დავით მეფეს წიგნის გარეშე სიცოცხლე უაზროდ მიაჩნდა
დავითი არა მარტო დიდი და უნიჭიერესი მხედართმთავარი იყო, არამედ თავისი დროის განათლებული და მოწინავე აზროვნების ადამიანი.
უზომოდ იყო შეყვარებული წიგნზე. წიგნის გარეშე სიცოცხლე უმიზნოდ და უაზროდ მიაჩნდა.
ლაშქრობისას თუ ნადირობისას მრავალი ჯორი და აქლემი წიგნებით ჰყავდა დატვირთული. როგორც კი ცხენიდან ჩამოვიდოდა, დაიწყებდა კითხვას და სანამ არ დაიღლებოდა, არ შეწყვეტდა. თვალები რომ დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა, უსმენდა და შიგადაშიგ განმარტებებს აკეთებდა.
წაკითხულ წიგნს ნიშანს უკეთებდა. როცა დათვალეს ნიშნები, აღმოჩნდა, რომ "სამოციქულო" ერთ წელიწადში 24-ჯერ წაეკითხა.
წიგნის კითხვით გართული არაერთხელ ჩავარდნილა სახიფათო მდგომარეობაში.
ერთხელ წიგნის კითხვით გართულმა ვერ შენიშნა, რომ ახლოს მოსულიყვნენ თურქები, მის მეომრებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაეჩაღებინათ. მეფე კი საომარმა ყიჟინამ გამოაფხიზლა.
დავითი არა მარტო ცხენიდან ჩამოსული კითხულობდა, არამედ ხშირად ცხენზე ამხედრებულიც.
ერთხელ მუხრანის მიდამოებში სანადიროდ წასული მეფე ცხენზე ამხედრებული გატაცებით კითხულობდა.
ტყიდან ირემი გამოვარდა. ძაღლების ყეფამ გამოაფხიზლა დავითი. წიგნი დახურა, მშვილდ-ისარი გამართა, ცხენი გააჭენა. წიგნის კითხვიდან ახალგამოფხიზლებულმა ხრამი ვერ შენიშნა და ცხენი ფრიალო ნაპირს შეასკდა. უნაგირიდან ავარდნილი მეფე კი შორს მოისროლა. დავითი მიწას ძლიერ დაენარცხა.
სამი დღე უგონოდ მყოფი მეფე სისხლს ანთხევდა მკერდიდან. სამი დღის შემდეგ გონს მოვიდა და გამოჯანმრთელდა.
ნათელა ჯანგულაშვილი