წმინდა ეკატერინე უშიშრად წარდგა მეფის წინაშე
წმინდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში. გონიერი, განსწავლული და გარეგნობით მშვენიერი იყო. დედა და ახლობლები გათხოვებას ურჩევდნენ, მაგრამ ეკატერინე პასუხობდა: "თუ გსურთ, რომ გავთხოვდე, ჩემებრ ლამაზი და განათლებული სასიძო მომიძებნეთო".
უფალმა ისე მოაწყო, რომ ეკატერინემ ერთი განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შესაფერისი საქმროს პოვნაშიო.
ღამით ეკატერინემ სიზმარში ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ავედრებდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა გაეკეთებინა, რომ მისი სახის ხილვის ღირსი გამხდარიყო. მან კი მიუგო: "წავიდეს განდეგილთან და მისგან შეიტყობსო".
ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ ირწმუნა ყოვლადწმინდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი გაუკეთა და უთხრა: "ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს". ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, თავმდაბალი გახდა.
მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ჩამოვიდა და შეკრიბა ხალხი, რათა წარმართული ღვთაებებისთვის თაყვანი ეცათ. წმინდა ეკატერინე უშიშრად წარდგა მეფის წინაშე, დაგმო კერპების თაყვანისცემა და მაქსიმიანეს გაქრისტიანებისკენ მოუწოდა. განრისხებულმა მაქსიმიანემ წმინდანი დაატუსაღა და ქურუმები მიუჩინა, რომელთაც წმინდა ეკატერინე გონს უნდა მოეყვანათ. საპყრობილეში წმინდანი მაქსიმიანეს მეუღლემ - ავგუსტამ მოინახულა, რომელსაც ეკატერინემ ქრისტიანობა უქადაგა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
მაქსიმიანემ წმინდანის წამება გადაწყვიტა. მოატანინა ბორბალი, რომელსაც ალესილი დანები ჰქონდა დაკრული და ბრძანა, ამ საშინელი იარაღით დაესერათ ეკატერინეს სხეული. დაიწყო თუ არა წამება, ბორბალი გატყდა. მაქსიმიანეს ბრძანებით, ეკატერინეს თავი მოჰკვეთეს 304 წელს. მოგვიანებით ეკატერინეს წმინდა ნაწილები სინას მთაზე მოხვდა, სადაც დღემდეა დაბრძანებული მისივე სახელობის მონასტერში.