მცხეთის ჯვრის მონასტერი
IV საუკუნეში, როდესაც ქართლში მირიანი მეფობდა, ერთი კლდის თავზე სურნელოვანი სასწაულმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა.
განიზრახეს, ამ ხისგან გამოეკვეთათ ჯვარი პატიოსანი. მართლაც, გააკეთეს სამი ჯვარი. ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავეს ხედავდა. ღამით სვეტიცხოვლის ტაძარს ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს. განთიადისას ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე - დასავლეთისკენ. თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვის გაღმა, ბორცვის თავზე ჩერდებოდა. ამ სასწაულის გამო ერთი ჯვარი დასავლეთით, თხოთის მთაზე აღმართეს (იქ, სადაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა), მეორე - აღმოსავლეთით, ქალაქ უჯარმაში, მესამე კი არაგვის გაღმა, იმ ბორცვზე, რომლის თავზეც ცეცხლოვანი ჯვარი ჩერდებოდა. როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღმართეს, მაშინვე ქართლში ყველა კერპი დაიმსხვრა. ჯვართ სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდათ, მათგან მრავალი სნეული, უსინათლო და დავრდომილი იკურნებოდა.VI საუკუნეში ამ ადგილას მეფე სტეფანოზ I-მა ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. მისი და მისი ძისა და ძმის გამოსახულებები დღესაცაა შემორჩენილი ტაძრის გარეთა კედლებზე.
ჯვრის ტაძართან დაარსდა მამათა მონასტერი, რომელშიც დღესაც მოღვაწეობენ ბერები.