ბეთანიელი მამები
ბეთანიელი მამები
ბეთანიელ მამებს ურწმუნო ადამიანებიც კი ღვთის ანგელოსებად მოიხსენიებდნენ
მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი (მხეიძე) ქართულმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა. ამ მამების უდიდესი ღვაწლი და საკვირველი ბედი ჩვენი დროის სულისკვეთებისათვის უცხო და შორეულია, მაგრამ სულისშემძვრელი და დამმოძღვრავი. მათი ცხოვრება დროის იმ უღმერთო მონაკვეთს დაემთხვა, რომელმაც სულიერი ცხოვრების ტრადიცია ლამის გაწყვიტა. მამა გიორგის და მამა იოანეს მათი თანამედროვენი (თქვენ წარმოიდგინეთ, რწმენისაგან შორს მყოფნიც კი) ანგელოზებად იხსენიებენ. ვისაც ისინი უნახავს, ნამდვილი წმიდანები იყვნენო, ამბობენ. მათმა ცხოვრებამ და ყველასათვის უხილავმა მოღვაწეობამ თითქოს ერთმანეთს გადააბა "სიწმიდის ცოცხალი ჯაჭვის" რგოლები და ბერ-მონაზვნური ცხოვრების უწყვეტობა მართლაც სასწაულებრივად უზრუნველყო. ფოტოებზე, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ისინი ერთად დგანან - გამუდმებული შრომითა და ღვაწლით დალეული, გლახაკებივით შემოსილი ორი ერთმანეთის უჩვეულოდ მოსიყვარულე ბერიკაცი, როგორც ორი წმინდა სანთელი.

ბეთანიაში მამა იოანემ და მამა გიორგიმ მრავალი წლის მანძილზე ერთად იცხოვრეს. მძიმე სამუშაოებს თურმე, ძირითადად, მამა იოანე ასრულებდა. მამა გიორგის ძალზე სუსტი ჯანი ჰქონია, რის გამოც მამა იოანე გამუდმებით შიშობდა და ხშირად ამბობდა: - "ნეტავი არ მომიკვდეს ჩემი გიორგი, ვაითუ მომიკვდესო" და წამლებისათვის ქალაქს დადიოდა, მაგრამ მამა გიორგიმ თავის სულიერ ძმაზე დიდხანს იცოცხლა და მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ აღესრულა.

თავიდან მამებს უკიდურეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება. თავი იმით გაჰქონდათ, რომ გლეხებს ყანებს უმკიდნენ და მათგან ცოტაოდენ ხორბალს იღებდნენ. შემდეგ საკუთარი მეურნეობაც გამართეს, სიმინდი და ხორბალი თავად მოჰყავდათ, ძროხებიც გაიჩინეს, ფუტკარიც, წისქვილიც გამართეს. მამა იოანეს საკუთარი ხელით გაუთხრია არხი. მამა გიორგი ძროხას წველიდა, ყველი ამოჰყავდა, ფუტკარს და ბოსტანს უვლიდა და ა.შ. მამა იოანე კი საქონელს მწყემსავდა, თიბავდა, საფქვავი მიჰქონდა წისქვილში...

ბეთანიას მაშინ მონასტრად კი არა, "არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლად" აღიარებდნენ, მამა გიორგისა და მამა იოანეს კი - დარაჯებად. სხვათა შორის, დღემდეა შემორჩენილი ის საბინაო წიგნი, რომელშიც ბერები მონასტერში არიან "ჩაწერილები". თურმე კულტურის სამინისტრო მათ, როგორც "ძეგლის მცველებს," ხელფასსაც კი უხდიდა (თვეში 300 მანეთს), მაგრამ სინამდვილეში აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში - ტაძარში ხატები ესვენა, სანთლები და კანდელები ინთებოდა, წირვა-ლოცვა აღესრულებოდა, მამებიც სამონაზვნო შესამოსელით იყვნენ შემოსილნი, ყოველ დღესასწაულზე აქ მორწმუნეები იყრიდნენ თავს, იყო ხოლმე ლიტანიობა, ნათლობა, ჯვრისწერა, მამები აღსარებებსაც ღებულობდნენ და აზიარებდნენ კიდეც. ამ ყოველივეს ხელისუფლება როგორღაც ითმენდა. უღმერთო მთავრობამ ვერა და ვერ გაბედა ამ უკანასკნელი საბერმონაზვნო სკოლის დარბევა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ადამიანები შიმშილობდნენ, მამებს თავიანთი მოყვანილი პურიც ჰქონდათ, ყველიც და თაფლიც. ყველას, ვინც უნდა მოსულიყო, აპურებდნენ, ხშირად პროდუქტებსაც თან ატანდნენ და ფულითაც კი ეხმარებოდნენ. აქ მომსვლელთაგან არც ერთი არ წასულა ისე, ამ წმინდა ადგილისა და ამ უცნაური გრძელი კაბებით შემოსილი "მცველებისადმი" ღრმა მოწიწება არ ეგრძნო.

შემორჩენილია მონასტრის სტუმართა მაშინდელი ჩანაწერები. ტაძრის შესასვლელში ყოველთვის იდო შთაბეჭდილებათა წიგნი, როგორც ყოველ მუზეუმში. ამ წიგნში უამრავი საინტერესო ჩანაწერის ამოკითხვა შეიძლება. ეს იყო ყველაზე უბედური თაობა: - თაობა, რომელმაც სულიერი სამყაროს შესახებ არაფერი უწყოდა და მთელი თავისი ცნობიერებით ნივთიერ, მატერიალურ პრობლემებსა და ცნებებში იყო ჩაფლული. უამრავი ასეთი ადამიანის სულში ბეთანიაში ყოფნის დრო ამა სოფლის ღირებულებათა გადაფასების შანსად იქცეოდა ხოლმე. ბეთანიაში ისინი რაღაც სრულიად განსხვავებულს ხედავდნენ, იმას, რაც სულისათვის ძალზე ახლობელი იყო, მაგრამ გაუგებარიც.

ყოველი ადამიანი, ვინც ბეთანიას მცირე ხნით მაინც მიეახლებოდა, ამოუხსნელი სიმპათიით იმსჭვალებოდა შრომისა და მარხვისაგან სახეგათანგული, დაბებკილი საბერო კაბებით შემოსილი ამ ორი ბერისადმი, რაღაცნაირად შინაგანად მანათობელი, სულ სხვანაირი, არაამქვეყნიური ადამიანებისადმი. დღესაც კი, ვინც ბეთანიაში ყოფილა და ამ ორ ბერს მოსწრებია, მათ აღტაცებით იხსენებს: - "ოჰ, რა დიდებული ადამიანები იყვნენ, ასეთებს ახლა ვეღარსად შეხვდები.." "ისინი წმიდანები იყვნენ.." "ისინი ანგელოსებივით იყვნენ.." ამ სიტყვებს ბევრნი იმეორებდნენ, თვით ურწმუნო ადამიანებიც კი..

წმინდა მამების საფლავი ბეთანიაში

ბეთანიის სიახლოვეს მცხოვრები მოხუცი ივანე წიკლაური, სიყვარულით ვანო პაპად რომ მოიხსენიებენ, იგონებდა: "მამა გიორგი და მამა იოანე დიდებულად გალობდნენ, იესოს ლოცვა მამა გიორგიმ მასწავლა... ეს ბერები, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი კეთილი და პატიოსანი ხალხი იყო... მამა გიორგი მაინც განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ... მამა იოანე, გიორგის ხელგაშლილობას რომ დაინახავდა, ეტყოდა ხოლმე, - მამა გიორგი, ხვალაც ხომ გვინდა ჭამაო. მამა გიორგი კი პასუხობდა: - ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაო, ხვალ ღმერთი მოგვცემსო.

ძალიან თავშეკავებით ცხოვრობდნენ, საწოლებიც კი არ ჰქონდათ, ხმელ ფიცრებზე ეძინათ...

ტაძრის ახლოს მამა იოანემ წყლის პატარა წისქვილი მოაწყო, რომელსაც უცხო ადამიანები აჩანაგებდნენ. მამაჩემი შეესწრო, როგორ ესროდნენ თოფს წისქვილს, ძალიან განიცდიდა, ბერებს ასე რომ ჩაგრავდნენ, ადგა და მამა გიორგის უთხრა, - ბერობას თავი დაანებე, თოფი აიღე და ძაღლებივით დახოცე ეგენიო... ეს წისქვილი ბერების გარდაცვალების შემდეგ განადგურდა, ახლა წისქვილის ქვა მათი საფლავების ახლოს დევს.

ქალაქში საქმეებზე მამა იოანე ჩადიოდა, მამა გიორგი კი მონასტერში რჩებოდა ხოლმე, სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და იმიტომ. ერთხელ, როცა ავად იყო, თავის ძმასთან, გრიშასთან იწვა. მამა იოანე დარდობდა: "არ მომიკვდეს ჩემი გიორგი, ნეტავი არ მომიკვდესო..."

მამა იოანე ცხინვალში იყო დაბადებული, ბევრი რამ ემარჯვებოდა, მამა გიორგის კი უფრო იოლ საქმეებს აკეთებინებდა. ძალიან დარდობდნენ: რომ დავიხოცებით, მონასტერს ვინ უნდა მიხედოსო... ამას მამა გიორგი განსაკუთრებით განიცდიდა."

ადამიანებთან ხშირი კონტაქტის მიუხედავად, მამები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ თავიანთ ღვაწლს ყოველნაირად ფარავდნენ. მათი სულიერი ცხოვრება იდუმალებითაა მოცული. ამ ცხოვრების ხასიათს მხოლოდ იმ ადამიანთა მცირერიცხოვანი მოწმობებით შეგვიძლია მივხვდეთ, ვინც მათ ახლოს იცნობდა. ამ ორ საკვირველ ბერს ერთმანეთთან ჩვენი დროისათვის უჩვეულო სიყვარული ჰქონდა, ისეთი, როგორსაც ღვიძლ ძმებს შორისაც იშვიათად შეხვდებით.

დიდი სიახლოვის მიუხედავად, მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავდებოდნენ, რაც სრულიადაც არ უშლიდათ ხელს თანხმობითა და ძმური ურთიერთსიყვარულით ეცხოვრათ.

ჯანსუსტი მამა გიორგი მოღვაწეობით ცხოვრებას ეწეოდა - ფიცარზე ეძინა და ღუმელს ზამთრობითაც კი არ ანთებდა, ღამითაც ბევრს ლოცულობდა, საზრდელის მიღებისას ძალზე თავშეკავებული იყო. ქალაქად ყოფნის პერიოდში მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ ხორციანი საკვები არ შეეთავაზებათ.

მამა იოანე ძალიან ბევრს შრომობდა და ცდილობდა, მამა გიორგისათვის მძიმე საქმეები აერიდებინა: მას უთენია ხედავდნენ ხან ბოსტანში, ხანაც ბოსელში და არავინ უწყის, თუ როდის დგებოდა ღამ-ღამობით ლოცვად, ქალაქში ყოფნისას კი ნებისმიერ საკვებს მიირთმევდა, მაგრამ თავშეუკავებლობის გამო კი არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე არ შეეწუხებინა.

მამა გიორგი ბევრს კითხულობდა და თვლიდა, რომ სასულიერო პირს თანადროულობის შესახებ ყველაფერი უნდა სცოდნოდა, შესანიშნავად იცოდა წმინდა მამათა სწავლება და ასკეტიკა. სხვათა შორის, მამებმა მონასტერში საკმაოდ ბევრ წიგნს მოუყარეს თავი, რომელთა ფურცლებზე შეხვდებით მამა გიორგის ხელით გაკეთებულ შენიშვნებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა მამათა ნაწერები საფუძვლიანად შეესწავლა. მამა გიორგი დიდად განათლებული კაცი ყოფილა, რის გამოც თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი დიდ პატივს მიაგებდნენ. ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს: მამა გიორგის მრავალრიცხოვან საფუტკრეს საკვების დეფიციტის გამო დაღუპვა ემუქრებოდა. ბერი ამდგარა და დახმარებისათვის მაშინდელი ცეკა-ს პირველი მდივნისათვის, კანდიდ ჩარკვიანისათვის მიუმართავს, რაც გაბედული საქციელი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, მამა გიორგის თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და მისი საფუტკრეც გადარჩა. მამა გიორგის არაერთხელ გაუყვია ბოლო ლუკმა მოყვასისათვის. ერთხელ სტუმრებისათვის საკვების უკანასკნელი მარაგი გამოუტანია...

სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად მამა გიორგის ყურადღება ყველას სწვდებოდა. ერთხელ ბეთანიაში ოციოდე წლის ქალიშვილი ჩასულა, რომელიც თავის ხშირ ტკივილებს უჩიოდა. ვიღაცას უთქვამს, ბეთანიის წყაროს წყალი განგკურნავსო, მართლაც, იქ ერთი კვირა უცხოვრია და შინ დაბრუნება რომ მოუნდომებია, მამა გიორგის მარტო არ გაუშვია და გრძელ და ძალზე დამღლელ რვაკილომეტრიან აღმართზე ასე სნეულს გაუცილებია.

მამა გიორგის თურმე ხილვებიც ჰქონია, რომელთაგან ჩვენთვის მხოლოდ სამია ცნობილი: ტკივილებისაგან გატანჯულს ღვთისმშობელი გამოსცხადებია და შეხებით განუკურნავს, ერთხელ კი, როდესაც ლოცვად მიქცეული კედელთან მდგარა, პირველმოწამე თეკლა გამოსცხადებია და ყურძნის მტევანი მიუწვდია.

აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე მამა გიორგი პროსტატის ოპერაციის შემდეგ ქალაქში ძმასთან დარჩენილა, სადაც წმინდა ანგელოსი გამოსცხადებია და უთქვამს: - გიორგი, რატომ ხარ აქ, რა გესაქმება, შენი ადგილი მონასტერშიაო. უფალო, ხომ ხედავ, როგორი სნეული ვარო? - უპასუხია ბერს. არა, გიორგი, შენ მონასტერში უნდა იყოო, - უთქვამს ანგელოსს. მამა გიორგიც სასწრაფოდ მომზადებულა და ახლობელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მონასტერს დაბრუნებულა, სადაც ცოტა ხანში გარდაცვლილა კიდეც.

როგორც ვთქვით, მამა გიორგი ასკეტიზმითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა, მამა იოანე კი გაცილებით რბილი და უბრალო ჩანდა, რომელშიც ასკეტს კი არა, უფრო კეთილ, უწმინდეს ანგელოსს ხედავდნენ. მამა იოანეს ღვაწლი და ღრმა სულიერი სიბრძნე მისი უბრალოებითა და ადამიანური სითბოთი გახლდათ დაფარული (მამა იოანემ 17 წელი იმოღვაწა ათონზე, რაც ბეთანიის წეს-ჩვეულებებშიც აისახა).

მამა გიორგიმ თავის სულიერ ძმაზე ხუთი წლით მეტი იცოცხლა და სრულიად მარტო, სნეული და უმწეო შემორჩა ბეთანიას. დამწუხრებული ხშირად ეტყოდა ხოლმე მონასტრის სტუმრებს: - დავობლდი, მამა იოანემ მარტო დამტოვაო. აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე იგი ბევრს ლოცულობდა და სენაკიდანაც იშვიათად გამოდიოდა. თუ ბეთანიას მისი ახლობელი მორწმუნენი სტუმრობდნენ, საზრდოთი ამარაგებდნენ და სამოსს ურეცხავდნენ.

გაბრიელ ბერი მამა გიორგის სულიერი შვილი იყო და დაობლებულ მოძღვარს ხშირად სტუმრობდა. მამა გიორგი იმედოვნებდა, რომ მონასტერს მას გადააბარებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო. უკანასკნელ მოქმედ მონასტერში მოღვაწე უკანასკნელი ქართველი ბერი ამქვეყნიდან გადიოდა, ბეთანიას კი დიდი განსაცდელი ელოდა წინ. ალბათ მამა გიორგი ამ ყველაფერს წინასწარ ჭვრეტდა და დიდი სერაფიმე საროველივით (რომელმაც შემცვლელი ვერ ნახა და დივეევო ღვთისმშობელს მიაბარა) სავანე სამეურვეოდ უწმინდეს დედას მიაბარა. სწორედ გაბრიელ ბერმა გააცილა უკანასკნელ გზაზე მამა გიორგი, მაგრამ მანამდე მოხდა საოცარი რამ.

არქიმანდრიტ რაფაელისათვის (კარელინი) Gგაბრიელ ბერს ეს ამბავი თავად უამბნია:

არქიმანდრიტი რაფაელი: "არქიმანდრიტი გაბრიელი მოგვითხრობდა: "ერთხელ ლოცვისას უეცრად ხმა მომესმა: "ჩქარა წადი ბეთანიაში". ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა, ლოცვა შევწყვიტე, შევიმოსე, ჩანთა და დიდი ჯოხი ავიღე და ბეთანიას წავედი... გზაში რამდენიმე პური ვიყიდე... იქით მიმავალი მანქანა არ ჩანდა და გზას ფეხით დავადექი, ტყეს მივუყვებოდი და რაღაც ძალა მაჩქარებდა: "არ გაჩერდე, წადი ჩქარა"... საღამო იყო, მონასტერს რომ მივადექი, შემეგება სქიმარქიმანდრიტი იოანე (გიორგი მხეიძე, - მ. ტ.), უკანასკნელი ცოცხალი ბერი და მითხრა: "შვილო, მე ვლოცულობდი, რომ მოსულიყავი და სულის გახსნის ლოცვა წაგეკითხაო", მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ნიშანი მოახლოებული აღსასრულისა, არ იგრძნობოდა. მოძღვარი ლოგინში კი არა, ფეხზე შემხვდა და უფრო მხნედაც გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო ნახვისას... პური მაგიდაზე დავდე, მამა იოანემ აკურთხა და მითხრა: - "გზაში დაიღლებოდი, დანაყრდიო, - პური გატეხა, პატარა ნაწილი აიღო და თქვა: - ეს ჩემი უკანასკნელი ტრაპეზიაო...

- ღმერთი მოწყალეა, ის თქვენს სიცოცხლეს ჩვენთვის გაახანგრძლივებს, თქვენ თუ არ იქნებით, აღარც მონაზვნობა იქნება-მეთქი,

- მონაზვნობა არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დასრულდება, მოვიდა დრო, ჩემი სულიერი ძმის კვალს გავყვე, მის გვერდით დამკრძალეთ... მრავალი დევნა და შრომა გვაქვს ერთად გადატანილი, მან დღეს მითხრა, რომ ჩემთვის გზის გაკვალვა დაასრულა და ერთად ვიქნებით...

მოსაღამოვდა, მოძღვარმა მაკურთხა, სანთლები ამენთო, მერე იმ ადგილზე გადაშლილი "კურთხევანი" მომაწოდა, სადაც "სულის გახსნის" ლოცვები ეწერა და მთხოვა, წამეკითხა... მე ავტირდი, თან ვეხვეწებოდი: "მამაო, შენს ნაცვლად მე მოვკვდები-მეთქი, მაგრამ მან მიპასუხა: - შენ არ იცი, რას ამბობ და რას ითხოვო. ტირილით ჩავუვარდი მუხლებში... ადგა და თავადვე იწყო ლოცვა საზეიმო განწყობით, თითქოს ეპისკოპოსი იყო ღვთისმსახურებაზე... ურჩობა ვერ შევძელი და კითხვა გავაგრძელე... მან სიყვარულით მითხრა: - აი, ამისათვის მოგიხმე, შვილო, შენ მიიღებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვას და კურთხევას, - შემდეგ კი დაამატა: - გვერდით დამიჯექი და სკვნილზე ილოცეო... ჩუმად ვლოცულობდით, შემდეგ მკითხა: ხედავ, რამდენი ბერი დგას სენაკში? ისინი ჩემს წასაყვანად მოვიდნენო... მივხვდი, რომ ისინი ბეთანიაში მოღვაწე ბერები იყვნენ, რომლებიც იქ არიან დაკრძალულნი...

მე ჩემი გამოცხადების შესახებ გეტყვი, მაგრამ ეს საიდუმლოა და არავის უთხრა-ო, - მითხრა, შემდეგ კი თავისი ადრე მომხდარი გამოცხადების შესახებ მიამბო და გული შიშით აღმევსო... "დაფარე ეს ყოველივე შენს გულში", - გაიმეორა მან, სანთლები ჩაიწვა და მე ახლებით შევცვალე... მამა იოანეს სკვნილი გაუვარდა, იატაკიდან ავიღე და ხელზე მოვარგე. მითხრა, ხმამაღლა ილოცე, მე კი მოგისმენო... იესოს ლოცვას ხმამაღლა ვკითხულობდი, უეცრად მამა იოანე თითქოს შეკრთა და სახეზე სიხარული გამოესახა: "ჩემი ძმა და მამა იოანე მოვიდნენ ჩემს წასაყვანად და მათთან ერთად"... და დადუმდა, თავი მკერდზე ჩამოუვარდა, რამდენიმე წუთი მდუმარებაში გავიდა, რომ მივუახლოვდი, უკვე გარდაცვლილი იყო.

მთელი ღამე ვლოცულობდი, დილით მონასტერში ხალხი მოვიდა, თითქოს წინამძღვრის სიკვდილი გაიგესო უდიდესი ხუცესის გარდაცვალების შესახებ პატრიარქ ეფრემს შევატყობინეთ, პატრიარქმა თავად აუგო წესი, ტიროდა და თან ამბობდა: "მამა იოანე, როდესაც ღვთის ტაძრის წინაშე წარსდგები, ჩემთვის ილოცეო".

მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ ავიღე მისი სკვნილი, როგორც ლოცვა-კურთხევა და შინ დავბრუნდი."

მამა იოანეს (მაისურაძის) გარდაცვალების დღეს, თავის აღსასრულიდან ხუთი წლით ადრე, მამა გიორგი (მხეიძე) დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. ორივე ბერი ერთი სახელით, ერთსა და იმავე ასაკში, 75-წლისანი, გავიდნენ მარადისობაში და ერთურთის გვერდით განისვენებენ ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან, რაც, ალბათ, კიდევ ერთი დასტურია მათი მართლაც უჩვეულო ურთიერთსიყვარულისა და სულიერი ერთობის.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ორი მამა წმინდანად შერაცხა და მათ მოსახსენიებელ დღედ 8 სექტემბერი დააწესა.

საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი, წმინდა მამებო!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat