საჰაერო ბურთიდან თვითმფრინავამდე
ჩემო საყვარელო მკითხველო, ფრინველივით ოსტატურად ფრენა ადამიანის უძველესი სანუკვარი ოცნება იყო.
ძველი ბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს ყმაწვილ იკარუსზე, რომელიც ცვილის ფრთების მეშვეობით ზეცაში აიჭრა. მაგრამ მზეს რომ მიუახლოვდა, ფრთები დაუდნა და იკარუსიც ჩამოვარდა...რენესანსის ეპოქის გამოჩენილმა მხატვარმა და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ კიდევ ერთხელ სცადა, კაცობრიობის ამ ოცნებისთვის ხორცი შეესხა. უშიშარმა იტალიელმა მისეული საფრენი აპარატის რამდენიმე ნახაზიც კი დაგვიტოვა.
1783 წელს ადამიანი ცხელი ჰაერით გაბერილ ბურთზე გამობმული კალათით აფრინდა, მაგრამ ეს საჰაერო ბურთი მხოლოდ ქარის მიმართულებით მიფრინავდა. მოგვიანებით, 1891 წელს, გერმანელმა ოტო ლილიენტალმა ააგო ფრთებიანი პლანერი და მთის წვერიდან დაეშვა. პლანერის ფრთები ჰაერმა აიტაცა და მფრინავი რბილად დაეშვა მიწაზე.
ბოლოს ადამიანი მიხვდა, რომ ცისკენ გზის გაკვალვა მხოლოდ ბენზინის მსუბუქი ძრავით შეიძლებოდა. 1903 წელს ამერიკელმა გამომგონებლებმა, ძმებმა ორვილ და ვილბურ რაიტებმა, შექმნეს ფრანის მსგავსი ბენზინისძრავიანი მანქანა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დედამიწას მოსწყდა და 250 მეტრი იფრინა. ამ 59-წამიანი გაფრენის წყალობით ძმები რაიტები ავიაციის პიონერებად იქცნენ.
დარწმუნებული ვარ, ახლა ის გაინტერესებს, თუ რას ნიშნავს სიტყვა ავიაცია. როგორც კი თვითმფრინავების რიცხვმა იმატა, ამ "ჩიტუნებს" "ავიაცია" უწოდეს, ლათინური სიტყვა "ავის" ხომ ჩიტს ნიშნავს.
თანამედროვე თვითმფრინავი ასობით მგზავრს იტევს და 969 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ფრენა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყოველ წუთს დედამიწის რომელიმე წერტილში თვითმფრინავი ეშვება.
დღეისთვის სულ ეს იყო, მაგრამ გპირდები, მომავალში კიდევ ერთი საფრენი აპარატის - რაკეტის შესახებ გიამბობ.