კამი სოფელში
კამიმ პირველი კლასი დაამთავრა და მეორეში გადავიდა. სწორედ ამ დროს ზაფხულიც დადგა და მშობლებმა ბიჭი სოფელში გაგზავნეს დიდედასთან. იმავე დღეს შეჰპირდნენ სოფლის ბიჭები - ხვალ დილით სათევზაოდ წაგიყვანთო.
კამის ძალიან გაუხარდა, თევზაობა მარტო ტელევიზორში ჰქონდა ნანახი. მეორე დილით ბიჭებმა მართლაც გაუარეს. კამი წამოხტა და ჩაიცვა. დიდედა უკვე ამდგარიყო და თონეში პურს აცხობდა. კამიმ სიხარულით ჩაირბინა კიბე და უცებ შეკრთა: ღია ჭიშკარში უზარმაზარი მამალი იდგა. კამის შეეშინდა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა.- კამი, ჩქარა, შენ გიცდით! - გაუცინეს ბიჭებმა. კამის შერცხვა, ბიჭებს ხომ არ ეტყოდა, მამლისა მეშინიაო და წამოიძახა:
- ახლავე, ახლავე!.. დიდედა ცოდოა, ჩემს ლოგინს იმას ხომ არ გავასწორებინებ! - ოთახში შევარდა, საწოლი გაასწორა, ისევ უკან გამობრუნდა და ახლა ინდაური დაინახა ჭიშკართან გაფხორილი. შიშით მუხლი მოეკვეთა.
- კამი, ჩქარა, რაღას უდგახარ! - ისევ გაუცინეს ბიჭებმა.
- ახლავე, აი, დიდედას სარეცხი დაუფენია და ავკრეფ, - მეტი ვერაფერი მოიფიქრა კამიმ და სარეცხის აკრეფას შეუდგა. ბიჭები მოთმინებით ელოდებოდნენ - აბა, სტუმარს ხომ არ აწყენინებდნენ! კამი მათკენ გაემართა. ჭიშკართან ძაღლი დაინახა და სულ წახდა, აღარ იცოდა, რა მოემიზეზებინა.
- დიდედა ცოდოა, ბარემ სახლსაც გამოვგვი, - კამიმ ცოცხს დასტაცა ხელი და სახლი მართლაც გამოგავა.
ამასობაში დიდედაც გამოვიდა სათონიდან, ხელში ცხელ-ცხელი პური ეჭირა. უშიშრად აუქშია მამალსა და ინდაურს, ჭიშკარში გახიდულ ძაღლსაც შეუტია და ბიჭებს ცხელი პური მიაწოდა.
კამის გული მიეცა, მაგრამ თავჩაღუნული იდგა ერთ ადგილას, დიდედას მოწოდებულ პურს დასცქეროდა და სირცხვილით უფრო ეწვოდა ლოყები, ვიდრე ცხელი პურისგან - ხელები. ვაითუ შემამჩნიეს ბიჭებმა, რომ შემეშინდაო, გაიფიქრა და ჭიშკარში გასულმა ბიჭებს რიდით შეხედა.
ბიჭები კეთილად უღიმოდნენ.
- უი, უი, რა შვილიშვილი მყოლია, როგორ დაულაგებია სახლი, - მოისმა დიდედას გახარებული ხმა.
კამიმ ბიჭებს გაუღიმა და მათთან ერთად სირბილით დაეშვა მდინარისკენ დაღმართზე.
დიდედამ იმდენი აქო მეზობლებში, იმდენი ადიდა, - ეს რა შვილიშვილი მყოლია ქალაქში და არ ვიცოდიო, - რომ კამის უკვე რცხვენოდა, ამიტომ ყოველ დილით ასწორებდა ლოგინს, გვიდა სახლს და ყველაფერში ეხმარებოდა დიდედას.
მზია ხეთაგური
აი, ასე, თავიდან უნებურად, შემდეგ კი უკვე საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით გახდა კამი ბებიას მოსაწონი ბიჭი. მთავარი კი ის არის, რომ მას შერცხვა, ბებიამ დაუმსახურებლად რომ შეაქო და შეეცადა, შექება ჭეშმარიტად დაემსახურებინა. თქვენც, ჩემო კარგებო, უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ უფროსებს, შეუმსუბუქოთ მათ შრომა. ასე ისწავლით სხვისი შრომის დაფასებასაც. არასოდეს ითაკილოთ საოჯახო, თუნდაც ყველაზე ჭუჭყიანი საქმის კეთება. ღმერთმა მოგცეთ შრომის ხალისი და სხვისი ტვირთის შემსუბუქების უნარი.