თბილისში წამებული ასი ათასი ქართველი მოწამე
წმინდა მეფის, თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ჩვენს საზღვრებს მონღოლებს გამოქცეული ჯალალ-ედ-დინის უზარმაზარი ურდო მოადგა.
მტერს ქართველები გარნისთან შეებნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ჯალალ-ედ-დინი თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არც ერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არც ერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამდენიმე დღე სისხლით შეღებილი მოდიოდა.
ასი ათასი მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს - ზეციურ საქართველოს.