"მოვდიოდით სიონიდან და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა..."
დღეს პირველად უნდა გიამბო მონაზონზე, უმშვენიერეს, დიდი სულიერების მქონე დედა ელეონორა დადიანზე.
იგი სამეგრელოში თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი იმ წლებში იყო, როცა ახალგასაბჭოებულ საქართველოში ხელისუფლებამ მღვდლებსა და მონაზვნებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა, მაგრამ დედა ელეონორას უდიდესი ძალისხმევით მონასტერი განადგურებას ბევრჯერ გადაურჩა.
უსათნოესი იღუმენია ელეონორა სამეგრელოს მთავრის ძმისწულის, გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო, ათი შვილის დედა, რომელთაგან უმრავლესობა კომუნისტურმა ტერორმა იმსხვერპლა...
უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა ულამაზეს, ერთი შეხედვით, ნაზ ქალბატონს, უბედურება თითქოს კვალდაკვალ დაჰყვებოდა, მაგრამ იმხელა რწმენა ჰქონდა, ღვთისადმი მადლობის გარდა არასოდეს არაფერი დასცდენია...
1913 წელს, როცა მისი მეუღლე, 47 წლის გრიგოლ დადიანი უეცრად გარდაიცვალა, მონაზვნად აღიკვეცა.
მისი ერთ-ერთი ნათესავი იგონებდა:
- თუ დედა ელეონორა თბილისში ჩამობრძანდებოდა, სიონში ესწრებოდა ხოლმე წირვა-ლოცვას. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა... სიტყვაც კი არ მყოფნის მისი სულიერი და გარეგნული სილამაზის აღსაწერად...
მეოცე საუკუნის ოციან წლებში წირვაზე დასწრება ძალიან სახიფათო იყო, რადგან ყველგან ხელისუფლების წარმომადგენლები გვითვალთვალებდნენ. შიშით დაზაფრული ადამიანები ეკლესიებს ვეღარ ეკარებოდნენ. ლოცვებზე ხალხი კანტიკუნტად იდგა...
მაშინდელი პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, დედა ელეონორამ თბილისში მოინახულა.
არასოდეს დამავიწყდება მისი სახე... სიონიდან ფეხით წამოვედით და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა. სამონაზვნო მანტიით შემოსილს და მდუმარედ მომავალს, მისი სულიერი და გარეგნული სილამაზით აღფრთოვანებული ადამიანები უნებურად გზას უთმობდნენ...
ამ ჩუმი თაყვანისცემითა და ყურადღებით შეწუხებული დედა ელეონორა კი ცდილობდა, ჩქარა გასცლოდა ქუჩას...
ვეღარ გაუძლო ამდენ გასაჭირს, 1933 წლის შემოდგომას უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, სოფელ ხორშში მეუღლისა და ერთ-ერთი შვილის საფლავები მოინახულა და რძლის ხელში დალია სული...
იმ დროს მთავრობამ სასტიკად აკრძალა მონაზონთა მონასტრის ტერიტორიაზე დასაფლავება, მაგრამ მონასტრის მცველმა, ებრაელმა კაცმა, ორი დღით დატოვა თეკლათის ეზო და დედა ელეონორას ნათესავებს მისი მონასტრის ეზოში დაკრძალვის საშუალება მისცა.