მონადირე ობობა
ჩემო საყვარელო, ალბათ, გინახავს პატარა ობობა, რომელიც ზოგჯერ ოთახის ჭერქვეშ ან სადმე მყუდრო ადგილას ქსელს აბამს. დღეს სწორედ ობობაზე მინდა გიამბო.
ობობა მცოცავ არსებებს მიეკუთვნება. მას რვა ფეხი და რვა თვალი აქვს, თუმცა არსებობენ ისეთი ობობებიც, რომლებსაც უფალმა 6 ან 4 თვალი აჩუქა.
ობობა მონადირეა. ის პატარა მწერებსა და სხვა არსებებს იჭერს და ამით იკვებება. ალბათ იცი, რომ ობობა ძაფს წარმოქმნის და მას აბლაბუდისა და ხაფანგის გასაკეთებლად, აგრეთვე კვერცხების დასადებად იყენებს.
ზოგი ფიქრობს, ობობა თავისი საოცარი აბლაბუდისთვის საჭირო მასალას პირიდან გამოყოფს, როგორც ამას აბრეშუმის ჭია აკეთებსო. სინამდვილეში კი ძაფის გამომყოფი ჯირკვლები ობობას მუცლის ღრუში აქვს. მუცლის ზედაპირზე განლაგებული ექვსი მეჭეჭის ზედაპირზე იხსნება ძაფის ჯირკვლების განსაკუთრებული უწვრილესი მილაკები, რომელთა რაოდენობა 500-ს აღემატება. ჯირკვლებში გამომუშავებული სითხე მილაკების საშუალებით გარეთ გამოდის და მაშინვე ძაფად იქცევა.
ქიმიური შემადგენლობითა და ფიზიკური თვისებებით ობობას ძაფი აბრეშუმის ძაფს ჰგავს, მაგრამ მასზე მკვრივი და ელასტიკურია. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ცდილობდნენ, ობობას ძაფისგან ქსოვილები დაემზადებინათ. მეც სულ ახლახან გავიგე, რომ თურმე მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში მისგან ლამაზი ხელთათმანები და წინდები მოუქსოვიათ.
ობობა ქსოვის უბადლო ოსტატია, მაგრამ, ერთი მითხარი, რას გახდებოდა მათემატიკის გარეშე? ქსელის ფარდების მოსაქსოვად ის ხომ იშვიათი სიზუსტით ავლებს აბრეშუმის უთვალავ სწორ ხაზს, ამგვარივე სიზუსტით აგებს კუთხეებს და უამრავ სამაგრ კვანძს აკეთებს.
საინტერესოა, ვინ ასწავლა ეს რთული მეცნიერება?