მამა ვასილს სენაკში თავის ქალა და ძვლები ეწყო, რომ წუთისოფლის ამაოება მუდამ ხსომებოდა...
გახსოვს, რა გიამბე წინა შეხვედრისას? ახლაც ბეთანიის ბილიკს უნდა დავადგეთ და მესამე ბეთანიელი ბერის, ახალგაზრდა მამა ვასილ ფირცხალავას ცხოვრებაზე მოგითხრო...
ეს ტყე-ბილიკი სხვა აქაურ ბერთა უხილავ ნაკვალევთან ერთად მის ნატერფალსა და მადლსაც ინახავს...მამა ვასილის საფლავს ბეთანიაში ვერ იპოვი. კი დაიბარა, - მამა იოანეს გვერდით დამმარხეთ, ჩემი სხეული აქედან არავის გაატანოთო, მაგრამ ნათესავებმა იგი მშობლიურ სოფელში წაასვენეს და იქ დაკრძალეს. თუმცა სულ მალე, ღვთის შეწევნით, მისი ცხედარი ბეთანიის წმინდა მიწას დაუბრუნდება...
მამა ვასილი თავისი მოძღვრის, თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტის, მადლიანი და დიდი ბერის, კონსტანტინე ქვარაიას კურთხევით მივიდა ბეთანიაში, სადაც ორი უდიდესი ხუცესი - მამა იოანე მაისურაძე და მამა გიორგი მხეიძე - მოღვაწეობდა... ხშირად ამბობდა, - ნეტავ, რატომ მომაგო ღმერთმა ამხელა წყალობა და ამ ორ ანგელოზთან ცხოვრების უფლება რატომ მომცა?.. რამდენჯერ მინდოდა, მათთვის ფეხები დამებანა, მაგრამ ავადმყოფობისასაც კი არ მაძლევდნენ ამის ნებასო...
მამა ვასილი ძალზე განათლებული და მადლიანი მამა იყო, ბერობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა მონასტერიც და ბერებიც მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი. მშობლებს ეს ბავშვური ფანტაზია ეგონათ, მაგრამ როდესაც ამ "გატაცებამ" წამოზრდილსაც აღარ გადაუარა, იფიქრეს, - ინსტიტუტში ჩავაბარებინებთ და ბერობის სურვილიც გაუქრებაო, მაგრამ შეცდნენ...
ბეთანიაში მამა ვასილს დედა ხშირად აკითხავდა და შინ დაბრუნებას სთხოვდა, ხელისუფლებაც ემუქრებოდა, - ბერობაზე უარი თქვიო, მაგრამ ამაოდ...
როდესაც მამა გიორგისა და მამა იოანეს შესახებ გიამბობდი, თუ გახსოვს, გითხარი, - უღმერთო ადამიანები მონასტერს მტრობდნენ და არბევდნენ-მეთქი, ამიტომ მამები იძულებულნი იყვნენ, ქურდების დასაფრთხობად ძაღლიც ჰყოლოდათ და თოფიც ჰქონოდათ.
იმ დროს ახალგაზრდა მამა ვასილი მონასტრის კარიბჭის თავზე მოწყობილ ციცქნა სენაკში ცხოვრობდა. ერთ ღამესაც ავისმომასწავებელმა ხმაურმა გამოაღვიძა და თოფი ჰაერში გაისროლა. ქურდები კი გაიქცნენ, მაგრამ მამა ვასილი შენიშნეს და დაემუქრნენ, - მოიცა, შენც მოგივლითო.
მუქარა მალე შეასრულეს: ქალაქიდან მარტო მომავალ მამა ვასილს ტყეში მზაკვრულად ჩაუსაფრდნენ და ისე უმოწყალოდ სცემეს, რომ ფილტვებიდან სისხლს აღებინებდა...
მამა ვასილი ამ ამბის შემდეგ ძალიან მალე, ახალგაზრდა გარდაიცვალა...
იდგა მის კუბოსთან მოხუცი და სნეული მამა გიორგი და თვალცემლიანი დაჰღუღუნებდა: - შვილო, შენ უნდა დაგეკრიბა ჩემთვის გულზე ხელები და შენ დაგემარხე, მაგრამ მე კი ვდგავარ შენს კუბოსთანო...
ნახე, როგორია ამ ფოტოებზე მამა ვასილი? ღრმა, კრიალა ცისფერი თვალები და ისეთი მზერა აქვს, როგორიც მხოლოდ წმინდანებს შეიძლება ჰქონდეთ.
მოდი, ერთად ვთხოვოთ სამივე ბეთანიელ მამას კურთხევა და ვილოცოთ, რომ მამა ვასილის წმინდა სხეული მალე დაუბრუნდეს ბეთანიის მადლიან მიწას. ამინ!