასკნელ ამოძახილს. ვიბრძოდით გამხეცებული, თავდავიწყებით. ბრძოლის ველი წითლად შეიღება და დაჭრილ-დახოცილებით დაიფარა... ისე, რომ დახოცილთა გვამები ფეხებში გვებლანდებოდნენ და თავისუფალ მოძრაობის საშუალებას აფერხებდა.
ჯანდიერის ცოტა მოშორებით ისმოდა კვნესა შალიკო ერისთავის. ის თავში იყო დაჭრილი და საშინლად იტანჯებოდა. მისივე გვერდით ეგდო ტყვიისაგან მძიმედ დაჭრილი მტრის ოფიცერი, რომელიც იხვეწებოდა, მიგვეწოდებია წყალი...
მეხუთე იერიში წითელ კურსანტების მოგერიებულ იქმნა. ქვევით, დაღმართზე, მოსჩანდენ მტრის მეტად შემცირებული ნაწილები, რომელნიც ჩვენი გმირული შეტევისაგან უწესრიგოდ გარბოდნენ.
დავიკავეთ რა გასავალი, ჩვენ სასწრაფოდ გავიშალეთ ნახევარ წრეთ და მივეცით თოფებიდან ცეცხლი. შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ იუნკერს ეჭირა ხელში ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი უფროსი იუნკერი ამირეჯიბი, რომლის სახე მთლად სისხლისაგან იყო გასვრილი. ერთ-ერთი იუნკერთაგანი გამოცოცდა წრიდან და დაუწყო ჭრილობის შეხვევა შალიკო ერისთავს. მის გვერდით მდებარე მტრის ოფიცერი კი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა წყალს. იუნკერმა მიმართა მას, დაეცადა, ვიდრე ჭრილობას შეუხვევდა. ოფიცერმა გაშმაგებით, წყევლა-გინებით უპასუხა მას: იძრო რევოლვერი, ამოიღო მიზანში მუხლზე წამოჩოქილი იუნკერი და ესროლა. საბედნიეროთ, მტერს სისუსტისგან ხელი უკანკალებდა და ტყვიამ გაუარა იუნკერს ტანსაცმელში. მოთმინებადაკარგული, გამხეცებული ეცა ის ოფიცერს, გამოჰგლიჯა ხელიდან რევოლვერი, აიღო თოფი და ის იყო უნდა გაეჭყლიტა კონდახით თავი, რომ... "ნუ მოჰკლავ", - მივაძახე მე. იუნკერი შეჩერდა და ბუზღუნით მოშორდა მას.
მე მოვაძრე ესია ჯანდიერის ცივ გვამს ჯვარი და მოწიწებით ჩავიდევი ჯიბეში, რათა შემესრულებია მისი უკანასკნელი და ერთადერთი ანდერძი.
ამ ყოფაში ვიყავით შუადღემდე, სანამ არ მოვიდა ბრძანება უკან დახევის.
ბნელი ღამეა... ჰყინავს... უხმოდ ბნელი ლანდები ქართული ჯარის ნაწილების იძვროდენ კოჯორის გზებზე. თავჩაქინდრული, მწარე ტანჯვებით გულში, ჩვენ ნელის ნაბიჯით ვიხევდით უკან... არსაიდან არც ერთი იმედიანი სიტყვა... საერთო უცრემლო ტირილი. ნუთუ ყველაფერი გათავდა? აი, კითხვა, რომელიც ყველა ჩვენგანს მოუსვენრად გულს უღრღნიდა და პასუხს ვერ პოულობდა... დროგამოშვებით სიჩუმეს არღვევდა მძიმე არტილერიის ბორბლების მოძრაობა. მოშორებით მოსჩანდა ელექტროთი განათებული თბილისი, საყვარელი დედა ქალაქი... ხვალ ბინძური მტერი, სამშობლოს უღირს, მოღალატე შვილთა წინამძღოლობით, დაეპატრონება მას...
მსურდა დავცემულიყავი პირქვე და მოწიწებით ვმთხვეოდი ამ საქართველოს გულის წმინდა მიწას.
უსაზღვრო გლოვა და მწუხარება იყო ჩვენი ხვედრი...
ა. ხიმშიაშვილი