სიბრალული
მამუკას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა შვიდი წელი, მაგრამ ის უკვე დამოუკიდებელ პიროვნებად გრძნობდა თავს. მართალია, სკოლაში დედას მიჰყავდა, მაგრამ შინ მარტო ბრუნდებოდა.
ერთხელ სკოლაში მიმავალმა დედა-შვილმა მუშები დაინახა, რომლებიც ზუსტად გადასასვლელთან ორმოს თხრიდნენ. დედამ შვილი გააფრთხილა:
- უკან წამოსვლისას წინ იყურე, შიგ არ ჩავარდე!
შინისკენ მომავალმა მამუკამ ნახა, რომ ორმო ჯერ არ ამოევსოთ, თანაც ყველა წასულიყო და კიბეც კი არ წაეღოთ. თითქმის ავლილი ჰქონდა გვერდი ორმოსთვის, რომ ორმოდან ძაღლის ყეფა გაიგონა, ტირილივით ისმოდა. ორმოში ჩაიხედა და სათამაშოსავით პატარა ლეკვი დაინახა. ბიჭის დანახვაზე უკანა თათებზე დადგა, კუდის ქნევა დაიწყო და, თითქოსდა ვიღაცას უხმობსო, ხმაწვრილად აყეფდა.
მამუკას დიდხანს არ უფიქრია. კიბეზე დაეშვა, ბოლო საფეხურიდან ჩახტა, გვერდით მიუჯდა ლეკვს, მოეფერა და ალერსიანად დაუწყო ლაპარაკი:
- აბა, პატარა, დამშვიდდი, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება.
ლეკვი ხელებზე ეწვინა, ის კი ხელებს ულოკავდა.
მაგრამ როგორ უნდა ამოეყვანა?
მამუკამ დედის მოქსოვილი გრძელი შარფი მოიხსნა, ლეკვს შემოახვია და გულთან მიიკრა. ისიც ბიჭს ეკვროდა, მხოლოდ ხანდახან თავს გამოყოფდა და მადლობის ნიშნად ლოყებს აულოკავდა ხოლმე.
ამოვიდა ბავშვი ორმოდან და თავისი ნაპოვნი გულში ჩახუტებული მიიყვანა შინ. დედამ კარი რომ გააღო, მოულოდნელობისგან უკან დაიხია:
- რა მოგივიდა? რატომ ხარ ასეთი დასვრილი და თმაგაჩეჩილი?
მამუკამ აბნეულად დაიწყო ახსნა:
- იქ, ორმოში ლეკვი ჩავარდა. ისე ტიროდა, მეძახდა და მეც ჩავძვერი. აი, ისიც, - თქვა და უბიდან ლეკვი ამოაძვრინა. ცხოველი კანკალებდა და შეშინებული იყურებოდა.
დედის უცნაურ გამოხედვაზე პატარამ ამოილუღლუღა:
- თუ ლაბადა გენანება, გავრეცხავთ და სულ ახალივით იქნება.
- სულელო, - თქვა დედამ.
- შენ თვითონ არ მეუბნებოდი, - განაგრძობდა თავის მართლებას მამუკა, - პატარებს უნდა დავეხმაროთ და გასაჭირიდან ვიხსნათო? ეს კი, შეხედე, როგორი პატარაა და თან ჩემთან დარჩენაც უნდა...
- კარგი, - თქვა დედამ, - მე წავალ, აბაზანას წყლით ავავსებ, ჯერ შენ დაგბან და მერე შენს პატარას.
- რა კარგია! - შესცინა ბიჭუნამ მაღლა აწეულ ლეკვს, - პატარავ, შენ სულ ჩემთან იქნები! ლეკვმაც, თითქოს, რაღაცას მიხვდაო, მხიარულად დაიწყო ყეფა...
აბაზანაში, წყლის ავსებისას, დედა ჩუმად ლოცულობდა:
- უფალო, დაიფარე და შეიწყალე ჩემი მამუკა. დაე, მას მუდამ კეთილი გული ჰქონდეს.
ბავშვებო!
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ბერი სილუანი ამბობდა: "სულიწმინდა, სული ღვთისა გვასწავლის, შევიცოდოთ ყველა ქმნილება. საჭიროების გარეშე ხიდან ერთი ფოთლის მოწყვეტაც კი არ მინდა. ფოთოლი ხეზე მწვანეა და შენ მას სწყვეტ საჭიროების გარეშე. თუმცა ეს არაა ცოდვა, მაგრამ რატომღაც მეცოდება ფოთოლი. გულს ეცოდება ყველა ქმნილება, რომლის სიყვარულიც ისწავლა". ბერი სილუანი დასტიროდა თავისი "სიმკაცრით" მოკლულ ბუზს და ღამურასაც, რომელსაც მდუღარე წყალი გადაასხა იმიტომ, რომ იგი მისი მაღაზიის აივანზე დასახლდა. აი, ასეთი სიბრალული ჰქონდა ამ წმინდა კაცს ყოველგვარი ქმნილებისადმი. რაიმე ზიანის მიყენება ცხოველთადმი წყალობისა და სიყვარულის კანონს ეწინააღმდეგება. ასე რომ, თუ ღმერთი გვიყვარს, მაშინ მოწყალე გული უნდა გვქონდეს მისი ყველა ქმნილების მიმართ.