"მამა ზაქარიამ სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ ეძება მომაკვდავი პატარისთვის ნანატრი ბროწეული და სააქაოს მოაბრუნა..."
ამ ზაფხულს კახეთის წმინდა ადგილები მოვილოცე და ის დღე ისე დამამახსოვრდა, როგორც სამოთხეში გაჭრილი სარკმელი...
ყოფილხარ საგარეჯოში? სამწუხაროდ, იქაურობას კარგად არ ვიცნობ და არც ერთ-ერთი ასურელი მამის, წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი მინახავს. იმედია, მეც და შენც ჩემი წერილის დღევანდელი გმირის, მამა ზაქარია დალბაშვილის გაცნობის შემდეგ მაინც მოვახერხებთ საგარეჯოს სალოცავების მონახულებას.
სხვათა შორის, წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი სწორედ ამ მადლიანმა, ძალზე კეთილმა და განათლებულმა მოძღვარმა აღადგინა.
მამა ზაქარია მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში წინამძღვრობდა ამ ტაძარს და რადგან ყველას თავისი ოჯახის წევრივით ეიმედებოდა, ახლომახლო სოფლებში დიდი სიყვარულიც მოიხვეჭა.
თუ რა მოწყალე გული ჰქონდა მამა ზაქარიას, ერთი ამბავიც დაგვიმოწმებს:
სოფელში ერთ გლეხს შვილი წითელა ბატონებით დაუსნეულდა და საზიარებლად, როგორც ყოველთვის, მამა ზაქარიას უხმეს...
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა ყმაწვილმა უეცრად, ჩურჩულით ბროწეული ინატრა...
ყველა შეწუხდა: - ამ შუა ზაფხულს სად ვიშოვოთ ბროწეულიო?
მაშინვე წამოდგა მამა ზაქარია, თავის თეთრ ბედაურზე შეჯდა, სულ სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ ეძება პატარა ავადმყოფის ნანატრი ბროწეული, საღამო ხანს მაინც იშოვა და სულთმობრძავ ბავშვს გახარებულმა მოუტანა. მერე მარცვლები თავისი ხელით გამოუწურა, შეასვა და... ბავშვი სააქაოს მოაბრუნა...
1955 წელს, გაზაფხულზე, მარტის ერთ საღამოს მოხუცი და ყველასათვის საყვარელი მოძღვარი საკუთარ სახლში გაძარცვის მიზნით მოუკლავთ. განა რა ქონება უნდა ჰქონოდა სხვებისთვის დამაშვრალ, ადამიანთა ასე მოყვარულ მოხუცებულს, რომელსაც უკანასკნელი ლუკმა არ ენანებოდა ღარიბებისთვის?!
მძიმედ დაჭრილ მამა ზაქარიას ახლობელთათვის თავდამსხმელის ვინაობის გამხელა მოუსწრია, მაგრამ ძალიან უთხოვია, - აპატიეთო.
ადამიანს, რომელმაც მოხუც, ღვაწლმოსილ მოძღვარს ესროლა, მალე ღვთის რისხვა ეწია: - ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ერთადერთი შვილი, ბოლოს თავადაც უკურნებელ სენს ემსხვერპლა.
მამა ზაქარიას აღდგენილ-აღორძინებული წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი კი დღესაც მოქმედია.