წმინდა დავით მეფის სინანული
ერთხელ, როცა მეფე დავითი ქვემო ქართლის მხრიდან მოემართებოდა, ეკლესიაში შევიდა და სვეტიცხოველს მიეახლა მოსალოცად, თუმც კი დაბრკოლებული ეჭვებით.
მოლოცვის შემდეგ თავისთან წავიდა და იმ ღამით ასეთი ჩვენება იხილა: ცხოველ სვეტს მოხუცი ვინმე დასდგომოდა და იმგვარი ნათლით იყო გაბრწყინებული, რომ ადამიანი თვალს ვერ გაუსწორებდა. ამ საკვირველი სახილველით შეძრწუნებულ მეფეს მოხუცმა საშინელი ხმით მიმართა ზემოდან და უთხრა:- დავით, დავით! განა არ იცი ვინა ვარ, რომელსაც აქ მხედავ?! იცოდეთ შენც და ყველამ, რომ ვისაც ჩემდამი მტკიცე სასოება აქვს, არასოდეს იქნება სირცხვილეული! მაშ ნუ იქნები ურწმუნო ჩემს მიმართ ნურაფერში, რამეთუ ყოველი ურწმუნო დიდ სასჯელს მიიღებს!
დავითი ძალზე შეშინდა და ღამიანად წავიდა ეკლესიაში. როცა პატრიარქმა და მცხეთელებმა მეფე დაინახეს ასე უდროოდ და მოულოდნელად მოსული, დიდად გაუკვირდათ და შეშინდნენ. მეფე კი მაშინვე სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, მხურვალედ და ცრემლით ევედრებოდა უფალს შენდობას თავისი უწინდელი ცდუნებისა და ეჭვისათვის.
პატრიარქმა ჰკითხა მეფეს, რა შეგემთხვაო და მანაც დაწვრილებით უამბო ყოველივე, რაც კი იმ ღამეს ჩვენებით იხილა. პატრიარქმა და ყველა იქ მყოფმა ერთხმად განადიდეს უფალი და სვეტიცხოველი.