კომპიუტერი - გონიერი მანქანა
დღეს არა მარტო დიდები, პატარებიც დაუმეგობრდით კომპიუტერს. დარწმუნებული ვარ, კომპიუტერული თამაშები შენც ძალიან გიყვარს და, მშობლები რომ არა, მთელ დღეს, ალბათ, კომპიუტერის წინ სავარძელში მოკალათებული გაატარებდი.
ჰოდა, ჩემო პატარა მეგობარო, დღეს სწორედ კომპიუტერის შესახებ მინდა გესაუბრო.სიტყვა "კომპიუტერი" ლათინური "კომპუტოდან" წარმოდგება და ნიშნავს - "გამოვთვლი". თავდაპირველად ეს ჭკვიანი მანქანა მხოლოდ ანგარიშობდა. თანამედროვე კომპიუტერი კი წერს კიდეც: დააჭირე კლავიშს თითი და ეკრანზე ასო გაჩნდება. არც კალამია საჭირო და არც ფურცელი! გარდა წერისა, კომპიუტერი ხატავს, გამოსახულებას უჩვენებს, ტელეფონზე რეკავს და, რა ვიცი, კიდევ რას აღარ აკეთებს...
კომპიუტერის ეკრანს მონიტორი ჰქვია. მონიტორის წინ კლავიატურა თავსდება - სწორედ მასზე ბეჭდავენ. მაღალი ყუთი სისტემური ბლოკია - მასში კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობებია მოთავსებული. თაგუნა კი კომპიუტერის მართვაში გვეხმარება.
ნოუთბუქი (ინგლისურად - ჩანაწერების წიგნაკი) საქმიანი ადამიანებისთვის შექმნილი კომპიუტერია - ის შეგიძლია ყველგან თან ატარო.
შენ ალბათ "ინტერნეტიც" მრავალჯერ გსმენია. იქნებ, იცი კიდეც, რაცაა, მაგრამ მე მაინც აგიხსნი. სიტყვა "ინტერნეტი" საერთაშორისო ქსელს ნიშნავს, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეს ერთმანეთთან აკავშირებს. ინტერნეტით წერილის გაგზავნა, ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, ფილმის ნახვა და წიგნის კითხვაც კი შეგიძლია. ეს გონიერი მანქანა მართლაც უამრავ რამეში გვეხმარება.