პომიდვრები
დათბა. ჩამოდნა, ჩამოიწურა თოვლი სახლის სახურავებიდან. მარტო ღობის ძირებშიღა მოჩანდა თეთრი, ქათქათა, ხელისგულისოდენა ნარჩენები. გამოიშალა გარეთ ხალხი:
ბარებით, თოხებით, შეესია ბაღ-ბოსტნებს. გამოვიდა წელში მოხრილი, ჯოხზე დაყრდნობილი ბებია ვაროც. ეზოში გაიარ-გამოიარა. ყველაფერი მზეში იყო გახვეული, გაზაფხულის მზეში. გული გაუთბა მოხუცს, მიწისა და ახლად გამოფეთქილი კვირტების სურნელით სავსე ჰაერმა ძალა შემატა, საქმის გაკეთების გუნებაზე დადგა. მავთულის ბადის ღობესთან მივიდა, პატარა ადგილს ჩააკვირდა. სხვაგან მიწა გაყამირებულივით იყო, ცოტა იქ ეტყობოდა სილბო, ახლა ლხვებოდა თოვლის ნარჩენები. გამობრუნდა ბებია ვარო, მარნიდან ერთი ძველი ბარი გამოიტანა და ღობის ძირას ბარვა დაიწყო. ბარს ტარი ფომფლედა ჰქონდა, საფერხულს ფეხს რომ დაადგამდა, ბარის პირი ხან ზემოთ შეტრიალდებოდა, ხან ქვემოთ.
"აბა, რა არის, ყველაფერი გაოხრებულია, ვერ იქნა და ვერ ჩამოხედეს აქაურობას, იმათ ქალაქი არ ეთმობათ, მეც აღარაფერი შემიძლია!" - ბრაზობდა ბებია ვარო შვილებზე და შვილიშვილებზე. უძნელდებოდა ბარვა, მაგრამ მაინც თავს არ ანებებდა. ასე წვალებ-წვალებით, კრუსუნ-კრუსუნით ჩაჩიჩქნა ერთი ბეწო ადგილი. მერე ჩაიკუნტა, ბებრული ხელებით დაფშვნა, გააფხვიერა ბელტები.
გავიდა ორი თუ სამი კვირა, ბებია ვარომ საიდანღაც მოიტანა რამდენიმე ძირი პომიდვრის ჩითილი და დაბარულ ადგილზე ერთმანეთის მიყოლებით დარგო. თავს ევლებოდა, ეფერებოდა მოხუცი ჩითილებს.
დილით ბუერის ბრტყელ ფოთლებს ახურავდა, რომ მზეს არ დაეჭკნო, საღამოს ისევ ახდიდა და მორწყავდა. განა ერთბაშად მიაქივლებდა წყალს? შვილიშვილისეული სათამაშო სარწყავით ნელ-ნელა დააწკაპწკაპებდა, თითქოს ფრთხილობდა, ზედმეტად არ შეეწუხებინა. ამასობაში დაიზარდნენ ჩითილები, აყვავდნენ და მალე პაწაწინა პომიდვრებიც გამოინასკვნენ.
- რას იტანჯები, ბებია ვარო, დაისვენე, არ გეყო, რაც იმუშავე! - ეუბნებოდნენ აქეთ-იქიდან მეზობლები მოფუსფუსე მოხუცს.
- რა ვქნა, გენაცვალე, უსაქმოდ ვერ ვძლებ. სანამ ცოცხალია ადამიანი, უნდა იტოკოს, იმოძრაოს, - მიუგებდა ხოლმე ბებია ვარო. მართლაც, რა ესაქმებოდა ბებია ვაროს, მთელი დღე დაფაჩუნებდა, რწყავდა, მარგლიდა. პომიდვრებიც თანდათან მსხვილდებოდა, მწიფდებოდა, ჯერ შეიმღვრა, ფერი იცვალა, ახლა წითლად გაღაღანდა.
ერთ დილას კი აიკალთავა წინსაფარი ბებია ვარომ და რაც მწიფე იყო, ყველა მოწყვიტა. მერე ღობის იქით აივანზე გადმომდგარ, თბილისიდან საზაფხულოდ ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს გასძახა:
- ერთი აქეთ მოდექი, შვილო...
ქალი ღობესთან მოვიდა.
ბებია ვარომ ორი დიდი, სათვალიო პომიდორი ამოიღო წინსაფრიდან და გაუწოდა:
- მიირთვი, გენაცვალე, ახალი მოსავალია, ერთი გასინჯე, რა შესახედაობისაც არის, გემოც იგეთი ექნება!
- რა ლამაზია, წითელ ვაშლებს ჰგავს! შეუძლებელია, რომ ეს გემრიელი არ იყოს! - ძალიან მოეწონა ქალს პომიდვრები.
მოხუცმა კიდევ მიაწოდა რამდენიმე ცალი.
- გმადლობთ, ვარო ბებო, გმადლობთ, საკმარისია, თქვენ რაღა დაგრჩათ?
- მაქვს, შვილო, კიდევა მაქვს. ახლა მეტი არ მინდა და მერე იმდენი მოიწევა, ვეღარ მოვლევ. აბა, უყურე, რა სასხმელი ასხია! - ღიმით, გულგახსნილად ეუბნება მოხუცი ქალს. ახლა სულ სხვანაირია ბებია ვარო, წელში გამართულა, გაღონიერებულა და თითქოს ეამაყება კიდეც, რომ ამ ხნის ადამიანმა ძველებურად, წინანდებურად კიდევ შეიძლო თავისი მონაგრებული ჭირნახულით ესიამოვნებინა ვინმესთვის.
(ნინო ბეზარაშვილი)