15 წლის ვახტანგი სამეფო ტახტზე დაჯდა
449 წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე მირდატი და ტახტის მემკვიდრე ვახტანგი 7 წლისა დარჩა. ქართლში შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოიჭრნენ ოსები.
დაარბიეს ქვეყანა, ვახტანგის უმცროსი და, 3 წლის მირანდუხტი მოიტაცეს და სხვა ტყვეებთან ერთად წაიყვანეს. 15 წლის ვახტანგი სამეფო ტახტზე დაჯდა. იგი მეტად ჭკვიანი, წინდახედული, გულადი მეომარი და საზრიანი სარდალი აღმოჩნდა.
16 წლისამ ჩრდილოეთ კავკასიაში გაილაშქრა, ოსები დაამარცხა და ტყვეები გაათავისუფლა. მალე ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეებრძოლა, ჩრდილოეთ კავკასია დაიმორჩილა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა, დაიპყრო ჯიქეთი, შეიჭრა აფხაზეთში, სადაც ბიზანტიელები ბატონობდნენ, დაამარცხა ისინი და ეს მხარე ქართლს შეუერთა.
467 წელს სპარსთა უზარმაზარი ლაშქარი შემოიჭრა მტკვრის ხეობაში და სოფელი თბილისი ააოხრა.
ვახტანგმა სწრაფად შეყარა ლაშქარი და მტერს მიეჭრა. სპარსელები განაცვიფრა ქართველთა ლაშქრის წინ ამხედრებულმა უზარმაზარმა მხედარმა, რომელსაც მგლის თავის გამოსახულებიანი მუზარადი ეხურა.
ბრძოლა დაიწყო. ვახტანგ მეფე გააფთრებული იბრძოდა. სადაც კი ქართველებს გაუჭირდებოდათ, იმ წუთში იქ გაჩნდებოდა და შიშის ზარს სცემდა სპარსელებს. მტერი გულგახეთქილი გარბოდა ყვირილით "დურ აზ გორგასარ" (მოერიდეთ მგელთავას). ასე უწოდეს მეტსახელი "გორგასალი".
502 წელს სპარსელები ისევ შემოიჭრნენ ქართლში. ვახტანგი შეება უთვალავ მტერს. 3 დღე და ღამე ვაჟკაცურად იბრძოდა, მეოთხე დღეს თვალი მოჰკრა სპარსელთა შაჰს, კავადს. შეიჭრა ბრძოლის შუაგულში. ახლოს მივიდა კავადთან, ხმალი აღმართა თუ არა, მოღალატე მონა-მსახურმა შხამიანი ისარი ესროლა მარცხენა იღლიაში. ვახტანგი მძიმედ დაიჭრა. კავადმა გაქცევით უშველა თავს. მერე მისი ძე ბარტამი აესვეტა ვახტანგს წინ. მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო დაჭრილი, შეძლო ბარტამისთვის თავი გაეპო. საღამომდე, ბრძოლის დამთავრებამდე იბრძოდა. უჯარმის სასახლეში მისული მძიმედ დაეცა სარეცელზე. მისი უკანასკნელი ბრძანება იყო, მტკიცედ მდგარიყვნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
ვახტანგი დაასაფლავეს მცხეთაში საკათალიკოსო ეკლესიაში, სადაც შემდეგ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარი.