ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე
სამეფო-სამთავროებად დაშლილ ქვეყანაში ორ საუკუნეზე მეტხანს გრძელდებოდა ბრძოლა პირველობისათვის, რომელიც გაერთიანებისთვის ბრძოლაც იყო.
ბრძოლის ძირითადი ობიექტი იყო ქართლი - ქვეყნის ცენტრი. ვინც მას დაეუფლებოდა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური უპირატესობაც მის ხელთ იქნებოდა.
ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. პირველობა ჯერ კახეთმა ჩაიგდო ხელში, შემდეგ - აფხაზეთმა, რომელმაც ქართლი დაიკავა და თავისი ერისთავი დასვა. X საუკუნის 70-იან წლებში აფხაზთა სამეფო დასუსტდა და დაწინაურდა ტაო-კლარჯეთი, რომელიც გაძლიერდა დავით III კურაპალატის მეფობის დროს - X საუკუნის II ნახევარში.
ქართლის ერისთავმა იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს შესთავაზა, ქართული მიწების ერთ სამეფოდ გაერთიანებას ჩასდგომოდა სათავეში და ხელი შეეწყო ბაგრატ III-ის გამეფებისთვის.
ბაგრატ III ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, მაგრამ სამი ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა. ის იყო "ქართველთა მეფის" ბაგრატ II-ის შვილიშვილის გურგენის ძე; ტაოს პატრონის დავით კურაპალატის მემკვიდრე, რომელსაც შვილი არ ჰყავდა და თავისი ნათესავი ბაგრატი გაზარდა მემკვიდრედ; ამასთანავე - აფხაზთა მეფის უსინათლო და უშვილო თეოდოსის დისშვილი და მემკვიდრე.
975 წელს დავით კურაპალატი ჯარით შევიდა შიდა ქართლში და უფლისციხეში შეკრებილ იქაურ აზნაურებს ბაგრატის მორჩილება უბრძანა.
978 წელს უკვე სრულწლოვანი ბაგრატ III ქუთაისში მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ბაგრატმა ტაოში, დავით კურაპალატთან გაგზავნა.
980 წელს ბაგრატ III ქართლში გადმოვიდა საქმეების მოსაწესრიგებლად. ქართლის დიდაზნაურებს არ სურდათ, მათ პარპაშს ფრთები შეჰკვეცოდა, ამიტომ ქავთარ ტბელის მეთაურობით მეფეს ქართლის საზღვართან დაუხვდნენ და ბრძოლა გაუმართეს. ბაგრატმა დაამარცხა ისინი, მოვიდა უფლისციხეში და ქვეყნის მართვას შეუდგა.
მტკიცე ადმინისტრაციული ღონისძიებებით მეფემ ქვეყანაში წესრიგი დაამყარა, თავნება აზნაურებს კი ურჩობის ხალისი დაუკარგა.
1001 წელს დავით კურაპალატი გარდაიცვალა და ბიზანტიის იმპერატორმა ბაგრატს უბოძა კურაპალატობა. 1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა მეფე გურგენი და მის გამგებლობაში მყოფი შავშეთ-კლარჯეთი და სამცხე-ჯავახეთი ბაგრატ III-ის სამფლობელოს შემოუერთდა. 1008-1010 წლებში კი მეფემ ბრძოლით შემოიერთა კახეთი და ჰერეთი.
ბაგრატ III-ის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა მთელი საქართველო. მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი რჩებოდა მაჰმადიანი ამირების ხელში.
ბაგრატ III იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. იგი იწოდებოდა "მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა". ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი გახდა.
ბაგრატ III 1014 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ბედიის ტაძარში.
ნათელა ჯანგულაშვილი