შენ ნახავ, რაც იქნება შიგ!
ერთმა კეთილმსახურმა მემამულემ ღირს ბენედიქტეს ძღვნად ორი კასრი ღვინო გაუგზავნა. მსახურმა ერთი კასრი ბუჩქებში დამალა, მეორე კი ბენედიქტეს მოუტანა.
განჭვრეტის უნარის მქონე ბერი ყოველივეს მიხვდა და როდესაც ძღვენი მიიღო, შორიდან მოჰყვა საუბარს მსახურების ბატონებისადმი ერთგულებაზე და დიდი ხნის შეგონების შემდეგ თქვა: "წადი მშვიდობით, შვილო ჩემო, და უთხარი შენს ბატონს, რომ მე ვლოცულობ ჩემი ცოდვებისთვის და მისი ცოდვათაგან განთავისუფლებისთვისაც, შენ კი გაფრთხილდი, არ დალიო იმ ჭურჭლიდან, რომელიც გზაში დატოვე, მთელი ღვინო მიწაზე გადმოღვარე და ნახავ, რაც იქნება შიგ!"მხილებულმა მსახურმა სირცხვილით ხმის ამოღებაც ვერ შეძლო, ღირს ბერს თაყვანი სცა და განშორდა.
როდესაც იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც მოპარული ღვინო ჰქონდა გადამალული, მართალია, ღვთის კაცის ნათქვამი არ დაიჯერა და გუნებაში გაეცინა კიდეც, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და კასრიდან ღვინის გადმოქცევა დაიწყო. ჰოი, საშინელებავ! კასრიდან ღვინოსთან ერთად უზარმაზარი გველი გადმოსრიალდა! შეშინებული მსახური მუხლებზე დაემხო და თვალცრემლიანმა შესწირა მადლობა ღმერთსა და ღვთის მსახურს, ღირს ბენედიქტეს, სიკვდილს რომ გადაარჩინა.
ხედავთ, ბავშვებო, რა საშიშია ნაქურდლის მოხმარება? ნაქურდლის შინ შემტანი დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც.
მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა