რატომ აქვთ ყვავილებს სუნი?
ჩემო პატარა, შენ ალბათ მრავალ სურნელოვან ყვავილს იცნობ. ერთნი დამათრობელ ძლიერ სუნს აფრქვევენ, მეორენი კი ნაზ, ძლივს შესაგრძნობ არომატს გამოსცემენ.
ზოგიერთი ყვავილი განსაკუთრებულ სურნელებას მზიან, თბილ ამინდში გამოყოფს, სხვები კი მხოლოდ შებინდებისას.ალბათ მკითხავ, რა იწვევს ამ სურნელებასო. არ დაგზარდები და გიპასუხებ: მცენარეთა გვირგვინის ფურცლებში მოთავსებულია უჯრედები, რომლებიც ეთეროვან ზეთებს შეიცავენ. სუნის სიმძაფრე კი გარემოს ტემპერატურაზე, სინესტესა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
შენს ადგილას რომ ვიყო, ახლა ახალი კითხვა გამიჩნდებოდა: რად უნდათ ყვავილებს სუნი? პასუხი ამაზეც მაქვს: ცნობილია, თესლი რომ გამოიღოს, მცენარის დამტვერვაა საჭირო. ხშირად აუცილებელია, დამტვერვა ამავე ყვავილის კი არა, ამავე სახეობის სხვა ყვავილის მტვრით მოხდეს. მტვერი მწერებს გადააქვთ, მათ კი მცენარე სურნელით იზიდავს. მწერები ყვავილებს იმიტომ ეტანებიან, რომ მათი ტკბილი ნექტრით საზრდოობენ. მართალია, ზოგიერთ ყვავილს მყრალი სუნი აქვს, მაგრამ მერე რა - ისიც იზიდავს მწერებს, მაგალითად, ბუზებს.