რატომ იცვლის ცა ფერს
ალბათ ყველამ იცით, რომ სუნთქვის დროს ჰაერს ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ. ჰაერის გარეშე ხუთ წუთსაც ვერ გავძლებთ.
ჰაერი სიცოცხლისთვის გვჭირდება ადამიანებსაც, ცხოველებსაც და მცენარეებსაც. თევზები კი წყალში არსებული ჰაერით სუნთქავენ. გაგიკვირდა?! ალბათ, იფიქრე, წყალში ჰაერს რა უნდაო. ჩემო პატარა, ჰაერი მიწაშიც არის. ჭიაყელები, ხოჭოები და მიწაში მცხოვრები სხვა არსებები სწორედ ამ ჰაერით სუნთქავენ. ჰაერი ყველგანაა. მეტიც, დედამიწას ყველა მხრიდან აკრავს ჰაერის ფენა, რომელსაც ატმოსფერო ჰქვია. ატმოსფერო დედამიწას მზის საშიში სხივებისგან იცავს, რათა სიცოცხლე არ მოისპოს.ატმოსფეროს ჰაერის ოკეანესაც უწოდებენ. იცოდი, რომ, წყლის მსგავსად, თურმე ჰაერიც იცვლის ფერს, როცა მასში მზის სხივები გაივლის? დიახ, დიახ, ცის ფერი ატმოსფეროზე ყოფილა დამოკიდებული. ჰაერის ფენაში გავლისას მზის სხივები სიკაშკაშეს კარგავენ და ცა ლურჯდება. როცა ჰაერს მტვრისა და კვამლის უამრავი ნაწილაკი შეერევა, ცა მოთეთრო, ზოგჯერ მოწითალოც კი ხდება.
ცაზე გადაჭიმული ცისარტყელა ვის არ უნახავს, მაგრამ ყველამ როდი იცის, ეს ლამაზი ფერები საიდან ჩნდება. ჩემო პატარა, ცისარტყელა თურმე მაშინ წარმოიქმნება, როცა მზის სხივები ჰაერის ფენაში (ატმოსფეროში) არსებულ წყლის უწვრილეს წვეთებს გაივლის.
ჰაერი უხილავია, მას ქარის სახით შევიგრძნობთ. შენ, ალბათ, იცი, რომ ჰაერის ნელ მოძრაობას სიო ანუ ნიავი ჰქვია, ხოლო თუ ჰაერმა ძლიერ დაუბერა, ეს უკვე ქარია. ქარიშხალი ძალიან ძლიერი ქარია. ამ დროს ჰაერმა შეიძლება სახურავს კრამიტი ააგლიჯოს ან ხეებს ტოტები მოსტეხოს. ძლიერ ქარიშხალს სახლების დანგრევაც კი შეუძლია, მაგრამ, ჩემო მეგობარო, ნუ შეშინდები, ჩვენს სამშობლოში ასეთი ძლიერი ქარიშხალი არ იცის.