ბუღა თურქი - თბილისის ამაოხრებელი
IX საუკუნის დამდეგისთვის არაბთა სახალიფო დასუსტდა. დაპყრობილი ხალხები აჯანყებებს აწყობდნენ სახალიფოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის - ამიერკავკასიაშიც.
ხალიფას არამცთუ დაპყრობილი ხალხები, თვით მის მიერვე დანიშნული მოხელეები - ამირებიც აღარ ემორჩილებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო თბილისის ამირა საჰაკი, რომელიც ხალიფისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა. მას ქართველი მთავრებიც უჭერდნენ მხარს.
ამიერკავკასიის ურჩი მოსახლეობის დასამორჩილებლად და ამირა საჰაკის დასასჯელად ხალიფამ 200-ათასიანი ლაშქარი გამოგზავნა სისასტიკით ცნობილი ბუღა თურქის სარდლობით.
853 წლის 5 აგვისტოს, შაბათ დღეს, ბუღა თბილისში შემოიჭრა. ცეცხლი წაუკიდა ქალაქს. გაჟლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი. შეიპყრო საჰაკიც. მისი მოკვეთილი თავი ხალიფას გაუგზავნა, თივით გატენილი ტანი კი ურჩთა დასაშინებლად ქალაქის კედელზე გამოკიდა.
ბევრი ქართველი ჩავარდა ტყვედ. მათ შორის იყვნენ ქართლის მთავარი კონსტანტი კახი და მისი ვაჟი თარხუჯი.
სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, არაერთხელ მოსთხოვეს კონსტანტი კახს ქრისტეს სჯულის უარყოფა და მაჰმადიანობის მიღება. ვერც მუქარამ და ვერც დაპირისპირებამ ვერ შეარყია მისი სიმტკიცე. მთავარმა არ უღალატა სარწმუნოებას, რის გამოც თავი მოჰკვეთეს.
ნათელა ჯანგულაშვილი