კოსმოსური ხომალდი
ჩემო პატარა მეგობარო, გახსოვს დაგპირდი, რაკეტის შესახებ მოგითხრობ-მეთქი. ჰოდა, დანაპირების შესრულების დროა.
რაკეტა საფრენი აპარატია. კოსმოსში, სადაც უჰაერო სივრცეა, ფრენა მხოლოდ მას შეუძლია. კოსმოსში რაკეტით ფრენის თეორია რუსმა მეცნიერმა კონსტანტინე ციოლკოვსკიმ შეიმუშავა მეოცე საუკუნის დასაწყისში.
რაკეტას ჰაერი არ სჭირდება. მისი საწვავის წვისას წარმოიქმნება ცხელი აირების ჭავლი, რომელიც სპეციალური ჭრილიდან გარეთ იფრქვევა და რაკეტას წინ უბიძგებს. ასე მოძრაობს კოსმოსური ხომალდი.
არსებობს ერთ- და მრავალსაფეხურიანი რაკეტები. საფეხურები სიჩქარის განსავითარებლად არის საჭირო. აფრენისას საფეხურები რიგრიგობით სცილდება რაკეტას და ხომალდი მათ გარეშე აგრძელებს ფრენას.
1969 წელს რაკეტა "აპოლო-11"-მა სამ დღეში 384 400 კმ დაფარა და მთვარეზე პირველი ადამიანი მიიყვანა.
არსებობს დენთის რაკეტებიც. ისინი კაშკაშა ფერებად იფრქვევიან ზეცაში. ამ სანახაობას ფეიერვერკი ეწოდება და ის ჩინელებმა გამოიგონეს. ისინი ბამბუკის ღეროებს დენთით ავსებდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ და ცას ცეცხლოვანი ცისარტყელა სერავდა.